კონსენსუსიც და კომპრომისიც მხოლოდ ამომრჩევლის ინტერესების საფუძველზე!
ბლოგი

კონსენსუსიც და კომპრომისიც მხოლოდ ამომრჩევლის ინტერესების საფუძველზე!

კონსენსუსიც და კომპრომისიც მხოლოდ ამომრჩევლის ინტერესების საფუძველზე!
დავით ზარდიაშვილი

2017-08-22 19:00:47

კონსენსუსზე ამდენი ხმაურის მიუხედავად, საარჩევნო სისტემების თაობაზე მიმდინარე დისკუსიაში, მთავარი სუბიექტის - ამომრჩევლის ინტერესებს, სინამდვილეში ყველაზე ნაკლებად ექცევა ყურადღება.

ერთი შეხედვით ამომრჩევლების ინტერესებს ამ დისკუსიშიც და ზოგადად - წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში, პოლიტიკური სუბიექტები - პარტიები უნდა გამოხატავდნენ, მაგრამ განა საქართველოში არსებობს ასეთი, ამომრჩევლის ინტერესებზე ორიენტირებული და გამართული  პარტიულ-პოლიტიკური სისტემა?!

ქვეყნის მთავარი პრობლემაც ხომ სწორედ ესაა, რომ ასეთი პარტიულ-პოლიტიკური სისტემა სინამდვილეში ჩანასახავონ მდგომარეობას არ გასცილებია! წარმომადგენლობითი დემოკრატიის საბაზისო ინსტრუმენტის - პოლიტიკური პარტიების როლს ჩვენში უმეტესწილად კლიენტელები ასრულებენ; კლიენტელა პარტიისგან იმით განსხვავდება, რომ იგი მეტ-ნაკლებად ღირებულ სოციალურ კაპიტალს არ ფლობს და მისი დასაყრდენი მოსახლეობის ესა თუ ის სოციალური ფენა კი არ არის, არამედ გავლენიანი პატრონი; ამ პატრონის გარშემო პოლიტიკურ პროცესში არა საზოგადოებრივ სიკეთეზე, არამედ, უმეტესწილად კერძო სარგებელზე ორიენტირებული პოლიტიკანური ჯგუფები იკრიბება, რომელიც საკუთარ თავს „პარტიას“ არქმევს ხოლმე; სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი არა სოციალურად ღირებულ ინტერესთა, არამედ ამ მსხილ-მსხვილ და წვრილ-წვრილ პატრონთა ჭიდილია; პატრონ-კლიენტელიზმის პრინციპებზე მომუშავე ასეთ  პოლიტიკურ პროცესს კი საზოგადოებრივი სიკეთე ნაკლებად მოაქვს;

პატრონ-კლიენტელიზმს მნიშვნელოვანწილად არსებული საარჩევნო პრაქტიკა   აყალიბებს და ასეთი პრაქტიკა გამართული პარტიულ-პოლიტიკური სისტემის შექმნას ყველაზე მეტად უშლის ხელს. მართლაც:

ისეთი პროპორციული არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, ამომრჩევლის ინტერესში ნაკლებად შედის, ვინაიდან ამომრჩეველი არავითარ მონაწილეობას არ იღებს მისთვის ფაქტობრივად ანონიმური საარჩევნო სიის ფორმირებაში და ამდენად, მანდატების განაწილებში მხოლოდ ნომინალურად მონაწილეობს; სინამდვილეში ამ მანდატებს იმ კლიენტელების, რომლებიც საკუთარ თავს „პარტიებს“ ხალხის მოსატყუებლად უწოდებენ, პატრონები ანაწილებენ. შედეგად - ამომრჩეველი ყოველთვის მოტყუებული და წაგებული რჩება, რადგან სიით არჩეული დეპუტატი მისი წარმომადგენელი სულაც არ არის, არამედ სინამდვილეში სწორედ იმ პატრონისაა, ვისგანაც სიაში ადგილი და მაშასადამე, მანდატიც ერგო. ამომრჩეველი არჩევანს არა საკუთარი ინტერესების გამომხატველ პარტიებსა და კანდიდატებს, არამედ ამ კლიენტელათა პატრონებს და მათ პარტიულ დასახელებებს, რაც უმეტესწილად ისევ პატრონთან იდენტიფიცირდება, შორის აკეთებს; ამის გამო წარმომადგენლობითი დემოკრატია ფარსს ემსგავსება.

განა შეიძლება რანგირებული სიებით პროპორციული არჩევნები ქვეყანაში, სადაც სერიოზული სოციალური კაპიტალის მქონე ნამდვილი პარტიები, რომლებიც მოსახლეობის მეტ-ნაკლებად ფართო ფენების ინტერესების გამომხატველნი იქნებიან, ნაკლებად არსებობენ?! ასეთი პარტიების გაჩენასაც, მოსახლეობაში ავტორიტეტისა და სოციალური წონის მქონე პიროვნებების პოლიტიკაში რეკრუტირებასაც პირდაპირ ხელს უშლის ამ ტიპის, ე.ი. „ამომრჩევლებისათვის ჩაკეტილი“ პროპორციული არჩევნები და ამასთან, ასეთი, არათუ ღია, არამედ „ჩაკეტილ-ჩარაზული“  არჩევნები ხომ პატრონ-კლიენტელიზმის, პოლიტიკანობისა და წვრილმანი თუ მსხვილმანი ინტრიგანობის დასაყრდენია!

