კარვები, შპალები და მოშიმშილეები
ეკონომიკა

კარვები, შპალები და მოშიმშილეები

კარვები, შპალები და მოშიმშილეები
ბექა დანელია

2017-08-16 18:30:22

რკინიგზის დეპარტამენტის წინ რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. მრავალი წლის განმავლობაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც “საქართველოს რკინიგზას” პროტესტის უკიდურესი ფორმით უპირისპირდებიან.

როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, გურჯაანის რკინიგზის სამსახურში მათი სამუშაო ადგილების გაუქმების შემდეგ, სამუშაოდ სადახლოში გადაიყვანეს, რის გამოც ჯერ თბილისში უწევთ ჩამოსვლა და შემდეგ - სადახლოში. შესაბამისად, მათ ხარჯი ეზრდებათ და ხელფასი, ფაქტობრივად, მისვლა-მოსვლაში ეხარჯებათ. ისინი ძველი სამუშაოს ადგილზე აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხელფასის მომატებასა და საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ, უჩა ღვთისიაშვილმა აღნიშნა, უკვე ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც მისცეს რკინიგზის დეპარტამენტს. “დავდექით რეალურად ფინანსური პრობლემების წინაშე, ხელფასი 500 ლარი გვაქვს და ნახევარზე მეტს ვტოვებთ გზაში. გვსურს, რომ დაგვაბრუნონ უკან”, - განაცხადა ღვთისიაშვილმა.

რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან მოშიმშილეებთან პროფკავშირების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

“სამსახურიდან, ფაქტობრივად, გათავისუფლებულია კახეთში მომუშავე ორი ადამიანი, მათ თვითნებურად შეუცვალეს სამუშაო ადგილი. მათ უწევთ გურჯაანიდან ჯერ თბილისში გამოცხადდნენ სამსახურში და შემდეგ წავიდნენ სადახლოს მიმართულებით. ჩვენ საკმაო ვადა მივეცით რკინიგზას, რომ შემდგარიყო დიალოგი, მაგრამ რკინიგზამ ეს დრო გაანიავა.

ამ ადამიანებმა, უბრალოდ, არ იციან როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. დღეს “საქართველოს რკინიგზა” უარს აცხადებს სოციალურ დიალოგზე, არღვევს კანონს და არღვევს ადამიანის უფლებებს”, - აცხადებს ვიტალი გიორგაძე, რკინიგზის ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელი.

ორგანიზაციამ მოუწოდა საზოგადოებას და პირველ რიგში რკინიგზაში დასაქმებულებს, გვერდში დაუდგნენ და მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონის მუშებს, რომლებსაც უსაფუძვლოდ შეუცვალა ადმინისტრაციამ სამუშაო ადგილი და ემუქრებათ სამსახურიდან გათავისუფლება.

რკინიგზის დეპარტამენტმა მოშიმშილე თანამშრომლებ მალევე უპასუხა.

როგორც რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა კლარჯეიშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა კახეთიდან სხვა რეგიონში სამუშაოდ გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს და მათი ტრანსპორტირების ხარჯებიც რკინიგზის დეპარტამენტის მიერ უზრუნველყოფილია.

“ბოლო პერიოდში კახეთის რეგიონში ტვირთბრუნვამ იკლო.  შესაბამისად, საჭიროებას აღარ წარმოადგენდა ამ ადამიანების ადგილზე მუშაობა. მათი გადაყვანა მოხდა სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში. რეორგანიზაციამდე გაკეთდა ახსნა-განმარტებები. ასევე რეორგანიზაციას წინ უძღოდა მათი წერილობითი თანხმობა ახალ რეგიონში გადასვლაზე.

სამწუხაროდ, რკინიგზის გარეთ აღმოჩნდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებსაც სურთ რკინიგზაში პრობლემების შექმნა. ჩვენ ორჯერ გავუგზავნეთ ამ ადამიანებს განმარტებითი წერილი და ვთხოვთ თანშრომლობის გაგრძელებას”, - განაცხადა ნანა კლარჯეიშვილმა.

რკინიგზის დეპარტამენტთან, სადაც რკინიგზელებმა შიმშილობა დაიწყეს, მცირე ინციდენტიც მოხდა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაშლა დაიწყეს.

ინცინდენტი მალევე ამოიწურა და მოშიმშილეებმა კარავი ისევ გაშალეს.

ნანახია - 1239

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80