ბანკების შეზღუდვის მეორე მცდელობაც ფიქტიური იქნება?!
ეკონომიკა

ბანკების შეზღუდვის მეორე მცდელობაც ფიქტიური იქნება?!

ბანკების შეზღუდვის მეორე მცდელობაც ფიქტიური იქნება?!
ბექა დანელია

2017-07-10 15:30:52

კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების გამიჯვნის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც საბანკო სექტორს, არასაბანკო საქმიანობას, საკანონმდებლო დონეზე აუკრძალავს. შესაბამისი კანონპროექტი ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში უკვე წარადგინა. სებ-ში ამტკიცებენ, რომ ამ კანონპროექტით ბანკებს განსხვავებული პროფილის კომპანიებში პირდაპირ თუ ირიბად ინვესტირება აეკრძალებათ.

„ჩვენი მიდგომა არაპროფილური აქტივების კუთხით, დაბალანსებულია“, - განაცხადა გადაცემაში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოსავალი წერტილი არის საბანკო სექტორის ფინანსური მდგრადობის შესწავლა და მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა.

„ეროვნული ბანკის მიდგომა გულისხმობს შემდეგს: ის რაც აქამდე გაკეთდა წერილობითი მითითებით 2014 წელს, ჩვენ შემოთავაზება გვაქვს, რომ კანონში ავსახოთ. შესაბამისად, ბანკებს აღარ ექნებათ საშუალება რომ ფლობდნენ არაპროფილურ აქტივებს. ჩვენ გვსურს საბანკო ჯგუფებზე გვქონდეს სრული ზედამხედველობა“, - ამბობს კიკორია.

სპეციალისტების აზრით, ძნელი სათქმელია, მეორე წრეზე მაინც გაამართლებს თუ არა არაპროფილური ბიზნესის აკრძალვა. 3 წლის წინანდელ გადაწყვეტილებას შედეგი საერთოდ არ მოჰყოლია. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ამჯერად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოხდება გაყოფა. კომპანიები იურიდიულად კი გაცალკევდება, მაგრამ მფლობელები თუ იგივე პირები დარჩებიან, ეს არსებითად არაფერს შეცვლის.

„საინტერესოა, გაყოფა როგორ მოხდება, როგორც დღეს არის, თუ რამე შეიცვლება. დღეს ასეა, რომ ორივე კომპანიას ერთი და იგივე მფლობელები ჰყავს, ერთი მსხვილი კომპანიაა და ყველაფერი მასში შედის. აპირებენ, რომ ბანკი ცალკე გამოვიდეს და სხვა საინვესტიციო პროექტი ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს. მე ვემხრობი, რომ ქვეყანაში გაყოფილი იყოს საინვესტიციო პოლიტიკა და საკრედიტო პოლიტიკა. ბანკი, რომელიც იმაზეა ორიენტირებული, რომ თავის ბიზნესს ხელი შეუწყოს, კონკურენტებს აღარ დააკრედიტებს.

მაგალითად, BGEO Gpoup-ის  შემთხვევაში, როდესაც სტრუქტურა უკვე შექმნილია, მისი დაყოფა წარმოუდგენელია. იურიდიულად კი გაცალკევდება, მაგრამ მფლობელები თუ იგივე დარჩნენ, მაშინ „საქართველოს ბანკს“ მათ პოლიტიკაზე გავლენა მაინც ექნება. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ  შესაბამისი რეგულაციები დაწესდეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ჯანიაშვილმა.

ბიზნესსამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილის შეფასებით, დღეს ეკონომიკას კომერციული ბანკები მართავენ, რაც აუცილებელად უნდა შეიცვალოს.

„ბიზნესი კომერციული ბანკების წნეხიდან უნდა გათავისუფლდეს და საშუალება მიეცეს დეპოზიტარს, საკუთარი სახსრები ბანკის გარდა სხვაგან, ალტერნატიულ ფინანსურ დაწესებულებაში დააბანდოს. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა რაც მალე გაიხსნას, თორემ შეიძლება, იგი საერთოდაც დაინგრეს, ამაზე ადვილი არაფერი არ არის.

მშენებლობა, სამედიცინო სექტორი, განათლების სექტორი, დაზღვევა ბანკებმა წაიღეს და აღარ დარჩა მიმართულება, სადაც შეიძლება, რამე გააკეთო. ყველაფერი არის არაპროფილური და მოქცეულია ბანკების ხელში. ესაა ძალიან ცუდი ტენდენცია, რაც ბიზნესს პრობლემას უქმნის“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.

ნანახია - 885

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80