რატომ დაიბარეს მერაბ ნინიძე სასამართლოში
რეტრომედია

რატომ დაიბარეს მერაბ ნინიძე სასამართლოში

რატომ დაიბარეს მერაბ ნინიძე სასამართლოში
„ალია“, 2003 წელი

2017-06-17 11:02:26

ეს სტატია ის იშვიათი გამონაკლისია, როცა სასამართლო ხელისუფლებას ვეხები და არ ვაკრიტიკებ. თუმცა, ამჯერად თავად უზენაეს სასამართლოზე კი არა, მის გუშინდელ სტუმარზე, მერაბ ნინიძეზე მოგითხრობთ.

პირველი ქართველი ოსკაროსანი მსახიობი საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე გამოდგა. გერმანული ფილმი - „არსად აფრიკაში“, სადაც მერაბ ნინიძე მთავარ როლს თამაშობს, უცხოური ფილმის ნომინაციაში ოსკარის მიღების შემდეგ 60-მა ქვეყანამ იყიდა. საქართველოში ის ჯერ არ უნახავთ.

„არსად აფრიკაში“ ნაცისტური გერმანიიდან აფრიკაში ემიგრირებული ებრაული ოჯახის ცხოვრებას და ამ ჩაკეტილ წრეში ოჯახურ დრამას ასახავს. ქართველი მსახიობი ფილმის მთავარ გმირად მისი ნიჭის წყალობით აირჩიეს. რეჟისორმა სინჯებისას მას პათოსითა და ემოციებით სავსე ტექსტი მისცა, სადაც გმირი ყვება, როგორ მოუკლეს დედ-მამა, როგორ გაუგუდეს გაზის კამერაში და, როგორ გადაუწვეს ნაცისტებმა სინაგოგები.

მერაბ ნინიძე: „ეს ტექსტი ჩვეულებრივ, მშვიდად წავიკითხე, ყოველგვარი პათოსის გარეშე. მგონი, მაშინ გადაწყდა ჩემი აყვანა. რეჟისორმა მითხრა, ყველა, ვინც მოვიდა, ამ ტექსტს ემოციით კითხულობდა, ეს კი უკურეაქციას იწვევსო.“ თანაც, მთავარი გმირის გერმანელობა მის გარეგნობაში კი არა, მის შიდა სამყაროში უნდა გამოჩენილიყო.

„ოსკარის“ ცერემონიაზე წასვლა მერაბ ნინიძემ ბოლო წუთს გადაიფიქრა, როცა ომის პირველი კადრები ტელევიზიით  ნახა. თუმცა, რომც წასულიყო, ოსკარის ასაღებად სცენაზე მაინც ვერ ავიდოდა, რადგან უცხოური ფილმის ნომინაციაში სცენაზე ასვლის უფლება მხოლოდ რეჟისორს აქვს. მან კი პატარა შვილი ვერ დატოვა.

უცნაური დამთხვევა: ფილმის მიხედვით, მერაბ ნინიძის გმირი იურისტია და ფინალში მას მოსამართლედ იწვევენ, მაგრამ იგი აფრიკიდან გამგზავრებაზე უარს ამბობს.

სამაგიეროდ, ნინიძე უზენაესმა სასამართლომ მიიწვია - ეს კი ფილმის თავისებური გაგრძელება გახლდათ. მსახიობები უცნაური ადამიანები არიან. თურმე, ნინიძე და ის მსახიობი ქალი, რომელიც ფილმში მის მეუღლეს თამაშობდა, გადასაღებ მოედანზეც კი იშვიათად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, რადგან ფილმში ცოლ-ქმარი გამუდმებით ჩხუბობენ. მხოლოდ პრემიერაზე, მიუნხენში დაველაპარაკეთ ერთმანეთს ადამიანურადო, გულწრფელად უთხრა უზენაესელებს მსახიობმა.

მერაბ ნინიძეს არც უცხოეთში „გადაბარგების“ ამბავი დაუმალავს. 1992 წელს ავსტრიელები თბილისში ჩვენს უბედურ ყოფაზე, გადატრიალებებსა და საბჭოეთის ნგრევაზე ფილმს იღებდნენ, რომელშიც ნინიძე აქტიურად მონაწილეობდა. ფილმის დასამონტაჟებლად იგი კოლეგებს ვენაშიც გაჰყვა და მალე საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული გერმანელი ემიგრანტის როლიც ითამაშა „კურდღლებზე ნადირობაში.“

გერმანული კინემატოგრაფი დიდი პოპულარობით რომ ვერ დაიკვეხნის, ამას ყველა აღიარებს. გერმანული ფილმი ოსკარით ქართველი მსახიობის მონაწილეობის გამოც დააჯილდოვეს. ისე, ამერიკელებს მელოდრამები უყვართ. ფილმი „არსად აფრიკაში“ კი ამ ელემენტებსაც შეიცავს.

საქართველოში მერაბ ნინიძე დღეს-დღეობით თეატრალურ სარდაფში „ვენეციელ ვაჭარს“ თამაშობს. ზაფხულში იგი „ზღაპარს მოზრდილებისთვის“ შემოგვთავაზებს. 22 აპრილს კი ვენაში ქართველ მსახიობს ახალ შემოთავაზებებს დაახვედრებენ.

 

 

 

 

ნანახია - 544

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80