ავთანდილ დემეტრაშვილი: „ეს არის უნიკალური კონსტიტუციური რეფორმა“
პოლიტიკა

ავთანდილ დემეტრაშვილი: „ეს არის უნიკალური კონსტიტუციური რეფორმა“

ავთანდილ დემეტრაშვილი: „ეს არის უნიკალური კონსტიტუციური რეფორმა“
თამთა ქარჩავა

2017-09-05 16:00:49

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ყველა რესურსი ამოწურულია. ულტიმატუმების ფონზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ამიტომ, საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციას, მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს, ისე, რომ ოპოზიციის შენიშვნებს არ გაითვალისწინებს. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ დამტკიცებული ქვეყნის მთავარი კანონი ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას დაიმსახურებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, მესამე მოსმენის ფარგლებში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში მხოლოდ რედაქციული, სტილისტული ცვლილებები შევა, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ხოლო შინაარსობრივი ცვლილებები მასში არ განხორციელდება.

„24 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელია პარლამენტმა მესამე მომსმენით, საკონსტიტუციო კანონი განიხილოს. ძალიან დიდი ალბათობით, პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე, მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და გვექნება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულყოფილ, გამართულ კონსტიტუციურ სისტემას დააფუძნებს“, - აცხადებს გიორგი კახიანი.

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადების შეფასებისგანთავს იკავებს. როგორც ცნობილია, ბუკიკო პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე მასში ცვლილებები საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისა და ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიტანოს.საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებას ერთ თვეში, 6-7 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

„პროპორციული სისტემის შემოღების გადადება 2024 წლისთვის ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან მუდმივი მარცხი, მიეღწიათ კონსესუსისთვის შესწორებული კონსტიტუციისთვის მოლაპარაკებების გზით, იმედგაცრუბას იწვევს. 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა პარტიებმა თავად გამართონ შემდგომი მოლაპარაკებები. ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიაღწიონ ფართო კონსესუსს ტექსტზე კონსტრუქციული დიალოგის გზით“, - აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.

კონსტიტუციონალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბუკიკიოს რჩევის გასათვალისწინებლად და ცვლილებების განხორციელებისთვის ორი გზა არსებობს - განხილვის პროცესი თავიდან დაიწყოს ან კანონმდებლებმა გაითვალისწინონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი დათმობაზე არ წავა. მისი თქმით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რათა დაეწვა ყველა უკან დასახევი გზა. ერთადერთი გზა, რაც მას რჩება, არის პროცესის თავიდან დაწყება. გარდა ამისა, ალაფიშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტს სავარაუდოდ მალულად ცვლიან.

„კონსტიტუციის პროექტს სავარაუდოდ მალულად ცვლიან. პარლამენტის ვებგვერდზე აღარ დევს 23 ივნისს მე-2 მოსმენით მიღებული პროექტი და დადგენილება. 21 ივლისს ნამდვილად იდო. შესაძლოა ისეთი ნორმები ჩაიწეროს ან ჩასწორდეს რომლებიც მე-2 მოსმენისას პლენარულ სხდომაზე არ განხილულა და კენჭიც არ უყრიათ. ასეთი სახიფათო პრეცედენტი იყო 2012 წლამდეც. ასეთ პრეცედენტებზე უარის თქმა თუ ვერ შევძელით ინსტიტუციურ დემოკრატიას და სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

ასე არ ფიქრობს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, რომლის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა სავალდებულო არ არის, ეს არის რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება გაითვალისწინო, ან არ გაითვალისწინო. მისივე თქმით, ბუკიკოს განცხადებამ, რომ იმედგაცრუებულია, არ უნდა დაგვაბნიოს.

„რა თქმა უნდა, კონსტიტუცია ეროვნულ დონეზეა მისაღები. კარგი იქნებოდა, რომ გაეთვალისწინებინათ ვენეციის კომისიის შენიშვნები, მაგრამ ახლა მთავარია რაღაცა ფორმით მივაღწიოთ შიდა კონსენსუსს. სრული 100%-იანი მხარდაჭერა არც ერთ კონსტიტუციას და კონსტიტუიურ პროექტს არ აქვს. აშშ-ის კონსტიტუცია მიღებული იქნა ისე, რომ 13 შტატმა უარი თქვა მის ხელმოწერაზე. მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოხდა მისი რატიფიცირება.

კონსენსუსი იმას არ ნიშნავს, რომ 100%-იანი მხარდაჭერა უნდა იყოს. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ძირითად არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალთა პოზიცია როგორღაც იქნას გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში არგუმენტები უნდა იყოს მოყვანილი.

საჭირო იყო კონსტიტუციური რეფორმა. მაგრამ არა ისე, რომ საბოლოოდ ვიღაცამ თქვას და დაადასტუროს, ეს უკვე როგორც ვენეციის კომისიამ თქვა, გამოდის ერთ პარტიული კონსტიტუცია. რაც, მოკლებული იქნება ლეგიტიმაციას“, - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

როგორც დემეტარშვილი აცხადებს, მესამე მოსმენის დროს არსებითი ცვლილების შეტანა გამორიცხულია. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე კატეგორიულად აცხადებდა, რომ კონსტიტუცია მესამე მოსმენით უნდა იქნას მიღებული ისე, რომ მასში არსებითი ცვლილებები არ შევიდეს.

„მე თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არის უნიკალური კონსტიტუციური რეფორმა. უნიკალურია თავისი მიმდინარეობით და შინაარსით. მსგავსი რამ არ ყოფილა. ძალიან ბევრი პოზიტივი აქვს, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეები. პოზიტივია ის არის, რომ გაძლიერდა პარლამენტი. სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში აშკარად დაიკავა პირველი ადგილი.

