ამიერიდან ხმაური "ძვირი სიამოვნება" იქნება
ეკონომიკა

ამიერიდან ხმაური "ძვირი სიამოვნება" იქნება

ამიერიდან ხმაური "ძვირი სიამოვნება" იქნება
ბექა დანელია

2017-08-15 10:00:39

15 აგვისტოდან გადამეტებული ხმაურისთვის შესაბამისი ჯარიმა გამოიწერება. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ივნისში შევიდა. ძნელი სათქმელია რამდენად მოხერხდება კანონის აღსრულება. საქართველოში უამრავი კანონია ძალაში, რომელიც პარლამენტმა კი დაამტკიცა, მაგრამ მისი თვალის მიდევნება და დაცვა, პრაქტიკულად, ვერ ხერხდება.

ხმაურის ამკრძალავი ადმისიტრაციული კოდექსის მოქმედ რედაქციაში დღის საათებად 08.00 საათიდან 23.00 საათამდე, ღამის საათებად კი 23.00 საათიდან 08.00 საათამდე პერიოდი განისაზღვრა. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა დონის ხმაურია შეზღუდული.

საცხოვრებელ სახლებში დღის საათებში ხმაურის შემღწევი ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 35 დეციბალს, ღამის საათებში კი - 30 დეციბალს. რეგულაციები დაწესდა იმ კაფე-ბარებისთვის, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავსებული. დღის საათებში ასეთ კაფე-ბარებში ხმაური არ უნდა აჭარბებდეს 50 დეციბალს, ღამის საათებში კი - 40 დეციბალს.

ღამის საათებში აიკრძალა პიროტექნიკის გამოყენებაც.  ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში ქმედების ხელმეორედ და ყველა მომდევნო ჩადენა კი ფიზიკური პირის - 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტის ინიციატორის, ბექა ოდიშარიას თქმით, ეს არის ევროპული მიდგომა, როდესაც რომელიმე ბიზნესი (კლუბები,გასართობი დაწესებულებები) არ იგებს სხვა ადამიანების შეწუხებისა და პირად სივრცეში ხმაურიანად შეჭრის ხარჯზე. დეპუტატის თქმით, ხმაურის დეციბალების დამდგენი ხელსაწყოები თავდაპირველად, შესაძლოა, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეულ ეკიპაჟს გადაეცეს, ხოლო შემდეგ დადგინდება, თუ ვინ გააკონტროლებს ამ საკითხს.

ხმაური არ იკრძალება ახალი წლის დღეებში, კერძოდ, 31დეკემბრის 21 საათიდან 2 იანვრის 23 საათამდე და 13 იანვრის 21საათიდან 14 იანვრის 23 საათამდე, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.

ცნობისათვის, "ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშირებული წესები" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ 2009 წელს მიიღო. ეს ეხება ადამიანის ორგანიზმზე ხმაურის მავნე ზემოქმედებას, განსაკუთრებით ღამის საათებში. დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბალი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში ხმაურის დონედ, განსაზღვრულია 55 დეციბალი.

ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ევროპის მოსახლეობის ყოველი მეხუთე მოსახლე 55 დეციბელზე მეტი ხმაურის ზონაში იმყოფება.

თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასეთ ხმაურიან გარემოში, არ არის გამორიცხული, რომ მას აუწიოს არტერიულმა წნევამ და პრობლემა შეექმნას გულის ნორმალურ მუშაობას. ასევე, პრობლემები შეექმნება სმენასთან და ძილთან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, მუდმივ ხმაურში ყოფა-ცხოვრებამ ადამიანის ფსიქიკაზე შეიძლება გავლენა იქონიოს და წარმოქმნას სერიოზული პრობლემები მასთან დაკავშირებით.

ხმაურის დონის შეზღუდვის მიზნით განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს შესაბამისი კანონები და ჯარიმები ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბებისთვის. მონტენეგროში, კოსოვოში, ხორვატიაში, დიდ ბრიტანეთში მოქმედებს კანონი "ხმაურისგან დაცვის შესახებ" და კანონშივეა გაწერილი ჯარიმები წესების დარღვევისათვის. ჩერნიგორიაში ჯარიმაა 3400 - 4000 ევრო, კოსოვოში - 500 - 1000 ევრომდე, ხორვატიაში - 1300-დან 2000 ევრომდე, დიდ ბრიტანეთში 5 000 - 20 000 გირვანქა სტერლინგი. ლატვიაში ფიზიკური პირებისთვის ხმაურის წესების დარღვევისათვის ჯარიმაა 30-355 ევრო, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 70-700 ევრო.

