ჩაბუქის ბედი 12 ოქტომბერს გადაწყდება, ოჯახის უსაფრთხოებაზე პროკურატურა ზრუნავს
საზოგადოება

ჩაბუქის ბედი 12 ოქტომბერს გადაწყდება, ოჯახის უსაფრთხოებაზე პროკურატურა ზრუნავს

ჩაბუქის ბედი 12 ოქტომბერს გადაწყდება, ოჯახის უსაფრთხოებაზე პროკურატურა ზრუნავს
თამთა ქარჩავა

2017-08-12 00:23:07

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც ბრალდებულს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სასამართლო პროცესი 12 ოქტომბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ უკვე დაუშვა პრეცედენტი, როდესაც მიკაილ კადიევის საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება გააუქმა და სამინისტროს მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა. აქედან გამომდინარე მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი დარწმუნებულია, რომ ვინაიდან სასამართლომ სარჩელი დასაშვებად მიიჩნია, გადაწყვეტილებაც ბრალდებულის სასარგებლო იქნება.

„ჩვენი სარჩელი, რომლითაც ვასაჩივრებთ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, მთელი რიგი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. 450-გვერდიანი დანართი ეხება კონკრეტულად მუსტაფა ემრე ჩაბუქს და იმ ვითრებას, რომელიც შექმნილია თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის სასამართლოში. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და ბათილად ცნობს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პროცედურა მიმდინარეობს ლტოლვილთა სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ბათილად არ ცნობს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ექსტრადაციის პროცედურა.

„ესეც იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა ჩათვლის საჭიროდ. თუ დაიწყება ექსტარდირების პროცედურა, ჩვენ წარვადგენთ დასაბუთებულად და არგუმენტირებულად ჩვენს პოზიციას, რატომ არ უნდა მოხდეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დემირელის კოლეჯის მენეჯერის ექსტრადირების პროცედურა არ მიმდინარეობს, საია იმ გარემოებებზე მიუთითებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს. სამართლებრივ კვლევაში, რომელიც საიამ წარმოადგინა, ნათქვამია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხის სწორად გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია, სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ მიმოხილვაში ასახულ საკითხებზე და იხელმძღვანელოს წარმოდგენილი სტანდარტებით.

გარდა ამისა, სამართლებრივ კვლევაში საია მიუთითებს რა უნდა შეაფასოს ქართულმა სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის განხილვისას, ანუ ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა თურქეთში არსებული ზოგადი ვითარება, თურქეთის ციხეებსა და დროებითი მოთავსების დაწესებულებებში არსებული პირობები, თვითნებური დაპატიმრება თურქეთში და ა.შ.

„სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობა შეიძლება დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა იქნება დაკმაყოფილებული - მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოქმედება შეფასდება დანაშაულად; გამოირიცხება პოლიტიკური დანაშაულის არსებობა; არ იარსებებს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოთხოვნილია იმ მიზნით, რომ მოხდეს მისი მსჯავრდება და დასჯა პოლიტიკური ნიშნით. ასევე, არ იარსებებს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქი გახდება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი; ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია საია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით 24 მაისს დააკავეს. საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა.

როგორც სოსო ბარათაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, თურქეთის პროკურატურას დამატებითი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ჩაბუქის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, არ წარმოუდგენია. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის თურქულმა მხარემ წარადგინა, ეს არის განცხადება, რომ ექსტრადირების შემთხვევაში არ განხორციელდება წამება და არადამიანური მოპყრობა.

„სხვა რამე, კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებით მათ არ წარმოუდგენიათ. რაც შეეხება მუქარას, რომელსაც დაკავებულის ოჯახის წევრები თურქეთიდან ღებულობდნენ, უსაფრთხოების გათვალისწინებით, მივმართეთ პროკურატურას, ამ მიმართულებით არის დადებითი გადაწყვეტილება. ჩვენი პოზიცია დაკმაყოფილდა, ხორციელდება გარკვეული ქმედებები ოჯახის დაცვის მიზნით. მეტად ვერ განვავრცობ ამ თემას, გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა

ნანახია - 1996

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80