„ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით“
პოლიტიკა

„ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით“

„ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით“
თამთა ქარჩავა

2017-06-17 10:30:04

ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო. დასკვნის სრული ვერსია 19 ივნისს გამოქვეყნდება. დასკვნის წინასწარ დოკუმენტში, რომელიც გასულ კვირას გახდა ცნობილი, გარკვეული ცვლილებები შევიდა. დაემატა რამდენიმე ახალი ფორმულირება - დასკვნაში ჩაიწერა, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსზე მიღებული, რომ დოკუმენტი არ იყოს ერთპარტიული.

ვენეციის კომისიაში უკვე შედგა შეთანხმება პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რა ჩანაწერი უნდა გაკეთდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში. შეთანხმების მიხედვით, დაწესდება გადაუნაწილებელი მანდატების ზედა ზღვარი, აგრეთვე, ვენეციის კომისია დადებით რეკომენდაციას აძლევს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესს. რეკომენდაციაში, ასევე, მითითებულია, რომ გადაუნაწილებელი მანდატები შესაძლოა, გადანაწილდეს იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც საარჩევნო 5%-ანი ბარიერი გადალახეს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ საქართველოს ორპალატიანი პარლამენტის შემოღება შესთავაზა, თუმცა ქართული მხარე ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის მიზეზად საქართველოს წარმომადგენლები ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებს ასახელებენ. სწორედ ამის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, 37-ე მუხლში, რომელიც პარლამენტის არჩევნებს ეხება, ასეთი ჩანაწერი გაკეთდა.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ, პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან.

სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან. პალატების შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და არჩევის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი“, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაში.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ ძალიან სერიოზული რეკომენდაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას პარლამენტის ზედა პალატა, რომელიც იქნება დამბალანსებელი ქვედა პალატის ძალაუფლების.

„მომხსენებელმა თქვა, რომ შევქმნათ გარდამავალი ზედა პალატა. ამასთან, ჩაიწერა, რომ სასურველია, პარლამენტმა აღარ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ანუ იუსტიციის საბჭოს წარდგენით წარადგინოს პრეზიდენტმა და პარლამენტარებმა ამაში მონაწილეობა არ მიიღონ“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვენეციის კომისიაში, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე მსჯელობენ, კომისიის მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო განხილვების პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ორიგინალური, საქართველოს ხელისუფლებამ გამოავლინა სამაგალითო თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან და ვენეციის კომისია მოუწოდებს ყველა სხვა მხარეს, მაქსიმალურად მოინდომონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ კონსენსუსის მიღწევაში.

სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე სპიკერთან ერთად ესწრებოდა. პრეზიდენტის პოზიცია შეხვედრაზე საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარმოადგინა. პლენარული სესიის დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრა გამართეს.

ბუკიკიოს განცხადებით, ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია საქართველოს მომავლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღწევა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობა მოიწონა. მისივე შეფასებით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ძალიან კარგ კონსტიტუციას უახლოვდება.

„საკონსტიტუციო რეფორმა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ადრე არაერთხელ აღმინიშნავს, ჯერ კიდევ 90-დან ჩვენ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ, რათა უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთ. ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობა მოიწონა. არის კიდევ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, თუმცა ჩვენ სწორ გზაზე ვართ და საუკეთესო გადაწყვეტილებას გამოვძებნით“, - განაცხადა ჯანი ბუკიკომ.

მისივე თქმით, საჭიროა, რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კარგი კონსტიტუცია იქნება დაფასებული და სასარგებლო ქვეყნისთვის. თქვენ გჭირდებათ, რაც შეიძლება, ფართო კონსესუსი და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ყოველთვის იდეალური სამყარო არ არის, ყოველთვის არსებობს დაძაბულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ჯანი ბუკიკომ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია იმ პრინციპებთან, რომლებიც დემოკრატიულ კონსტიტუციას საფუძვლად უნდა დაედოს.

