„რაც კარგია - ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით... სიყვარული და არა სიძულვილი...“ - უსუფაშვილი ბრუნდება!
პოლიტიკა

„რაც კარგია - ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით... სიყვარული და არა სიძულვილი...“ - უსუფაშვილი ბრუნდება!

„რაც კარგია - ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით... სიყვარული და არა სიძულვილი...“ - უსუფაშვილი ბრუნდება!
თამთა ქარჩავა

2017-06-17 13:00:44

„შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ახალი პარტიით დაბრუნდა. მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია - „რაც კარგია - ვუვლით; რაც ცუდია - ვცვლით; რაც გვაკლია - ვქმნით; ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება; პრინციპულობა და არა სიჯიუტე; ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; დიალოგი და არა მონოლოგი; სიყვარული და არა სიძულვილი“.

დავით უსუფაშვილს სჯერა, რომ „შენების მოძრაობა“ ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.

რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის შემდეგ დავით უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში ნაცნობი და უცნობი სახეებით დაბრუნდა. ახალ პარტიაში სხვა ახალ სახეებთან ერთად არიან - ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და კახა შარტავა. „შენების მოძრაობის“ წევრები არიან - თეოლოგი ლევან აბაშიძე, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი გელა გელაშვილი, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, მოჭადრაკე ნინო გურიელი.

უკვე ცნობილია, რომ „შენების მოძრაობის“ წევრი არ იქნება თინა ხიდაშელი. დავით უსუფაშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი რჩება უკეთესი საქართველოს ერთ-ერთ მშენებლად, მაგრამ უფრო ინდივიდუალურ რეჟიმში. ყოფილი სპიკერის მოძრაობას საკმაოდ მყარი გეგმები აქვს და ამბობს, რომ ახალი პარტიის წევრებთან ერთად, დაგროვილ გამოცდილებას მოახმარს მომავალი თაობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, „შენების მოძრაობის“ საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

„ვაცხადებთ, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები ვდგებით ახალი თაობის სამსახურში. დიახ, ჩვენ, ის ადამიანები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ვიღვაწეთ ქართულ პოლიტიკაში, გვქონდა წარმატებები და შეცდომები, წარუმატებლობები, მთელ ჩვენს გამოცდილებას მოვახმართ მომავალი თაობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.

ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და კახა შარტავა დღეიდან დგებიან გურამ მჭედლიძის, გიორგი თაქთაქიშვილის ანდრო დადიანის და სხვების სამსახურში. იმ ადამიანების სამსახურში, რომლებიც თავისუფალ საქართველოში გაიზარდნენ და თავისუფალი არიან იმ წარსულის მავნე გადმონაშთებისგან, რომელიც არ ასვენებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთანავე, „შენების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ კანდიდატებს. გავრცელებული ინფორმაციით, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ალუდა გოგლიჩიძე იქნება, თუმცა თავად გოგლიჩიძე ირწმუნება, რომ მასთან, როგორც მერობის კანდიდატთან საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა.

„როგორც ბატონმა დავითმა თქვა, ჩვენ ამ თემაზე ვიმუშავებთ. ჯერჯერობით, პერსონალურად ჩემთან მიმართებაში არ ყოფილა საუბარი. ბუნებრივია, დიდი ალბათობით, ის გამოცდილება, რომელიც მე შევიძინე თვითმმართველობის დონეზე მუშაობაში, გამოსაყენებელია და იქნება გამოყენებული“, -აღნიშნა ალუდა გოგლიჩიძემ.

„ეროვნილი ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა, რომელიც პოლიტიკური გუნდის - „შენების მოძრაობის“ წევრი გახდა, ამბობს, რომ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ, რაც უკვე ყველას ყელში ამოუვიდა. შარტავას თქმით, სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელია სამოქალაქო კონსოლიდაცია.

„დაკნინებული საბჭოური პერიოდის სახელისუფლო მართვის ვერტიკალი, რომელიც 25 წელია ხრავს და ძიძგნის ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკურ პოტენციალს, ხანდახან ფსიქოლოგიურ გენოციდსაც კი უწყობს საკუთარ მოსახლეობას. ამ სისტემის ტრანსფორმაციას სჭირდება კონტრსისტემის აწყობა. კონტრსისტემის საფუძველი შეიძლება იყოს სამოქალაქო კონსოლიდაციის პროცესი, პარტნიორობა სახელმწიფობრიობისათვის“, - განაცხადა კახა შარტავამ.

