„ინტერ რაო“ - პოლიტიკური იარაღი თუ დაზარალებული კომპანია?!
ეკონომიკა

„ინტერ რაო“ - პოლიტიკური იარაღი თუ დაზარალებული კომპანია?!

„ინტერ რაო“ - პოლიტიკური იარაღი თუ დაზარალებული კომპანია?!
მარიამ თოდაძე

2017-08-09 18:30:21

იქცევა თუ არა რუსული კომპანია პოლიტიკურ იარაღად საქართველოს წინააღმდეგ, ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა, როდესაც საქართველოში რუსულ ინვესტიციებზეა საუბარი ექსპერთა ერთ ნაწილს მსგავსი მოლოდინი ნამდვილად აქვს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის და ლიბერალიზმის პირობებში არასერიოზულია მსგავსი თემების წამოწევა.

პოლიტიკური მოტივი გააჩნია თუ ეკონომიკური და იურიდიული საფუძველი მართლაც რეალურია, ამ ეტაპზე გარკვეული არ არის, თუმცა ფაქტია, რომ რუსული კომპანია, რომელიც თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელია, მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მეორედ უჩივის საქართველოს და სერიოზულ კომპენსაციას სთხოვს.

სტოკჰოლმის შემდეგ, „ინტერ რაომ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი ლონდონში, მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრშიც შეიატანა. ნიდერლანდებში რეგისტრირებული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიები ქართული ეროვნული ვალუტის დევალვაციის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 175 მილიონ დოლარს ითხოვენ.

„ინტერ რაოში“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება ინვესტიციების სტიმულირებისა და დაცვის შესახებ, როდესაც ლარის დევალვაციის დროს ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი არ გაზარდა.

„ინტერ რაოს“ ახალი სარჩელი შინაარსობრივად იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში იყო“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ქართული მხარის იურისტები საქმის დეტალებს სწავლობენ და მოქმედების სტრატეგიაც ამის შემდეგ იქნება დადგენილი.

„ეს ახალი სარჩელი რეალურად არის სხვა ინსტიტუციის გამოყენებით ინიცირებული სარჩელი, თუმცა შინაარსობრივად იგივეა, რაც პირველ შემთხვევაში იყო და შეეხება ტარიფებს. შინაარსობრივად სარჩელები არის ერთი და იგივე, უბრალოდ, მათ დაამატეს მეორე ინსტიტუცია, რომელიც არის საქართველოსა და ჰოლანდიას შორის გაფორმებული ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულება“, - აცხადებს ვალიშვილი.

მისივე ვარაუდით, როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალეს, რომ ეს ინსტიტუტი იყოს გამოყენებული, თუმცა დავის შინაარსი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, როგორიც ეს იყო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო დავის შემთხვევაში, რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ შეიტანეს.

როგორც ვალიშვილი განმარტავს, საკმაოდ მოცულობითი მასალებია. საქართველოს კი ჰყავს დაქირავებული იურისტები, რომლებიც ამ საქმის საკონსულტაციო ნაწილს ამუშავებენ.

„ჯერჯერობით დავის განხილვის ეტაპი არ დაწყებულა, ახლა მასალების შესწავლა მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით სტრატეგიაზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ და რა არგუმენტები და პოზიციონირება ექნება ქართულ მხარეს დავის მთავარ ეტაპზე გადასვლის მომენტისთვის“, - აცხადებს ვალიშვილი.

შეგახსენებთ, „ინტერ რაო“ საქართველოს მთავრობა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების აწევაზე უარის თქმის გამო უჩივის და 175 მილიონი აშშ დოლარის ზარალის კომპენსირებას ითხოვს.

გაზაფხულზე, როდესაც პირველი სარჩელი შევიდა საარბიტრაჟო სასამართლოში, ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი, კახა კალაძე აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება და საქმე, შესაძლოა, არბიტრაჟამდე არ მისულიყო.

როგორც ჩანს, მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა, რადგან საქმის განხილვა საარბიტრაჟო სასამართრლოშიც დაიწყო და რუსულმა მხარემ კიდევ ერთი, ახალი სარჩელიც მოამზადა.

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ცნობით, ახალი სარჩელი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრშია შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ ივნისში სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში პროცესი დაიწყო, რა საქმესთან მიმართებაშიც კომპანია „ინტერ რაო“ 125 მილიონ აშშ დოლარს, ასევე ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას ითხოვს.

„ინტერ-რაოს“ სტრუქტურები, , Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V.დარეგისტრირებულები არიან ნიდერლანდებში და ფლობენ ქართული გამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 75 %-ს და „ხრამ ჰეს 1“-ს და „ხრამ ჰეს 2“-ს.

რუსული კომპანიის კონფლიქტი საქართველოს მთავრობასთან 2015 წელს დაიწყო, როდესაც ლარის დევალვაციასა და ელექტროენერგიის თვითღირებულების გაზრდის გამო რეგულატორისგან ელექტროენერგიაზე ტარიფების მკვეთრი ზრდა მოითხოვეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი მიიჩნევს, რომ პრეტენზიებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ რუსული „ინტერ რაოს“ მხრიდან იურიდიული საფუძველი არ აქვს.

სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში ელოშვილმა დაადასტურა, რომ მხარეებს შორის არსებულ მემორანდუმში ნამდვილად არის ჩანაწერი, რომელიც რუსულ კომპანიას ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში ტარიფების გაზრდის უფლებას აძლევს, თუმცა, ქართული მხარე შეთანხმების სხვა პუნქტებზეც მიუთითებს, რომლებიც მას პრივილეგიას ანიჭებს.

მინისტრის თქმით: „უცებ, ოთხი წლის შემდეგ პრეტენზია წამოგვიყენეს და მემორანდუმის გარკვეული პუნქტები გაააქტიურეს. მათი მოთხოვნების 90-95%-ს არანაირი იურიდიული ან მორალური საფუძველი არ გააჩნია“.

იურისტების აზრით, სარჩელების პერსპექტივა შეთანხმებების ფორმულირების მკაფიოობასა და არბიტრების განხილვა-გააზრებაზეა დამოკიდებული.

აქვს თუ არა რეალური საფუძველი იმ არგუმენტებს რასაც მოსარჩელე ასახელებს, მარიამ ვალიშვილის თქმით, ამის პროგნოზირება რთულია. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მსგავსი დავები ხშირად მორიგებითაც სრულდება, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს არსებობს თუ არა ასეთი შესაძლებლობა.

ნანახია - 1106

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80