ზაფხულში სურსათი ძვირდება, რა გველის ზამთარში?
ეკონომიკა

ზაფხულში სურსათი ძვირდება, რა გველის ზამთარში?

ზაფხულში სურსათი ძვირდება, რა გველის ზამთარში?
ბექა დანელია

2017-08-01 18:00:33

ყველაზე იაფ სეზონზე, ყველაზე მაღალი ინფლაციაა. მოუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და სურსათზე ფასი დაბალი უნდა იყოს, ყველა მიმართულებით სიძვირე თვალშისაცემია. ვითარების სერიოზულობას მთავრობაც და ეროვნული ბანკიც აღიარებს.

შარშანდელ ივნისთან შედარებით, 2017 წლის ივნისში ბოსტნეულსა და ხილზე საერთო ჯამში ფასებმა საგრძნობლად იმატა. ეროვნული ბანკის `თვის მიმოხილვის~ თანახმად, 2017 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4 პროცენტით დაიკლო.

როგორც მიმოხილვაში აღნიშნულია, წლიურად ფასების მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით და ასევე ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული.

წლიური ინფლაციიდან 2.6 პროცენტული პუნქტი ამ პროდუქტების გაძვირებაზე მოდის, 2.7 პუნქტი - სურსათის, ხოლო 1.8 პუნქტი - დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე.

ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, ბოსტნეულსა და ხილზე, საერთო ჯამში, ფასმა საგრძნობლად მოიმატა. თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა  `ბოსტნეულის~, ხოლო 16 პროცენტით - “ხილის” ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები. თითქმის 10 პროცენტით მოიმატა ფასმა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე.

როგორც მიმოხილვაშია ნათქვამია, ეს ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდას და ამის შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების გარკვეულ შესუსტებას.

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება და შესაძლოა, 8%-ს  გადააჭარბოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასები გაძვირდება  პირველადი მოხმარების  საგნებზე, ანუ კვების პროდუქტებსა და წამლებზე. საპარლამენტო ოპოზიცია სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს მაჩვენებელი, რაც ახლაა დაფიქსირებული, არ არის ინფლაციის მატების ზედა ზღვარი. იგი უფრო გაიზრდება ზაფხულის თვეებში. ამას განაპირობებს აგრეთვე წინა წლის საბაზო მდგომარეობა. შარშან ამ დროს უფრო ნაკლები იყო ინფლაცია… ვფიქრობ იგი წელს, 8%–ს მიუახლოვდება“, – აღნიშნა დეპუტატმა რომან გოცირიძე.

ექსპერტები ამბობენ, რომ არასახარბიელო ვითარება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ როდესაც ზაფხულში ასეთი სიძვირეა, ქვეყანას ძალიან მძიმე ზამთარი ელის.

“აქციზის განაკვეთის გაზრდის გამოცხადებისთანავე მთავრობამ დაიწყო მტკიცება, რომ ეს მხოლოდ ნავთობპროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა და სხვაზე არაფერზე იმოქმედებდა, რაც, რა თქმა უნდა, მაშინვე არავინ დაიჯერა. საბოლოოდ, ასეთმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა მკვეთრ ინფლაციამდე.

გლეხს, რომელსაც ჩამოაქვს თავისი პროდუქცია დედაქალაქში, აღარც გარე ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს და არც ბაზარში დგომის საშუალება. ამიტომ პირდაპირ გადამყიდველებთან უწევს ურთიერთობა. ამის გამო უშუალოდ მომხმარებლამდე ბევრად ძვირად მიდის საკვები.

მთავრობა ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. როცა ზაფხულში ფასები ასეთი მაღალია, ძალიან მძიმე ზამთარს უნდა ველოდოთ”, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი. მისივე თქმით, ხელისუფლება არ უსმენს ფერმერებს და მეურნეობის შესახებ გადაწყვეტილებას ის ხალხი იღებს, რომლებიც სოფელშიც კი არ არიან ნამყოფი.

ნანახია - 774

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80