ვაგონი მიქრის: ავლაბარი, აუდიტორია და პროფკავშირები ერთ კუპეში
ეკონომიკა

ვაგონი მიქრის: ავლაბარი, აუდიტორია და პროფკავშირები ერთ კუპეში

ვაგონი მიქრის: ავლაბარი, აუდიტორია და პროფკავშირები ერთ კუპეში
მარიამ თოდაძე

2017-08-18 18:00:54

საქართველოს რკინიგზის შენობასთან ორი რკინიგზელი შიმშილობის აქციას აგრძელებს, რკინიგზაში კი უკვე მათსა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობენ. აქცია უკვე ისეთ ფორმებს იღებს, რომ თუკი დიალოგი დროულად არ შედგა, შესაძლოა, გარკვეულმა ძალებმა, პროვოკაციის მოწყობა სცადონ, რაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს სიტუაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაზრდის საფრთხეს შექმნის.

რკინიგზის ორი თანამშრომლისა და პროფკავშირების წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნაა, მუშაობა კვლავ გურჯაანში განაგრძონ, ან სადახლოს ხაზზე გადაყვანის შემთხვევაში, სასურველი  პირობებით უზრუნველყონ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში, პროტესტის  მონაწილეები ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებით იმუქრებიან.

მოგვიანებით ერთმა მოშიმშილემ აქცია დატოვა და შიმშილობა მხოლოდ ერთმა რკინიგზელმა, უჩა ხვთისიაშვილმა განაგრძო. რაც შეეხება მეორე მოშიმშილეს, ვახტანგ ცისკარიშვილს, მასთან დაკავშირებით რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა აცხადებს, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა მასზე ზეწოლას ახორციელებს.

„ვახო ცისკარიშვილი ჯანმრთელობის კუთხით არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მას ამ დრომდე არ მიუღია საკვები და ის არის გადასხმებზე. როგორც თავად თქვა, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულების დოკუმენტს, მაგრამ ის არ აპირებს რკინიგზაში მუშაობას. მის ოჯახის წევრებზე მთელი ღამე მიმდინარეობდა ზეწოლა. როდესაც ვიკითხე კონკრეტული სახელი და გვარები, მან თქვა რომ მთელი კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობა, ყველა დონეზე იყვნენ ჩართულები იმ „სპეცოპერაციაში“, რაც ჩატარდა გუშინ მას შემდეგ, რაც ვახო ცისკარიშვილი გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ სახლში“, - განაცხადა ლეჟავამ.

მისი ინფორმაციით, ცისკარიშვილის ოჯახის წევრებს სამსახურიდან გათავისუფლებითა და ფიზიკური ძალადობითაც ემუქრებიან.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მისი ინფორმაციით, რკინიგზელებს დაუკავშირდნენ მათი უშუალო ხელმძღვანელები და ესაუბრნენ შეთავაზებულ პირობებზე.

„რკინიგზა მოუწოდებს მათ, რომ რაც შეიძლება დროულად დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე და გააგრძელონ საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაათავისუფლებენ“, - აცხადებს დაჩი ცაგურია.

მისივე შეფასებით, რკინიგზელთა და პროფკავშირების ქმედება პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამ მოვლენების უკან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინტერესები დგას.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცეპრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე, რომელიც რკინიგზელებთან ერთად უერთდება საპროტესტო აქციას, აცხადებს, რომ რკინიგზის ​ინფრასტრუქტურის დირექტორის მიერ გაკეთებულიგანცხადება, რომლის მიხედვითაც უახლოეს დღეებში თუ ეს ადამიანები სამსახურში არ გამოცხადდებიან, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ, პროვოკაციულია.

„ჩვენ ვგეგმავთ, გავზარდოთ სოლიდარობა და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ამ ადამიანების მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები და რკინიგზა არ წამოვა დიალოგზე, ეს პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება“, - აცხადებს ვიტალი გიორგაძე.

ის ამტკიცებს, რომ ამ ადამიანებთან არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ მედიის საშუალებით იგებენ ამას.

მოშიმშილე რკინიგზელებიც აცხადებენ, რომ 15 აგვისტოს მედიაში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ პირადად არავინ დაკავშირებიათ და სამსახურში დასაბრუნებლად პირობები არ შეუთავაზებია.

ერთ-ერთი მათგანის, უჩა ხვთისიაშვილის თქმით, მათ თავად სცადეს ადმინისტრაციასთან ტელეფონით საუბარი, თუმცა ზარებს არ პასუხობენ. მათ ღამე რკინიგზის შენობასთან გაათენეს სკამებზე, რადგან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე შეხვდა.

ანა დოლიძე დაინტერესდა იმ საკითხებით, რასაც პროფკავშირების წარმომადგენლები აპროტესტებენ და რის გამოც, რკინიგზის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო.

ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის წარიმართოს დიალოგი და მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებების ფარგლებში მოხდეს პრობლემატური საკითხების მოგვარება.

მისი თქმით, კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც ქვეყანას ავალდებულებს, დაცული იყოს მშრომელების ღირსება და მათი შრომითი უფლებები.

„მე გავეცანი იმ პრობლემას, რაც აწუხებს აქ მყოფ ადამიანებს. ვფიქრობ, გამოსავალი არის დიალოგში. მე ასევე მზაობა გამოვთქვი, შევხვდე საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და მოვისმინო მათი პოზიციაც”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა.

აქციის მონაწილეების ნაწილი ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლას აპირებდა, რისი უფლებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეთა თქმით, კარვის გაშლის უფლება კანონის ფარგლებში აქვთ. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებას ახორციელებდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი, აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, რაზეც რეაგირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ.