როგორც წესი, საპარლამენტო რესპუბლიკაში პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი. მიაქციეთ ყურადღება, ირაკლი კობახიძე წინა პლანზე იყო მაშინ, როდესაც კონსტიტუციაზე მიდიოდა მუშაობა. ახლა წინა პლანზე არის პრემიერ-მინისტრი. მაგრამ პარლამენტს გააჩნია საკონსტროლო უფლებამოსილებები, როგორ შეიძლება განხორციელდეს, ესსხვა საკითხია.

ამიტომ ამბობენ პოლიტიკური პარტიების ნაწილი და კონსტიტუციონალისტები, რომ კარგია პარლამენტის საკონტროლო როლის გაზრდა, მაგრამ თუ ერთპარტიული იქნება პარლამენტი, მაშინ, რომელ კონტროლზე იქნება საუბარი?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინა ფრუიძე ამბობს, რომ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგი ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი პროცესია და ამაში ვენეციის კომისია ვერ ჩაერევა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, არსებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

„ოპოზიცია ულტიმატუმის ენით გველაპარაკება. ამ ენით საუბრის შემთხვევაში, ჩვენ დიალოგზე ვერ ვილაპარაკებთ. დიალოგი არის იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე მზადაა, დათმობებზე წავიდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ოპოზიციისგან ეს მზაობა ვერ დავინახეთ. ეს რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია. უმრავლესობამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა“, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირინა ფრუიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ  ვენეციის კომისია ლაპარაკობს ევროკავშირის სახელმწიფოების სახელით და მისი განცხადება ნიშნავს, რომ საქართველოში კონსტიტუცია ემსახურება ერთი პარტიის ინტერესებს.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლება როგორც საკუთარი ხალხის, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ მიდის. ერთი მხრივ, ეს სერიოზულად ლახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და მეორე მხრივ, ქვეყანაში ქმნის არასტანდარტულ ვითარებას, ვინაიდან, კონსტიტუცია რომელსაც არ აღიარებს ხალხი და მორგებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო მიზნებს, ისევე, როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები, ფაქტობრივად, კარგავს შანსს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს სამართლიანი არჩევნების წესით“, - მიიჩნევს რომან გოცირიძე.

იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტის პირვანდელი ვერსიის განხილვას დაუბრუნდება, „ევროპული საქართველო“ დიალოგის პროცესშიჩაერთვება. პარტიის წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, შანსი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებს საზოგადოებრივი აზრის გამომხატველ კონსტიტუციას, ნულის ტოლია.

„მე პირადად რწმენა იმისა, რომ რაიმე შეიცვლება, არ მაქვს. თუმცა, ჩვენ პოზიციას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. თუ საუბარი იქნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც საარჩევნო სისტემის ცვლილებაა. ახლა იქნება იქ ბლოკი თუ არა, იქნება ბარიერი თუ არა, ამ საკითხებზე დისკუსიის აზრს ვერ ვხედავთ, რადგან არაფერი შეცვლება.

„ქართულ ოცნებას“ ეს ვერ გადაარჩენს, ხოლო სისტემის ცვლილებისთვის არაფრის გამომწვევი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოწოდებად რჩება, დავუბრუნდეთ საწყის ეტაპს - განვიხილოთ ის პროექტი, რომელსაც განვიხილავდით 6 თვის განმავლობაში, არც მეტი არც ნაკლები“, - ამბობს ლევან  თარხნიშვილი.

ნანახია - 1142

cugo

2017-09-05 18:02:29

ლევან თარხნიშვილს
-----------------
ხალხის აზრის გაზიარებაზე შენ როგორ ბედავ ხმის ამოღებას შე მეცოცხე გამყალბებელო.შენ ხარ ხალხის არჩევანის გამყალბებელი კრიმინალი.2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირადად შენ გააყალბე ტოტალურად. ხელოვნურად დაუმახინჯე შედეგი გამარჯვებულ ლევან გაჩეჩილაძეს და მიხეილ სააკაშვილს,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,ხელოვნურად გამოუწერე პრეზიდენტობა.სწორედ ამის გამო ამოგარტყეს პანღური თბილისის ცენტრში.ის არ იყო ერთი კაცის პანღური,ის იყო ქართველი ხალხის პანღური.იმ დღიდან შენ ხარ ქართველი ხალხის მიერ გაპანღურებული კრიმინალი.შენ რომ სინდის-ნამუსი გქონდეს კრინტს არ უნდა ძრავდე არჩევნებთან დაკავშირებით,მაგრამ შენ სინდისის ნატამალი არ გაგაჩნია.შენ გგონია, თუ პოლიტიკურ აქტივობას გამოიჩენ,ილაპარაკებ სამართლიან არჩევნებზე,შენი კრიმინალური წარსული დაავიწყდება ხალხს.მაგის იმედი არ გქონდეს,შენი კრიმინალური წარსული თაობიდან თაობას გადაეცემა.ანდა რატომ არ მოგწონთ შერეული საარჩევნო სისტემა,ამ სისტემით ხომ დაგასამარათ ბიძინა ივანიშვილმა.თქვენ დროს არ იყო მაჟორიტარული სისტემა მანკიერი და ახლა რატომ გახდა.დაანებეთ თავი ხალხის სახელით ლაპარაკს,ამის უფლება თქვენ 2012 წელს ჩამოგართვათ ხალხმა.ხალხს უნდა მაჟორიტარული სისტემა.რომ ამბობთ ოცნებას ხალხის მხარდაჭერა არა აქვსო აგერ 2020 წელს დაამარცხეთ ეს ხელისუფლება შერეული სისტემით და მერე მიიღეთ თქვენთვის სასურველი სისტემა.საქმეც იმაშია იცით,რომ მკლელების პარტია ხართ და ხალხს ეზიზღებით.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80