„რა ცვლილებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ 100%-ით იყოს კონსენსუსი მიღწეული?“
პოლიტიკა

„რა ცვლილებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ 100%-ით იყოს კონსენსუსი მიღწეული?“

 „რა ცვლილებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ 100%-ით იყოს კონსენსუსი მიღწეული?“
თამთა ქარჩავა

2017-07-10 09:30:22

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად მიიღება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანას, დემოკრატიული თვალსაზრისით, განავითარებს. დეპუტატის განცხადებით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად დგამს კომპრომისულ ნაბიჯებს და ასევე ადეკვატური უნდა იყოს სხვა პოლიტიკური ჯგუფების ქმედებაც.

for.ge გიორგი კახიანს ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კონსტიტუციურ საკითხებზე რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შეჩერდეს, ან გამოწვეული იქნას პარლამენტიდან კონსტიტუციის არსებული პროექტი. თუ გავითვალისწინებთ პრემიერის განცხადებას დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით, ამის ფონზე პრეზიდენტის პოზიცია შეიძლება შეფასდეს, როგორც ულტიმატუმი?

გიორგი კახიანი: პრეზიდენის დამოკიდებულება კონსტიტუციური რეფორმის და პარალელურად მიმდინარე პროცესების მიმართ, თავიდანვე ცხადი იყო. პრეზიდენტმა თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა ამ პროცესს, მონაწილეობა არ მიიღო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი შეცდობა იყო, ამ შეცდომას მორიგი შეცდომები მოჰყვებოდა და მოჰყვება პრეზიდენტის მხრიდან.

თუ გავითვალისწინებთ მთელ ამ პროცესს და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პრეზიდენტს კონსტიტუციური რეფორმის მიმართ, ჩემთვის მისი ადმისტარციის ეს განცხადება რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს. ფაქტობრივად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც, რატომღაც თავიდანვე ჰქონდა ამ პროცესის მიმართ.

თუ დავუშვებთ იმას, რომ მოხდა კონსტიტუციის გაწვევა, ასეთ შემთხვევაში ახლიდან უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა? შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული ცვლილება პრეზიდენტმა სადღეგრძელოს შეადარა...

- პროცედურული თვალსაზრისით, კონსტიტუციური კანონის პროექტი ორი მოსმენით არის მიღებული, მასში რაიმე შინაარსობრივი ცვლილების შეტანა მესამე მოსმენის ფარგლებში შეუძლებელია, პროცედურები ამის შესაძლებლობას არ იძლება. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს - კანონპროექტის გაწვევას, არასერიოზულად მიმაჩნია ასეთი მოთხოვნა მარტივი მიზეზის გამო. როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ხელისუფლება იდგა მთავარი ამოცანის წინაშე, კერძოდ, ჩვენ შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და დაამკვიდრებდა კონსტიტუციურ სამართლებრივ სისტემას, რომელიც შეძლებდა დემოკირატულ განვითარებას.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ შეძლო მის წინაშე დასახული ამოცანის შესრულება?

- რა თქმა უნდა, ეს ამოცანა შესრულებილია და ეს ჩანს ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ეს არის ძალიან კარგი კონსტიტუციის პროექტი. ამ განცხადებას ცალკე აკეთებენ ვენეციის კომისიის წევრები და, მათ შორის ბატონი ბუკიკიო. იგივეს ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები თუ სპეციალისტები, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი.

მე გახლდით ბერლინის კონფერენციის მონაწილე, სადაც ვენეციის კომისიის წევრების პარალელურად, საზღვარგარეთის ქვეყენის უნივერსიტეტის პროფესორები და კონსტიტუციონალისტები იღებდნენ მონაწილეობას, ყველას მხრიდან ეს პროექტი სერიოზულად არის შეფასებული. ანუ, ასეთი მოცემულობაა - ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი, რომელსაც ყველა საერთაშორისო სპეციალისტი იწონებს.

