„ცეცხლოვანი დივერსია“ - ოპერისა და საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დაწვიდან ბორჯომის ტყის გადაწვამდე
დაიჯესტი

„ცეცხლოვანი დივერსია“ - ოპერისა და საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დაწვიდან ბორჯომის ტყის გადაწვამდე

„ცეცხლოვანი დივერსია“ - ოპერისა და საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დაწვიდან ბორჯომის ტყის გადაწვამდე
ნინო დოლიძე "ვერსია"

2017-08-25 15:12:48

ცეცხლი, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი - სკანდალური კულუარული პარალელები

 

იმდენი ვიძახეთ, მეტეორი გვესრლეო, რომ არსთგამრიგემ ჩვენი „ხვეწნა-ვედრება“ „შეისმინა“ და ნამდვილი ჯოჯოხეთი მოგვიწყო - აგვისტოს მიწურულს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძარმა ლამის ერთდროულად „იფეთქა“. ცეცხლი პირველად ბორჯომში გაჩნდა. შემდეგ კი, ხანმოკლე ინტერვალებით, სტიქიური უბედურება გორში, წეროვანში, ლაგოდეხსა თუ თუშეთშიც დატრიალდა. ზოგადად, როცა გვალვაა, ხანძარი გასაკვირი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელია - ამაზე დიდი სიცხეც გვახსოვს, თუმცა საქართველოს ულამაზესი ბუნება ერთიანად არ გადაბუგულა. სწორედ ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ სახეზე, არც მეტი - არც ნაკლები, დივერსიაა!

აღსანიშნავია, რომ დივერსიის ვერსიას ოფიციალური პირებიც არ უგულებელყოფენ. ასე, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენერალი კობა კობალაძე აცხადებს: „არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ეს ყველაფერი საკმაოდ ინტენსიურ, ორგანიზებულ და წერტილოვან სახეს იღებს... პირადად ჩემთვის შეიძლება, ბევრი რამ არის კითხვისნიშნის ქვეშ, მაგრამ მოვერიდები ამ საკითხებზე საუბარს, რადგან არის შესაბამისი ორგანო, რომელშიც არიან პროფესიონალები და ისინი შესაბამისი კვლევებისა და გამოძიების შემდეგ დადებენ ამა თუ იმ დასკვნას“.

ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიას არც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გამორიცხავს.

ამასთან, ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა ბორჯომის ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ასე ვთქვათ, მინისპეცოპერაციები ჩაატარეს - იმ დამსვენებელთა პირადი მონაცემებით დაინტერესდნენ, რომლებიც ბორჯომს 18-დან 21 აგვისტოს ჩათვლით სტუმრობდნენ.

დივერსიის მოსაზრება იმ გარემოებამაც გაამყარა, რომ 23 აგვისტოს, ნახანძრალ ტყეში საწვავის 20-ლიტრიანი ავზი იპოვეს. ამის თაობაზე ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა აკა სინჯიკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა:

„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა. შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო.

ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში.

ყურადღებით იყავით მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც! თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამ, მაშინვე 112-ზე დარეკეთ.

ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი, რა?!“

მოგვიანებით, „ხანძრების საქმეში“ „მოლოტოვის კოქტეილიც“ გაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ასევე სამოქალაქო აქტივისტმა, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ Fაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „არაფერს ვამტკიცებთ! მხოლოდ ფაქტებს ვასაჯაროებ! – დღეს, სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს, ჩვენმა ოთხკაციანმა ჯგუფმა, სოფელ დაბას შესასვლელთან მარცხენა, ერთ-ერთი მთის ფერდობის ბოლო მაღლობზე აღმოაჩინა აი, ეს ბოთლი, რომელიც ძალიან წააგავდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს, რაც იმან გვაფიქრებინა, რომ დამსხვრეული ბოთლის ყელში იყო დამწვარი ნაჭერი ჩარჩენილი, თავად ბოთლი კი საწვავის სუნით იყო გაჟღენთილი, მიუხედავად გადამწვარი ტყის ფერფლის მძაფრი სუნისა, რომელიც გარშემო ტრიალებდა და ფოტოზე ჩანს, ხეზე მიმსხვრეული, რაც ძალიან ადვილად აალებად „მოლოტოვის კოქტეილს“ აამუშავებდა!

ვიმეორებ: არ ვამტკიცებთ, რომ ეს დივერსიული აქტია. ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია!“

ბესო ჩუბინიძის ვერსია ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამაც დაადასტურა, რომელიც ბორჯომის ხეობაში მოხალისედ მუშაობს.

„სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიკური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა“, - აუწყა მედიას ქაცარავამ.

