ჩამოსახლდნენ თუ არა ჩეჩნები შატილში
რეტრომედია

ჩამოსახლდნენ თუ არა ჩეჩნები შატილში

ჩამოსახლდნენ თუ არა ჩეჩნები შატილში
„რეზონანსი“, 26 თებერვალი, 2010 წელი

2017-06-16 10:41:02

ბოლო ხანს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ ის ზოგიერთმა პოლიტიკოსმაც აიტაცა და საუბრის თემად აქცია, რომ თითქოს ხევსურეთში, შატილთან ახლოს, ჩეჩნეთიდან გადმოსული 200 ჩეჩენი ჩასახლდა.

ამ ამბით შეშფოთებული, გაოცებული და რბილად თუ ვიტყვით, უკმაყოფილო შატილელების (მათ რიცხვში, მესაზღვრეების) თხოვნით, "რეზონანსს" დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები - მხატვარი ირაკლი სუთიძე და მეთოჯინე ზურაბ ქიქოძე და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებაში დახმარება სთხოვეს.

მათი თქმით, შატილში 200 ჩეჩენის ჩასახლების ფაქტი არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს და საკითხავია, ვის და რატომ დასჭირდა ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელება. ასეთ მნიშვნელოვან საკითზე საუბრის დროს ნებისმიერი უზუსტობაც კი დაუშვებელია, მაგრამ, ყველაფრის შეთხზვა, თანაც, გაურკვეველი მიზნითა თუ განზრახვით, კატეგორიულად გამორიცხულია.

რამ აგაღელვათ შატილელები და თქვენ?

- პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ხევსურეთში, სადღაც, შატილს ქვევით, არღუნის ხეობაში, მიტოვებულ ქართულ სოფლებში ჩასახლდა 200 ჩეჩენი.

ვის გულისხმობენ 200 ჩეჩენშიჩეჩნების ოჯახებსა თუ ჩეჩენ მეომრებსრომელ სოფლებში.

- ვერ გეტყვით, რომელ ჩეჩნებს, ალბათ, ოჯახებს, რადგან საქონელი ჰყავთო, ამბობენ.

მეც სწორედ ეს მაინტერესებს, რომელ ქართულ სოფლებზეა საუბარი. შატილს ქვევით, ქართულ საგუშაგომდე და შემდეგ, 700 მეტრში რუსების საგუშაგომდე არც ერთი ქართული სოფელი არ არის.

მართალია, იქ პირდაპირ წერია არღუნის ხეობა, მაგრამ, ვთქვათ, ესაა შეცდომა, მაგრამ შატილის ქვევით არის მუცოს, ანდაკის ხეობაც და რამდენი წელია, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ არც ერთი ჩეჩენი არც იქ უნახავს ვინმეს.

ჩვენ ხშირად ვართ იქ, ყველა ზაფხულსა და შემოდგომას ვატარებთ და არც ჩვენ და მით უმეტეს, ადგილობრივ მოსახლეობას, მით უმეტეს, მესაზღვრეებს ჩეჩნები არსად შეგვხვედრია.

სწორედ ორი დღის წინაც ვნახე შატილიდან ჩამოსული ხევსურები. არავინ უნახავთ. მათგან, ცხადია, ყველამ იცის ყველა ბილიკი, ყველა მცხოვრები და მით უმეტეს, უცხო, 200 ადამიანი როგორ გამოეპარებოდათ? როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი რამ?

ამას არ უნდა ზაფხულის დალოდება, მერე გადამოწმება და ასე შემდეგ.

ამიხსენითრა საგუშაგოებს ახსენებთ?

- არღუნის ხეობაში, შატილიდან სამ კილომეტრში ორი პოსტია, ერთმანეთისგან 700 მეტრით დაშორებული - ქართული და რუსული. გეოგრაფიულად, ისეთი ადგილია, ნადირიც ვერ გადმოდის, არათუ ჩეჩენი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი. და რაც მთავარია, არც ერთი სოფელი ან ნასოფლარი იქ არაა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ერთი ქართული სოფელი დაიკავეს. დაკავებით ნამდვილად დაიკავეს, მაგრამ ფიჭვები, სადაც შატილელების ორ ოჯახს ზამთრის ბინები ჰქონდა და რომელიც ახლა რუსების მხარესაა, სოფელი არაა.

