თემურ ბასილია: „საქართველო მშპ-ს ზრდის ამ ტემპით ევროპის ღარიბი ქვეყნების დონეს 25 წელიწადში მიაღწევს“
დაიჯესტი

თემურ ბასილია: „საქართველო მშპ-ს ზრდის ამ ტემპით ევროპის ღარიბი ქვეყნების დონეს 25 წელიწადში მიაღწევს“

თემურ ბასილია: „საქართველო მშპ-ს ზრდის ამ ტემპით ევროპის ღარიბი ქვეყნების დონეს 25 წელიწადში მიაღწევს“
commersant.ge

2017-07-31 10:22:16

"თუ საქართველოს ეკონომიკა წელიწადში 12%-ით გაიზარდა, 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.

წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის

წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.

წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.

წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.

არაფერი არ ვიქნებით“, - ეს გათვლა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 2010 წელს გააკეთა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით 2,7-6,2%-იან შუალედში მერყეობდა. ყველაზე მეტად - 7,2%-ით ქვეყნის მშპ  2011 წელს გაიზარდა, მას შემდეგ კი ეს მაჩვენებელი მუდმივად დაბლა მოდის. თუ ზრდის ტემპი 2-4%-ის ფარგლებში შენარჩუნდა, მაშინ კახა ბენდუქიძის გათვლებით საქართველო 2040 წელს ან იქნება „ბანძი“, ან იქნება „არსად“.

საქართველოს ეკონომიკა რომ ნელი ტემპებით იზრდება და რომ აღნიშნული ზრდის მაჩვენებლით „შორის ვერ წავალთ“, ამაზე ეკონომისტები და ხელისუფლების ოპონენტები ხშირად საუბრობენ.  „ქართული ოცნება“ კი, რომელიც ხელისუფლებაში მეორე ვადით დევიზით - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და ხალხის კეთილდღეობა მოვიდა, პირობას დებს, რომ ვადის ამოწურვამდე შედეგს აუცილებლად მიაღწევს. მართალია, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2017 წლის პირველ კვარტალში 5,1%-ით გაიზარდა, თუმც წინა წლების სტატისტიკა არ იძლევა ოპტიმიზმის მიზეზს ნამდვილად არ იძლევა.

და საერთოდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ასეთი ტემპით რამდენ წელიწადში მიაღწევს საქართველო საშუალო ევროპული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს? ამერიკაში მცხოვრები ქართველი ფინანსისტი თემურ ბასილიას  განცხადებით, ასეთი ეკონომიკური ზრდით საქართველო  ევროკავშირის ღარიბი ქვეყნების დონეს შეიძლება დაუახლოვდეს 20-25 წლის შემდეგ, შედარებით მდიდარ ქვეყნებს კი 2058 წლისთვის.

„კითხვას, როდის იქნება შესაძლებელი ცხოვრების დონის მიხედვით საქართველო მიუახლოვდეს ევროპულ ქვეყნებს, პირველად გაეცა პასუხი გაეცა 2003 წელს, სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ეს პროგრამა შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიური მონაწილეობით. ამ პროგრამის განვითარების ოპტიმისტური სცენარით 2020 წლისთვის იქნებოდა საქართველო დაახლოებოდა ევროგაერთიანების ახალ წევრებს - ბულგარეთსა და რუმინეთს. სამწუხაროდ, 2003 წლის ბოლოს მოვლენები სხვა მიმართულებით წავიდა და ეს პროგრამაც სააკაშვილის ხელისუფლებამ თაროზე შემოდო“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას თემურ ბასილია.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მისი განცხადებით, 2016 წლის მონაცემების თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით მოსახლეობის ერთ სულზე საქართველო იმყოფება 41-ე ადგილზე ევროპაში და უსწრებს მხოლოდ მოლდოვას, უკრაინასა და სომხეთს, ხოლო მსოფლიოში საქართველო იმყოფება 111-ე ადგილზე.

თემურ ბასილიას განცხადებით, რადგანაც, სხვადასხვა ქვეყნებში დოლარს სხვადასხვა მსყიდველობითი უნარი აქვს, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ სულზე ზუსტად არ ასახავს ამ ქვეყნებში არსებულ ცხოვრების რეალურ დონეს. ეს ნაკლოვანება რომ გამოსწორდეს, საერთაშორისო სტატისტიკაში ბოლო პერიოდში გამოიყენება ისეთი მაჩვენებლი, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც გაინგარიშება საერთაშორისო დოლარის მსყიდველობითი დონით (GDP (PPP) per capita based on current international dollars).

