„რუსეთთან მიმართებით ჩვენ ლევიათანისა და დავითის მდგომარეობაში ვიმყოფებით“
საზოგადოება

„რუსეთთან მიმართებით ჩვენ ლევიათანისა და დავითის მდგომარეობაში ვიმყოფებით“

„რუსეთთან მიმართებით ჩვენ ლევიათანისა და დავითის მდგომარეობაში ვიმყოფებით“
მანანა ნოზაძე

2017-07-15 16:30:26

ოკუპაციის თვალსაზრისით ვითარება სულ უფრო დრამატული ხდება. ბანერი „რესპუბლიკა იუჟნაია ოსეტია“ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალისკენ ინაცვლებს. ოკუპანტებმა საზღვრის გადმოწევა ამჯერად ქარელში დაიწყეს.

ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო საზღვრის კიდევ უფრო გადმოწევას არ გამორიცხავენ. პარალელურად, „ნაციონალებმაც“ იხელთეს და დაასკვნეს, „2008-დან 2012 წლამდე რატომ არ იყო მცოცავი ოკუპაცია?! რადგან, თუ რუსები მიიღებენ მკაცრ პასუხს, არ იქნება მცოცავი ოკუპაცია. ერთია ბრძოლით დაკარგული და მეორეა-დუმილით“, - ასეთია პაატა დავითაიას შეფასება.

საქართველოს ხელისუფლებას მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს კონრად ადენაუერის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი ბენიამინ ფრიკე. „ნაციონალების“ ტონალობის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სტრატეგია, რომლითაც ქვეყანა მსგავს აგრესიას წინააღმდეგობას გაუწევს.

როგორ შეიძლება, ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ შეაჩეროს ტერიტორიულად და სამხედრო თვალსაზრისით მძლავრი რუსული ოკუპაცია?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ რუსეთის ქმედებებთან წინააღმდეგობის გაწევის სტრატეგია საქართველოს არ გააჩნია. აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, როცა მთელი მსოფლიო საქართველოს გვერდით დაირაზმა, მხოლოდ პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო პერევიდან რუსული ჯარების გაყვანა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ძალისხმევით ისევ დაიკარგა ეს ტერიტორია?! თუკი იმ პერიოდში არ გვყავდადიდი სტრატეგები“, ახლა, როცა ტერიტორიები ოკუპირებულია, რომელ სტრატეგიაზეა საუბარი? ვინ უნდა დაგვეხმაროს, მარტო ხომ ვერ შევიმუშავებთ ამ სტრატეგიას?

- ასეთი ბრალდება, რომ რუსეთის ქმედებებთან წინააღმდეგობის გაწევის სტრატეგია საქართველოს არ გააჩნია, ძალიან სასაცილოა ზუსტად იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ სამი-ოთხი წელიწადი იყვნენ ხელისუფლების სათავეში და ოკუპაციის საწინააღმდეგოდ ვერაფერი გააკეთეს. პირიქით, მათ ხელი შეუწყეს მცოცავი ოკუპაციის დაწყებას და, რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მოსვლა ხელისუფლების სათავეში, შეიძლება, საქართველო მთლიანად რუსული ოკუპაციის ქვეშ აღმოჩენილიყო.

ამის მიზეზი იყო „ნაციონალების“ ავანტიურისტული და უპერსპექტივო პოლიტიკა, მათივე გაუაზრებელი თუ არარსებული სტრატეგიების გათვალისწინებით. რა სტრატეგიაც ჰქონდათ ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს უკვე ვიხილეთ. ეს იყო საომარი კუთხით დაბრუნება, ქორისებური მილიტარიზაციის სტრატეგია, რამაც საქართველო ცუდ შედეგამდე მიიყვანა. ფაქტობრივად, ჩვენ უსაფრთხოების ჩიხამდე მივედით. უსაფრთხოების ჩიხი ნიშნავს, რომ ცალკეული ქვეყნის ნებისმიერი ქმედება მიმართულია მისივე ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ანუ ქვეყანამ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ის ნაბიჯი მას ძალიან ცუდი შედეგებით უბრუნდება. ასე ხდება ახლაც, მცოცავი ოკუპაციის ვარიანტში.

