რუსული პროვოკაცია და გზავნილი თბილისიდან - „ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას“
პოლიტიკა

რუსული პროვოკაცია და გზავნილი თბილისიდან - „ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას“

რუსული პროვოკაცია და გზავნილი თბილისიდან - „ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას“
თამთა ქარჩავა

2017-08-10 11:30:26

რუსულ პროვოკაციას საქართველოს მთავრობა სამშვიდობო პოლიტიკას უპირისპირებს. საქართველომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ. ამის მიუხედავად, რუსული ოკუპაციიდან 9 წლის თავზე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას. რუსეთი ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

საქართველოს მიერ ღიად გაცხადებული საგარო კურსი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება. განცხადებას რუსეთის გაღიზიანება მოჰყვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდეს. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს ნატო-ს პოზიციის საპასუხოდ „საშინაო მონახაზები“ მზად ჰქონდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პერიოდულად აკეთებდა განცხადებას, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო.

ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვანებს შორის ყველაზე სერიოზული შეტაკება პირველ აგვისტოს მოხდა, რომლის შედეგადაც, 6 შეიარაღებული ოსი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. შეტაკების შემდეგ კვლავ გაგრძელდა ნულის, ავნევის, დვანის და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა. 8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს.

რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

ამის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია. ელჩის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, რაც ამყარებს ქვეყნის მდგრადობას და მის შესაძლებლობას, იმუშაოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაზე.

„საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს საკუთარი მისიის შესრულებას, რაც სტაბილურობასა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას გულისხმობს“, - აცხადებს იანოშ ჰერმანი.

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მომავალი უნდა.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდია თავისუფლების და მშვიდობის ფასი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მომავალი ჰქონდეს მას. რამდენიმე დღის წინ ავღანეთიდან ჩამოასვენეს სერჟანტი ბებიაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა.

ჩვენ დავდეთ პირობა, რომ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა და მეც ვიმეორებ, აშშ გმობს მცოცავ ოკუპაციას და ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, - განაცხადა იან კელიმ.

თავის მხრივ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში, „სამხრეთ ოსეთში“ მოხდა. მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ცხინვალში ოპერაცია ჩაატარა, ვინაიდან ვალდებული იყო თავისი მოქალაქეები დაეცვა.

„სიმართლე გითხრათ, 2008 წლის 8 აგვისტომდე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ 21-ე საუკუნეში ვინმეს შეუძლია „გრადი“ დაუშინოს თავის სახლებში მძინარე მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო სასტიკი მაგალითები გვაქვს. ერთი რამე უეჭველია - რუსეთი ყოველთვის მზად არის თავისი მოქალაქეები დაიცვას“, - წერს დიმიტრი მედვედევი.

რუსეთის პრემიერი მუქარის პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მის აფზას კოლეგას რაულ ხაჯინბას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ოკუპაციისა და ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობაა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაციის მცდელობების პასუხი ერთია - არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას, არასდროს არანაირი ხელოვნური მავრთულხლართები, თხრილები და მოგონილი საზღვრები არ გაყოფს საქართველოს მთლიანობას.

„ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს და საქართველო ყოველთვის გამოსულა გამარჯვებული. ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია. არანაირი ახალი ამბავი, ან ახალი რეალობა, ან ახალი გამართლება ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის. 2008 წელს კი არა 1921 წელს ქართველმა ბოლშევიკებმა მთელი საქართველო გადაუფორმეს საბჭოთა კავშირს და შულავერები და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროშის აღმართვას, მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი და ჩვენ მაინც ბოლოს მივაღწიეთ დამოუკიდებლობას.

მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში დევნილ მოსახლეობას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, პირველ რიგში, არის ჩვენს სიმტკიცეში და ურყევობაში. არაფრის დიდებით არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე თითქოს საქართველო რაიმენაირად იყოს გაყოფილი, ან რაიმე ფორმით შერყეული. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე. ასე იქნება და ამითი ჩვენ მივაღწევთ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის „ვიზიტს“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევად აფასებს. უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და მობილიზებით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება.

„საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ჩვენ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით, აქტიური დიპლომატიური ქმედებებით სამართლიანობას აღვადგენთ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი ღია გზავნილია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს და ზრდის ექსკლუზიურ კონტროლს.

„ჩვენი გზავნილი და ჩვენი პასუხი არის ძალიან ცალსახა - ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას. 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის განმავლობაში ადამიანებმა ქვეყნის თავისუფლებისათვის სიცოცხლე გასწირეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოცემულობასთან შეგუებას არ ვაპირებთ. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას. ეს იქნება მშვიდობიანი გზა, ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა, რადგან აღარ დავკარგოთ ახალი სიცოცხლე. ჩვენ განვითარებითა და ქვეყნის გაძლიერებით უნდა დავუპირისპირდეთ განგრძობად ოკუპაციას“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ნანახია - 1467

ანდრეი

2017-08-10 12:51:31

ბუუუ,ჰაააააა,ჰაააააააააააააა)))))))))))))))

ნუ შეეგუებით))))))))))))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80