მთვრალმა ამერიკელმა სამხედროებმა ქართველებთან იჩხუბეს
რეტრომედია

მთვრალმა ამერიკელმა სამხედროებმა ქართველებთან იჩხუბეს

მთვრალმა ამერიკელმა სამხედროებმა ქართველებთან იჩხუბეს
„რეზონანსი“, 4 ნოემბერი, 2009 წელი

2017-08-12 10:42:36

მთვრალმა ამერიკელმა სამხედროებმა ორ ქართველს სცემეს. ინციდენტი კვირას გვიან ღამით სასტუმრო „ვარაზთან" მოხდა. სამმა მთვრალმა ამერიკელმა სამხედრომ ჯერ სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორ ქართველს. ერთ-ერთმა ამერიკელმა ქართველს თავზე ბოთლი გადაამტვრია და მსუბუქად დაჭრა.

აღნიშნულ ინციდენტს ჰყავს თვითმხილველები, რომელთა განცხადებით, ჩხუბის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც მთვრალი ამერიკელი სამხედროები შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს თავდაცვის სამინისტრო. ამერიკელ სამხედროებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. როგორც მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, აღნიშნულ ინციდენტში რაიმე დიპლომატიური ჩარევა საჭირო არ არის.

„მსგავსი ინციდენტები ხდება ხოლმე. მითუმეტეს როდესაც არასამსახურეობრივ ფარგლებში არის ხოლმე შეხება. თუმცა, მზად ვართ ჩავერთოთ ამ საქმეში თუ ამის თაობაზე რაიმე ინფორმაცია ან რაიმე რეაგირების მოთხოვნა იქნება აშშ-ის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინციდენტი რამე სკანდალში არ გადაიზრდება," - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო კალანდაძემ.

„ვარაზთან" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღის ბოლოს კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა, რომლის თქმით მომხდართან დაკავშირებით გროვდება ინფორმაცია და ჯერ მისი მხრიდან კომენტარის გაკეთება ნაადრევი იქნება.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება დიპლომატიური არხები.

„თავისთავად დიპლომატიური არხების გამოყენება არ ნიშნავს, რომ საქმე პოლიტიკურ ჟღერადობას იძენს. ბუნებრივია, რომ ეს არის ჩვეულებრივი ყოფითი კრიმინალი. ნებისმიერ ჯარში არის ხოლმე თავისუფალი დრო, რომელსაც იყენებ როგორც გინდა. როცა არ ხარ სამსახურში, შეიძლება დალიო კიდეც, მაგრამ ამ დალევას მონელება უნდა, შეიძლება ვიღაცამ ზედმეტი დალია და ამის გამო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე ჩრდილის მიყენება სრულიად უსაფუძვლოა. კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული პასუხი მოეთხოვება, თვითონ ამერიკული მხარეც მოთხოვს პასუხს," - ამბობს დარჩიაშვილი.

ქართველი სამხედრო ექსპერტები ამ ფაქტს ჩვეულებრივ კრიმინალურ ფაქტად აფასებენ, თუმცა დამნაშავეების სათანადო დასჯას მოითხოვენ, იმ ხელშეკრულების გათვალისწინებით, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაფორმდა.

„როგორც ვიცი, ერთი წლის წინ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რეგულირდება სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო პროგრამებში საქართველოში. ამდენად, ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო ხელშეკრულება და უნდა იქნას გათვალისწინებული. სავარაუდოდ მათ საქართველოში არ გაასამართლებენ. ამ ხელშეკრულებით ქართული მხარე ვალდებულია ეს სამხედროები გადასცეს ამერიკულ მხარეს," - უთხრა „რეზონანსს" უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა.

„სამხედროებს აქვთ კონკრეტული აკრძალვები. მაგალითად ერაყში ალკოჰოლური სასმელი აბსოლუტურად აკრძალულია. რა ნორმატივებია გავრცელებული საქართველოში ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან, ეს უკვე ამერიკელებისკენ მიმართული შეკითხვაა ან ამაზე პასუხი თავდაცვის სამინისტრომ უნდა გაგვცეს. ვერ გეტყვით, ჰქონდათ მათ დალევის უფლება თუ არა.

რაც შეეხება ამ ინციდენტს, რა თქმა უნდა ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და ისინი შესაბამისად უნდა დაისაჯონ. ვინაიდან, ეს კრიმინალური ფაქტია. თუმცა, არ მგონია, რომ ეს გახდეს დიპლომატიური სკანდალის საფუძველი," - ამბობს სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური.

 

 

 

 

ნანახია - 267

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80