„დღეს ვენეციის კომისიამ ძალიან მყარად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით. ჩვენი მიზანი იყო ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნებოდა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებდა ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას და ეს მიზანი დღეს დაადასტურა ვენეციის კომისიამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენეციის კომისიისთვის შეთავაზებული ბონუსის მექანიზმის სამი პრინციპი განმარტა და მისი შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვენეციის კომისიაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები განიხილება, წინსწრებით წარადგინეს მმართველი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება.

„ჩვენი შეთავაზება, რომელიც ვენეციის კომისიისთვისაც მისაღებია, ერთობლიობაში მოიცავს სამ წესს: 1- აბსოლუტური ზედა ზღვრის დაწესება, რომლის თანახმადაც პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე მიიღებს. ანუ, წესდება ზედა ჩამკეტი ზღვარი - 89 მანდატი. 2. ფარდობითი ზღვარი, რომლის თანახმადაც პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნებში მოპოვებული მანდატების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები განაწილდება პროპორციული წესით.

3. აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რომლის თანახმადაც თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვეღარ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება.

ამ პრინციპებზე ვენეციის კომისიასთან წინასწარი მსჯელობა შედგა და შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით რეკომენდაციას ბონუსის შესახებ უკვე საბოლოო დასკვნაშიც. ამ პრინციპების გამოყენებით, ბონუსის მექანიზმი გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში მანდატების ჭარბ კონცენტრაციას, შესაბამისად, საპარლამენტო პროცესში პირველ ადგილზე გასული პარტიის და ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით.

„პოლიტიკურად გაუმართლებელია, რომ გამარჯვებული პარტია იმაზე მეტს ითხოვდეს, რაც მას ხმების სახით, ხალხმა მისცა. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და ალბათ, მუქარით, რომ ის პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა. შესაძლებელია გამარჯვებულმა პარტიამ დარჩენილი მანდატები მთლიანად აითვისოს, რაც ცუდი და უსამართლოა.

მაჟორიტარებმა ვითომ ბუნტის სპექტაკლი მოაწყვეს, რათა ვენეციის კომისიაზე ზემოქმედება მოეხდინათ. ფაქტობრივად, ეს ვენეციის კომისიაზე ზეწოლა და შანტაჟი იყო, რადგან ვხედავთ, რომ ხელისუფლება საკუთარი სასტარტო უპირატესობის მოპოვებას ყველა გზით ცდილობს, რაც მათ ისედაც აქვთ ძალოვანი უწყებებით, არაფორმალური მმართველობის სხვა ბერკეტებით, ადმინისტრაციული რესურსებით და ახლა უნდათ, რომ კონსტიტუცია მათ სასარგებლოდ მუშაობდეს, რაც კარგი არ არის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თაობაზე მიმდინარე მოვლენებში ყველაზე მეტად ის აღელვებს, რომ ამ პროცესების შედეგად ყველაზე დაზარალებული აღმოჩნდება თავად კონსტიტუცია.

„კონსტიტუციას მაშინ აქვს აზრი და ძალა, როდესაც ის არის ქვეყნის გამაერთიანებელი, შემკრები. საჭიროა არა მხოლოდ კარგი რამეების ჩაწერა, არამედ თავად ამ ჩაწერის პროცესში იმ ტიპის კონსენსუსის, იმ ტიპის საერთო-სახალხო ენთუზიაზმის გამოწვევა, რომელმაც ამ ტექსტს უნდა მიანიჭოს მნიშვნელოვანი სხელმწიფოებრივი დატვირთვა.

სამწუხაროდ, ის პროცესი, რასაც ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ, აზარალებს თავად კონსტიტუციას, როგორც ქვეყნის საფუძველს. ეს გამოიხატება, როგორც თავად პროცესში და მიდგომებში იმ ადამიანების მხრიდან, ვის ხელშიცაა ახლა ეს საქმე, ასევე იმ მიდგომით, რომ ჩვენ ფაქტობრივად, ვიღებთ ახალ კონსტიტუციას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ნანახია - 1814

