„ვერ ვიტყვით, რომ 3-4 წელიწადში ეს რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს და დააჩოქებს“
პოლიტიკა

„ვერ ვიტყვით, რომ 3-4 წელიწადში ეს რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს და დააჩოქებს“

„ვერ ვიტყვით, რომ 3-4 წელიწადში ეს რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს და დააჩოქებს“
ლალი ზირაქიშვილი

2017-08-04 12:00:13

„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ხელის მოწერით თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო და ამით აშშ-მ რუსეთს სავაჭრო ომი გამოუცხადა“ - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ- მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის სანქციებზე ხელის მოწერას.

რამდენად მძიმე აღმოჩნდება ეკონომიკური ომი რუსეთისთვის და მსოფლიოში მოიძებნება თუ არა ის რესურსი, რომ ეს ომი წარმატებით აწარმოოს ამ თემებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე:თავისთავად ცხადია, რომ ეს არის სერიოზული სანქციები, არ ვიცი მედვედევი რას გულისხმობს, მაგრამ ეს არ იქნება ეკონომიკური ომი, თუმცა ომამდეც ბევრი არაფერი რჩება. ასეთი დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ხდება.

შედეგებიც სერიოზული მოჰყვება, მაგრამ, სავარაუდოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ვიტყვით, რომ 3-4 წელიწადში ეს რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს და დააჩოქებს.

რუსეთის პრემიერის თქმით, რუსეთი მშვიდად გააგრძელებს მუშაობას ეკონომიკის განვითარებისთვის რადგან, ბოლო წლებში მან ისწავლა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ამოცანების გადაჭრა, ფაქტობრივად დახურული ფინანსური ბაზრების პირობებში და ამასაც თავს გაართმევენ. რამდენად მყარია მედვედევის ამ განცხადების საფუძველი?

- არც მედვედევის მჯერა და არც პუტინის, რადგან ასეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი სანქციები სხვა დატვირთვის მატარებელია; მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ჰეგემონობა დღევანდელ მსოფლიოში არ არის ისე ცალსახა და მკაფიო, როგორც ეს იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას ჯერ კიდევ აქვს უამრავი ბერკეტი, რომ ასეთი სანქციებით შეასუსტოს რუსეთის ეკონომიკა, რაც მას სჭირდება რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად.

კონკრეტულად, დაათმობინოს დასავლეთისა და აშშ-სთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში - იგულისხმება ახლო აღმოსავლეთი, სირია, უკრაინა, საქართველო.

ამ სანქციებს ეს ნაბიჯები აუცილებლად მოჰყვება ისტორიულ პერსპექტივაში, თუმცა არა უახლოეს წლებში.

ვიცით რუსეთის ახლომხედველური პოლიტიკა საშინაო თუ საგარეო საკითხებში, მაგრამ არც ისეთი ბრიყვები არიან, რომ კონტრზომებზე არ იფიქრონ.

პუტინი ჩვენთვის მისაღები ლიდერი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის ავანტიურისტია. საკმაოდ თანმიმდევრულია, როდესაც საქმე რუსულ იმპერიულ ინტერესებს ეხება. ამიტომ, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთისგან სერიოზულ დათმობებს არ უნდა ველოდოთ.

მითუმეტეს, უკვე ვნახეთ, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებამ სერიოზულად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა, მაგრამ შემდეგ დასავლეთმა თანდათან თქვა უარი ნავთობის გაიაფების პოლიტიკაზე, რადგან ამ პროცესში მისი მოკავშირეებიც ზარალდებოდნენ. დღევანდელ, ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში სწრაფი შედეგის მომტანი სანქციები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ არსებობს.

რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, მისი დასუსტება მოსალოდნელია; სავარაუდოდ, ვერ დაიწყებს აღორძინებას და სოციალური პრობლემები იმდენად ვერ მოგვარდება, რომ გასცდეს ბუნებრივი სიმდიდრეებით ამონაგები თანხების არეალს.

მაგრამ ეს არ მივა რუსეთის დაჩოქებამდე, ანუ იმ დონემდე არ მივა, რომ დათანხმდეს ჯარების გაყვანას მოლდოვადან, უკრაინიდან, საქართველოდან.

ამ პროცესს ვერ დავუკავშირებდი იმ სანქციებს, რომელსაც ამერიკამ ხელი მოაწერა, იმის მიუხედავად, რომ ეს სერიოზულად დააზარალებს რუსეთს.

ყურადღებას თუ მიაქცევთ, ეს ძირითადად ეკონომიკური საკითხების შემცველი დოკუმენტია, მაგრამ პოლიტიკური პრეტენზიები და ულტიმატუმები იკითხება მასში. რუსეთს მოუწოდებენ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ საქართველოსთან თუ უკრაინასთან მიმართებაში; მაგრამ ეს თითქმის წარმოუდგენელია, რადგან გამოიწვევს რუსეთის საშინაო პოლიტიკის კრახს და ამის გაკეთება რომ უნდოდეს კიდეც, პუტინი ვერ შეძლებს.

