ბინები უკვე გაძვირდა, ბიზნესმენები თავს იზღვევენ
ეკონომიკა

ბინები უკვე გაძვირდა, ბიზნესმენები თავს იზღვევენ

ბინები უკვე გაძვირდა, ბიზნესმენები თავს იზღვევენ
ბექა დანელია

2017-07-08 21:30:05

როგორც მოსალოდნელი იყო ლარში ფასდადებამ უძრავი ქონება გააძვირა. დეველოპერული კომპანიები ძალიან ფრთხილობენ. ზოგიერთი ფასს მხოლოდ 1 კვირით აწესებს, ზოგმა კი 10%-იანი მარჟაც კი დაიჭირა, რადგან ლარის სტაბილურობის იმედი ჯერ კიდევ არავის აქვს. ბოლო 2 წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმა ეროვნული ვალუტისადმი ნდობა ყველას დაუკარგა.

დეველოპერული კომპანია GDG-ის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე ადასტურებს, რომ ლარში ფასდადების გამო, კლიენტს ბინებზე დარეზერვებულ, შედარებით მაღალ ფასს სთავაზობენ. ეს იმის გამო ხდება, რომ კომპანიამ გაცვლითი კურსის მერყეობის შემთხვევაში თავი დაიზღვიოს.

„მომხმარებელი რომ მოდის, უკვე შედარებით გაზრდილ ფასებს ვეუბნებით, რადგან 2 კვირის შემდეგ შეიძლება კიდევ მოვიდეს და კიდევ გკითხოს ფასები. თუ აწეულს ეტყვი, მაშინ ეცდება, სხვაგან დაიწყოს ძებნა. ამიტომ ახლა ისეთ ფასს ვეუბნებით, რომელიც შეიძლება 1 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ. 5%-10%-ის ფარგლებში ვაზღვევთ ფასებს, რომლითაც ვაპირებთ თვის განმავლობაში ვიმუშაოთ“, - აცხადებს წაქაძე.

დეველოპერული კომპანია „არსის“ დირექტორი თორნიკე აბულაძის ინფორმაციით, ლარში ფასდადების ამოქმედების შემდეგ, ყველა დეველოპერმა მიმდინარე კურსით დაიწყო ფასის დაანგარიშება. ისინი ცდილობენ უძრავი ქონების ღირებულება იანგარიშონ კურსით 2.40–2.43-ის ფარგლებში, თანაც რეკლამირებისას მითითებულია, რომ ფასი ერთი კვირის განმავლობაში მოქმედებს. რეალურად დღესდღეობით ლარი უფრო დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ დეველოპერები საკმაოდ ფრთხილობენ.

როგორც აბულაძემ განაცხადა, საბოლოო ჯამში, კანონის მთავარი არსი მენტალობის შეცვლაა.

„მაშინ, როდესაც ჩვენი ხარჯების 80-85% ლარშია, დეველოპერებიც მივეჩვევით, შიდა ანგარიშების ლარში გაკეთებას და ვფიქრობ, 6-9 თვის შემდეგ ანგარიშს უკვე დავიწყებთ ლარში“, – განუცხადა „ჯიბისის“ აბულაძემ.

მისი თქმით, თუ მაგალითად 1 კვ/მ ღირდა 800-900 დოლარი, ახლა შესაბამისად, 1900-2000 ლარი იქნება, რაც მარკეტინგული თვალსაზრისით, მომხმარებელზე ცუდად იმოქმედებს.

„ამან შეიძლება 1-2 თვე რეალიზაციის მაჩვენელებელი მცირედით შეაფერხოს, თუმცა, საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ ყველანი დავიწყებთ ლარში ფიქრს“, - აღნიშნა აბულაძემ.

უძრავი ქონების ლარში გაყიდვა რომ ფასის ზრდას გამოიწვევდა, ეს ნათელი იყო სპეციალისტებისთვის. ისინი ახლა უფრო დეტალურად აფასებენ მიმდინარე მოვლენებს. ფინანსისტი დავით ასლანიშვილი ამბობს, რომ ლარში ფასდადება, რაც ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, თავდაპირველად ფასების ზრდას გამოიწვევს, მაგრამ შემდეგ, უკვე ბაზარი დასტაბილურდება.