მეორე მხრივ გვაქვს ვითრება, როცა პოლიტიკური კონსენსუსი არ ახლავს ამ პროცესს. ჩნდება კითხვა, თუ საერთაშორისო სპეციალისტები იწონებენ ამ პროექტს, მაშინ რატომ არ აქვს პროექტს ქართული ოპოზიციის და მათ შორის პრეზიდენტის მხარდაჭერა?

- რა არის კონსენსუსი? - კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი არის კომპრომისების საფუძველზე. ალბათ, არ არსებობს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ერთანაირად შეიძლება მოსწონდეს, მაგრამ კონსენსუსი მიიღწევა რაღაცა კომპრომისებით. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ პროცესში ძალიან ბევრი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების სასარგებლოდ და ამის არდანახვა სავსებით შეუძლებელია. მნიშვნელოვან ცვლილებას ვახორციელებთ კონსტიტუციაში, რომლიც სწორედაც, რომ კონსენსუსის ნაბიჯად უნდა განვიხილოთ.

ამის საპირისპიროდ ჩვენ მივიღეთ დესტრუქცია, უმეტესწილად დესტრუქცია გამოვლენილი სხვადსხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ამის ფონზე, ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის გადადგა კომპრომისული ნაბიჯები და კონსენსუსისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს. ვფიქრობ, რომ ამ განცხადების ადრესატმა სწორად უნდა გაიგოს, თუ სათანადოდ ვერ გაიგებს, ეს უკვე არის მხარის პრობლემა, რომელმაც სათანადოდ ვერ შეაფასა ეს პროცესი და ვერ გადადგა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის და ამ პროცესისთვის იქნებოდა ძალიან სასარგებლო.

ბატონო გიორგი, შესაძლებელია მესამე მოსმენის პროცესში გარკვეული ცვლილება, ან ჩასწორება შევიდეს კონსტიტუციაში? მით უფრო როცა დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერი და ასეთივე მოწოდება არის ბუკიკიოს მხრიდან?

- სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან დესტრუქციული გამოვლინებები, პირადად მე ასეთი კითხვის წინაშე მაყენებს - რა ცვლილება უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ისეთი, რომ კონსენსუსი შედგეს? ხშირად, კონსენსუსს აღიქვამენ ისე, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი ისე უნდა გადაწყვიტოს, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ, ეს არის მათთვის კონსენსუსი. მიუხედავად ძალიან პოზიტიური ცვლილებისა და მიუხედავად იმისა, რომ ძლიან კარგი კონსტიტუციური პროექტი გვაქვს, მზად ვართ დიალოგისთვის.

ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად საქართველოში არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო საუბარი იმაზე, რომ გარდამავალ პერიოდში შეიძლებოდა შერეული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები, კრიტიკა ზუსტად იგივე იყო ამ საარჩევნო სისტემის მიმართ, როგორც დღეს არის. პირადად დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ოპოზიციური ჯგუფების პოზიციებში. ეს კიდევ ერთხელ ავლენს მათ დესტრუქციულ ხასიათს.

რა ცვლილებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ 100%-ით იყოს კონსენსუსი მიღწეული, მე მაგალითად, გამიჭირდება ჩამოყალიბებული აზრის დაფიქსირება. როდესაც ოპოზიციის ქმედებები და პოზიციები, თანხევდრაშია პრეზიდენტის პოზიციებთან, ასეთ ვითარებაში კონსენსუსის მიღწევაზე საუბარი, ძალიან ცუდია.

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთოთ მაქსიმუმი, ჩამოვაყალიბოთ ძალიან კარგი კონსტიტუცია და კონსტიტუციური სისტემა. ამას ვასრულებთ და ამაზე მეტყველებენ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებიც. დანარჩენი, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ამ პროცესში.

პრეზიდენტი მოგიწოდებთ უმრავლესობას - „ნუ ძალადობთ პოლიტიკურ პროცესებზე, ითანამშროლეთ ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაცებთან“. როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციაში უდგას პრეზიდენტი და რას ნიშნავს მისი ეს განცხადება?

- არ მგონია, პრეზიდენტის და ოპოზიციური ჯგუფების ქმედებები ერთმანეთთან სინქრონში არ იყოს. ამის თაობაზე პარლამნეტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ერთობლივად იგეგმება ეს განცხადებები.

როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა პრეზიდენტის არჩევის წესს ეხებოდა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის არჩევა ირიბად მოხდებოდა, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა...

- დიახ და, თუ ლოგიკურად შევხედავთ ამ პროცესს, ვფიქრობ, ცასახად იკითხება, ერთობლივი ქმედება პრეზიდენტისა და ოპოზიციური ჯგუფების იმ ნაწილისგან, რომლებიც დესტრუქციულად არიან განწყობილნი. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ძალადობა, ძალადობა არის ის, როდესაც შენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი კონსტიტუციური პროექტი იქნა მიღებული, როგორც ამას საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ? კარგი იქნება თავად პრეზიდენტმა გააკეთოს განმარტება რაში გამოიხატება ძალადობა.

ჩვენ კარგად გვესმის რაოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ძალიან კარგად გვესმის რა სიკეთის მომტანი იქნება ის კონსტიტუცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს, ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან კონსტიტუციურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნაციონალურმა მოძრაობამპრეზიდენტთან ერთად დაგადანაშაულათ იმაში, რომ მიიღეთ არა ის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიას გადაუგზავენთ. დოკუმენტაციის გაყალბებაში გადანაშაულებთ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელაც 2010 წელს კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი მანამ მიიღო, სანამ ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას გააკეთებდა. კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ მაშინნაციონალურმა მოძრაობამსხვა ტექსტი გაუგზავნა ვენეციის კომისიას, მაგრამ მიღებული იქნა აბსოლუტურად სხვა დასკვნა. ცალკე საკითხია ამ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს კი, უფლება მსგავსი ბრალდება წაგიყენოთ, მაგრამ ალბათ, ძნელია დაიჯერო, რომ პრეზიდენტმა არ იცოდეს ამ ფაქტის შესახებ...

- სრულიად გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ვინმეს ბრალდებას უყენებ, ალბათ, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და ამ შემთვევაში, რა თქმა უნდა, არავითარი პოლიტიკური და მორალური უფლება არ აქვს იმ გუნდს, რომელიც წლების განმავლობაში ამახინჯებდა კონსტიტუციას. ცვლილებები ისე ხორციელდებოდა, რომელთა თაობაზე, ფაქტობრივად, საზოგადოება არ იყო ინფორმირებული. არაფერს ვამბობ იმაზე, როგორი ცვლილებები ხორციელდებოდა.

როდესაც „შენიშვნებს“ და „კრიტიკას“ აჟღერებ და ამბობ, რომ თითქოს ვენეციის კომისიას სულ სხვა კანონპროექტი წარედგინა და სულ სხვა მივიღეთ, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ეს არის ტყუილი. პროექტზე, რომელიც წარდგენილი იქნა ვენეციის კომისიაში, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა ვენეციის კომისიას, იყო ზოგიერთი შენიშვნა და ფაქტობრივად, ყველა ის შენიშვნა არის გათვალისწინებული იმ პროექტში, რომელიც პარლამენტის მიერ ორი მოსმენით არის მიღებული.

ერთადერთი საკითხი (ეს უფრო პოლიტიკური ნაწილია, ვიდრე სამართლებრივი), ეხებოდა მომდევნო არჩევნებს და ეს გარდამავალი დებულებით არის დარეგულირებული. ანუ არჩევნები შერეული სისტემით ტარდება, ისე როგორც აქამდე ხდებოდა, უბრალოდ, გარკვეული დათქმებით - 5%-იანი ბარიერი 3%-მდე იცვლება. ანუ, მომდევნო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდებოდა თუ არა, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთან მსჯელობა არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, 2010 წლის კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან იყო მთელი რიგი შენიშვნები. იმ საკითხებზე, რაც მაშინ იყო აქტუალური ვენეციის კომისიაზე, ახლა მსჯელობაც კი არ მიმდინარებს, იმიტომ, რომ ჩვენ თავიდანავე გადავწყვიტეთ ის საკითხები დემოკრატიული პრინიციპების სასარგებლოდ.

მაგალითად?

