წლის სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში
რეტრომედია

წლის სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

წლის სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში
„ახალი ვერსია“, 23 დეკემბერი, 2002 წელი

2017-08-13 09:46:07

უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ბჭობა და კამათი იმის თაობაზე, არსებობს თუ არა საქართველოში შოუ-ბიზნესი. საქმეში ჩახედულთა ერთი ნაწილი ქართულ ესტრადაზე დღეს შექმნილ მდგომარეობას შოუ-ქაოსს უწოდებს და არგუმენტად მომღერალ-შემსრულებელთა არნახულ რაოდენობას ასახელებს.

სკეპტიკოსთა აზრით, რეალური შოუ-ბიზნესის სათავეებთან მისასვლელად საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ ყველაფერი არ დახარისხდება და ის მომღერლები არ დარჩებიან დიდ სცენაზე, ვისი ადგილიც ნამდვილად იქ არის.

მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ, რადგან თბილისში ტარდება სოლო-კონცერტები, იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, იყიდება ბილეთები და მომღერალი ამით ირჩენს თავს, ე.ი. შოუ-ბიზნესის ნიშნები უკვე არის საქართველოში.

მესამენი ჯერ კიდევ ჯიუტად აცხადებენ, ქართულ სინამდვილეში ბიზნესი - კიდევ ჰო, არსებობს, შოუსი კი რა მოგახსენოთო.

თავად მომღერალთა ნაწილი საქართველოში შოუ-ბიზნესის არსებობას ასე ასაბუთებს: „მასშტაბებსა და თანხებში მოვიკოჭლებთ, თორემ პირადი მცველი, პრეს-აგენტი და უცხოური შოუ-ბიზნესისთვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები ჩვენც ხომ დავნერგეთ პრაქტიკაში“.

ალბათ, საქართველოს ყველაზე მაღალმთიან და მიუვალ სოფლებშიც კი აღარ იხედებიან უცხო სიტყვათა ლექსიკონში ცნება „კლიპმეიკერის", „მენეჯერისა" და „პროდიუსერის" მნიშვნელობის გასაგებად. ეს უკანასკნელნი კი, იცოცხლე, საკმაოდ მოგვიმრავლდნენ საქართველოში. თუ ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ პროდიუსერული კომპანიის შექმნა უტოპიურ იდეად ითვლებოდა, დღეს ქართველ მომღერლებზე ზრუნვა და მათი მოვლა-პატრონობა უკვე ორმა ორგანიზაციამ - „არტ-იმედმა" და „5 ლაინს პროდაქშენმა" ითავა.

განსაკუთრებით ბადრი პატარკაციშვილის „მედია-ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია „არტ-იმედი" მოექცა საზოგადოების გადამეტებული ყურადღების ქვეშ. გავლენის სფეროს მოპოვებას იგი სქელი ჯიბით და პროფესიონალ მომღერალთა თავის ფრთებქვეშ მოქცევით შეეცადა. თუმცა, კომპანიის შექმნიდან პირველივე თვის ბოლოს ხმამაღლა და მკაფიოდ ალაპარაკდნენ იმაზე, რომ „არტ-იმედის" სათავეში არაპროფესიონალები არიან მოქცეულნი და ოლიგარქ პატარკაციშვილის ფულიც არამიზნობრივად იხარჯება. გარდა ამისა, საზოგადოების ქირქილს იწვევს კომპანიაში კადრების უწყვეტი დენადობა.

ზემოხსენებული პროდიუსერული კომპანიის გარეთ, ანუ მეორე ნაპირზე მოქცეული მომღერლების ნაწილი კი, რომ იტყვიან, ნემსის ყუნწში ძვრება „არტ-იმედელთა" კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და მათი კალთის ქვეშ მოსახვედრად. მეორენი კი თავს არ ზოგავენ, ინდივიდუალობისა და თავისუფლების დაკარგვას არ აპირებენ და დიდ ფულს საკუთარ პროფესიონალიზმსა და თავდაუზოგავ შრომას უპირისპირებენ.

