„საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პოლიტიკა არ აქვს" - რატომ არ იდება უცხოური ინვესტიციები რეალურ სექტორში?
დაიჯესტი

„საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პოლიტიკა არ აქვს" - რატომ არ იდება უცხოური ინვესტიციები რეალურ სექტორში?

„საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პოლიტიკა არ აქვს" - რატომ არ იდება უცხოური ინვესტიციები რეალურ სექტორში?
commersant.ge

2017-07-12 16:18:46

„საქართველოში უცხოური ინვესტიციები ძირითადად შემოდის ისეთ სექტორებში, საიდანაც მერე დივიდენდების სახით უკან გადის", - აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი ტატო ხუნდაძე და ხელისუფლებას წარმატებულად გამოცდილი ორი მოდელის გამოყენებას სთავაზობს. ამასთან, ხუნდაძის თქმით, საქართველოს ჭირდება ინვესტიციები ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელიც ქმნის დოვლათს და სამუშაო ადგილებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7 %-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების მოცულობამ 403.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სფეროებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141.1 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 %-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი - 80.3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი, 79.6 მილიონი დოლარით. ჯამში, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის I კვარტალში 74.6 პროცენტი შეადგინა.

ხუთეულში შედის ასევე მშენებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მზარდი ბიზნესია (56 მილიონი აშშ დოლარი), და სასტუმროები და რესტორნები, რომელიც ტურიზმის სფეროსთან არის კავშირში და თუმცა თითქოს ძალიან პერსპექტიული ჩანს, ინვესტიციების მოცულობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება პირველ ოთხ სფეროს (16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით). საინტერესოა, რომ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საერთოდ არ განხორციელებულა. 2016 წელს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მხოლოდ 10 მილიონი დოლარი შეადგინა.

რატომ არ ინტერესდება უცხოური ბიზნესი ინვესტიციების რეალურ სექტორში განხორციელებით, ამაზე კონკრეტული პასუხი ცხადია, რომ თავად ინვესტორს აქვს. ტატო ხუნდაძის მოსაზრებით კი, ამის მთავარი მიზეზი არის რისკი. მისი თქმით, წარმოების სექტორი შედარებით რისკიან სფეროდ ითვლება, საერთაშორისო ინვესტორებისთვის კი შედარებით მიმზიდველია ისეთი სფეროები, სადაც ნაკლები რისკი არსებობს, იქნება ეს ფინანსური სექტორი, კავშირგაბმულობა და სხვა სექტორები.

„სწორედ ასეთ დროს საჭიროა, სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკა და იმ დროს, როდესაც ბიზნესი ვერ რისკავს, ვერ იღებს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ შექმნას ის პირობები და ის ინსტრუმენტები, რომელიც წაახალისებს ამგვარ ინვესტიციებს", - განუცხადა „კომერსანტს" ტატო ხუნდაძემ.

ანალიტიკოსი 2 ძირითად მოდელს ასახელებს, რომელთაგან ერთი სამხრეთ კორეამ და მეორე - სინგაპურმა საკმაოდ წარმატებულად გამოიყენა და ახლაც იყენებს.

„ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, არსებობს 2 ძირითადი და წარმატებული მოდელი. პირველი - ეს არის რეგულაციები, კერძოდ, როდესაც შემოდის ინვესტიცია, სახელმწიფო ინვესტორს უშუალოდ უთითებს, თუ რომელი სექტორში უნდა წარმართოს ინვესტიცია. ასევე არის ე.წ „ჯოინ ფენჩერების" რეგულაცია - როდესაც შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ინვესტორი ვალდებულია შექმნას საწარმო ადგილობრივ მწარმოებელთან ერთად. არსებობს ცოდნის გადმოცემის ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ფაქტობრივად, აიძულებს ინვესტორის, რომ გარკვეული ცოდნა ან ტექნოლოგია გადასცენ ადგილობრივ კომპანიებს. ამას კარგად იყენებდა სამხრეთ კორეა.

მეორე ვარიანტია - როდესაც შემოდის ინვესტორი, მას სახელმწიფო სთავაზობს სუბსიდიას ან ფისკალურ შეღავათს, უთითებს სექტორს, რაშიც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია და რომელიც აუცილებელია, რომ განვითარდეს. ამას კარგად იყენებს სინგაპურის", - განაცხადა ხუნდაძემ.

 თუმცა მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას საინვესტიციო პოლიტიკა არ გააჩნია, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზიზეზი იმისა, თუ რატომ არ ხორციელდება საქართველოში ინვესტიციები ისეთ სფეროში, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

„საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პოლიტიკა არ აქვს, ეს არც წინა ხელისუფლებებს არ ჰქონდათ. ჩვენი მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა არის არაფრის კეთება, რაც გულისხმობს იმას, რომ ოღონდ შემოვიდეს ინვესტორი და ყოველგვარი გათვლების გარეშე მას სთავაზობენ გარკვეულ შეღავათებს. სახელმწიფო არ საზღვრავს, მისთვის რა არის პრიორიტეტი, არ ახდენს დიფერენცირებას, თუ სად უნდა შემოვიდეს ინვესტიცია. მთავარი არის რომ ფული შემოვიდეს. საქართველო არის განვითარებადი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები რეალურ ეკონომიკაში, რომელიც ქმნის დოვლათს და სამუშაო ადგილებს", დასძინა „კომერსანტთან" საუბრისას ტატო ხუნდაძემ.

 

 

ნანახია - 475

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80