ახალი სანქციები ითვალისწინებს დამსჯელ ზომებს ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც მონაწილეობს რუსეთის ენერგორესურსების საექსპორტო მილსადენების განვითარებაში, შეკეთებასა თუ მოდერნიზებაში. გამოდის, რომ შესაძლოა, შეეხოს ევროპაში ენერგორესურსების საექსპორტო ინფრასტრუქტურასაც?

- იქ არის ასეთი დათქმები, რომ ეს იმ შემთხვევასი, თუ გამოვლინდება გარკვეული კორუფციული ქმედებები ან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები... ნავთობსადენების მშენებლობაში მონაწილეობენ ისეთი წამყვანი დასავლური კომპანიები, რომელთა უპირობო სანქცირებას ამერიკის კონგრესიც კი მოერიდება - მოგეხსენებათ, რომ ეს კონგრესის მიერ შემუშავებული დოკუმენტია.

ფაქტობრივად, კონგრესმა ცვლილებების შეტანა ან კანონის გაუქმებაც კი აუკრძალა ტრამპს და ეს ის იშვიათი მომენტია, როდესაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისა და ასევე ხალხის მიერ არჩეული კონგრესის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ეს ისეთი თემაა, როდესაც შეფასებები ცოტა ძნელია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოსთვის, როგორც აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირისთვის, მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია.

იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საერთოდ არ აპირებს არანაირ დათმობებს საქართველოს მიმართ - როგორც მედიაში გამოჟონა ინფორმაციამ, შეიძლება ახალ სანქციებსაც კი ველოდეთ რუსეთის მხრიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციისათვის ბაზრის ჩაკეტვის თვალსაზრისით.

ხოლო მისი შეუვალი პოზიცია ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მინმართებაშიც ცნობილია; ასე რომ, როდესაც რუსეთს საუბარიც კი არ სურს საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ მივესალმოთ  ამ სანქციებს, რომელიც ეფექტურად გამოიყურება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კანონის რამდენიმე პუნქტში საქართველოა ნახსენები, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს გაუჩნდება აგრესიის გამოხატვის სურვილი. გასაგებია, რომ ეკონომიკური სანქციებიც შეიძლება ხელახლა შემოიღოს, მაგრამ თუ არის მოსალოდნელი, დაპირისპირება სამხედრო ხასიათის ღონისძიებებში გადაიზარდოს?

- არაფერია გამორიცხული. ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება საქართველოს საგზაო მაგისტრალებზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს, ეს მხოლოდ სამხედრო მანქანების უბრალო გადაადგილება არ გახლავთ, ეს არის დემონსტრირება, რომ აშშ საქართველოს საკვანძო პარტნიორად განიხილავს რეგიონში.

მიუხედავად იმისა, რომ პენსმა პირდაპირ არ უპასუხა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის კითხვას, რას მოიმოქმედებს აშშ რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში, მისი პასუხიდან გამომდინარეობდა, რომ აშშ საქართველოს რუსეთის შესაძლო აგრესიასთან პირისპირ არ დატოვებს.

ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს არავინ გასცემს, მაგრამ იმდენად გადაჯაჭვულია საქართველოსთან მიმართებაში გლობალური მოთამაშეების ინტერესები, რომ სამხედრო ოპერაციებში არც აშშ-ს მონაწილეობა არ არის გამორიცხული.

სერიოზული და პრაგმატული ხალხია ამერიკელები, საკმაოდ გამჭრიახი და კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა მოიმოქმედეს, როდესაც სამხედრო ტექნიკა გადაადგილეს საქართველოს ტერიტორიაზე; წვრთნებში მონაწიილეობა მიიღეს და დააფიქსირეს ახალი პოლიტიკური რეალობა.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასურველი არ არის მოვლენათა სამხედრო გზით განვითარება, მიუღებელია საქართველოში სირიის სცენარის გამეორება, რომელიც დამღუპველი იქნება ხალხისთვისაც და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.

იმედია, სხვა ქვეყნების კონფლიქტის ცენტრად არ იქცევა საქართველო, თუმცა საქართველოს მხრიდან საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება უდავოდ დადებითი მომენტია.

