„ადვოკატებმა და ბრალდებულმა უნდა ისაუბრონ, გიორგი მამალაძე ერთ-ერთ შპს-ში რაში იღებდა ხელფასს“
საზოგადოება

„ადვოკატებმა და ბრალდებულმა უნდა ისაუბრონ, გიორგი მამალაძე ერთ-ერთ შპს-ში რაში იღებდა ხელფასს“

„ადვოკატებმა და ბრალდებულმა უნდა ისაუბრონ, გიორგი მამალაძე ერთ-ერთ შპს-ში რაში იღებდა ხელფასს“
თამთა ქარჩავა

2017-07-12 12:00:46

6 მაღალჩინოსნის მხრიდან პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას ითხოვს ბრალდებული დეკანოზი. ერთ-ერთი კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. მამა გიორგი მამალაძის დაცვის მხარემ ორი სამოქალაქო სარჩელი მოამზადა, ერთი საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას, ხოლო მეორე - მაღალი პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხება.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლომ მიიღო. რაც შეეხება პოლიტიკოსების და მათ შორის პრემიერ-მინიტრის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, საქალაქო სასამართლომ ის წარმოებაში არ მიიღო, რის გამოც ადვოკატებმა საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. ორივე სამოქალაქო სარჩელი დაიწერა ღირსების შელახვისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დეკანოზის მძღოლი და მისი მეგობარი დაიკითხნენ, რომელთაც გამოძების მასალებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2016 წლის ზაფხულის თვეში, გველის შხამს სთხოვდა. ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დახურულ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მან საჯაროდ გაავრცელა.

არჩილ გამზარდიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი ამ პროცესის დეტალია. როგორც გამზარდია აცხადებს, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ეხებოდა არა შორენა თეთრუაშვილის შესაძლო ლიკვიდაციას, არამედ პატრიარქის საქმეს.

„ჩემი საჯარო განცხადებები გამოთქმული იყო ანალიტიკურ ჭრილში, რისი უფლებაც მე გამაჩნია. მე, გარკვეული მოსაზრებები მოვლენების განვითარებამდე გამოვთქვი. ალბათ, სასამართლოს აინტერესებს პატრიარქთან დაკავშირებულ თემებზე მე საიდან გამიჩნდა ეს პოზიცია. სასამართლოზე დაბარებული ვიყავი მამალაძის საქმეზე, მაგრამ ჩემი მოსაზრებები მამალაძის თემას არ ეხება.

ჩემი პოზიცია იყო პატრიარქთან მიმართებაში და საინტერესოა, მიმდინარე სასამართლო თუ აისახება იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც მე ვსაუბრობდი. იმიტომ, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილი. ვნახოთ, თუ გამოადგებათ ჩემი ჩვენება.  ჩემი პოზიცია, რომ საქმე, შესაძლოა, გვქონოდა პატიარქის ლიკვიდაციასთან, არ შეცვლილა. მე ვიტოვებ უფლებას, როგორც მოქალაქე ჩემი მოსაზება მქონდეს. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი დეტალია ამ პროცესის“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაიკითხა დეკანოზის მეგობარი სოსო ნადარეიშვილი, რომელმაც სასამართლო დაკითხვის შემდეგ დეტალური კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ აეროპორტში დეკანოზთან ერთად არ იმყოფებოდა. მისი თქმით, დეკანოზი მის რესტორანში არასდროს ყოფილა, ვინაიდან რესტორანი 4 დღის წინ გახსნა. ნადარეიშვილმა დეტალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საქმის პროკურორი, ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ მოწმის ჩვენებით, ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ებში გაფორმებული იყო, როგორც შპს-ს მამაო. როგორც პროკურორმა აღნიშნა, პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბრალდებული დაინტერესებული იყო ანგარებით და გამდიდრებით.

„დაიკითხა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორი, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ, ყოველთვიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ხელფასს და მათ შორის საახალწლოდ პრემიებსაც. ნაცვლად იმისა, ბრალდებულს სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და სხვადასხვა უსაფუძვლო გამდიდრებით, მათ შორის საპატრიარქოს ქონების მეშვეობით“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე კარგად წარმოჩინდა ბრალდებულის პიროვნება, დაცვის მხარე კი, სხვა თემებზე აქცენტების გადატანით ცდილობს ამ საკითხის გადაფარვას. ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ ადვოკატებმა და ბრალდებულმა უნდა ისაუბრონ, თუ რას საქმიანობდა გიორგი მამალაძე ერთ-ერთ შპს-ში და რაში იღებდა იქ ხელფასს.