„2016 წლის ოფიციალური მონაცემებით ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში იმყოფება 42-ე ადგილზე და აქაც უსწრებს მხოლოდ მოლდოვას, უკრაინსა და სომხეთს. ხოლო, მსოფლიოში საქართველო 108-ე ადგილზეა. როგორც ვხედავთ, ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამორჩება როგორც ევროგაერთიანების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას; გარდა ამისა, ჩამორჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის სამ ქვეყანას: რუსეთს, ბელორუსეთს და აზერბაიჯანს“, - განაცხადა თემურ ბასილიამ.

მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეს მიუახოვდეს,  პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, ეკონომიკური ზრდის როგორ ტემპი ექნება საქართველოს. „თუ, გადავხედავთ ბოლო წლების მაჩვენებლებს, ვნახავთ, რომ 2013 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 3.4%, 2014 წელს – 4.6%, 2015 წელს – 2.9%, 2016 წელს – 2.7%, ხოლო, 2017-ში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი – 5.1%-ია.  ვიყოთ ოპტიმისტები და ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელს ეს პროგნოზი შესრულდება და ასევე, მომდევნო წლების განმავლობაშიც ეს ზრდის ტემპი შენარჩუნდება.

ამავე დროს, ბუნებრივია,სხვა ქვეყნები იგივე დონეზე არ დარჩებიან. დავუშვათ, მათი წლიური ზრდის ტემპი იქნება მოკრძალებული 2%. ამ პირობებშიც კი, საქართველოში არსებული ცხოვრების დონე ევროკავშირის ღარიბ ქვეყნებს შეიძლება დაუახლოვდეს 20-25 წლის შემდეგ; კერძოდ, ბულგარეთს 2040 წლისთვის, რუმინეთს 2044 წლისთვის, ხოლო, ლატვიას 2048 წლისთვის.

არაევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა  მონტენეგრო, საქართველო შეიძლება დაუახლოვდეს 2034 წლისთვის, ხოლო, მაკედონიას, 2028 წლისთვის. ეკონომიკური ზრდის ამ ტემპებით უახლოეს პერსპექტივაში ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ ალბანეთსა და ბოსნიას შეიძლება გავუთანაბრდეთ, რაც შესაძლოა, 2022 წლისთვის მოხდეს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბასილიამ.

რაც შეეხება ევროგაერთიანების ქვეყნებს, ბასილიას პროგნოზით,  მათი ცხოვრების დონის მიღწევა შორეულ პერსპექტივად გამოიყურება. მაგალითად, კვიპროსის დონის მიღწევა 2058 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

„თუ, საქართველო შეძლებს ყოველწლიურად საშუალოდ ჰქონდეს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია 2031 წლისთვის ბულგარეთის, 2033 წლისთვის რუმინეთის და 2036 წლისთვის ლატვიის ცხოვრების დონის მიღწევას. 

საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური 10%-იანი ზრდის შემთხვევაში, ამ მიზნის მიღწევა უფრო ადრე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, 2026 წლისთვის საქართველო შეძლებს მიაღწიოს ბულგარეთის ცხოვრების დონეს, ხოლო, 2027 წლისთვის რუმინეთის 2029 წლისთვის ლატვიის ცხოვრების დონეს.

ამჟამად არსებული ჩამორჩენის უფრო სწრაფად დაძლევა მხოლოდ ერთადერთი გზით არის შესაძლებელი - ეს გახლავთ - სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მაგრამ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და რამდენად რეალურია ეს? თუ შევადარებთ ეკონომიკური ზრდის მიმდინარე წლის მაჩვენებელს წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან, ვნახავთ რომ წინსვლაა, მაგალითად, მიმდინარე წლის ზრდა 5.1%-ია, მაშინ როდესაც 2015 წელს 2.9%, ხოლო, 2016 წელს 2.7% იყო. ზოგადად, ეკონომიკის 5%-იანი ზრდა კარგი მაჩვენებელია, თან, ტენდენციაც პოზიტიურია და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შევაფასოდ. ამასთან, თუ, ამოცანა არის საქართველოში ცხოვრების დონის უფრო სწრაფად დაახლოება ევროპულთან, მაშინ სასურველია უფრო მეტი დინამიზმი, უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა”, - განუცხადა „კომერსანტს“ თემურ ბასილიამ.

 

ნანახია - 670

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80