ანალიტიკოსების შეფასებით, დავით უსუფაშვილის მიერ ახალი ძალის შექმნის ეტაპი ძალიან შთამბეჭდავია, რადგან ქართული პოლიტიკა დავით უსუფაშვილის გარეშე არის დაზარალებული სივრცე.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ ახალ მოძრაობას, სურთ, რომ იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში, ისეთში, რომელიც საკუთარი ფასეულობების სიაში პირველ ადგილს აღარ მიუჩენს ფასეულობას, რომელსაც ფული ჰქვია.

„რასაკვირველია, ქართული პოლიტიკა დავით უსუფაშვილის გარეშე ეს არის უფრო დაზარალებული სივრცე, რადგან ის ინტელექტი, ის გამოცდილება, ის აკადემიზმი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა ბატონ უსუფაშვილს წლების განმავლობაში და რომელიც აღიარებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოლიტიკურ სივრცეშიც, მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიახ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ვიფიქროთ შენებაზე და დავივიწყოთ ის დრო, როდესაც ხელისუფლებები იცვლებოდა წინამორბედის მიუღებელი ქმედებების საფუძველზე“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ უსუფაშვილმა შეკრიბა ადამიანები, რომელთა სახელები მრავალი წელია დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებასთან და განვითარებასთან. შესაბამისად, საყვარელიძე ფიქრობს, რომ შემადგენლობის თვალსაზრისით, ალბათ, კრიტიკას ვერავინ გამოთქვამს. რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შანსებს, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი იმ დროინდელ პოლიტიკურ ლანდშაფტზე იქნება დამოკიდებული.

„2020 წლამდე მათ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. გააჩნია როგორი პარტიები იქნებიან და მთლიანობაში როგორი პოლიტიკური სურათი და ლანდშაფტი იქნება მოცემულ შემთხვევაში. პარტიის შექმნის ეტაპი ძალიან შთამბეჭდავია, დადებითად განაწყობს ჩემნაირ ადამიანს. ამ ეტაპზე შანსები მაღალია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმ დროის პოლიტიკური ლანდშაფტის სურათზე“, -აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტებისგან განსხვავებით „რესბუბლიკური პარტიაში“ ამბობენ, რომ დავით უსუფაშვილს არაფერი ახალი არ უთქვამს და შესაფასებელიც არაფერია.

„პარტია არ შეუქმნია და ახალი არაფერი უთქვამს. შესაბამისად, შესაფასებელი არაფერია“, - აცხადებს პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე.

უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არის სივრცე, რომელსაც ღირებულებები და ხალხის მხარდაჭერა აქვს. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, დავით უსუფაშვილს არჩევნებში საკუთარი ოპტიმიზმის დასაბუთება მოუწევს.

„ჯერ არ გავცნობივარ მისი პოლიტიკური პარტიის პროგრამას, თუმცა შემიძლია ერთი რამ ვთქვა, საქართველოში არის კულტურა, არის სივრცე ყველა იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც აქვს ღირებულებები, რომელსაც აქვს საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აჩვენებს არჩევნები. რაც შეეხება დავით უსუფაშვილის ოპტიმიზმს, მას მოუწევს უკვე არჩევნებში დაასაბუთოს ეს ოპტიმიზმი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნანახია - 1980

antoni

2017-06-17 13:53:18

კარგი იქნება თუ ძლიერი, პროგრესული, სამართლიანი და პოზიციისგან ანგარიშგასაწევი პარტია იქნება - ძალიან გამიხარდება, მაგრამ მეეჭვება, რადგანაც ბურბუშელისგან სახლი არ შენდება

natali

2017-06-17 17:21:26

ლოზუნგი მომწონს!:))
განსაკუთრებით ის, რომ რაც გვაკლია-ვქმნით!



სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამაა ცუდი და გამოსაცვლელი და უფრო ბევრი გვაკლია და შესაქმნელია, მაგრამ ამისთვის ახალი ხალხია მოსაძებნი, ის ხალხი, ვისაც ამის შნო აქვს, მაგრამ ამ ზალს სურვილიც უნდა გაუჩნდეს, ამისთვის კი მათ თქვენ უნდა დაგიჯეროთ. უნდა დაგიჯეროთ, რომ მართლა ქვეყნის დარდი გაქვთ და არა პარტიის. მაგრამ.....

აი რას ამბობთ--


„ვაცხადებთ, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები ვდგებით ახალი თაობის სამსახურში. დიახ, ჩვენ, ის ადამიანები, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ვიღვაწეთ ქართულ პოლიტიკაში, გვქონდა წარმატებები და შეცდომები, წარუმატებლობები, მთელ ჩვენს გამოცდილებას მოვახმართ მომავალი თაობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას."

ე.ი. მთავარი არჩევნებში გამარჯვებაა? და ამის მერე როგორ დაგიჯეროთ?