antoni

2017-06-17 11:05:11

პრეზიდენტის პირდაპირ არჩევაზე რომ გქონდათ წივილ-კივილი, ვენეციამ გითხრათ ეს მესამეხარისხოვანი ამბავია დაოკდითო
მაჟორიტარული არჩევნები და 5%-იანი ბარიერი თუ არ ვარგოდა, რატომ კუპონამ და მისმა მეცოცხეებმა არ შეცვალეს?- არცერთი არ დაუწუნია ვენეციას
ბონუსის სისტემა პირველად ვარიანტში რომ არ დარჩებოდა, ეს ოცნებისავე პოზიციიდან ჩანდა
ახლა გამოვლენ ნათელაშვილი, ახვლედიანი, კაპანაძე, კუკავა, იოსელიანი-ბოკუჩავასი, კაციტაძე და დაიწყებენ ტრაბახს, რომ მათი დამსახურებაა ცვლილებების ეს ვარიანტი :-)
ჰო მართლა, წინა აბზაცში მოხსენიებულებო, რატომ იმას არ მისწერთ ვენეციის კომისიას, რომ ხელისუფლებამ დაგიკიდათ და თქვენს მიერ მოთხოვილი არარსებულ კანონში ცვლილების შეტანა არ დააკმაყოფილა :-))) სად გამოგაჩინოთ თქვე საცოდავებო!

papa

2017-06-17 23:48:50

ლონდონში დემონსტრანტები კენსინგტონის რაიონის საბჭოში შეიჭრნენ.......


ჩვენ კი ფოთოლიც .......არ ჩამოგვიგდიაააააააა......მაააააააშ!



კი გამწარებულები არიან და მათი საქციელი გასაგებიცააა, მაგრამ....მე სხვა რამე მინდა ვთქვა....ძველი გამახსენდა...




ქართველი ასეთი ცუდია..... ქართველი ისეთი ცუდია...

აი ზუსტად ამაზე ამბობდა ხოლმე ა.ბაქრაძე..
..ქართველი არც სხვაზე განსაკუთრებულად ცუდია და არც განსაკუთრებულად კარგიო---ერთი ჩვეულებრივი ერი ვართ თავის პლიუს--მინუსითო. მერე ამ ,,ცივილიზირებული დასავლეთის,, ცხოვრებიდან(ისტორიიდან) კაი ჯიგრული ,,ქართული მაგალითები,, მოჰყავდა ხოლმე, სადაც კარგად ჩანდა რომ იმ ეგრეთ წოდებული ცივილიზირებული დასავლეთისთვისაც,,ცუდი,, არაფერი უცხო არაა..
.....რომ ჩვენ სულაც არა ვართ განსაკუთებულად ისეთი ცუდები, რომ თვითგვემას მივეცეთ და ვიძახოთ--- ვაი, ვაი ეს რა უბედურება გვჭიირს, რა გვეშველებაო...
არაფერი გამოუსწორებელი და უშველებელი უბედურება ჩვენ არა გვჭიირსოო...
მერე ესპანეთის..ინგლისის..გერმანიის ისტორიიდან მოჰყავდა ხოლმე,,შესაბამისი,,მაგალითები..
.პლიუს დაბავკაში ლოს ანჯელესის მაგალითი მოჰყავდა ხოლმე..
..მაშინ პოლიციელებს ზანგის ბიჭი ცემაში შემოაკვდათ და ამის გამო მთელი კალიფორნია ერთი კვირა ყირაზე იდგა--მოსახლეობამ დააარბია ყველაფერი. მეორე კიდევ ნუიორკის მაგალითი--სამი საათი დენის გამორთვაზე, მოსახლეობამ ვითომ პროტესტის გამოხატვით მთელი ნუიორკი ზედ წამოიცვეს....
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ... როცა ადამიანი,,პავლოვის ხელში,,ვარდება ნებისმიერი ადამიანი, ქართველიც, ამერიკელიც, ინგლისელიც და ყველაც, აუცილებლად პავლოვს ემორჩილება--ყველა ინსტიქტების დონეზე დადის----ყველა აკეთებს ცუდსაც და უკადრებელსაც
ასე რომ კიდევ ვიმეორებ მთავარია გარემო, სოციალური გარემო და ყველაფერიც გამოსწორებადია

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80