ვახტანგ ძაბირაძე: "მთავრობა მეზობლებთან მაგრად უნდა დადგეს!"
დაიჯესტი

ვახტანგ ძაბირაძე: "მთავრობა მეზობლებთან მაგრად უნდა დადგეს!"

ვახტანგ ძაბირაძე:   "მთავრობა მეზობლებთან მაგრად უნდა დადგეს!"
"კვირის პალიტრა"

2017-06-19 11:05:21

"ვენეციის კომისია რეკომენდაციებში უპირველესად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები რაც შეიძლება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც სწორია, თუმცა ძნელი სათქმელია, შესაძლებელია თუ არა ჩვენს ვითარებაში ამის განხორციელება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არათუ ფართო, საშუალო დონის კონსენსუსიც ვერ შედგა იმ საარჩევნო კომისიაშიც კი, რომელმაც ეს დოკუმენტი მოამზადა. მეტიც - პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა უმრავლესობისთვის დაგეგმილი შესწორებების დიდი წილი მიუღებელია. ასე რომ, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია, ალბათ, ვერ შესრულდება და კონსტიტუციის შესწორებულ ვარიანტსაც დაერქმევა "ქართული ოცნების" კონსტიტუცია, რაც ძალიან სამწუხაროა... ", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მთავრობა მეზობლებთან მაგრად უნდა დადგეს" /"ლაპარაკი, რომ მიწას ზურგზე არავინ მოიკიდებს, არასწორია - მოიკიდეს და წაიღეს კიდეც... ქვეყანა ზედმეტი პრობლემებისგან უნდა დავიცვათ" / "რა პარტნიორობაზეა ლაპარაკი, როდესაც დავითგარეჯში რამდენიმე მეტრის გამო გვედავებიან და ჩვენი ინტერესი ვერ დაგვიცავს - აღარაფერს ვამბობ ჰერეთსა და იქ მცხოვრები ქართველების მდგომარეობაზე!"

"თუ გახსოვთ, წინა პარლამენტის დროს "ქართული ოცნება" გვთავაზობდა, 2016 წლის არჩევნები ჩატარებულიყო არსებული წესით, ოღონდ მიგვეღო ცვლილებები, რომელთა საფუძველზე 2020 წლიდან საარჩევნო წესად პროპორციული სისტემა განისაზღვრებოდა. ამას ოპოზიცია არ დათანხმდა, რაც შეცდომა იყო. როგორც ჩანს, ამჯერადაც შეიძლება განმეორდეს იგივე სცენარი, ოღონდ - გაუარესებული. საპარლამენტო მმართველობა იმით არის მომხიბვლელი, რომ საპრეზიდენტოსგან განსხვავებით, კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუ ხელოვნური მექანიზმებით ისევ დავტოვებთ ერთპარტიული მმართველობის შესაძლებლობას, მაშინ რა აზრი ჰქონდა საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტოთი შეცვლას? სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ამ ცვლილებების მიღების შემდეგაც დარჩება ისეთივედ, როგორიც იყო სააკაშვილის თუ მისი წინამორბედის მმართველობისას, ანუ ის ვერ შეასრულებს მთავარ ფუნქციას - იყოს ერის გამაერთიანებელი და სახელმწიფოს ფუნდამენტი. გულდასაწყვეტია, რომ საკონსტიტუციო მოწყობის კიდევ ერთი პროცესი ამაო იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ცოტა სასაცილოც კი იყო მაჟორიტარების განცხადებები, რომელთაგანაც წლების განმავლობაში არაფერი მოგვისმენია. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას ხელს აძლევს მაჟორიტართა კორპუსი, რომელიც ყოველთვის მისი მხარდამჭერი იქნება. რომელიმე სხვა საკითხი გახსოვთ, მაჟორიტარებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხმა რომ ამოეღოთ?! მათ ასე ერთობლივად ოდესმე რამე გაუპროტესტებიათ?! არა მხოლოდ ამ მოწვევის, არამედ წინა პარლამენტებსაც ვგულისხმობ... ჩემი აზრით, უმრავლესობა მაჟორიტარებს ოპოზიციაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებდა, ანუ ამით ეუბნებოდა - თუ არ დათანხმდებით პროპორციული არჩევნების იმ მოდელს, რომელსაც გთავაზობთ, თავისი ბონუსსისტემით, ავდგებით და, მაჟორიტარულ წესს არ გავაუქმებთ, რადგან მაჟორიტარები არ გვთანხმდებიანო... ბონუსსისტემის ეს სქემა გაუგებარია. ვფიქრობ, ბევრი რამ არის გასარკვევი. მთავარია, ამ ბონუსსისტემით გამარჯვებულმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ადვილად ვერ ჩაიგდოს ხელში. თუ ამისთვის მართლაც დაწესდება ზედა ზღვარი, ნამდვილად კარგი იქნება. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებითაც. ვნახოთ, როგორ გასცემს ამას პასუხს ხელისუფლება", განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, ჩვენი უბედურება ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლებას არ ენდობა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ეს საკითხი დაერეგულირებინა არა კონსტიტუციას, არამედ ორგანულ კანონს, მაგრამ ვინაიდან მასში ცვლილების შეტანა ადვილია, საზოგადოება კი მთავრობას მაინცდამაინც არ ენდობა, გაჩნდა მოთხოვნა, რომ საკითხი კონსტიტუციით მოგვარდეს, რათა მისი შეცვლა იოლი არ იყოს... მეც მომხრე ვარ, რომ უცხოელებს მიწა არ მივყიდოთ, რადგან მგონია, რომ ჩვენს ქვეყანასა და მის მოქალაქეებს ამ რესურსის გამოყენებით წარმატებების მიღწევა შეუძლიათ. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ მას უნდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, შეიძლება მოვიფიქროთ იჯარის შეღავათიანი ფორმა, მაგალითად, მივცეთ მიწა გრძელვადიანი იჯარით. პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში საიჯარო გადასახადისგან გავათავისუფლოთ, მაგრამ თუ ის მიწას დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებს, ჯარიმა გადავახდევინოთ. ეს უფრო მისაღები არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობის წარმოების მსურველი ინვესტორისთვის?", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ლაპარაკი, რომ მიწას ზურგზე არავინ მოიკიდებს, არასწორია - მოიკიდეს და წაიღეს კიდეც, ქვეყანა ზედმეტი პრობლემებისგან უნდა დავიცვათ. თუ ხელისუფლება სწორად მიუდგება ამ საკითხს, შეიძლება იმგვარი რეგულაციების ამოქმედება, რაც არც ინვესტიციებს შეუშლის ხელს, არც ქვეყანას და კორუფციული გარიგებების შესაძლებლობასაც გამორიცხავს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მაგრამ არა - ხალხისთვის სახნავ-სათესი ფულის დარიგებით. ამას რომ შედეგი არ მოაქვს, უკვე ვნახეთ. საჭიროა ახლებური მიდგომების დანერგვა, გლეხების სხვაგვარად წახალისება და არა ისე, ხელოვნურად რომ აქმნევინებენ კოოპერატივებს", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვას - "მკაცრი გამოდგა მუჰთარლის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუცია, მუჰთარლის ამბავს უსწრებდა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავება..." - პასუხობს:

"საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები დაცულია და პროცესი კანონის ფარგლებშია მოქცეული. სხვა საკითხია, უნდა გადაეცეს თუ არა ეს ადამიანი თურქეთს. რაც შეეხება მუჰთარლის საქმეს, ეს სრული კატასტროფაა! ამ საკითხზე როგორი ვერსიაც უნდა იყოს რეალური, ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველა საზიანოა. თუ მომხდარში ჩვენი ხელისუფლება არ არის გარეული, ეს ერთი უბედურებაა. რა გამოდის - უცხო ქვეყანამ ჩვენს ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და ჩვენ არაფერი ვიცით? მაშ, რა სახელმწიფო გვქონია?! თუ გარეულია და, ეს მეორე უბედურებაა! გამოდის, ქვეყნის სპეცსამსახურები ადამიანის გატაცებაში მონაწილეობდნენ... ლაპარაკი, რომ თურმე საქართველო და აზერბაიჯანი მეგობრები და პარტნიორები არიან, გაუგებარია. ეს არ არის პარტნიორობა! პარტნიორობა ნიშნავს, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევას. თუ ანგარიშს არავინ გიწევს და მხოლოდ გაშანტაჟებენ, ჯობს, დროულად თქვა ასეთ ურთიერთობაზე უარი - გაზზეც და სხვა ყველაფერზეც!"

"სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას. თუ სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, ასეთი დამოუკიდებლობა არავის სჭირდება. რაც უნდა მძიმე იყოს, ხელისუფლებამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს და ყველაფერი აცნობოს საზოგადოებას, იმის მიუხედავად, ვისი დანაშაული გამოიკვეთება... სხვა შემთხვევაში ეს იქნება საზიანო არა მხოლოდ საგარეო იმიჯის, არამედ საშინაო ვითარებისთვისაც. დღეს საქართველოში არაერთი ადამიანია, რომლებიც მიუღებელი არიან როგორც აზერბაიჯანის, ასევე თურქეთის ხელისუფლებისთვის. თუ ჩვენ პრინციპული პოზიციის გამოვლენა არ შეგვიძლია, მაშინ მოვუხადოთ მათ ბოდიში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვთხოვოთ მათი შეფარება! ისე კი, რა პარტნიორობაზეა ლაპარაკი, როდესაც დავითგარეჯში რამდენიმე მეტრის გამო გვედავებიან და ჩვენი ინტერესი ვერ დაგვიცავს?! აღარაფერს ვამბობ ჰერეთსა და იქ მცხოვრები ქართველების მდგომარეობაზე! ჩვენ თუ გვჭირდება აზერბაიჯანი, მასაც ვჭირდებით, ისევე, როგორც თურქეთს. ხელისუფლების მოვალეობაა, მათ ეს შევაგნებინოთ. სწორედ მთავრობას მართებს მეზობლებთან ურთიერთობაში მეტი პრინციპულობის გამოჩენა და მაგრად უნდა დადგეს!" - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

ნანახია - 825

imereli

2017-06-19 13:36:18

2016 რომ ოპოზიცია დათანხმებულიყო 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის ამოქმედებას, დღეს არაფერი სახვეწარი არ ექნებოდა.უკვე საუბარი 2024 წელზეა.ოპოზიცია არ დათანხმდება და შემდეგში საუბარი 2028 წელზე იქნება. მითუმეტეს მაშინ ბონუსების სისტემაზე საუბარი არც იყო. ახლა ბონუსების სისტემაც კამათის საგანია და ოპოზიცია ბევრად წამგებიან სიტუაციაშია. ასეა, როცა ოპოზიცია და პოზიციაც ხალხზე კი არა საკუთარ თავზე ზრუნავენ და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80