„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონემდე 2–3 წელიწადში ნამდვილად ვერ მივალთ“
დაიჯესტი

„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონემდე 2–3 წელიწადში ნამდვილად ვერ მივალთ“

„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონემდე 2–3 წელიწადში ნამდვილად ვერ მივალთ“
თეონა კენჭიაშვილი "commersant.ge"

2017-08-04 11:32:19

„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეს 2-3 წელიწადში ვერ დავეწევით. რეალობა არის ის, რომ ამ დონის ქვეყნებს შეიძლება 10-12 წელიწადში დავუახლოვდეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ „კომერსანტთან“ ისაუბრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 5,1% იყო, მე–2 კვარტალში ზრდამ 4% შეადგინა. თუმცა ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ის ტემპი, რითაც ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ნელია და საქართველო რამდენიმე წელში თავისი განვითარების დონით ღარობ ქვეყნებს თუ დაეწევა.

თუმცა სხვა მოსაზრება აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყნის სათავეში მეორე ვადითა და დევიზით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და ხალხის კეთილდღეობა“ მოვიდნენ. მათი თქმით, პროგნოზები უფრო დამაიმედებელია. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თანამედროვე ევროპის დონის ქვეყნების ეკონომიკას რომ დავეწიოთ, ამისთვის ათი წელი მაინც არის საჭირო.

იგივე პოზიცია აქვს ქართული ოცნების დეპუტატს  პაატა კვიჟინაძეს და აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ დონესთან დასაახლოვებლად 10-12 წელი გვჭირდება.

„ამას დრო უნდა. სწორი არ არის, როდესაც ევროპის ქვეყნებს ვედრებით. მითუმეტეს კრიზისის დროს, ასეთი შედარებების გაკეთება არ შეიძლება. მეზობელ ქვეყნებში, რომლებთანაც სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, კრიზისი იყო. ახლა  კრიზისი მაქსიმალურად დაძლეულია და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა მომატებულია. თუ ყველაფერი კარგად წავა, რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდება და პროცესებიც დაჩქარდება. ეს უცებ, 2-3 წელიწადში არ მოხდება. რეალურობა არის ის, რომ ევროპის ქვეყნების დონეს შეიძლება 10-12 წელიწადში დავუახლოვდეთ“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.

ამასთან, პაატა კვიჟინაძემ „კომერსანტთან“ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 6-7%-ზე მეტი იქნება: „ეს მაჩვენებელი არის იმაზე მეტი, რაც დაგეგმილი არის ბიუჯეტში და რასაც პროგნოზირებდნენ სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეგიონში წინა წლებში მძიმე მდგომარეობა იყო და ყველა ქვეყანა მინუსში იყო და მხოლოდ ჩვენ ვიყავით მცირე ეკონომიკური ზრდით, ეს მაჩვენებელი საკმაოდ კარგია. იმედი მაქვს, რომ ეს თანდათან მოიმატებს და მომავალ წელს 6-7%-ს უნდა გასცდეს“.

კითხვაზე, რამდენად არის სწრაფი განვითარება რეალური დაპირება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან და შეძლებს თუ არა ჩვენი დონის ქვეყანა ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, კვიჟინაძე პასუხობს, რომ საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის უნიკალური სიტუაცია აქვს.

„2012 წელს, ხელისუფლებაში რომ მოვედით, თავისუფალი ვაჭრობა გვქონდა მხოლოდ თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან რუსეთის გარეშე. ახლა რუსეთი, ევროპის ქვეყნები და  ჩინეთი დაემატა. სწრაფი განვითარებისთვის უნიკალური სიტუაცია გვაქვს. ამას ემატება ის, რომ ყველაზე დაბალი გადასახადები და მოქნილი საგადასახადო სისტემა გვაქვს. ჩვენი ტრანზიტული მდგომარეობაც დიდ მნიშვნელობას იძენს. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩვენ რომ თანხები სრულად ავითვისოთ, მაგალითად, შარშან თუ 930 მილოიონი ავითვისეთ, მომავალ წელს 2 მილიარდ სამასი მაინც რომ ავითვისოთ, ეს ეკონომიკის განვითარებას ხელს ძალიან შეუწყობს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

 

 

ნანახია - 548

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80