ლინკოლნ მიტჩელი: "ძალიან რთული სიტუაციაა, სივრცე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საქართველოსთვის დიდი არ არის"
დაიჯესტი

ლინკოლნ მიტჩელი: "ძალიან რთული სიტუაციაა, სივრცე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საქართველოსთვის დიდი არ არის"

ლინკოლნ მიტჩელი:  "ძალიან რთული სიტუაციაა, სივრცე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის საქართველოსთვის დიდი არ არის"
"კვირის პალიტრა"

2017-07-17 11:16:54

"მე შემიძლია გითხრათ, რა არ უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ - არ უნდა გამოიწვიოს რუსეთი და მას ომის დაწყებისკენ არ უნდა უბიძგოს, არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გაყინული კონფლიქტი ოკუპაციად აქცია. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვთ. ძალიან რთული სიტუაციაა და სივრცე მოლაპარაკებებისთვის დიდი არ არის. რუსეთი არასოდეს დათანხმდება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ხელისუფლებას მხოლოდ ერთი რამ შეუძლია - უფრო აქტიური კავშირი დაამყაროს აფხაზებსა და ოსებთან - ამ ხალხს საქართველოზე მხოლოდ ის ესმის, რაც მოსკოვს სურს, რომ გააგონოს. ყველაზე ცუდი ვარიანტი ომის დაწყებაა", - აცხადებს ამერიკელი ანალიტიკოსი ევრაზიის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლინკოლნ მიტჩელი: "რუსეთმა იცოდა, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!" / "საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გაყინული კონფლიქტი ოკუპაციად აქცია. ძალიან რთული სიტუაციაა და სივრცე მოლაპარაკებებისთვის დიდი არ არის".

"მაისში კონგრესმა მიიღო და აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც წერია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას - კონგრესი იძულებული იყო, საკანონმდებლო აქტი მიეღო, რადგან არც "რესპუბლიკელებმა", არც "დემოკრატებმა" არ იცოდნენ, რას მოიმოქმედებდა ტრამპი. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მესიჯები ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, ადმინისტრაციაში არის ხალხი, ვინც სწორად აანალიზებს სიტუაციას, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, გენერალი მეტისი, გენერალი მაკმასტერი. თუ თქვენ მაიკლ პენსს, ჰილარი კლინტონსა და ჯონ მაკკეინს ჰკითხავთ, რას ფიქრობენ საქართველოზე, მათი პასუხი ერთნაირი იქნება. ეს არის საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის მეინსთრიმული ხედვა, მაგრამ არსებობენ სხვებიც, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგალითად, სტივ ბენონი, ჯარედ კუშნერი... გავიხსენოთ ტრამპის წინასაარჩევნო ნარატივი. ამბობდა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ექნებოდა. ის რუსეთს არასოდეს დაჰპირისპირებია. არავინ იცის, რა გავლენას მოახდენს რუსეთი ამერიკის პოლიტიკაზე. აშშ-ში პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი დგება და ეს საქართველოზეც აისახება", - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ლინკოლნ მიტჩელი.

"თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც არ გამოვიყენებთ, გამოვა, რომ არაფერს ვაკეთებთ, ეს კი უარესია - სანქციების გაუქმება რუსეთის გამარჯვება იქნება. რუსეთის შესაკავებლად არცთუ ბევრი საშუალება არსებობს. რუსეთმა ეს იცის, იცოდა 2008 წელს და იცოდა 2014 წელსაც - ყირიმის ანექსიის დროს... მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვერ შევაკავებდით, ჩვენ ეს არ შეგვიძლია!"- განაგრძობს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - "1908 წელს დასავლეთმა რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვის "დიდი ფასი" არ გადაახდევინა, პირიქით - 2009 წელს თეთრ სახლში მოსულმა ბარაქ ობამამ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყო, თუმცა განსხვავებული რეაქცია მოჰყვა ყირიმის ანექსიას. რით აიხსნება ეს? ნუთუ იმით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, უკრაინა კი - დიდი?" - პასუხობს:

"მიზეზი ნაწილობრივ ესეც არის, თუმცა, არის სხვა ფაქტორიც: 2008 წელს რუსეთმა საქართველოში სიტუაცია გაამწვავა, 2014 წელს ყირიმსა და შემდეგ დონბასში კი მდგომარეობა შეცვალა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ 2008 წელს ვაშინგტონში ბევრი იყო შეშფოთებული სააკაშვილის რადიკალური ქმედებებით".

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერ მოიგებდა არჩევნებს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჭკვიანური კამპანია რომ ჩაეტარებინა. მას უნდა ეთქვა სააკაშვილისთვის: "მიშა, დარჩი კიევში, ჩვენ კი ვისაუბრებთ საჭირბოროტო საკითხებზე". ამ შემთხვევაში ისინი უკეთეს შედეგს მიიღებდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად რეჟიმის შეცვლის მცდელობაში ჩაერთნენ. სააკაშვილი საქართველოში რელევანტური აღარ არის. რაც შეეხება მის საქმიანობას უკრაინაში, ყველა დაიღალა მისი რიტორიკით: "შენ კორუფციონერი ხარ! შენ მოგიშორებთ!" ეს რიტორიკა უშედეგოა. ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არიან "ქორები", რომლებსაც მოსწონთ რუსეთთან დაკავშირებით მისი ნარატივი, თუმცა, ჩემი კოლეგები ანალიტიკურ ცენტრებსა თუ მთავრობაში სააკაშვილზე აღარ ლაპარაკობენ... როდესაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მიშას უნდოდა, ყოფილიყო ის, ვისაც ახალი პრეზიდენტი საქართველოზე დაელაპარაკებოდა, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციაში ის აქტუალური არ არის", - დასძენს ანალიტიკოსი.

"საქართველოში ერთი პარტიაა დომინანტი, ამჟამინდელი პრეზიდენტი კი მთავრობის შემაკავებელ ძალად იქცა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით იკვეთება პირადი დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი - ამიტომაც არის ეს საკითხი შემაშფოთებელი. საჭიროა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, საყოველთაო არჩევნების გზით. ინგლისურენოვანი მედია წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯი, თუმცა მე ამ აზრს არ ვიზიარებ. "ქართულ ოცნებას" თუ სურდა, საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ ექცია, აქამდეც მოახერხებდა. საამისოდ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობა და დიდი რესურსი... 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. "ქართულ ოცნებას" არ გაუმარჯვია 75%-ით და მეტით, მაგრამ სხვა პარტიებს არ ჰქონდათ ისეთი მხარდაჭერა, როგორიც "ქართულ ოცნებას", ეს კი ნიშნავს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ჭირს - ოპოზიციურმა პარტიებმა იციან, რომ შეწინააღმდეგებით პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ... რაც შეეხება ოპოზიციის მტკიცებას, რომ ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ასე შეიძლება იყო მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გახლდათ. ეს ჩემი ანალიზია და მტკიცებულება არ გამაჩნია. ჩემი აზრით, ივანიშვილს სურს, პოლიტიკურ პროცესებს საბოლოოდ ჩამოშორდეს", - დაასკვნის ლინკოლნ მიტჩელი.

ნანახია - 1088

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80