ისე, საეჭვო ავზისა და ბოთლის პოვნამდე კარგა ხნით ადრე, შესაძლო დივერსიაზე საუბარი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაიწყეს.

ზოგადად, გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, დღევანდელ ცხოვრებაში, მაგრამ მოდი, ვერსიების დონეზე განვიხილოთ, თუ ვინ და რა მიზნით აწყობს „ცეცხლოვან დივერსიებს“ საქართველოს წინააღმდეგ?

იგივე სოციალურ ქსელს თუ მოვიშველიებთ, მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილი, პრაქტიკულად, ღიად მიანიშნებს, რომ გახშირებული ხანძრის კვალი, შესაძლოა, ყოფილ მმართველ გუნდამდე მივიდეს. ეს მოსაზრება, შესაძლოა, აბსოლუტურად, უტოპიურია, მაგრამ ამ აზრის ლობისტები საზოგადოებას სააკაშვილის მომხრეთა იმ განცხადებებს ახსენებენ, რომლის თანახმადაც, საქართველოს ცხელი აგვისტო ექნებოდა. ჰოდა, იმ შემთხვევაში, თუ „ხანძრების საქმეზე“ გამოძიება დივერსიის კუთხით წარიმართება, ალბათ, ზემოხსენებული ვერსიაც უნდა გადამოწმდეს.

რა ხელს აძლევს ყოფილ ხელისუფლებას მასობრივი ხანძრები? თუ გახსოვთ, „ვერსიის“ ერთ-ერთ წინა ნომერში იმ ავანტიურის შესახებ ვწერდით, რომლის „გათამაშებასაც“ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი აპირებდეს ანუ როგორც „ვერსიას“ კონფიდენტებმა უთხრეს, ექსპრეზიდენტისთვის შესაძლოა, ხელსაყრელიც იყოს, უკრაინულმა მხარემ დააპატიმროს და, როგორც ძებნილი, საქართველოს გადმოსცეს. ყველანი ვთანხმდებით, რომ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების უმრავლესობა კეთილად არაა განწყობილი, მაგრამ თავისთავად სკანდალი იქნება, როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი „მატროსოვზე“ აღმოჩნდება და ამან მისი პოლიტიკური რენომე, შესაძლოა, რაღაცნაირად გაზარდოს.

მოკლედ, „ვერსია“ არაფერს ამტკიცებს, მაგრამ სააკაშვილის განცხადება, რომ 10 სექტემბერს უკრაინაში აპირებს ჩასვლას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძარი ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა, ფაქტია. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, გათვლა ასეთი იყო:

ათეულობით ჰექტარი ტყის გადაწვა, დიდი ალბათობით, საზოგადოების უკმაყოფილების გამოიწვევდა და ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ დაირაზმებოდა.

სხვათა შორის, ამ კონტექსტში საგულისხმოა უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ოთარ ჩრდილელის მოსაზრება, რომელიც სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ გადამწვარ ტყეში საწვავის ავზი აღმოაჩინეს:

„გაოგნებული ვარ! არა გატყუებთ - უფრო თავზარდაცემული!!! ვიღაც, რომელიც ამ მიწამ აღზარდა, ამ ხეებით სუნთქავს, ბორჯომის ხეობაში ალბათ, ,,სელფებსაც“ იღებს - ეს მზაკვრობა ჩაიფიქრა თუ განახორციელა, ეს დასადგენია... სასჯელს ვერც ვიფიქრებ!

აი, იმ ფილმში - ,,მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ სცენაა, როცა ვენახის ამჩეხავისთვის საზოგადოებას გამოაქვს განაჩენი.

ჯერ ეგ განაჩენი უნდა დადგეს და მერე კანონმა იკანონოს, სრული სიმკაცრით!!!“

იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება უნიათოა, იგივე სოციალურ ქსელში განცხადებები უკვე გაკეთდა. ამ კუთხით, თუ დავაკვირდებით, უმეტესად, ყოფილი მმართველი გუნდის მხარდამჭერები აქტიურობენ და გაიძახიან, აი, „ოცნებამ“ ისიც არ იცის, კრიზისულ ვითარებაში როგორ მოიქცეს და რომელ ქვეყნის მართავს ვთხოვთო.

ამასთან, დიდი განსჯის საგანი გახდა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის ჯამაგირი და პრემია-დანამატი. საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება კი იმან გამოიწვია, რომ ხანძარი უკვე კარგა ხნის გაჩენილი იყო, როცა აღნიშნული უწყება გამოჩნდა და ჯანელიძემ განაცხადა, საქმეში იმ დროს ჩავერთეთ, როცა ეს კანონით გვევალებოდაო.