„დაუსვით შეკითხვა, რას აკეთებდა ბრალდებული აღნიშნულ შპს-ში, რა საქმიანობას ეწეოდა და რატომ იღებდა ყოველთვიურად ხელფასს, მათ შორის საახალწლოდ პრემიას? რას ნიშნავს შპს-ს მამაო და არსებობს თუ არა ზოგადად ასეთი ტერმინი? დაიკითხა ასევე მოწმე, რომელსაც თავდაპირველად გიორგი მამალაძე სთხოვდა გველის შხამს, თითქოსდა ანტიდოტის დასამზადებლად, რაც გამოირიცხა და არ დადასტურდა სხვადასხვა მოწმის ჩვენებებით. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გაიგო, რომ გველის შხამის შეძენას სჭირდებოდა შესაბამისი ნებართვა და სახელმწიფო კონტროლის გავლა, აღარ შეიძინა“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამტკიცებს, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატუსი „შპს-ს მამაო“, ეს იყო ხელფასი, რომელსაც მამა გიორგის ქველმოქმედების სახით აძლევდნენ. რამიშვილი ამბობს, რომ შპს-ს დირექტორი ირმა ჩხაიძე ქველმოქმედების მიზნით ურიცხავდა მამა გიორგი მამალაძეს სხვადასხვა თანხას.

„მამა გიორგი ამ ქალბატონის ოჯახის, მისი პირადი სულიერი მამაა. როცა დაფუძნდა კომპანია, ამ კომპანიის თანამშრომლებთან მამა გიორგის ჰქონდა ურთიერთობა როგორც სულიერ მოძღვარს, ამ შპს-ს დირექტორმა გადაწყვიტა განეხორციელებინა ქველმოქმედება. შემოწირულობას ხომ იღებს მოსახლეობისგან საპატრიარქო, სასულიერო პირები და ასეთივე შემოწირულობას იღებდა მამა გიორგი.

ეს ქალბატონი ყოველთვე ურიცხავდა გარკვეულ თანხას. ქალაბატონმა ირმამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მანამდეც არაერთი სასულიერო პირისთვის გაუწევია ასეთი ქველმოქმედება. არ არსებობს ასეთი ოფიციალური სტატუსი - შპს-ს მამაო. ეს არის ხელფასი, რომელსაც ქველმოქმედების სახით აძლევდნენ მამა გიორგის“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ბრალდებული კიდევ ერთი ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განმარტებით, დახურულ სასამართლო პროცესზე ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ დასტურდება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულია. ფანცულია ამბობს, რომ სასამართლოზე დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ საპატრიარქოს კლინიკის დირექტორის თანამდებობის შესანარჩუნებლად მამა გიორგი მამალაძეს არავითარი ანგარებითი მოტივი არ ამოძრავებდა.

„დაიკითხა იმ აუდიტორული კომპანიის დირექტორი, რომელმაც ახსნა რა ფინანსური დარღვევები დაფიქსირდა შემოწმებისას და როგორ ხდებოდა ამის გამოსწორება ეტაპობრივად დეკანოზის დროს. ამ მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მამა გიორგი მამალაძეს არავითარი ფინანსური, ანგარებითი მოტივი არ ამოძრავებდა საპატრიარქოს კლინიკის დირექტორის თანამდებობის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, ასევე დაიკითხა საპატრიარქოს ერთ-ერთი იურისტი, რომელმაც ადვოკატების შეკითხვებზე - მიუღია თუ არა რაიმე დავალებები შორენა თეთრუაშვილისგან, განაცხადა, რომ დავალება არაერთხელ მიუღია და ეს დავალებები ეხებოდა ქონებრივ საკითხებს.

„როდესაც ვკითხეთ მოწმეს გამომცემლობის რეფერენტს აქვს თუ არა ამის უფლება, მან პასუხი ვერ გაგვცა მარტივი მიზეზის გამო, რომ გამომცემლობის რეფერენტს უფლება არ აქვს ქონებრივ საკითხებზე იურისტს რაიმე დავალებები მისცეს. აქედან გამომდინარე, ამ მოწმის ჩვენებით მტკიცდება, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჩვეულებრივი რამაა, ისეთი დავალებების, თხოვნებისა თუ მითითებების მიცემა საპატრიარქოში დასაქმებული ადამიანებისთვის, როგორიც თუნდაც მამა გიორგის მისცა. ეს ადასტურებს იმას, რომ თეთრუაშვილს შეეძლო ეთხოვა მამა გიორგისთვის ციანიდის მოძიებაში დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მდივან-რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობებში არ შედიოდა“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ნანახია - 1557

Maverick

2017-07-13 03:18:49

ანდრეი,

ნათქვამია, "ნუ განჯი და განუსჯელი იქნები"! ... ასევე, "არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს"! ...

antoni

2017-07-13 08:45:34

თუ შპს თავისი ნებით აძლევდა ხელფასს მამალაძეს, ეს სასამართლოს გასარჩევი არაა; სხვაა ზნეობრივი მხარე. მამალაძემ უნდა განმარტოს, ვისი იყო თანხების გადარიცხვის ინიციატივა და რაში იყენებდა ამ ფულს!
მამალაძის ადვოკატებზე იმავე აზრზე ვრჩები - კვალიფიკაცია აშკარად აკლიათ და მიედ-მოედებიან

tngh

2017-07-13 15:00:47

მამალაძის ადვოკატებს კვალიფიკაცია არ აკლიათ. მათ მშვენივრად იციან რასაც აკეთებენ. მიზანი ერთია, რაც შეიძლება მეტი ფული ამოქაჩონ!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80