„ლარში ფასდადება ფასების ზრდაზე მოკლევადიან ეფექტს მოახდენს. ეს ფსიქოლოგიური მომენტია. დოლარის ნაცვლად, ლარის შემოტანით ხელოვნურად იზრდება ფასი, რათა ბიზნესმა არ იზარალოს, მაგრამ ფასის დადება ერთია და მეორე ვინ რამდენს იხდის. საერთოდ ამა თუ იმ პროდუქტზე არარეალურ ფასს არავინ გადაიხდის. თუკი მოვლენები საბაზრო ტენდენციას გასცდა, კლიენტებიც დაიფანტებიან. ერთი სიტყვით, ფასების ზრდას ექნება მოკლევადიანი ეფექტი.

საერთოდ კი, მთავრობამ ლარიზაციის პროგრამა ხანგრძლივ პერიოდში უნდა გაატაროს. მთავარია, არჩეული კურსი იყოს გრძლევადიანი და მისი შენარჩუნება მოხერხდეს“, - აღნიშნა ასლანიშვილმა.

უკვე რამდენიმე დღეა მომსახურების გაწევის ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულოა. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ფორმის რეკლამას, ისევე კომპანიისთვის გაგზავნილ შეთავაზებას და სხვა მსგავს საკომუნიკაციო აქტივობას.

 

ნანახია - 1357

leviko

2017-07-09 09:46:53

გაძვირდეს რა თუ მყიდველი არის იყიდის და თუ არ არის ფასიც დავარდება

pele

2017-07-09 10:23:48

რაღაც აბდაუბდა წერია. თვითონ თუ გაიგეს რას წერენ:"მისი თქმით, თუ მაგალითად 1 კვ/მ ღირდა 800-900 დოლარი, ახლა შესაბამისად, 1900-2000 ლარი იქნება". მომხმარებლისათვის 2000 ლარი არ ჯობია 900 დოლარს?!

ლაუაზიე

2017-07-09 11:41:18

ესე იგი მეტ ფასში ყიდიან, რამეთუ თავს იზღვევენო. სინამდვილეში ლარის კურსი ფუჭდება ამით და უარესდება. გაყავით ლარის ფასი დოლარის ფასზე და ნახავთ რა რიცხვსაც მიიღებთ. აი სად მივყავართ ამ პოლიტიკას და მარე საითაც მივექანებით ამის წყალობით, უხერხულია ახლა აქ ვთქვა

vsevolod

2017-07-09 11:56:08

ბატონო ბექა,არ გეკადრება ასეთი სტატიების წერა.ჯერ ერთი ყიდვა გაყიდვა,დოლარის კურსით მიმდინარეობს და ფასი გინდა აზერბაიჯანულ მანათში გამოაცხადე და გინდა ყაზახურ ტენგეში.
რაც შეეხება გაძვირებას,ეს თქვენი აზრია,თუ რაიმე კვლევები გაქვთ ჩატარებული?

tngh

2017-07-09 19:34:32

ბატონო ბექა!!! თქვენ "მაკლერების" მიერ გამოგონილ ჭორებს ავრცელებთ. რაც მეტი საქონელი გაიყიდება ლარში, მით უკეთესი ეკონომიკისათვის. ასე, რომ არ გინდათ ტ/კ "რუსთავი 2"-ის და გაზეთ "რეზონანსის" იაფ ფასიანი "კვლევების" ტირაჟირება. პირადა მე, ბევრად უფრო სერიოზულ ჟურნალისტად მიმაჩნიხართ. კახეთში მარცვლეულის სარეკორდო მოსავალია. იქნებ დაინტერესდეთ და ერთი რეპორტაჟი მაინც გააკეთოთ...

NEVRO

2017-07-10 11:30:16

ლავუაზიე რაიმე სხვა სახელი დაირქვი,ეს სახელი არ შეეფერება თქვენს კომენტარს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80