ყოველი ბანერის გადმოწევისასნაციონალებიხან .. საზღვრის იქით გარბიან და პროვოკაციულად მიმართავენ ქართველ სამართალდამცავებს - გადავალ და დამაკავეთო, როგორც ეს ანდრო ბარნოვის შემთხვევაში მოხდა, ხან საზღვრის აღმნიშვნელ ბანერს ნაგავში მოისვრიან და ამით ადგილობრივებს ხიფათში აგდებენ, ხანაც - პირდაპირ ითხოვენ შეიარაღებული გზით მცოცავი ოკუპაციის შეჩერებას და ქართველი სამართალდამცავების რეაგირებას მავთულხლართების გაბმის დროს.

- ჩვენ თუ მოვახდენთ შეიარაღებული გზით მცოცავი ოკუპაციის შეჩერებას, მაშინ პირდაპირ მივიღებთ ჩვენს წინააღმდეგ წამოსულ აგრესიას. ასეთ შემთხვევაში, საომარი მოქმედებები განახლდება და რუსულმა მხარემ შესაძლოა, ფაქტობრივადაც მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენ ვერ ვახორციელებთ ადეკვატურ ქმედებებს და მხოლოდ ადგილობრივი პატრულირებით შემოვიფარგლებით, ბუნებრივია, ესეც იწვევს იმ სავალალო ფაქტს, რომ ჩვენ ვკარგავთ ტერიტორიებს. გვინდა თუ არა, ეს ასეა. ასე რომ, ნებისმიერი ქმედება, მოლაპარაკების დიპლომატიური ჟესტი იქნება ეს, თუ ძალის გამოყენება, ჩვენს წინააღმდეგ ისეთი ნაბიჯების გადადგმას იწვევს, რომელზეც ქართული მხარე ადეკვატური პასუხის გასაცემად მზად არ არის. სწორედ ეს არის ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები უსაფრთხოების ჩიხი. ამ უსაფრთხოების ჩიხში ჩააგდო საქართველო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და მისმა აპოლოგეტებმა, რომლებიც დღეს „გვმოძღვრავენ“, ექსპერტებისა და ვაიექსპერტების სახით.

რამდენად ლეგიტიმურია მათი მოსაზრება, თითქოს 2008-დან 2012 წლამდე არ ყოფილა მცოცავი ოკუპაცია და 2008 წელს ბრძოლით დაკარგული ტერიტორია უფრო ნაკლებია, ვიდრე 2012 წლის შემდეგ?

- მცოცავი ოკუპაცია დაიწყო 2009 წლის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მცოცავი ოკუპაცია ვითარდებოდა, ვრცელდებოდა. აქ საუბარია შიდა ქართლის სოფლებზე, მის მიმდებარე ზოლზე, დაწყებული შავშებიდან, ხურვალეთის მიდამოების ჩათვლით. ის ტერიტორია, რაც 2009-16 წლამდე რუსებმა წამოსწიეს, გაცილებით უფრო შემცირებული იყო, როცა მოხდა დროებითი დეოკუპაცია და გორიდან და გორის რაიონიდან გავიდნენ რუსი ოკუპანტები. ვგულისხმობ 2008 წლის ომის მერე ამოქმედებულ სარკოზი-სააკაშვილ-მედვედევის ე.წ. დროებითი ზავის შეთანხმებას. თუმცა სწორედ 2009 წლის მერე დაიწყო მცოცავი ოკუპაცია. უბრალოდ, მიშას პროპაგანდისტული მანქანები და სატელევიზიო არხები ამაზე არ ამახვილებდნენ ყურადღებას, ეს არ იყო დღის ნიუსები.