ამის მაგალითად 17 დეკემბრის კონცერტებიც გამოდგება, როცა დათო ხუჯაძის სოლო-კონცერტს „არტ-იმედმა" თავისი მომღერლების დისკის პრეზენტაცია და გალა-კონცერტი დაამთხვია. თუ გაყიდული ბილეთების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, „არტ-იმედის" კონცერტი ბევრად უფრო წარუმატებელი აღმოჩნდა.

წლის სკანდალი

უხერხულ კონტექსტში წელს კიდევ ერთხელ იქნა ხსენებული კომპანია „არტ-იმედი". ამჯერად იგი ჩვენივე გაზეთმა ამხილა აფერაში. საქმე ეხება ეგვიპტეში გამართული საერთაშორისო ფესტივალიდან აჩიკო მეფარიძის მიერ ჩამოტანილ ყალბ ჯილდოს, რომელმაც შემდგომში მისი მენეჯერის სოსო ჯავახიშვილის სკამი შეიწირა.

მორიგი სკანდალი საქართველოში არსებულ მუქ ფერებზე, მოკლე კაბაზე, „მაგარ ზაგარსა" და მელოტ კუზე ამღერებულ გია გაჩეჩილაძეს, იგივე „უცნობს" გადახდა თავს, როცა გაჰიტებული მელოდიის „ვაგონი მიქრის" ავტორმა კოტე ნიშნიანიძემ იგი საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. უცნობმა მაშინ თავი იმით იმართლა, რომ „ვაგონის" პირვანდელი ვარიანტი სიყვარულზე, გაზაფხულზე და ყვავილებზე შექმნილი სიმღერა იყო, მან კი იდეა შეცვალა, ახალი ტექსტი დაწერა და სიმღერას საბოლოო სახე მისცა. ამ არგუმენტით მან თავი სიმღერის თანაავტორად მიიჩნია და განაცხადა, რომ კოტე ნიშნიანიძემ პოპულარობის მოპოვების მოკლე და იაფფასიანი გზა აირჩია.

წლის ბრძოლა

ნოემბრის შუა რიცხვებში თეატრალურ სარდაფში შეიქმნა „შეფიცულთა საძმო", რომელმაც ომი გამოუცხადა ე.წ. საშუალო სქესის წარმომადგენლებს. ახალი წამოწყების ერთ-ერთი ინიციატორი ტელეშოუ „ვის უნდა ოცი ათასის" პოპულარული წამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძეა:

„ცისფერობა ეპიდემიასავით მოედო ქვეყანას. სწორედ ასეთი ხალხი ათახსირებს, აბინძურებს და ბილწავს გარემოს. ჩვენი დევიზია: ძირს პედერასტები! სულ მალე კი ლესბოსელებსაც მოვუვლით".

ამავე პრობლემას გამოეხმაურა თავისი მიუზიკლით ანსამბლი „ივერია", რომელმაც თავისი 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიუზიკლი „თოვლის ბებოს ზღაპარი" გაარემიქსა და „რქიანეთი" დაარქვა. ძველი და ახალი თაობის ივერიელებმა კორუფციისა და „საეჭვოდ მინაზებული ვაჟიშვილების" წინააღმდეგ გაილაშქრეს.

წლის ქორწინება

ეს წელიწადი ფეხბედნიერი გამოდგა ქართული შოუ-ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენლისათვის. ასე მაგალითად, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ნებიერა ასულმა ცისანამ პროფესიით ეკონომისტ, ეროვნული ბანკის თანამშრომელ სოსო ზაქარეიშვილს დაუკავშირა ცხოვრება. ეკა კვალიაშვილმა დიზაინერ ბაკურ ბაკურაძის ძმაზე - ბესოზე შეაჩერა არჩევანი. მომღერალმა თამთა ჭელიძემ მსახიობ ჯაბა კილაძეზე დაიწერა ჯვარი. „ქუჩის ბიჭმა" ირაკლი ნოზაძემ, იგივე პიკასომ, მართალია, შარშან შეირთო ცოლად პარლამენტარ მიხეილ ოსაძის ახლო ნათესავი ანუკი ჟღენტი, მაგრამ ქორწილი ახლახან გადაიხადა.

