"გვინდა, თვეების განმავლობაში ერთმანეთი გამოვცადოთ... თბილისის მერის არჩევნებში აუცილებლად ჩავერთვებით"
დაიჯესტი

"გვინდა, თვეების განმავლობაში ერთმანეთი გამოვცადოთ... თბილისის მერის არჩევნებში აუცილებლად ჩავერთვებით"

"გვინდა, თვეების განმავლობაში ერთმანეთი გამოვცადოთ... თბილისის მერის არჩევნებში აუცილებლად ჩავერთვებით"
"კვირის პალიტრა"

2017-06-19 11:07:13

"ორგანიზაციისთვის "შენების მოძრაობა" შემთხვევით არ დაგვირქმევია - დღეს ქვეყანას სწორედ შენება, აღმშენებლობა, სოფელსა თუ ქალაქში მოქალაქეებს უკეთესი პირობები სჭირდებათ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ბევრი რამ დავანგრიეთ, პირველ რიგში კი, საზოგადოებაში ეროვნული ერთიანობის განცდა - ახლა ხელახლა უნდა ავაშენოთ იმ ტიპის საზოგადოება, რომელშიც ეროვნული ენთუზიაზმი ისევეა მობილიზებული ქვეყნის წინსვლისთვის, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო. ბოლო 30 წელი სახელმწიფოს ნგრევაში გავატარეთ, დღეს კი მხოლოდ პირობითად გვაქვს სახელმწიფო, რეალურად კი, სახელმწიფო ინსტიტუტები ვიწროპოლიტიკურ ჯგუფს აქვს პრივატიზებული. სწორედ ამიტომ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც ძლიერ მოქალაქეს ეფუძნება", - აცხადებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით იქნება თუ არა კახა შარტავა მერობის კანდიდატი?! / "ბოლო 30 წელი სახელმწიფოს ნგრევაში გავატარეთ, დღეს კი მხოლოდ პირობითად გვაქვს სახელმწიფო".

"შენებას კარგად გააზრებული პროექტი სჭირდება, ახლა ჩვენი კრედოც ასეთია - ჯერ სამოქმედო პროგრამა, შემდეგ ხელისუფლება! შენებას ბევრი მაღალკვალიფიციური კადრი და ერთობლივი, ჰარმონიული შრომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად ჩამოგენგრევა - ეს კარგად გავაცნობიერეთ "შენების მოძრაობის" წევრებმა, შევთანხმდით, რომ რაც გაკეთებულა, მოვუვლით და ვუპატრონებთ, რაც გვაკლია, შევქმნით! ოფიციალურად პარტიად დავრეგისტრირდებით მომავალი წლის გაზაფხულზე, თუმცა რა სახელწოდებაზე შევჯერდებით, ჯერ ვერ ვიტყვი. ახლა არარეგისტრირებული, არაფორმალური გუნდი ვართ, რომელიც პროცესებში, შესაძლოა, სწორედ ამ რეჟიმით ჩაერთოს. გვინდა, თვეების განმავლობაში ერთმანეთი გამოვცადოთ და ახალი თანამოაზრეები შემოვიკრიბოთ, რომ 2020 წელს არჩევნებში გავიმარჯვოთ. 2016 წელს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა, ხალხის ნებას კი ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკეთესი პოლიტიკური ხედვის შეთავაზება შეგვიძლია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

"რაც შეეხება დაფინანსების საკითხს - მოძრაობის წევრების უმრავლესობა დასაქმებულია და ხარჯების გაღებაც შეუძლია. ზოგადად, ფინანსური მიმართულებით საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს, რომლის გამეორებასაც არ ვაპირებთ. როგორც სრულიად უსახსროდ რთულია წარმატების მიღწევა, ასევე დამღუპველია მხოლოდ ფინანსებზე აგებული პოლიტიკური პროცესები. ასე რომ, ფინანსურ რესურსზე დაფუძნებულ საქმეს კი არ ვიწყებთ, პოლიტიკური პროდუქტის შექმნას გპირდებით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ინტელექტუალური მხარდამჭერები, ფინანსური პარტნიორებიც გამოუჩნდებიან. უკვე გამოჩნდა რამდენიმე ახალგაზრდა მეწარმე და ბიზნესმენი, რომლებმაც მოძრაობის დაფინანსების სურვილი გამოთქვეს... პირადად მე მზად ვარ ყველა იმ როლის შესასრულებლად, რომელიც საერთო ამოცანას წაადგება. მე პირადი პოლიტიკური წარმატება გადავდე, რადგან გამარჯვებაც ვნახე და დამარცხებაც, ახლა დროა, ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მოვახმარო ახალი გუნდის წარმატებას..", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "ამბობენ, რომ მერობის კანდიდატობას ანა დოლიძეს და ასევე, კახა შარტავასაც სთავაზობთ", - პასუხობს:

"ანა დოლიძე ჩემი მეგობარი და კოლეგაა, ორივე საიას ყოფილი თავმჯდომარეები ვართ. ხვალ-ზეგ მე და ანა ერთად შენებას თუ დავიწყებთ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ იგეგმება. რაც შეეხება კახა შარტავას, საკმაოდ საინტერესო არჩევანი გვაქვს როგორც პოლიტიკოსებს, ისე თვითმმართველობის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს შორისაც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ნებისმიერი კანდიდატის სერიოზული კონკურენტები იქნებიან. თბილისის მერის არჩევნებში აუცილებლად ჩავერთვებით და კანდიდატსაც ერთ თვეში დავასახელებთ, მანამდე კი საკუთარ ძალებსაც გამოვცდით და საზოგადოებამდე ჩვენი ხედვებისა და პრინციპების მიწოდებას მაქსიმალურად შევეცდებით"

ნანახია - 838

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80