აქამდეც ასე იყო. ყველა პარტიას ლოზუნგები კარგი ჰქონდა, მთელ ძალისხმევას არჩევნებში ხარჯავდა, გაიმარჯვებდა და მორჩა, მათი ზეიმით მთავრდებოდა ყველაფერი. ხალხი კი.....

ბატონო დავით! გონიერი,ჭკვიანი ახალგაზრდა, რომელიც მზადაა მართლა ქვეყნის სამსახურში ჩადგეს და არა პირადად თქვენი ან ვიღაცის, როგორ აუხსნით, თუ რატომ დაგიჯეროთ? რა არის თქვენი მოტივაცია?
რაღაც პათეტიკური პატრიოტული ლოზუნგების რომ უკვე აღარავის სჯერა, იმედია იცით:))))))))


natali

2017-06-17 17:24:05

ხოოო კიდევ-

თინა რომ არაა პარტიაში, ისიც მომწონს, ჭკვიანურია:))
ძალიან ზედმეტად პირდაპირი და მეუღლისაგან განსხვავებით არადიპლომატიური პიროვნებაა და ხალხს აღიზიანებს.:)))

tngh

2017-06-17 23:23:23

ბ-ნი დავითი 1989 წლის 10 აპრილს გავიცანი. სკკპ-ს "ჭიშკარში" შემომეფეთა. მე გამოვდიოდი, ის შემოვიდა...

natali

2017-06-18 12:21:42

http://reportiori.ge/old/aww.ge/worknet.gov.ge?menuid=68&id=52880&lang=1

აი ეს სტატია დაიბეჭდა ორწელიწად ნახევრის წინ.

მას მერე არაფერი შეცვლილა. ეს ამბავი გამახსენდა, გუშინ გავიგე, რომ ისევ გაუტყავებიათ ერთი კარგი ახალგაზრდა, რომელიც შვებულებით ჩამოვიდა. მთელი წელი ვირივით იმუშავა, რომ ახლა დაესვენა. აქ კი.....
მე პირადად ჩემს სტუმრებს ვაფრთხილებ, რომ არ შევიდნენ არსად.

ბატონო დავით, იურისტი ბრძანდებით და ქვეყნის მესამე პირი ბრძანდებოდით. ამ საქმეს რომ ვერ მოუარეთ და ერთი კანონი რომ ვერ მიიღეთ, რომელიც ამას დაარეგულირებდა და ტურისტებს არ დააფრთხობდა, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს?
თან რატომღაც მგონია, რომ ამ ბარებში ახალგაზრდებს თვითონ აძლევენ ექსტაზს და თუ მერე ამხელა თანხას არ გადაიხდის, აშინებენ, რომ პატრულს გამოიძახებენ და ვაი მას, შარდს თუ შეუმოწმებენ. რა უნდა იმას, ვინმე რომ ჩაუსვათ და გახსნათ ეს საქმე? მაგრამ....ალბათ წილი იქ მიდის, ვინც ეს უნდა აკონტროლოს.
ამის მერე ვინმე ჩამოვიდეს კი არა, ვინც აქაა ისიც გაიქცევა.
თქვენ კიდე ახალგაზრდებიო და ასეო და ისეო....
ეეეეხ!(((((((((((((

natali

2017-06-18 12:36:53

ჩვენ კიდე აქ ერთი ჩხუბი გვაქვს ატეხილი ვინაა ჩვენი მტერი, ამერიკელი თუ რუსი.

ვინაა და უტვინო ქართველია ჩვენი მტერი. უტვინო ქართველი!!!!!!!

serapina

2017-06-18 13:46:21

ასეთი პ/როფესიონალიც მტერია... და ისეთი არაპ/როფესიონალიც, ბევრს რომ მოგწონთ.

დიახ, უკუღმა სიარულის გაპრავებაც შეუძლია მცოდნეს...
ისე როგორც არაპ/როფესიონალს არ ესმის, რა მექანიზმს ფლობს და როგორ გამოიყენოს(იმართლებს თავს უადგილო ადგილას და ა.შ.)

"დღეს საკითხავი ის კი არ არის,ვინ სად მუშაობს...
არამედ ის, ვინ ვისთვის მუშაობს!"
ეს ციტატაა!
ჩემი მოფიქრებული არ არის...

Thoma

2017-06-18 16:41:46

თინა არ იქნებაო?.. რატომ?
აბა მომავალ არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით რომ მოვლენ, თვდაცვის მინისტრი არ უნდათ?.. სხვამ ვინ უნდა გააუქმოს საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთოდ?

Munji

2017-06-18 17:23:38

მახსოვს, ნინო გურიელი ყველაზე ლამაზი მოჭადრაკე გოგონა გვყავდა...
(დიეტის დაცვა კარგია, მაგრამ მთლად ანორექსიამდეც არ უნდა მიხვიდე ქალი! )

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80