რა მოჰყვება ფასების „გალარებას“?
ეკონომიკა

რა მოჰყვება ფასების „გალარებას“?

რა მოჰყვება ფასების „გალარებას“?
ბექა დანელია

2017-06-16 14:30:26

2 კვირაში ქვეყანაში დოლარში ფასდადება და სასურველი ნივთის ან ობიექტის რეალიზაცია სრულად იკრძალება. ამან, შესაძლოა, სამომხმარებლო ბაზარზე ცვლილებები გამოიწვიოს - უძრავი ქონება გაძვირდეს ან ლარზე მოთხოვნა ერთბაშად გაიზარდოს.

ეროვნული ბანკმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 1-ლი ივლისიდან ქონების რეალიზაციის ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო ხდება. ვინც, ამჯერად მაინც არ გაითვალისწინებს ახალ რეალობას, იგი დაჯარიმდება.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. მეორე მხრივ კი, მიმართავს დაინტერესებულ მომხმარებლებს მეწარმისაგან მოითხოვონ ფასის ლარით სრულად გამჟღავნება“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ფასების ლარში დაფიქსირება, ძირითადად, 2 მიმართულებას შეეხება, ეს არის უძრავი ქონება და საავტომობილო ბიზნესი. ამ თვალსაზრისით მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, რომ ფასები მაღლა აიწევს და გასაყიდი ობიექტი (მიწა, ბინა, მანქანა) გაძვირდება.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მისი აზრით, უძრავი ქონების ბაზარზე არაფერი შეიცვლება.

„ფასების ცვლილება რატომ უნდა გამოიწვიოს? უბრალოდ, ეს არის დაბნეულობის გამო არასწორად ატეხილი აჟიოტაჟი. სამშენებლო ბიზნესშიც ზოგიერთი პროდუქტი იმპორტირებულია, მაგრამ საერთო ჯამში უძრავ ქონებას ფასი ლარში უნდა დაედოს. უცებ რომ გამოცხადებულიყო, ხვალიდან ამ წესზე გადავდივართო, მაშინ გასაგები იქნებოდა ასეთი აჟიოტაჟი, მაგრამ ახლა როცა ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ აქამდე, ეს პანიკა გაუგებარია“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.

მისი თქმით, თუ ყველა საჭირო პროდუქციას ქვეყანაში იწარმოება, მათი შეძენა დოლარში აღარ მოგვიწევს და ეს ლარში ფასდადებას ხელს შეუწყობს.

„კარგი იქნება, რომ სამშენებლო მასალები ქვეყანაში ვაწარმოოთ ისვე, როგორც ცემენტს და არმატურას ვაწარმოებთ. როცა გარკვეული მასალა შემოსატანი გვაქვს და დოლარში ვყიდულობთ, გაძვირებას ეს იწვევს ხოლმე. სამწუხაროდ, საქართველოში ლობიო და ნიორი ეგვიპტიდან შემოგვაქვს. შორეული პერსპექტივაა, რომ ყველაფერი ქვეყანაში ვაწარმოოთ, მაგრამ, ნაბიჯ-ნაბიჯ აქამდე უნდა მივიდეთ“, - განუცხადა როსტომაშვილმა „კომერსანტს“.

არის მეორე მომენტიც, გაიზრდება თუ არა ლარზე მოთხოვნა ივლისიდან, რადგან ყველა ოპერაცია ეროვნულ ვალუტაში უნდა განხორციელდეს. საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ფასების ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირება ლარის მოთხოვნასთან პირდაპირ კავშირში არ იქნება, რადგან ჩვეულებრივ ყიდვა-გაყიდვა კვლავ დოლარში განხორციელდება.

„საქართველოს კანონმდებლობით, ფასების ფიქსაცია უნდა მოხდეს ლარში, მაგრამ ეს ცვლილება ლარზე მოთხოვნას არ გაზრდის იმ დონეზე, რომ ფულადი რესურსის მხრივ პრობლემა შეიქმნას. ცხადია, გარკვეული ირიბი კავშირი არსებობს, რადგან უძრავი ქონების ან ავტომობილის რეალიზაციისას მხარეები იძულებული იქნებიან, ლარში განახორციელონ ტრანზაქციები. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყიდვა-გაყიდვა ისევ დოლარში განხორციელდება და ლარი ფიქტიურად დაფიქსირდება დოკუმენტებში“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

 

 

ნანახია - 1284

ლაზი1

2017-06-17 12:55:57

ამ ე.წ. დედოლარიზაციის პოლიტიკაში, ძირითადად ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. საპანიკო არაფერია. ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო.
ერთი, რაც აშკარად თავიდანვე გაუგებარი იყო, მოუფიქრებელად განხორციელდა და ნულოვანი ეფექტით დასრულდა, სესხების გალარება იყო.
სხვა მხრივ ეს პროცესი ეკონომიკის განვითარებისათვის, და სავალუტრო სისტემის სტაბილურობისათვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში პოზიტიური ეფექტის მომტანი იქნება.
მსხვილი კერძო გარიგებები რომ ისევ დილარში განხორციელდეს, ეს ნამდვილად არ არის გამორიცხული, მაგრამ თუ ლარი ზომიერად სტაბილური იქნება, ესეც თანდათან დაკარგავს მიმზიდველობას.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80