როგორ ფიქრობთრატომ შეიძლება ასეთი ინფორმაცია გაჩენილიყორა მიზნით?

- მთავარი სწორედ ესაა, რატომ წერენ და ჩვენც, პირველ რიგში, ეს გვაღელვებს. რასთან გვაქვს საქმე და მერე რატომ აქვეყნებენ გადაუმოწმებლად. შეიძლება იფიქრო, რომ ან ვიღაც პროვოკაციას ამზადებს, ან ვიღაც ვიღაცის შეკვეთას ასრულებს ან სკანდალის გამოწვევა და ყურადღების მიქცევა უნდა... ან ვიღაცის დავალებაა, რა ვიცი, როგორ გითხრათ?! თუ უვიცობით წერ, თუ ეს მარტო უვიცობაა, სხვა საქმეა.

ასეთ დროს, რაღაც, ელემენტარული საფუძველი მაინც ხომ უნდა იყოს, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდეს.

როდესაც რეალურად რაღაც ხდება, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება 100 კაცის ნაცვლად, თქვა, რომ 200-ია. გააზვიადო. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე წერ ან ლაპარაკობ, მაშინაც კი, ასეთი უზუსტობა, დავარქვათ, შეცდომა, დაუშვებელია, მაგრამ, კიდევ შეიძლება, გაიგო, მაგრამ როდესაც საერთოდ არავინაა, ერთიც კი, არა, არათუ, 200?!

ეგეთი ერთი კაციც კი არ არსებობს. თან, გამოგონების გარდა, ინფორმაციაში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად, გეოგრაფიის უცოდინარობაც ჩანს. მართლა უაზრობაა. საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სრულიად დაუჯერებელია.

ისიც შეიძლება, ვიღაცამ თათარი მწყესები ნახა და ჩეჩნები ეგონა. მაგრამ, ხომ ხვდებით, რომ ასე არაა...

შეიძლებამაგრამრა ამბავია 200 მწყემსითან მწყემსი ცხვრისფარის გარეშე სად გაგიგიათ?

- მწყემსები, რა თქმა უნდა, არიან - თუშებიც, თათრებიც, ქისტებიც. ერთი ნაცნობი პანკისელი ქისტია, ხშირად გადმოდის. საერთოდ, ქისტები არჩილოს მთაში ჩამოდიან და ცხვარს იქ აძოვებენ, მაგრამ ეს უკვე სხვა ხეობაა და ამასთან, თუ ისინი ვინმეს ჩეჩნებად მოელანდა, სხვა საქმეა.

თან პანკისელი ქისტები საქართველოს მოქალაქეები არიან და სადაც უნდათიქ წაასხამენ ფარასისევეროგორც ნებისმიერი სხვა ეროვნების მწყემსი საქართველოდანგეოგრაფიის უცოდინარობაში რას გულისხმობთ?

- ჯერ ერთი, იმას, რომ შატილის ქვევით სოფლები არ არსებობს. არის ორი საზამთრო ადგილი - ფიჭვები (რომელიც, როგორც ირაკლიმ გითხრათ, ჯერჯერობით, რუსებს აქვთ დაკავებული) და აცეხი, სადაც შატილელების ორი კომლი ახლაც ზამთრობს.

ცარიელი სოფლები არის მეორე, მიღმახევის ხეობაში, რომელიც შატილის ხეობის პარალელურად მდებარეობს და მისგან ქედითაა გამოყოფილი. ეს სოფლებია - ანდაქი, ხახაბო, არდოტი, ხონისჭალა, მუცო, სადაც ფაქტობრივად თითო კომლი ცხოვრობს. მოხუცები და მესაქონლე ხალხი.

გამორიცხულია, რომ იქ საიდანმე ჩეჩენი მოვიდეს და ჩასახლდეს. თუ, ვთქვათ, ვინმე ჩეჩნეთიდან დააპირებს შემოსვლას, ვინ შემოუშვებს! იქ რუსეთის საზღვარია, რუსი მესაზღვრეები დგანან და არღუნის ხეობას რუსეთის მხრიდან კეტავენ.