ნიუ იორკში მოქმედებს ხმაურის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც გადაჭარბებული ხმაურისთვის პირი ჯარიმდება 250 დოლარით პირველ ჯერზე, გამეორებით შემთხვევაში - 500 დოლარით, მესამე ჯერზე - 750, ხოლო მეოთხე ჯერზე - 1000 დოლარით.

ნანახია - 1254

natali

2017-08-15 11:43:16

ძალიან კარგი.

ორი დღის წინ ვიყავი ბათუმში. ჩინური რესტორანი რომ იყო ტბაზე, იმ კუნძულზე გაუხსნიათ ღია რესტორანი, ღამის პირველ საათზე იმისთანა ახჩიკა სიმღერებს გაჰკიოდნენ, შემეცოდნენ გარშემო მცხოვრებნი. შუა კვარტალში ეს რა უბედურებაა? არადა ადრე იმ შადრევნებიდან ისმოდა "გედების ტბა". იმისთვის ჩაუწევიათ და სამაგიეროდ ამ საშინელებას აუწიეს. ერთი ამის ნებართვის გამცემის ტვინში ჩამახედა, მაგრამ ალბათ ვიღაც ისეთისაა ვინც თვითონ გასცემს ნებართვებს და მისცა ნებართვა საკუთარ თავს, რა დაუშლიდა, სინდისი, ნამუსი თუ გემოვნება?:))) იმისთანა კლასიკას დაუწიეთ და რაღაც საშინელ უგემოვნობას დაუწიეთ? სირცხვილი არაა? ფუუუუ...მე პირადად იქეთ გამვლელი აღარ ვარ. კულტურის სამინისტროს ასეთი რაღაცეები არ უნდა ეხებოდეს? შუა ქალაქში, "მერიოტის" წინ რომ ამისთანა სამარცხვინო მუსიკებს გაჰკივიან შუაღამისას, როგორ მოქმედებს ახალგაზრდების გემოვნებაზე?

ცუგო

2017-08-15 12:12:50

natali ყოჩაღ! შენს თვალსა და ყურს არაფერი გამოეპარება, ან როდის ასწრებ ამდენს? შენნაირი უნდა იყოს უნდა იყოს ოპოზიაცია, მერე მაგათაც ეშველებათ და საქმესაც წაადგება. (მარტო ჯარის საკითხში არ გეთანხმები)

ცუგო

2017-08-15 12:15:34

ქუჩაში მოძრავ-მოღიალე ავტო-მოტო საშუალებებს რითი გამოავლენენ ძალიან მაინტერესებს, ის ხელოსნებიც უნდა დასანჯონ მაღალი ფულადი სანქციებით, ვინც მაგათ მაყუჩს გადაუკეთებს.

natali

2017-08-15 18:13:36

ცუგო
რა თვალი და ყური მაგას სჭირდება, პირდაპირ ყურები მტკივა ხოლმე, და მხოლოდ მე არა, ძალიან ბევრს:))))
ოპოზიციაში კი არ გამოვდგები და რატომ იცი? ეს მე, რიგით მოქალაქეს მაქვს უფლება ნაკლოვანებაზე მხოლოდ ვიყვირო, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში ხარ და ხელისუფლების მიერ გაკეთებული რამე არ მოგწონს, ალტერნატიული გეგმა უნდა გქონდეს მზად. აი ამისთვის იღებ ბიუჯეტიდან მილიონიან დაფინანსებას. და არა იმისთვის, რომ ჩემსავით მხოლოდ ნაკლი ეძებო და როგორ გამოსწორდეს არ იცოდე. მე კი ნამდვილად არ ვიცი როგორ უნდა გამოსწორდეს, პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია ზოგიერთი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით და პოლიტიკაში ვერ გამოვდგები.
მართალია ზოგჯერ ისეთ სიფათებს ვუყურებ და ისეთ რამეებს ვისმენ, რომ ვყვირი-გამოეთრიეთ პარლამენტიდან, მე უნდა შევიდე მეთქი, მაგრამ....:))))

natali

2017-08-15 18:20:43

არადა, თან ამ "ახჩიკა" მუსიკებს შეაჩვევენ ყურს და მერე ქართულად ასაღებენ, ამაზე მთლად ვცოფდები:))))))
კაცოო....გასაგებია სტუმრებს უნდა ასიამოვნო, მაგრამ ქართველები სადაც ჩავდივართ იქაურ ქუდს ვიხურავთ და როგორ ვახერხებთ, რომ ვინც კი ჩამოდის ყველა თავის ქუდს გვახურებს, ეს ვერ გავიგე. მოკლედ ბათუმში ქუდების ცვენაა რააა, ხოდა ჩვენც თავები გვაქვს მიშვერილი.:))))

ახლა ბოლო წინადადება დავწერე და ვინატრე ანდრეიმ არ წაიკითხოს:))))))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80