ჯანდაცვის გაძვირებით ხალხიც დაზარალდა და ბიზნესიც
ეკონომიკა

ჯანდაცვის გაძვირებით ხალხიც დაზარალდა და ბიზნესიც

ჯანდაცვის გაძვირებით ხალხიც დაზარალდა და ბიზნესიც
ბექა დანელია

2017-08-31 09:30:09

სადაზღვევო კომპანიები მიზერულ მოგებამდე ჩამოვიდნენ. ჯანდაცვის გაძვირებამ ყველა დააზარალა და მათ შორის მზღვეველებიც. ფასების ზრდა უკვე დაუძლეველ პრობლემად ექცა ხალხსაც და ბიზნესსაც.

სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება მეორე კვარტალში 9,9 მილიონი ლარით შემცირდა. 2017 წლის მეორე კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ 2,43 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 12,42 მილიონი ლარი იყო.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მოგების კლების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია მოზიდული პრემიის ოდენობა. სადაზღვევო სექტორმა 2017 წლის მეორე კვარტალში 247,38 მილიონი ლარი მოიზიდა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 229,98 მილიონი ლარი იყო.

სადაზღვევო სექტორში გაიზარდა კაპიტალის მოცულობაც და 140 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ასევე აღემატება. შარშან კაპიტალის მოცულობა სექტორში 118 მილიონ ლარს შეადგენდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რამაც სადაზღვევო ბაზარზე პრობლემა შექმნა, ჯანდაცვის სფეროს მაღალი ხარჯია. კომპანიებს სულ უფრო მეტი თანხის გაღება უწევთ დაზღვეულის მომსახურების გასაწევად.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით, წლის განმავლობაში მომსახურების ფასი სამედიცინო სფეროში იზრდება, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო პროგრამები. პარალელურად, ფასების ზრდასთან ერთად სადაზღვევო პრემია ვერ იზრდება, რამდენადაც ერთწლიანი ხელშეკრულებებია დადებული.

„სამედიცინო სფეროში მაღლა გარბის ფასი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. სახელმწიფო პროგრამები არ იძლევა განვითარების საშუალებას, ეს ფაქტია. ბიზნესი არ იზრდება, პრემია არ იზრდება, ზარალიანობა კი მატულობს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

ჯანდაცვის სექტორში რომ ფასები მუდმივად მაღლა მიიწევს, ეს უკვე ყველასთვის თვალშისაცემია. ბოლო წლებში ჯანდაცვის მომსახურეობა გამუდმებით ძვირდება, რასაც ზედ ერთვის მედიკამენტების გაზრდილი ფასი. მიუხედავად საყოველთაო დაზღვევისა, მოსახლეობას მკურნალობისთვის სოლიდური თანხის გადახდა უწევს. ამის გამო ადამიანები ხშირ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს ვერ გეგმავენ.

ბოლო პერიობში განსაკუთრებით გაძვირდა ექიმთან ვიზიტის ღირებულება, სტომატოლოგიური მომსახურება და ანალიზები. პაციენტები ჩივიან, რომ მკურნალობას ვერ ახერხებენ, რადგან ხარჯმა მკვეთრად მოიმატა.

მზღვეველები კი, თავის მხრივ, ამბობენ, რომ დაზღვევის სფეროში ძალიან რთული მდგომარეობაა. ჯანდაცვის მომსახურების სიძვირის გამო, ხარჯი მუდმივად იზრდება და ამიტომაც მთელი სექტორის მოგება ძალიან მცირეა.

„სადაზღვევო კომპანიების წამყვანი მიმართულება მაინც არის ჯანმრთელობის დაზღვევა, სადაც ზარალიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. რომ ნახოთ წამყვანი სადაზღვევო კომპანიები, ამ მიმართულებით მინუსში არიან. როდესაც ათასობით ადამიანი მუშაობს მხოლოდ 2 ან 12 მილიონი ლარის გამოსამუშავებლად, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა“, - განუცხადა „საქმის კურსს“ დევი ხეჩინაშვილმა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 6-ჯერ შემცირდა და ახალ 2 მლნ ლარს უმნიშვნელოდ აღემატება.

ზოგადად სადაზღვევო სფეროში ძალიან რთული მდგომარეობაა, თუმცა ხეჩინაშვილი ამბობს, რომ წმინდა მოგების შეფასებისას მაინც წლიურ მონაცემები უნდა შეჯერდეს.

ნანახია - 852

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80