კანონი და სამართალი გასაგებია, მაგრამ როცა ქვეყანა ლამის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ნორმატიული აქტებით ხელმძღვანელობა, მინიმუმ, უხერხულია!

ზემოთქმულის გარდა, მოსახლეობაში ასევე, აქტიურად მუსირებს მოსაზრება, რომ ფართომასშტაბიანი ხანძრების უკან შესაძლოა, რომელიმე მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახური იდგეს. მეტიც, ზოგიერთმა ექსპერტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ყველაფერი ეს რუსული სამხედრო დაზვერვის, ესე იგი, „გე-რე-უს'' ხელწერაა. შესაძლოა, ასეცაა...

იმის გამოცდილება, რომ ოკუპანტი ქვეყანა ჩვენს ულამაზეს ბუნებას ემტერება, გვაქვს: ზუსტად 9 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსულმა ბომბდამშენებმა სწორედ ბორჯომის ტყე-პარკი დაბომბეს. ამბობენ, ისტორია მეორდებაო. ჰოდა, ბორჯომის ტყესაც ცეცხლი ისევ გაუჩნდა თუ გაუჩინეს(!).

მოდით, გავყვეთ ვერსიას, რომ მასობრივი ხანძრები ე.წ. საგარეო დივერსიაა. რისთვის აწყობდა ეს ოკუპანტ ქვეყანას? - ამ კითხვაზე პასუხი ერთწახნაგოვანი არ არის.

ჯერ ერთი, მას შემდეგ, ცნობილი გახდა თუ არა, რომ ხელისუფლება ადგილობრივი ძალებით ცეცხლს ვერ უმკლავდებოდა და აუცილებელი იყო საგარეო დახმარება, მათ, ვინც საქართველოს „ხსნასა და გადარჩენას“ ჩრდილოეთში ხედავ, მმართველ გუნდს მოუწოდეს, შველა კრემლს სთხოვე, რუსეთს ისეთი თვითმფრინავი ჰყავს, რომელიც ხანძარს ერთ წამში ჩააქრობსო. ხელისუფლებამ რუსეთს დახმარება არ სთხოვა, რაც ბუნებრივია, გონივრული გადაწყვეტილება იყო და აი, რატომ:

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მინიმუმ, უხერხული იქნებოდა, რუსებს ტყის იმ მასივის გადარჩენაზე ეზრუნათ, რომელიც 9 წლის წინ თავად გადაწვეს.

მეორეც, არავინ იცის, რუსულ თვითმფრინავს, რომელიც ხანძრის ჩაქრობის ეგიდით გადმოკვეთდა საქართველოს საჰაერო საზღვარს, რა „სიურპრიზები“ მოჰყვებოდა.

სხვათა შორის, საქართველოს ტყეები ასე მასობრივად არასოდეს გადამწვარა, მაგრამ ქართულ რეალობას არაერთი ხანძარი ახსოვს, რომელიც საეჭვო ადგილასა და საეჭვო დროს გაჩენილა.

შორს რომ არ წავიდეთ, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაჩენილი ხანძარი შესაძლოა, ,,ციანიდის საქმის'' ერთგვარ პრეამბულად მივიჩნიოთ. ისე, მომხდარზე საქმე აღიძრა და გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ დღემდე არ ვიცით, ახალგაზრდულ ცენტრში ხანძარი თავისი გაჩნდა თუ ვინმემ გააჩინა. ასევე, დანამდვილებით არც იმის თქმა შეგვიძლია, ცეცხლმა რა გაანადგურა.

სიტყვამ მოიტანა და, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ხანძარი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაშიც გაჩნდა. ეს თემა დღემდე ტაბუდადებულია, თუმცა საქმეში ჩახედულნი ეჭვობენ, რომ ბიბლიოთეკის გადაწვით ვიღაცებმა თავიდან რაღაც მასალები მოიცილეს.

ასევე, 70-იან წლებში ცეცხლის ალში ოპერისა და ბალეტის თეატრიც გაეხვა. დღემდე მუსირებს ვარაუდი, რომ ოპერაში გაჩენილი ხანძარიც ერთგვარი დივერსია, უფრო სწორად, შურისძიება იყო, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა...

მოკლედ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ცეცხლით იწერება. მეტიც, დღეს ცეცხლია მთავარი პოლიტიკური იარაღი, იარაღი, რომლის გაუვნებელყოფა არც ტკბილ ენას შეუძლია და არც - დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ცეცხლთან თამაში საშიშია - ეს თამაში მის ყველა მონაწილეს ძალიან ძვირად დაუჯდება!

 

ნანახია - 937

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80