წელს დაწყვილდნენ აგრეთვე ტელეწამყვანები ნანიკო ხაზარაძე, თეა გვასალია და ქეთი კეკელია. მათ მაგალითს კი ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ეკა ბერიძემაც მიბაძა და სახელმწიფო ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილეს ფინანსების დარგში, მათემატიკოს კახა ბექაურს გაჰყვა ცოლად. წელს გათხოვდა მსახიობი ლიკა ქავჟარაძეც.

წლის განქორწინება

უნიჭიერესი ქართველი კომპოზიტორი დათო ევგენიძე, რომელმაც წლეულს აგვისტოში პარიზში კომპაქტ-დისკიც გამოუშვა და ახალი კლიპიც გადაიღო, თექვსმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა თავის მეუღლეს, მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილ ნინა კალანდაძეს.

მეუღლეს გაშორდა აგრეთვე კოკა ყანდიაშვილიც, რომელმაც წლეულს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯით - პატარკაციშვილის „ტელე-იმედში" გენერალური დირექტორის პოსტის დატოვებით და აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმით მიიქცია. შემდგომში კი მედია-მაგნატთან ურთიერთობას შეცდომა უწოდა, მისგან წამოსვლისთანავე დამოუკიდებელ საქმიანობას დაუბრუნდა და კომპანია „პრემიერი" დააარსა.

წლის დედა

ამ ნომინაციის ერთპიროვნული ლიდერი მომღერალი ლელა წურწუმიაა, რომელიც ფეხმძიმობის ბოლო თვემდე სცენაზე იდგა და ენამოსწრებულადაც ხუმრობდა - თუ მოვიცალე, ბავშვს აუცილებლად გავაჩენო. პატარა მარიამის გაჩენიდან ორი კვირის შემდეგ კი ისევ ელიტურ წვეულებებზე გამოჩნდა და ერთ თვეში სოლო-კონცერტიც ჩაატარა.

დედობის ბედნიერება წელს ქართული ესტრადის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - ლიზა ბაგრატიონმაც შეიგრძნო, თუმცა იგი ჯერჯერობით არ ჩქარობს რეპერტუარის განახლებას, დიდ სცენაზე დაბრუნებას და მთელ ყურადღებასა და მზრუნველობას ნანატრ პირმშოს უნაწილებს.

წელს მოევლინა ქვეყნიერებას რადიო „ფორტუნას" წამყვან და ბოლო დროს „შვიდეულის" ჟურნალისტად ქცეულ ხატია შამუგიასა და „ქუჩის ბიჭ" გურამ ლომიძის ვაჟი ნიკუშა ლომიძე, რომელიც „ტოროლა" ნიკა ლომიძის სეხნია და ნათლულია.

წლის ჩვენება

აღნიშნული ნომინაციაში პირველობა სრულიად დამსახურებულად დაისაკუთრა დიზაინერმა მაკა ასათიანმა, რომელმაც მეტად ორიგინალური იდეა მალევე აასრულა და გაძლიერებული დაცვის თანხლებით პანკისის ხეობაში ჩაატარა ჩვენება.

მოგვიანებით „პანკისი-2002" დიზაინერმა ვენაში ჩატარებულ ქართული ხელოვნების ფესტივალზეც წარადგინა, რომელმაც ავსტრიელი აუდიტორიის დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მაკამ მოსკოვში გამართულ მოდის კვირეულზეც ჩაიტანა თავისი მოდელები და უკან კოლექციის გარეშე დაბრუნდა - მისი ყველა მოდელი ადგილზევე გაიყიდა.

წლის დანაკარგი

ავსტრიაში გამართულ ქართული ხელოვნების ფესტივალზე საქართველოს სახეს, სხვა ხელოვანებთან ერთად, ვირტუოზი ფლეიტისტი დათო ოძელაშვილიც წარმოაჩენდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის შემდეგ სასტუმროს ნომერში გაურკვეველ ვითარებაში იგი გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

 

 

 

ნანახია - 194

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80