ერთი მილიარდელი ჩვენც გვყავს
რეტრომედია

ერთი მილიარდელი ჩვენც გვყავს

ერთი მილიარდელი ჩვენც გვყავს
„რეზონანსი“, 12 მარტი, 2005 წელი

2017-07-13 11:23:57

ქართველებს ერთი, ოფიციალური მილიარდელი გვყავს - ჟურნალ „ფორბსის“ მილიარდელების სიაში ბიძინა ივანიშვილი 228-ეა და 2,6 მილიარდი დოლარი აქვს.

პლანეტის უმდიდრეს 691 ადამიანთა სიას სათავეში კვლავ ბილ გეიტსი უდგას. რუსეთი მილიარდელების რაოდენობით მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება და სულ 27 მილიარდელი ჰყავს.

ჟურნალ „ფორბსის“ მილიარდელების რეიტინგში უკრაინის სამი მოქალაქეც მოხვდა. მათგან ყველაზე მდიდარი 38 წლის დონეცკელი ბიზნესმენი სააქციო საზოგადოება „სისტემ კაპიტალ მენეჯმენტისა“ და საფეხბურთო კლუბ „შახტიორის“ პრეზიდენტი რინატ ახმეტოვია. „ფორბსის“ ექსპერტთა გამოთვლებით, იგი 2,4 მილიარდ დოლარს ფლობს და მსოფლიოში 258-ე ადგილს იკავებს.

უკრაინელებს შორის შემდეგი 44 წლის სახალხო დეპუტატი, ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმას სიძე, ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ვიქტორ პინჩუკია. „ფორბსი“ მის ქონებას 1,3 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც სიის 507-ე ადგილს შეესაბამება. მესამე კი კორპორაცია „დონბასის ინდუსტრიული კავშირის“ დირექტორთა საბჭოს 50 წლის ხელმძღვანელი სერგეი ტარუტაა. 1 მილიარდით იგი 620-ე ადგილზეა.

დედამიწის უმდიდრესი ადამიანი კვლავ კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსია, რომლის ქონება 46,5 მილიარდ დოლარს აღწევს. მას უკვე ეკავა პირველი ადგილი წინა სიაში, მაგრამ მაშინ მისი ქონება ცოტა მეტი იყო - 46,6 მილიარდი.

„ფორბსმა“ წელს მსოფლიოში სულ 691 მილიარდელი დაითვალა. გასულ წელს კი მათი რაოდენობა 587 იყო. მათი ქონება ერთად 2,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 300 მილიარდით მეტია, ვიდრე ეს წინა სიაში იყო.

რუსეთი მილიარდელების რაოდენობით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. რომან აბრამოვიჩს 691 კაციან სიაში 21-ე ადგილი უკავია. იგი რუსეთის ფედერაციის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია. მისი ქონება 13,3 მილიარდი დოლარია. „ფორბსის“ მონაცემებით, სულ რუსეთში 27 მილიარდელია. აბრამოვიჩს მიხეილ ფრიდმანი და ვლადიმერ ლისინი მოჰყვებიან. თითოეული მათგანის ქონება 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ჟურნალის სიაში მოსკოვის მერის მეუღლე ელენა ბატურინაც მოხვდა, რომელიც 1,3 მილიარდი დოლარით 507-ე ადგილზეა. რუსი მილიარდელების ქონება სულ 90,6 მილიარდი დოლარია.

„ფორბსის“ სიაში ერთი ქართველიც მოხვდა. ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს მილიარდელებს შორის 228-ე ადგილი უკავია.

„ფორბსის“ დოსიეში ნათქვამია: ივანიშვილი 49 წლისაა, რკინის მოპოვებითა და საბანკო საქმით არის დაკავებული და 2,6 მილიარდი დოლარის მფლობელია. იგი რუსეთის მოქალაქეა და პარიზში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ეს მეტალის მაგნატი რუსეთში ცნობილია, როგორც „უხილავი კაცი“. მან 1998 წლის აგვისტოში „რასიისკი კრედიტი“ დააარსა - რუბლის დევალვაციამდე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი. ივანიშვილმა ეს ბანკი გამოიყენა იმისთვის რომ მიხაილოვსკის რკინის საბადოს 20 პროცენტი ეყიდა, მოგვიანებით კი მენეჯერებისაგან და მუშებისაგან უფრო მეტი მიიღო. გასული წლის ბოლოს კი მიხაილოვსკი თავისავე მსგავს უმსხვილეს მწარმოებლებს, ახალგაზრდა მილიარდელებს ალიშერ უსმანოვსა და ვასილ ანისიმოვს მიჰყიდა.“

 

 

 

 

ნანახია - 347

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80