მეორეს მხრივ - ოპოზიცია დიდწილად მართალია, როცა იგი მაჟორიტარულ არჩევნებს აკრიტიკებს; მაჟორიტარული არჩევნები, თუ ქვეყანაში მართლაც „რევოლუციური სიტუაცია“ არ არის, მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობის მეტად განმტკიცებას ემსახურება; მართლაც, ასეთი არჩევნების დროს მმართველი პარტიის  ფართობითი ელექტორალური უპირატესობა მოპოვებული მანდატების აბსოლუტურ უპირატესობაში გარდაისახება ხოლმე.

რასაკვირველია, არც ეს სისტემაა ამომრჩევლის ინტერესში, რადგან ოპოზიციური ამომრჩეველი ფაქტობრივად ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს არჩევნების შედეგებზე;  გარდა ამისა, არც მაჟორიტარი დეპუტატია მისი წარმომადგენელი. სინამდვილეში, იგიმმართველი პარტიის მიერ ერთგვარი „ტენდერით“ შერჩეული ყველაზე „გამსვლელი“სუბიექტია, რომელიც გარკვეული, როგორც წესი - ეკონომიკური პრივილეგიის სანაცვლოდ, მმართველ პარტიას მაჟორიტარისთვის დაწესებულ „პოლიტიკურ მომსახურეობას“ უწევს - იგი ამომრჩევლის ნების შესაბამისად პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაშიც, ნაკლებად მონაწილეობს, არამედ, როგორც წესი - მმართველ პარტიასთან საკუთარი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე გარიგებულია.

ამომრჩევლის ზურგს უკან დადებული ამ გარიგების პირობებით მან მიღებული პრივილეგიების სანაცვლოდ პროპორციულ არჩევნებშიც პარტიას ხმები უნდა მოუტანოს და რაც მთავარია,  პარლამენტსა თუ პარლამენტის გარეთ დომინანტური პარტიის პოლიტიკური მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს. მაჟორიტარები ყოველთვის მოგებულების მხარეს არიან - რასაკვირველია, ესეც პატრონ-კლიენტელური სისტემის ნიშანია!

მაშ, თუ არც არსებული პროპორციული და არც მაჟორიტარული არჩევნები ვარგა, არსებობს რაიმე სისტემა, რომელიც ამომრჩევლის ინტერესშია? დიახაც, არსებობს:

ეს ისეთი სისტემა უნდა იყოს, როცა ამომრჩეველი ანონიმურ სიას კი არ აძლევს ხმას, არამედ კონკრეტულ კანდიდატს, მაგრამ  მანდატები არა მაჟორიტარული პრინციპით (სადაც დომინანტურ პარტიას აქვს ხოლმე გადამწყვეტი უპირატესობა), არამედ პროპორციული წესით ნაწილდება!  როგორ? მაგალითად ისე, როგორც გერმანიაშია.

გერმანული მოდელი პროპორციული არჩევნების ნაირსახეობაა, თუმცა აქ მინიმუმამდეა დაყვანილი პროპორციული არჩევნების ის ნაკლი, რაც პარტიული სიის ანონიმურობაში და ამ სიის რანგირებისას ამომრჩევლის არ მონაწილეობაში მდგომარეობს. გერმანულის ანალოგიურად ასეთი სისტემა საქართველოში დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს:

ქვეყანა იმდენ საარჩევნო ოლქად, რამდენი წევრიც ირჩევა პარლამენტში, ე.ი. 150 მეტ-ნაკლებად თანაზომიერ (ე.ი.ამომრჩეველთა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის)  ოლქად არის დაყოფილი; 150 კაციან პარტიულ სიაში, რომელიც წინასწარ რანგირებული არ არის,  შეყვანილი ყოველი კანდიდატი ერთ-ერთ ოლქში აუცილებლად უნდა იქნეს წარდგენილი; თითოეული ოლქის საარჩევნო ბიულეტენში, ისევე, როგორც ეს მაჟორიტარულ არჩევნებშია ხოლმე, მიეთითება კანდიდატის  სახელი, გვარი და მისი პარტიულობა; ამომრჩეველი არა ანონიმურ სიას, არამედ კონკრეტულ ოლქში წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატს აძლევს ხმას.

თითოეულ ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ მიღებული ხმები ჯამდება და შესაბამისი პარტიული სიის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობას შეადგენს; ხოლო მანდატები ნაწილდება პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად, მაგრამ ისე, რომ ამ სიის რანგირებას არა პარტიული ხელმძღვანელობა (სინამდვილეში  - კლიენტელის პატრონი), არამედ - თავად ამომრჩეველი ახდენს - პარტიული სიიდან მანდატებს რიგითობის მიხედვით იღებს ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ოლქში მეტი ხმა მიიღო (პრინციპში, ოლქების უთანაბრობაც შეიძლება გათვალისწინებული იქნას, რადგან ამ შემთხვევაში ოლქში მიღებული ხმების არა აბსოლუტური, არამედ ფართობითი მნიშვნელობის მიხედვით „დალაგდება“ სია)!

