ბათუმის ოლქი საქართველოს გადაეცა
რეტრომედია

ბათუმის ოლქი საქართველოს გადაეცა

ბათუმის ოლქი საქართველოს გადაეცა
„საქართველო“. 26 ენკენისთვის, 1920 წელი

2017-07-15 10:20:47

ინგლისურ ჟურნალში „მახლობელ აღმოსავლეთში“ მოთავსებულია წერილი „ამიერკავკასია“.

„ორი უკანასკნელი კვირის განმავლობაში უმთავრესი შემთხვევა, - სწერს ავტორი, - აქ ის იყო, რომ ივნისის 28-ს აქ დაიწერა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ბათომი თავის ოლქით საქართველოს გადაეცა.

ამ რიგად დიდი ხნის დაბრკოლების შემდეგ საქართველომ მიიღო თავისი ხვედრი. ქართველები, რასაკვირველია, ფრიად კმაყოფილნი არიან ამ გარემოებით. მაგრამ რამოდენიმედ აწუხებთ ოლქიდან მოკავშირეთა ჯარის გასვლა, რადგან ჯერ კიდევ უზრუნველყოფილი ვერ არიან აჭარის საშიში და აგრესიულ მოძრაობისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობენ ოსმალეთის აგენტები.

ეს საფრთხე უფრო გაძლიერდა აზერბაიჯანში „საბჭოთა სოციალისტურ“ ძალაუფლების დამყარების შემდეგ. რასაკვირველია ყველამ იცის რომ ბაქო დღეს რუსეთის ნაწილია, მაგრამ ბოლშევიკები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადეს და ამით იადვილებენ კავკასიაში თავიანთ უპასუხმგებლო საქმეებს.

ქართველთა ლაშქარი შევიდა ბათომში ივლისის 5-ს უინციდენტოთ. აჭარლები გაფრთხილებულ იქნენ ბრიტანეთის სარდლობისაგან და წინასწარ ეცნოთ, რომ უმაღლესი საბჭოს განკარგულებით ქალაქი და ოლქი გადაეცა საქართველოს და რომ ამ განკარგულების წინააღმდეგ წასვლა მოკავშირეთა წინააღმდეგ ამხედრება იქნებოდა.

არის იმედი, რომ უმაღლეს საბჭოს განკარგულება იმოქმედებს აჭარლებზე და ისინი ქართველებთან ერთად ითანამშრომლებენ ოლქის მოწესრიგების საქმეში. ეს მით უმეტეს მოსალოდნელია, რადგან ქართველები პირდებიან მათ ყოველგვარ სამოქალაქო უფლებებს და ამავე დროს უცხადებენ მათ, რომ ყოველგვარი ურჩობა ძირშივე იქნება აღმოფხვრილი და სიკვდილით დასჯილი.

ქალაქისა და ოლქის გუბერნატორად დანიშნულია თბილისის ქალაქის თავი ბ. ჩხიკვიშვილი“.

 

 

 

ნანახია - 221

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80