ინციდენტი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე
რეტრომედია

ინციდენტი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე

ინციდენტი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე
„რეზონანსი“, 9 ნოემბერი, 2009 წელი

2017-08-09 10:29:44

სომხეთს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის მოწესრიგებაში ნატო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ სიმონსმა ერევანში ყოფნისას განაცხადა.

სიმონსის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ ალიანსს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ტექნიკური დამხარების გაწევის თხოვნით მიმართა, რაც ქვეყანას კონტრაბანდასა და ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმარება.

ეს ყველაფერი იმ ინციდენტის კვალდაკვალ გახმოვანდა, რომელიც, სომხური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სომეხი მესაზღვრეები საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას - ბოძების დადგმისას ქართველი მესაზღვრეების წინააღმდეგობას წააწყდნენ. ამავე წყაროების ცნობით, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზღვართან ქართული არმიის ნაწილები გამოჩნდნენ, თუმცა საქმეში ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებათა ხელმძღვანელების ჩარევის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა.

ეს ინციდენტი ოფიციალურმა ერევანმა "სამსახურებრივ კამათად" შეაფასა, ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციას საერთოდ უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სომხური მედია საქართველოსა და სომხეთს შორის სასაზღვრო დავაზე ამახვილებს ყურადღებას. სექტემბერში ადგილობრივი მედიით გავრცელდა ცნობები ქართველი მესაზღვრეების მიერ სომხეთის კუთვნილ სოფელ ბავრასთან ტერიტორიის უკანონოდ მიტაცების შესახებ.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სომხეთის ხელისუფლება ნატოს თავისი სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ საქართველოს მონაკვეთის მოწყობაში სთხოვს ტექნიკური სახის დახმარებას. როგორ იმოქმედებს ეს საქართველო-სომხეთის საზღვრის დადგენის პროცესზე?

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი კობა ბოჭორიშვილის განცხადებით, საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაში ნატოს ჩართვა დადებითი იქნება, თუმცა განცხადებაში ეს აღნიშნული არ ყოფილა და არც ნატოს კონპეტენციაში შედის მსგავსი საკითხების გადაჭრა.

ცნობისათვის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მთლიანი სიგრძე 224 კილომეტრს შეადგენს. საზღვრის დადგენა საბჭოთა პერიოდის რუკებით ხორციელდება. ამ დროისათვის შეთანხმება 160 კოლომეტრთან დაკავშირებით არის მიღწეული. დანარჩენი 64 კილომეტრის ზოგიერ მონაკვეთზე მხარეებს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა და სწორედ ამ პერიმეტრზე ხდება ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის უთანხმოებები.

ამ საკითხზე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის სამთავრობათაშორისო კომისია მუშაობს, რომელიც 1995 წელს შეიქმნა და სადაც ორივე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები შედიან.

"ინფორმაცია საზღვრის მოწყობაზეა და არა დადგენაზე. ასეთი შეფასება არასწორია, ისევე როგორც, არასწორად იყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 4-ში ქართველ და სომეხ მესაზღვრეებს შორის ინციდენტი მოხდა. თან სომხებს ნატოსთვის საზღვრის დადგენისათვის რატომ უნდა მიემართათ? ეს საგარეო საქმეთა სამინისტროების კომპეტენციაა.

რამდენადაც ვიცი და რა მასალასაც გავეცანი, იქ საუბარი არ არის, რომ ნატო ერევანს დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში დაეხმარება. საუბარია მხოლოდ ტექნიკურ აღჭურვაზე - სენსორები, ტრანსპორტი ან სხვა საშუალებებით დახმარებაზე", - განმარტავს კომისიის ერთ-ერთი წევრი ვახტანგ დათუნაშვილი.

ტერიტორიის რა ნაწილია სადავო და რატომ ვერ ხდება შეთანხმება? ან არის თუ არა ამ დანარჩენ 64 კილომეტრიან ზოლში რაიმე ქართული ისტორიული ძეგლი?

კომისიის ქართული მხარის წარმომადგენელი ივერი მელაშვილის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და არანაირი ინციდენტები ამ მიმართულებით არ ხდება. მისივე განმარტებით დეტალებზე პრესის საშუალებით საუბარი პროცესზე ცუდ ზეგავლენას მოახდენს და ამიტომაც არ ხმაურდება.

ივერი მელაშვილი: "ცხადია, რა ფაქტობრივი საზღვარიც გვაქვს, იმის მიხედვით მიმდინარეობს შეთანხმება. საბჭოთა რუკის მიხედვით ხდება საზღვრის დადგენის პროცედურები, რადგან 70 წლის განმავლობაში ჩვენ სხვა არაფერი გვქონდა. დეტალებში შესვლა არ იქნება კარგი, რადგან პრესაში გასულმა ნებისმიერმა ინფორმაციამ შეიძლება პროცესზე ცუდი ზეგავლენა იქონიოს.

ისტორიული ძეგლი ამ სადავო 64 კილომეტრზე არ არის. სოფელ ბავრასთან დაკავშირებითაც მხოლოდ 400 მეტრით შესვლაზე იყო საუბარი და ისიც არასწორი ინფორმაცია იყო სომხური პრესის მხრიდან. ჩვენი მესაზღვრეები ისევ იქ დგანან, სადაც უნდა იდგნენ. ახლაც ჩვენს საზღვარშია ეს სოფელი და ორივე მხარე აკონტროლებს".

იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას ნატო- ჩართვა საზღვრების მოწესრიგების საკითხში და იქნება თუ არა ეს მომგებიანი საქართველოსთვის?

- ოფიციალურ სომხეთის მხრიდან მსგავსი მიმართვა არ მსმენია. რადგან ეს პროცესი შრომატევადი და ხანგრძლივია, შესაძლოა დახმარება გაუწიოს ნატოს წარმომადგენლობამ, თორემ უშუალოდ ჩართვა და მოლაპარაკებები მათთან არ მგონია შესაძლებელი იყოს. მსგავსი პრაქტიკის შესახებ არ მსმენია.

ცნობისათვის, თუკი ორივე მხარემ მოიწადინა მესამე პირის ჩართვა, ჩვენთვის წამგებიანი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მართალი პოზიცია გვაქვს, სხვისას არაფერს ვითხოვთ და რასაც ვითხოვთ, იმაზე არგუმენტები გაგვაჩნია".

 

 

 

 

ნანახია - 359

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80