რკინიგზის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებენ. გარდა პროფკავშირების გაერთიანებისა და რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისა, აქციას ასევე შეუერთდა სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“.

ნანახია - 1606

natali

2017-08-18 18:25:05

რკინიგზას როგორც კი ახსენებენ, ვბრაზდები და ეგრევე ბათუმის მატარებელი მახსენდება. ვისც გიმგზავრიათ, ყველამ იცით, რომ ბილეთები ისე იყიდება, ადგილებს ვერ შეარჩევ და არის ერთი გაცვლა-გამოცვლა. რა უბედურებაა, ეს ელემენტარული რამ ვერ მოგიწესრიგებიათ? რა დიდი ამბავი მაგას უნდა, მიგასწავლით ვინც გაგიკეთებთ მაგ პროგრამას ძალიან იაფად მაგრამ.....
მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეძებთ უცხოურ კომპანიას, რომელსაც მილიონებს გადაუხდით და ქართულ კომპანიას არ დაუკვეთავთ მეტედ ფასში. რატომ? აბა თუ მიხვდებით რატომ:)))))

tngh

2017-08-18 19:38:29

ყველა "უბედურებას" შენ როგორ უნდა გადაეყარო, ნატალი... მე რამდენჯერაც ვიმგზავრე, ყოველთვის წესრიგი იყო...

natali

2017-08-18 21:58:09

:)))))))
ბედნიეროოოო.....

ერთხელ საერთოდ მეორე კლასით ვიმგზავრე და ვერ გადავცვალეთ. გვერდით შეყვარებულები მესხდნენ (3 ადგილიანზე), ჩემს მეგობარს კი დედა-შვილი. ასე ვისხედით 2 წლის უნახავი მეგობრები ცალ ცალკე. არადა რას ვემზადებოდით 5 საათი სალაქლაქოდ რომ იცოდეთ:))).

sipito

2017-08-18 22:30:27

ნატალი მართალი ბრძანდებით.... გუშინ ავიღე 1 სექტემბრის ბილეთები, მოლარეები აზრზე არ არიან მეორე სართულის ბილეთები რა რიგითობით იწყება, გაგაგზავნიან ზუსტად არ მახსოვს მთავარი მოლარე ქვია მგონი... ის გეტყვის საინფორმაციოში დარეკეო(იქვეა ტელეფონი) დარეკავ და "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" ფილმში ვერიო ანჯაფარიძის ყურის ყანწი თუ არ გაქვს ვერ გაიგებ ვერაფერს, არ იციან ფანჯრებთან რომელი ადგილებია ნუმერაციით.... ბიზნეს ლასი ღირს 99 ლარი ერთი გზა ანუ 2 გზა 198 ლარი(85$) პრაღაში გავფრინდი 2 გზა დამიჯდა 128$..... სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს.... ბატონი თნგჰ-თვის ყველაფერი აწყობილია ამ ქვეყანაში(ერთი ბურჯიკას გამოა ცოტა ნაწყენი მთავრობაზე თთორემ....)

sipito

2017-08-18 22:35:51

რაც შეეხება პეტრიაშვილს ვის დაკარგვია რა უნდა, რამდენი უსაქმური უნდა არჩინოს ამ მთავრობამ მაგრამ რკინიგზაშიც რომ ვერ არის დალაგებული სიტუაცია ეგეც ფაქტია

arichopra 2

2017-08-19 00:04:09

ერთხელ ასე 8-9 თვის წინად გადავწყვიტე ღამის მატარებლით მემგზავრა, მატარებელი თბილისი-ოზურგეთი. ბილეთი ავიღე ქუჩის ავტომატით, რომელმაც ბილეთის ფასს კიდევ რაღაც სკუთარი % დაამატა დაახლოებით 4-5% მდე!!! (განვმარტავ მაგალითად თუ ბილეთი ღირს 21 ლარი და აპარატმა დაამატა საკომისიო 1 ლარი ეს არის სწორედ 4-5%!)). სადგურში ტაქსით მისვლა დამიჯდა 5 ლარი. ავედი ჩემს კუპირებულ ვაგონში! ციოდა, მაგრამ "პრავადნიკმა" დაგვამშვიდა გორამდე დათბებაო!) აიძრა მატარებელი და მცხეთაში გადავწყვიტე მომეკითხა თეთრეული. პრავადნიკმა მითხრა ბილეთი როცა აიღე იქ თეთრეულის ქვითარიც უნდა აგეღო კიდევო?! არა და იმ ქუჩის აპარატს ასეთი რამ საერთოდ არ შემოუთავაზებია. ჩემს დღეში აღმოჩნდა მთელი ვაგონი, ისინიც კი ვინც სადგურში აიღო ბილეთი. ვეჯაჯღანეთ პრავადნიკს, ა ბიჯო აიღე ფული (თურმე 3 ლარი ღირს) და მოგვეცი თეთრეული, კაცი ხარ ქვეყანაზე თქო! არავითარ შემთხვევაშიიო, მომხსნიანო და ... დავწექით იმ დაფხავებულ ლებებზე ჩვენი პალტო კურტკებიანად. გორში დათბა! ყველაფერი რიგზე რომ ყოფილიყო მგზავრობა ლანჩხუთამდე დამიჯდბოდა 30 ლარი!!! ძვირია!

sipito

2017-08-19 00:42:26

არაუშავს არიჩოპრა მანქანით რომ წასულიყავი 120 ლარი დაგიჯდებოდა და გორამდე სიცივის ატანა კი ღირს 90 ლარი :))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80