- 2010 წელს ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო, როგორ უნდა ყოფილიყო დარეგულირებულიყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება პარლამენტის მხრიდან. დღეს ამ საკითხზე უბრალოდ მსჯელობაც კი არ არის. ჩვენ შევცვალეთ ის წესი და შემუშავებული გვაქვს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წესი, რომელიც მხარდაჭერილი არის ყველას მხრიდან და რაზეც არსებობს კონსენსუსი თუნდაც ოპოზიციური პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.

ერთ-ერთი თემა, ასევე, რაც 2010 წელს განიხილებოდა, ეს იყო ოპოზიციის მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. ბუნებრივია, რომ მაშინ ამაზე საუბარიც არ იყო, ის ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობას ოპოზიციას ნამდვილად არ მისცემდა. ჩვენ ეს საკითხი სამსჯელოც კი არ გაგვიხდია, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა დააკომპლექტოს საგამოძიებო კომისიები. დღეს ჩვენ ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით. ვსჯელობთ იმ საკითხებზე, რომელიც მაშინ მსჯელობის საგანიც არ შეიძლება, რომ გამხდარიყო. მაგალითად, იგივე პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც მაშინ პრაქტიკულად, არც განიხილებოდა და არც არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ შეიძლებოდა მაშინ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ესაუბრა. სრულიად, სხვა რეალობაში ვართ. კონსტიტუციის ყველა მუხლი არის გაუმჯობესებული. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.

საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციური ცვლილების პროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და სწორ განვითარებას, მოგვცემს იმ სახელმწიფოს, რომელი სახელმწიფოც უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში?

- რა თქმა უნდა. იგივე ადამინის უფლებების ნაწილში ყველა მუხლთან მიმართებაში გავზარდეთ სტანდატრები, გვაქვს გაუმჯობესებები და ამას აღნიშნავენ ექსპერტები. ხელისუფლების დანაწილების ნაწილში იყო მთავარი პრობლემა - შესაბამისი ბალანსის არ არსებობა, რომელიც საქართველოში კონსტიტუციურ ცვლილებებს მუდმივად თან ახლდა. ამ თვალსაზრისითაც, ეს კონსტიტუცია გამოსწორებული და დაბალანსებულია. ის რასაც გვაძლევს ეს ცვლილება, არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი და ეფექტური მთავარობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, ამ პროცესში მიუკერძოებელი პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მიუკერძოებელი სტატუსი, როგორც გარანტის და დამოუკიდებელი არბიტრის. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია ამ ცვლილებებით და შეესაბამება ხელისუფლების დანაწილების იედას. მთლიანობაში ეს აყალიბებს სწორ და გამართულ კონსტიტუციურ სისტემას. ასეთი კონსტიტუციური ცვლილების და სისტემის პირობებში, ქვეყანას აქვს დემოკრატიული განვითარების ძალიან დიდი პრესპეტივა.

ნანახია - 1497

Maverick

2017-07-10 23:09:28

რა კონსტეტუციაზე და სახელმწიფოზეა ლაპარაკი, როცა ქვეყანა წლიდან წლამდე "შაგრენის ტყავივით" იკლებს და მალე მსოფლიო რუქიდანაც გაქრება ვითომ ბიზნესმენი და ძლიერი მენეჯერული უნარების მქონე ამ ხელისუფალთა ხელში...

antoni

2017-07-11 07:38:38

ქალაქში ხმა დაირხა, მარგომ აბაშიშვილს დომინოში ამერიკანკა მოუგო და პირველი სურვილით წონაში 30 კგ დააკლებინაო; რა იქნება "სექსუალური გიგანტის" შემდგომი სურვილები, მხოლოდ დოლიძემ იცის თურმე
კონსტიტუცია? კონსტიუცია მარგოს კლარა ცეტკინის მოღვაწეობასავით აინტერესებს - მხოლოდ მიშა დორბლიანისა და ბოკერიასათვის თავის მოსაწონებლად წამოიძახებს ხოლმე რაღაცრაღაცეებს

Maverick

2017-07-12 00:59:32

შესწორება, კონსტიტუცია კი არა, ქოცური კონსტუტუიცია!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80