თუმცა, მოდი, დავუშვათ, რომ ჩეჩნები იქიდან გადმოვიდნენ, გამოატარეს რუსებმა, თუნდაც, პროვოკაციის მიზნით, დახუჭეს თვალი. აქეთ ჩვენი საგუშაგოა, ჩვენი პატრული დადის, ჩვენი მესაზღვრეები არიან და ტერიტორიას მაქსიმალურად აკონტროლებენ.

მეორეც, გამორიცხულია, რომ უღელტეხილებზე სადმე ვინმე გადმოვიდეს. რომ იტყვიან, ჩიტიც ვერ გადმოფრინდება, ისეა ჩაკეტილი, ჩანამქრული ეს გზები. შეუძლებელია გადმოსვლა, მით უმეტეს, ზამთარში.

კი, დავუშვათ, შეიძლება, ზაფხულის პერიოდში ვინმე შემოვიდეს, სამანქანო გზით. შატილის მხრიდან. მაგრამ, თუ საქართველოდან ვინმე შევა, როგორ შევა?!

არსებობს რუკები, იქ თვალნათლივ ჩანს, სადაა საზღვარი, სად სოფელი, სად ნასოფლარი. კი, ბატონო, შატილს ქვევით, არღუნის ხეობაში ანატორში ნასოფლარია.

რას ამბობთანატორში ვინ იცხოვრებს?!

- სწორედ იქაა პოსტი. შემდეგ კი, უკვე ჩეჩნების მხარეს, უახლოესი დასახლება დიდი, 17-სოფლიანი თემი - მალხისტაა, რომელიც აბსოლუტურად დაცარიელებულია, 1944 წელს რომ ჩეჩნები გადაასახლეს, იმის შედეგად, დაცლილი. დარჩენილია სკოლის ნანგრევები, ფანტასტიკური კოშკები (ხარისხით, ლებაისკარის კოშკის მსგავსი), თუმცა, მე მგონი, რუსებმა, ისინიც დაანგრიეს.

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. ჯერ ერთი, რა დასახლებაზეა ლაპარაკი, როდესაც, თავის დროზე, ხალხი იქიდან იმიტომ წამოვიდა (საქართველოს მიწას ვგულისხმობ), რომ გაუსაძლისი პირობებია. ვინც იქ ცხოვრობდა, ძირძველი მოსახლეა იქიდან გადმოსული და ჩეჩენი რატომ ჩამოვა და დასახლდება?! რას დაეხარბება?! იქ ვინმეს თუ გადაასახლებ და იძულებით ამყოფებ, თორემ ნებით ვინ წავა?!

მეორე მხრიდან, მითხო უზარმაზარი ტერიტორიაა, ჩეჩნების (შატილიდან, ანატორიდან, 15 კილომეტრში), მაგრამ დაუსახლებელია. ჩვენსაზე ათასჯერ უკეთესი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და თუ ვინმეს ჩეჩნეთიდან მოუნდებოდა გადმოსვლა, იქ დასახლდებოდა.

ეს ის ადგილია, სადაც არღუნის ხეობა მითხოს ხეობას უერთდება. შესასვლელთან კი რუსი სამხედროები დგანან, სამხედრო ბაზებია, საიდანაც ხდება მათი საგუშაგოებზე განთავსება.

რა თქმა უნდა. ესაა დაუჯერებელი სისულელე. წესით, ამაზე კომენტარიც არ უნდა გააკეთო.

მართლაც არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ასეთი სისულელე თქვას, თუ საერთოდ არსებულ მდგომარეობაზე წარმოდგენა აქვს, მაგრამ, თუ რაიმე მოელანდა, მაშინ, აბა, რა გითხრათ...

ისე, 200 ჩეჩენი, ბაში-აჩუკის არ იყოს, კაი ძალაა, მაგრამ სადაა?! 200 ჩეჩენი რომ გვყავდეს, ყველას კუდით ქვას ვასროლინებდით. რა თქმა უნდა, ამას უკვე ხუმრობით ვამბობ.

 

 

 

 

 

 

ნანახია - 496

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80