„ირანელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციებს ვერ ახორციელებენ“
დაიჯესტი

„ირანელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციებს ვერ ახორციელებენ“

„ირანელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციებს ვერ ახორციელებენ“
სოფო ქსოვრელი "commersant.ge"

2017-08-03 10:04:04

ირანისთვის სანქციების მოხსნიდან  წელიწადნახევრის შემდეგ ირანულ ბიზნესს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება უჭირს. სანქციების მოხსნისთანავე, ანუ , 2016 წლის იანვარში, გაჩნდა მოლოდინი, რომ სანქციების მოხსნის შედეგად საბანკო ტრანზაქციები დაბლოკილი აღარ იქნებოდა და მხარეებს ფულადი გადარიცხვების პრობლემაც მოეხსნებოდათ, რაც საბოლოო ჯამში ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობებს გაააქტიურებდა.

როგორც აღმოჩნდა,  გადარიცხვებთან დაკავშირებით პრობლემები დღესაც არსებობს და ამ კუთხით, ხელშესახები არაფერი მომხდარა.

პრობლემის მოუგვარებლობის გამო,  ირანიდან ინვესტიციების შემოსვლას ხელი ეშლება, რაზეც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში, იოსებ ჩახვაშვილის შემდეგ „კომერსანტთან“  ირანის სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი   რაჰიმ აბაჩიც საუბრობს. მისი მტკიცებით, საუბარია, საკმაოდ დიდი ოდენობის ინვესტიციაზე.

„ინვესტორს, რომელსაც  ნებისმიერ საქმეში რამოდენიმე მილიონის ჩადება უნდა, ეს რა თქმა უნდა, ბანკის მეშვეობით უნდა განახორციელოს. ნაღდი ანგარიშსწორებით ხომ ამას ვერ განახორციელებს? აღნიშნულ პრობლემაზე ჩვენ თითქმის ყველა შეხვედრაზე და კონფერენციაზე  ხაზგასმით  ვსაუბრობთ“-აცხადებს რაჰიმ აბაჩი.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ორ ქვეყანას შორის აღნიშნული პრობლემის მოგვარება, აბაჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს დასავლეთის გავლენა იყოს. „ჩვენი ვარაუდია, რომ დასავლეთი შესაძლოა, საქართველოს ამის საშუალებას არ აძლევდეს. ირანს ყაზახეთთან მსგავსი პრობლემა მოხსნილი აქვს, ასევე პრობლემა მოგვარდა რუსეთთანაც, ევროპის რამოდენიმე ქვეყანასთანაც გარკვეულ ჩარჩოებში ხდება ტრანზაქციები,  საქართველოში კი შეზღუდვა დღემდე არ მოიხსნა. ეს ცუდია ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით“-აცხადებს რაჰიმ აბაჩი.

მისი ინფორმაციით,  საქართველო ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა. აბაჩის შეფასებით,  ქვეყანაში ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს და ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ირანის სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი  განმარტავს, რომ ირანელები დიდ ინტერესს ენერგეტიკაში და სოფლის მეურნეობის სექტორში გამოხატავენ.

შეგახსენებთ, ირანს საერთაშორისო სანქციები 2016 წლის იანვარში  მოეხსნა. საუბარია სანქციებზე, რომლებიც მის მიმართ 2005 წლიდან ამოქმედდა თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო.

ირანსა და „ექვსეულს შორის შეთანხმებები 2015 წელს იქნა მიღწეული და დოკუმენტების თანახმად, თეირანი უარს ამბობდა ბირთვული პროგრამის გაგრძელებაზე საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. სანქციების მოხსნის ფორმალური პროცედურა 2015 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის პარლამენტმა საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

 

ნანახია - 692

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80