იმ დროს დაძაბული სიტუაცია იყო ქვეყნის შიგნით, რადგან სააკაშვილს უპირისპირდებოდა პოლიტიკური ოპოზიცია. შესაბამისად, ყურადღება გადატანილი იყო შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ავტორიტარულ რეჟიმთან მიმართებით. ამიტომ მცოცავი ოკუპაცია იყო მიფუჩეჩებული. პროპაგანდისტული მანქანის მთავარი მოტივი ის იყო, დამარცხება გამარჯვებად და რეალობა ილუზიად წარმოეჩინა. სხვათა შორის, შემდგომ პერიოდში, როდესაც მცოცავი ოკუპაციის სახით ხურვალეთთან და სხვა სოფლებთან ჩამოიჩოჩა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ტერიტორიებმა, რუსულმა მხარემ ეს ფაქტორი შანტაჟისა და ულტიმატუმისთვის გამოიყენა და მიხეილ სააკაშვილი აიძულა, ხელი მოეწერა ე.წ. 2010 წლის შეთანხმებისთვის, რომლის მიხედვითაც, რუსულმა მხარემ ლარსის გამშვებ პუნქტებთან სამხედრო ტრანზიტის გატარების უფლება მიიღო, ოღონდ აქ საუბარი არ ყოფილა საბრძოლო ტვირთებზე. ეს იყო მოღალატური, კაპიტულანტური ქმედება, რომელსაც რატომღაც არავინ აფასებს.

შეიძლება, შემოგვედავონ, რომ თურმე არასაბრძოლო ტვირთების გატარება ხდებოდა ამ მონაკვეთში, მაგრამ მოგეხსენებათ, ამ მარშრუტზე გადიან საკმაოდ დახურული სატრანზიტო ბრეზენტიანი მანქანები. იმ დახურულ ბრეზენტში რა ტიპის შეიარაღება გააქვთ, ჩვენ არ ვიცით. ქართულ მხარეს ეკრძალება რუსული სატრანზიტო ტვირთების შემოწმება, მას მხოლოდ ევალება ლარსის საბაჟო პუნქტიდან წითელ ხიდამდე მიაცილოს ტვირთი საპატრულო პოლიციის თანხლებით, ხოლო ამ ტვირთის ნახვა და დათვალიერება იკრძალება. ბუნებრივია, ვეჭვობ, დახურული ბრეზენტებით რუსებს გადააქვთ საბრძოლო ტიპის შეიარაღება და იარაღის ნაწილები. სამხედრო ტრანზიტი წარმოუდგენელი რამეა.

თქვენ წარმოიდგინეთ, გაქანებულ მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთს უფლება მიეცა ნაცისტური გერმანიისთვის, რომ გიბრალტარის მეშვეობით გაეტარებინა სამხედრო ტვირთები.

ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს ხელეწიფებათ მცოცავი ანექსიის საწინააღმდეგო ზომების შემუშავება?

- მე წამოვაყენე ინიციატივა, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ე.წ. ნორმანდიის ფორმატის, ან მინსკის ფორმატის მსგავსი ახალი ფორმატი. 3+1, ანუ ეს იქნება ევროკავშირი, ამერიკა, საქართველო და რუსეთი, სადაც სწორედ მტკივნეული საკითხები უნდა განვიხილოთ და ვაიძულოთ რუსეთი, შეეშვას მცოცავ ანექსიას. ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ გარკვეული ფორმულა, რომლის საფუძველზეც, მცოცავ ოკუპაციას შევაჩერებთ.

მაგრამ, თუ დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია? ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ტერორიზმთან ბრძოლა უპირველეს ამოცანად დაუსახავს.

- ის, რომ თურმე დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია, ილუზორული ნარატივია. დასავლეთს ყოველთვის სცალია ჩვენთვის, ოღონდ ისინი ელოდებიან ჩვენს ინიციატივას. ისინი ჩვენს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენს გარეშე ჩვენი სახელით ვერ იმოქმედებენ. ჩვენ თუ წამოვაყენებთ ინიაციატივას და ვიტყვით, რომ უსაფრთხოების ამ პირობებში ახალი ფორმატი ჩვენთვის მომგებიანი იქნება, მაშინ დასავლეთი დიდი სიამოვნებით დათანხმდება ამას, მიიღებს კიდეც მონაწილეობას ასეთი ტიპის ქმედებებში. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინამ გამოიყენა მინსკის ფორმატი-„მინსკი-1“, „მინსკი-2“, ასევე, ნორმანდიის ფორმატი. სხვათა შორის, ამ ფორმატით პოროშენკო ხვდება პუტინს საფრანგეთ-გერმანიისა და ამერიკის წარმომადგენლების მეშვეობით. ჟენევის ფორმატი სულ სხვა დონისაა.

