ბზის მავნებელმა მთის ზონაშიც შეაღწია
ეკონომიკა

ბზის მავნებელმა მთის ზონაშიც შეაღწია

ბზის მავნებელმა მთის ზონაშიც შეაღწია
ბექა დანელია

2017-08-02 19:30:52

ბზის მავნებელმა უკვე რაჭაშიც შეაღწია. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის ცაგერის სატყეო უბანში, შარეულას ხეობაში ბზებმა ხმობა დაიწყო. გარემო დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საქმის კურსში არიან და შეწამვლა აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყებენ.

აქამდე რაჭა-ლეჩხუმში ბზის მავნებელი ალურა არ დაფიქსირებულა. ცოტათი უფრო ქვემოთ, იმერეთის ბარში კი, შარშან ბზის კორომები პირწმინდად გაანადგურა.

“მიმდინარე წლის ივნისში რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის ცაგერის სატყეო უბნის ჯონოულის სატყეოში სოფელ ქულბაქისა და ჩქუმის მიმდებარედ არსებული ბზის კორომები შესწავლილი იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბზების ხმობა გამოწვეულია ინვაზიური მავნებლის, ბზის ალურას მიერ. შესაბამისად, განხორციელდა 100 ცალი ფერომონიანი ხაფანგების განთავსება.

ფერომონიანი ხაფანგების საშუალებით, გარდა მავნებლის ზრდასრული ფორმების (პეპელა) დაჭერისა და განადგურებისა, გროვდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მავნებლის ამჟამინდელ სტადიასა და ბიოლოგიაზე ლოკალურად ჯონოულის ხეობისთვის”, - აცხადებენ სამინისტროში.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ადასტურებს, რომ მავნე მწერი ბზის ალურა, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ანადგურებს კოლხურ ბზას, რაჭა-ლეჩხუმში პირველად გავრცელდა.

“ჩვენ ბზის ალურას შესაწამლად ვიყენებთ ბიოლოგიურ პრეპარატს, ანუ ტყეში ქიმიური პრეპარატი არ შეგვაქვს.  მიუხედავად იმისა, რომ ეს მწერი ძალიან სწრაფად ანადგურებს ბზებს, ტყეში მხოლოდ ბიოლოგიურ პრეპარატს ვიყენებთ, რადგან ეკოსისტემას და მოსახლეობას უნდა გავუფრთხილდეთ. იქ საქონელია, ფუტკრის სკებია, ამიტომ ეს პრეპარატი შერჩეულია სპეციალისტებთან ერთად, რომ სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე არ იმოქმედოს.

ამ ფართობებზე განთავსადა 100 ფორომონი, რომ პოპულაცია შემცირდეს. როგორც კი მწერის ხნოვანება მიაღწევს იმ პერიოდს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი მის განადგურებას შეძლებს, ჩვენ შეწამვლას დავიწყებთ. ეს პერიოდი 10-12 აგვისტოსთვის უწევს”, - განმარტა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიური პრეპარატი ქმედითი არ იქნება, შესაძლოა, ქიმიური შეწამვლა განახორციელოს.

იქამდე კი სატყეო სააგენტო ბზის კორომების შეწამვლას ქუთაისში ახორციელებს. სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ მიერ კოლხური ბზის გადარჩენის გეგმის ფარგლებში ტერიტორიები იწამლება ასევე გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ეროვნული სატყეო სააგენტო გარდა ბიოლოგიური პრეპარატით შეწამვლისა, წელიწადში 3-ჯერ ბრძოლის სხვა ღონისძიებებსაც ახორციელებს.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში კოლხური ბზა ალურამ გაანადგურა.

მავნებლებს შეეწირა ქუთაისში არსებული უნიკალური ჯიშის ბზა, რომლის მხოლოდ ნაწილი გადარჩა, რადგან სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ეკოლოგმა დარეჯან ჩიხორიძემ.

ეროვნული სატყეო სააგენტო 2 წელია აქტიურად ახორციელებს ბზის ალურას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს 400 ჰა-ზე მეტ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, კოლხური ბზა მთელი ქვეყნის მასშტაბით 90%-ით უკვე განადგურებულია.

ნანახია - 1191

davituna

2017-08-03 00:40:09

ვისაც ბზა გაქვთ, ,, კარატე,,-თი შეწამლეთ,1 ლარი ღირს დიდუბეში,სამთო ქიმიის პირდაპირ.
შარშან,აგვისტოში, შეესია ალურა ჩემს 50 წლის ბზას და მაგით გადავარჩინე,თუმცა იმედი აღარ მქონდა ისეთ დღეში დამხვდა,რომ ჩამოვედი . სახლშიც უამრავი პეპელა დაფრინავდა.
ჯერ ხელით მოვაცილე აბლაბუდები და გამხმარი ფოთლები და შემდეგ შევწამლე.
წელს ადრეულ გაზაფხულზე და ერთი კვირის წინ შევწამლე. რა ვიცი,ჯერ არ გამოჩენილან...)))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80