ჩვენი დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრი ერთიანი უნდა იყოს ისეთ საკითხებში მაინც, რომელიც ერის ბედ-იღბალს ეხება. ამ სანქციების იმედადაც უნდა ვიყოთ და დასავლეთთან ურთიერთობებისაც - ვნახეთ უდიდესი ამერიკული კომპანიის შემოსვლა ანაკლიის პორტში. მიუხედავად 27-წლიანი პარტნიორობისა, ეს პირველი მსხვილი კომპანიაა „ეი ი ეს“-ის შემდეგ, რომელიც საქართველოში შემოვიდა. ეს უთუოდ დააბალანსებს ისეთი მსხვილი მოთამაშეების ინტერესებს საქართველოში, როგორიცაა ჩინეთი და თურქეთი.

რაც მთავარია, უნდა გავაგრძელოთ ინტენსიური მეგობრული ურთიერთობები თურქეთთან, რომელთანაც ევროპასა და აშშ-ს ბოლო დროს ურთიერთობები გაუფუჭდა. ცოტა ხნის წინ ლამის ერდოღანსა და ალიევებს დავუპირისპირდით - არ შეიძლება პოლიტიკაში სიხისტე და მუშტების მოღერება მეზობლებისთვის იმიტომ, რომ ჩვენს პარტნიორებს რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობები გაუფჭდა.

უნდა გავაგრძელოთ დიალოგი რუსეთთანაც, მიუხედავად მათი მავნებლური პოლიტიკისა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში მათთან დამლაპარაკებელი პოლიტიკური ლიდერები არ ჩანან.

ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს დამსჯელ ზომებს რუსეთის ეკონომიკისა და პუტინთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გულისხმობს რუსეთის იზოლირებას დანარჩენი მსოფლიოსგან. თუმცა რუსეთსაც ჰყავს საკმაოდ ძლიერი და სერიოზული მოკავშირეები, მათ შორის ერთ-ერთია ჩინეთი. ამ სანქციების ამოქმედება ხომ არ გამოიწვევს დამოკიდებულებათა გადახედვას იგივე აშშ-ს მიმართ? შესაძლებელია რომ ცოტა უფრო რთული სცენარი მოვიღოთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს?

- ძალიან სპეციფიკური ვითარებაა მსოფლიოში. იგივე ამერიკაში, გართულებულია ურთიერთობები ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტსა და ქვეყნის მმართველ ძალას შორის - კონგრესთან, სენატთან. სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში ტრამპის პროტექციონიზმი აშშ-სთვის ანომალიური მოვლენაა. თავად აშშ-ს პოლიტიკური ძალების დამოკიდებულებაც ჩინეთთან მიმართებაში წინააღმდეგობრივი გახდა; მეტ-ნაკლებად დალაგებულია აშშ-ინდოეთის ურთიერთობები; ევროპასთანაც საკმაოდ წინააღმდეგობრივი პოზიციებია - ტრამპი ეძებს სამეგობრო ქვეყანას და საფრანგეთი შეარჩია თითქოს;

ყველა ამ ქვეყანასთან რუსეთსაც აქვს თავისი ურთიერთობები და ასეც არ არის საქმე, რომ ცალსახად, დირექტივად მიიღებენ ვაშინგტონიდან წამოსულ სანქციებს ევროპაში, რომელსაც თავისი ენერგოინტრესები აქვს; ჩინეთში, რომელსაც რეგიონულ ლიდერად მოაქვს თავი და ირანში, ჩრდილოეთ კორეასთან ერთად.

მართალია კორეა ღატაკი ქვეყანაა მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ირანზე, რომელიც ატომური იარაღის შექმნისკენ ისწრაფვის. ამ ქვეყნებში რუსეთს აქვს მანევრირების საშუალება და ამიტომაც ვამბობ, რომ 3-4 წელიწადში ამ სანქციებისგან სერიოზულ შედეგს არ უნდა ველოდეთ.

გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეეხება, ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, როგორ შეძლებს ამერიკული პოლიტელიტა ტრამპის მოთვინიერებას; როგორ ჩამოყალიბდება ამერიკისა და მსოფლიოს მთავარი ფიგურანტების ურთიერთობები; შეძლებენ თუ არა ისინი ალიანსში მოქმედებას - სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად განხორციელდება აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მთელ მსოფლიოში.

რაც შეეხება პოლიტიკურ მომენტს, როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესები, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ყველა შემთხვევაში მოგებული რჩება? - დაფიქსირდა რომ მსოფლიო მოვლენათა დღის წესრიგიდან საქართველოს თემა არ მოხსნილა...

- რუსეთის სიხისტიდან გამომდინარე, როდესაც მას სურს საქართველოს დასჯა იმ პოზიციისთვის, რაც მას საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული აქვს, ქართველ პოლიტიკოსებს ეს მანევრირების საშუალებას არ უტოვებს.

