წითელი არმია ქართულ ხალხურ პოეზიაში
რეტრომედია

წითელი არმია ქართულ ხალხურ პოეზიაში

წითელი არმია ქართულ ხალხურ პოეზიაში
„ლიტერატურული საქართველო“, 13 მარტი, 1938 წელი

2017-08-10 10:22:51

ლენინისა და სტალინის მიერ შექმნილი წითელი არმია ხალხის ღვიძლი შვილია, მშრომელთა მტრების შემმუსვრელი მძლეთამძლე ჯარია. მისი ძლევამოსილობა შიშის ზარსა სცემს სოციალიზმის ქვეყნის მტრებს. სამოქალაქო ომების ცეცხლში ნაწრთობი წითელი ჯარი, დიდი სტალინის მზრუნველობით გაიზარდა მსოფლიოში უძლიერეს არმიად. მისი საომარი უპირატესობა საბჭოთა ქვეყნის ხალხებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მშვიდობიანობის კეთილდღეობა კომუნიზმისაკენ წინმავლობისთვის.

ამიტომ არის, რომ ბედნიერი ხალხის ბედნიერი სიმღერები წითელი ჯარისადმი უსაზღვრო სიყვარულით ჟღერს. ამიტომ არის რომ ხალხური პოეზიის ფანდური ესოდენი გატაცებით უმღერის მშობლიურ წითელ არმიას, მისი ძლევამოსილების გამომჭედს, ბრძენ სტალინს და მის თანამებრძოლს, უძლეველი არმიის მამაც მხედართმთავარს ვოროშილოვს.

ოქტომბრის დიდი სოციალისტური რევოლუციის შემდეგ აღსდგნენ ხალხის მტრები, თეთრი გენერლები, კოლჩაკი და იუდენიჩი, დენიკინი და ვრანგელი, მაგრამ ხალხი ზურგს უმაგრებდა და ბრძოლაში შველოდა თავის საყვარელ წითელ არმიას. სადაც კი ფრონტი გაირღვეოდა, ლენინ-სტალინის პარტია იქ გზავნიდა ბრძენსა და მამაც სტალინელს და ბრძოლაც მოგებით თავდებოდა.

კაპიტალისტების საზიზღარი აგენტები მენშევიკები ახერხებდნენ საქართველოში დროებით საკუთარი ბატონობის დამყარებას. მაგრამ კომუნისტურმა პარტიამ მალე დაანახვა მშრომელ ხალხს მენშევიკების გამცემლური პოლიტიკა და ქართველი მუშები და გლეხები ერთსულოვნად აჯანყდნენ მათი ბატონობის დასამხობად:

„მენშევიკების მთავრობა,

გვაწუხებს მთა და ბარადა,

ხარ-ძროხა, ჩვენი ქონება,

მიაქვთ მათ ძალით-ძალადა!

ვერ მოვითმინეთ, ავჯანყდით,

გლეხ-შვილნი, მთა და ბარავი,

ზოგი თოფითა, ზოგი ხმლით,

ზოგიც ხელცარიელადა,

ბოლშევიკები გაგვიძღვნენ,

სახელოვანი გვარადა“.

ქართველი ხალხის გამყიდველმა მენშევიკებმა უცხოეთის კაპიტალისტების, ინტერვენტების ხიშტების დახმარებით მოინდომეს მუშათა და გლეხთა აჯანყების სისხლში ჩახშობა. დახვრიტეს დემონსტრაციები, სოფლებს გვარდიელები შეუსიეს. ამ დროის ხსოვნა ამგვარად დარჩა ქართულ ხალხურ სიმღერაში:

„მენშევიკების ხელშიო,

ვერ გავიმართე წელშიო,

ყაჩაღად გადავარდნილი

ვკვდებოდი ტყე და ღრეშიო.

შეჭამეს გაანადგურეს,

გაქელეს საქართველოო,

ჩვენ კი შიმშილით ვკვდებოდით,

დრო გახლავთ „სანაქებოო“.

კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით მებრძოლი ხალხი ჰქმნის შეიარაღებულ ძალებს, აწყობს წითელ პარტიზანულ რაზმებს, რომელნიც თავგამოდებით იბრძვიან მენშევიკებისა და უცხოელი ინტერვენტების ბატონობის დასამხობად. ხალხი უმღერის წითელ-პარტიზანთა ვაჟკაცობას და სიმამაცეს:

„იორამ ჩაბორდაშვილი

ამოღებული ხმალია!

თოფი აიღო, გავარდა,

მთლად დასძრა მთა და ბარია.

დაეცნენ გვარდიელები,

გავარდა როგორც ქარია,

დაეცით გვარდიელებო,

მოდიან ბოლშევიკები,

სროლა იციან მწარეა,

გასწყვიტონ თქვენი სახელი

დღე დაგიყენონ მწარეა!“

შეუპოვარი და გმირული ბრძოლის მოსაგონებლად ხალხმა მრავალი სიმღერა შექმნა:

„ვხოცეთ და ვჟლეტეთ გვარდია,

დაეხსომებათ მარადა!

ისე ვიბრძოდით გლეხშვილნი,

თავი გვეგონა ლომადა,

გვარდიელები დამფრთხალნი

გარბოდნენ ცალი-ცალადა!“

და როცა კაპიტალისტებისა და მემამულეების ბატონობა მუშათა და გლეხთა თავგანწირულმა ბრძოლამ საბოლოოდ დაამხო, ხალხმა გამოსთქვა სიხარულით აღსავსე სიმღერა ბოლშევიკების მამაცობისა და სახელოვანი მუშაობის შესახებ:

„ჩვენი ქვეყანა გაწითლდა,

სულ სხვა გვაქვს ბრძოლის ველია,

ზედ აღმოცენდა მთავრობა,

მუშის და გლეხის შვილისა.“

ქართველი ხალხი შეჰხარის წითელი არმიის ძლევამოსილებას, მტერთა შემმუსვრელ მის მძლეთამძლეობას, რაც უზრუნველჰყოფს სოციალიზმის ქვეყნის მშვიდობიან შრომასა და ბედნიერ ცხოვრებას:

„მადლობა არმიის სარდალს

ვოროშილოვსა კლიმენტსა,

ჯარებს მიუძღვის ლომივით

გოჯს არ დაუთმობს ჩვენს მტრებს“.

ხალხი თავისი შაირის მთქმელის გეჯურაშვილის ლექსით ფიცსა სდებს ბრძენი სტალინის წინაშე:

„გაითქვა საზღვარგარეთ

სტალინის სიძლიერე და გენია,

გამაგრდა გრანიცები,

მაგრა ჩასჭიდე ხელია,

მტერ მიჯრით ვეღარ გადმოვა,

დაედო მკვდრისა ფერია“.

საბჭოთა ქვეყნის აყვავებული ხალხური შემოქმედების ჩანგზე ჟღერს სულ ახალ-ახალი, ცხოველი სიმღერები მშობლიური წითელი არმიის ძლევამოსილების სადიდებლად:

„საზღვარზე ჯარი ჩამწკრივდა

წითელი დროშებისა,

ჩაუვლის ვოროშილოვი,

ლურჯა ულაყზე სოსო,

თუ ბიჭი არის გამოჩნდეს,

სადმე ლაშქარი მტრისა!

აქა ვარ, ჩონგურს გავძახი

ძილი დავაფრთხე ტყისა,

ლენინს ხსენება ბიჭებო,

სიცოცხლე სტალინისა!“

 

 

 

 

 

ნანახია - 304

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80