ჩვენ საკუთარი ფორმატი უნდა შევიმუშაოთ, რომელიც განსაკუთრებულად მოიცავს დეოკუპაციის საკითხებს. უნდა განვსაზღვროთ ის პირობები, რომელიც შეაჩერებს ოკუპაციას. თუკი დასავლეთს ასეთ ინიციატივას შევთავაზებთ, იგი გვერდში დაგვიდგება. მათ საქართველო შეიყვანეს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში, როდესაც კონგრესმა მიიღო ცნობილი კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა სახელმწიფო, ვინც დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებს სეპარატისტულ რეჟიმებთან საქართველოს ტერიტორიაზე, ეკონომიკური სანქციების ქვეშ მოხვდება. ეს დიდი მიღწევაა. ამიტომ ჩვენი ინიციატივაც უნდა გავაძლიეროთ. „კუჩხი ბედინერის“ ერთი პერსონაჟის ნათქვამის არ იყოს, მაინდამაინც ჩემს ფეხებს ნუ ენდობი, შენც გაანძრიე თავიო. ჩვენ უნდა შევთავაზოთ დასავლელ პარტნიორებს აქტიურობა ამ მიმართულებით, რათა უსაფრთხოების ჩიხიდან გამოვიდეთ.

პოროშენკო აწარმოებდა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს და მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოზე უფრო მეტი კათოლიკეა?

როცა რუსეთთან ურთიერთობაზეა საუბარი, „ნაციონალებიყველას მოღალატეებად რაცხავენ, გარდა გრიგოლ ვაშაძისა, რომელიც აგვისტოს ომიდან სულ რაღაც სამიოდე თვის თავზე რუსეთის კულტურის მინისტრს, ავდეევს ქართული ანსამბლებისა და თეატრალური დასების რუსეთში ჩასვლას სთავაზობდა.

- ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჯერ საჭიროა, შევთანხმდეთ, როგორ გავაფორმოთ სამშვიდობო შეთანხმება, რათა საომარ მდგომარეობას როგორმე დავუსვათ წერტილი. ჩვენ ვართ მტრები, მეომარი მხარეები. ამიტომ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობით და არა - ერთი ერთზე. ჩვენ ვართ ლევიათანისა და დავითის მდგომარეობაში. სამწუხაროდ, ჩვენ დავითის უნარიანობა არ გაგვაჩნია. ამიტომ, როცა შენ ელაპარაკები ლევიათანს, თანაც არა დავითის ამპლუაში, შენ გჭირდება ის ძალა, რომელიც მოგცემს საშუალებას, დავითის გამჭრიახობით ელაპარაკო მოწინააღმდეგეს. სხვათა შორის, კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც ცუდი არ გაუკეთებია. პირიქით, მე ვთვლი, რომ ეს იყო მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვანი მომენტი. ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, ის ბრიყვად მიმაჩნია.

კარასინი-აბაშიძის ფორმატს არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური და სტრატეგიული დატვირთვა, ისინი მუშაობენ კონკრეტული სპეციფიკური საკითხების მოგვარებაზე, როგორიცაა ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. იქ არასდროს განხილულა პოლიტიკური და გეოსტრატეგიული საკითხები, რადგან ამ ფორმატს ეს არ ეხება. 

ნანახია - 1194

arichopra 2

2017-07-16 17:31:46

გუშინ თურმე ქალბატონ ნინო ბურჯანაძის დაბადების დღე ყოფილა... ვულოცავ ქალბატონ ნინოს და მის ოჯახს ამ შესანიშნავ თარიღს. მიუხედავად სრული იდეოლოგიური უთანხმოებისა მიმაჩნია, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული, გონიერი და მცოდნე პოლიტიკოსი. ამავე დროს რაც ჩეთვის მთავარია ძალიან დახვეწილი და ელეგანტური ქალბატონია! აფერუმ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80