ასეთი არჩევნები ყველაზე მეტად სამართლიანია და ამავდროულად ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს გამართული პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებასაც. რატომ? იმიტომ, რომ პარტიები თავინათ სიებში ეცდებიან შეიყვანონ არა  საზოგადოებისთვის უცნობი და ავტორიტეტის არ მქონე, არამედ კონკრეტულ ოლქშიც რაც შეიძლება მეტი სოციალური კაპიტალის მქონე პიროვნებები. რასაკვირველია, რისკი აქაც არის, რომ არსებული მაჟორიტარული არჩევნების პრაქტიკის მსგავსად, ოლქში წარდგენილი პარტიული კანდიდატი ისევ პატრონ-კლიენტელური „გარიგებით“ შეირჩევა, მაგრამ ეს რისკი გაცილებით ნაკლებია, რადგან მთელი პარტიული სიის ამგვარი გარიგებებით ფორმირება პრაქტიკულად გამორიცხულია, თუკი პარტია თავის „პოლიტიკურ სახეს“ და მაშასადამე - ამომრჩევლის ნდობასაც სრულად არ დაკარგავს.

მე მგონი, სწორედ ეს სისტემაა ყველაზე მეტად ამომრჩევლის ინტერესში, ხოლო  საარჩევნო სისტემის თაობაზე კონსენსუსი, თუკი ვითარების მართლაც სასიკეთოდ შეცვლა გვსურს, სწორედ ამომრჩევლის ინტერესებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს! ასევე, ასეთი საარჩევნო სისტემა შესაძლოა თითოეული მხარის - როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიისათვის მისაღები  კომრომისის მიღწევის ერთადერთი შესაძლებლობა აღმოჩნდეს! რატომ? იმიტომ რომ, როგორც ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს - ეს სწორედ პროპორციული არჩევნების სახეობაა, ხოლო მეორეს მხრივ - როგორც ეს მმართველ პარტიას სწადია, ამ არჩევნებში, მაჟორიტარულის მსაგვსად არა „კოლექტიური სახის“ მქონე, არამედ კონკრეტული ინდივიდები (სხვა საქმეა - რამდენად პატიოსანი და საზოგადოებრივი სიკეთისათვის მოწოდებულნი არიან ეს ინდივიდები, განსაკუთრებით ძვალი თუ ახალი მაჟორიტარების „ბუნებას“ თუ მივიღებთ მხედველობაში) მონაწილეობენ.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

ნანახია - 666

cugo

2017-08-22 19:31:35

დეპუტატის პირდაპირი წესით (მაჟორიტარული სისტემით) არჩევა უფრო დემოკრატიულია თუ სუბიექტური მოსაზრებებით შედგენილი სიის მიხედვით?.როცა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას მოითხოვენ და ამის უპირატესობას იმით ადასტურებენ,რომ ამომრჩეველი ახლოს გაიცნობს კანდიდატს,იგივე მეთოდს რატომ ეწინააღმდეგები დეპუტატების არჩევის დროს.არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ გარდა იმისა,რომ თავიანთი კრიმინალური წარსულის გამო ვერ მიდიან ხალხთან,მაგრამ ამას არ ამბობენ.თუ მაჟორიტარული სისტემა განსაკუთრებულ უპირატოსობას აძლევს ხელისუფლებას მაშინ რატომ დამარცხდნენ 2012 წელს.გარდა ამისა პროპორციული სისტემა ზღუდავს უპარტიო კენჭისყრის მსურველს.ნაციონალური მოძრაობა და მათი განაყარი პარტიები ისე არიან გაკოტრებულ-გამარგინალებულნი,მათი ხელისუფლებაში მოსაყვანი სარჩევნო სისტემა ბუნებაში არ არსებობს და ვერც დაიწერება.

tngh

2017-08-22 20:57:33

სამწუხაროა, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ახვლედიანი ნაც-ოპოზიციის მთავარ რუპორად გადაიქცა. მისი დემაგოგია უკვე ყველა ზღავრს გაცდა და ქ-ნ ნინოს მხარდამჭერებს აკარგვინებს. ის მთავარი მესიჯი, რომელიც საქართველოს გამთლიანებისათვის აქვს "დემოკრატიულ მოძრაობას" საერთოდ დაივიწყა ყველამ.

antoni

2017-08-22 21:44:37

ახვლედიანისა რატომ გიკვირთ? ის თარგამაძის იმ ნაცსატელიტი პარტიის წევრი იყო, რომელიც სააკაშვილმა შექმნა, 10 თცეში 11% ააღებინა, რვიანი მათ დაშალეს და და ბილოს კასკაც აჩუქა თარგამაძეს

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80