ერთადერთი ხსნა და იმედი სწორედ ამიტომ გახდა აშშ, მასთან უპირობო თანამშრომლობა. შედეგი როგორი იქნება, ეს მოვლენათა უამრავ ერთობლიობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა გზა დასავლეთთან და პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების გარდა არ გვაქვს; მაგრამ იმის იმედადაც არ უნდა ვიყოთ რომ აი, ამერიკა გუბერნატორს თუ დაგვინიშნავს მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ნანახია - 2026

ლაზი1

2017-08-04 12:17:40

"მაგრამ იმის იმედადაც არ უნდა ვიყოთ რომ აი, ამერიკა გუბერნატორს თუ დაგვინიშნავს მაშინ ყველაფერი კარგად იქნება."
"თუ" უკვე ზედმეტია. ფაქტიურად საკითხი გადაწყვეტილია. http://www.interpressnews.ge/ge/politika/446188-kongresmeni-jo-uilsoni-chven-ganvikhilavth-specialuri-tsarmomadgenlis-danishvnis-sakithkhs-romelic-imushavebs-vice-prezidentis-ofisthan-da-prezident-trampthan.html
"ჩვენ განვიხილავთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც იმუშავებს ვიცეპრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. პრეზიდენტ ტრამპს განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებთან და მან ეს გარკვევით აღნიშნა ვარშავაში ვიზიტისას“, - აღნიშნა კონგრესმენმა ჯო უილსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

antoni

2017-08-04 13:39:46

დაჩოქება აუცილებელი არაა; როცა რუსეთის შემოსავალი ბუნებრივი სიმდიდრეების გაყიდვის თანხაზე დაჯდება და ამ სიმდიდრეების (ნავთობი, გაზი, ხე-ტყე, მეტალი) ფასი დაიწევს, პუტანის კრიმინალურ-კორუმპირებული ხელისუფლება ჟირაფივით წაიქცევა - მოულოდნელად და ვერადგომის პერსპექტივით
რუსეთი მარტო მოსკოვი და ს/პეტერბურგი ხომ არაა? სხვაგან ლოთობა, შიმშილი და სიბინძურეა. ჰოდა ვერგამოზარხოშებული რუსი ურას დაიძახებს და ... "პროშაი ნემიტაია როსია"

DDDzia

2017-08-04 14:20:22

"ბათუმი ჩვენს ინტერესებშია"-ერდოღანი

http://npa.ge/1/2/671--.html

( ენ პი ეი) რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა განაცხადა, რომ "თურქეთის ინტერესებში შედის შემდეგი ქალაქ-რეგიონები: კვიპროსი, ხალეპი, მუსული, არბილი თესალონიკი, კირძალი, ვარნ, ეგეოსის კუნძულები და ბათუმი. თურქეთი მარტო ეს თურქეთი არ არის”- დასძინა ერდოღანმა.
თურქეთის 79 მილიონი მაცხოვრებლის გარდა სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში, კიდევ არსებობს ასობით მილიონი ჩვენი ძმა, ვისთანაც გვაქვს ისტორიული კავშირები . ჩვენს ინტერესებში შედის ერაყი, სი/რია, ლიბია, ყირიმი, ყარაბაღი და სხვა საძმო რეგიონები. როდესაც თურქეთი თავის დამოუკიდებლობას და მომავალს დაკარგავს, ჩვენც მაშინ დავკარგავთ ინტერესს ამ ტერიტორიების მიმართ. უამრავი ისტორიკოსი განიხილავს, რომ თურქეთის საზღვრებში უნდა შედიოდეს კვიპროსი, ხალეპი, მოსული, არბილი, კირკუტი, ბათუმი, თესალონიკი, კირძალი, ვარნა, დასავლეთი თრაკი და ეგეოსის კუნძულები”-აღნიშნა ერდოღანმა.აღნიშნულის შესახებ, თბილისში, თურქეთის საელჩოში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

arsenavar

2017-08-04 14:48:13

რამდენიმე წლის წინ ვინ იფიქრებდა ისევ ამდენი პრობლემა თუ გვექნებოდა შინ თუ გარეთ, ნეტავ იმ დროს აქ რომ ვიქნევდით ხმალს და ვებრძოდით ნაცბოზბანდას ვის რითიც შეგვეძლო, იმედი მაინც გვქონდა ახლანდელისგან განსხვავებით, დაიკარგა ის ხალხი თუ მე რაკი ვერ შემოვდიოდი საიტზე, ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ისინიც, ანდა აზრს ვეღარ ხედავენ ვერაც თქმაში, ის ძველი გვარდია: ლამე, მარე, იერემია, თუთა, ცერეცო და ასე შემდეგ, სახელებიც კი გადამავიწყდა მათი... ჰოო, არსენა ვარ...

tngh

2017-08-06 18:13:32

ბ-ნო ანტონ!!! თვენ თვითონ თუ გჯერავთ იმის, რასაც სწერთ???

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80