სასულიერო პირს მკვლელობის მომზადება ბრალდება, მოსამართლეს - ანგარებით გაუპატიურება
საზოგადოება

სასულიერო პირს მკვლელობის მომზადება ბრალდება, მოსამართლეს - ანგარებით გაუპატიურება

სასულიერო პირს მკვლელობის მომზადება ბრალდება, მოსამართლეს - ანგარებით გაუპატიურება
თამთა ქარჩავა

2017-09-06 10:34:29

წლის საკანდალური სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მომზადებაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში. ამ დანაშაშულისთვის მამა გიორგის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. სახელმწიფო ბრალდება თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. სკანდალურ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო 5 თვე იხილავდა. საერთო ჯამში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, გამოიკვლია 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, კომპიუტერული ექსპერტიზების შედეგად აღდგენილი ფაილები. ამის შესაბამისად მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილებაც მიიღო. მამა გიორგის საქმე პირველ ინსტანციაში დასრულებულია, დაცვის მხარე ბრძოლას მეორე ინსტანციაში აგრძელებს.

ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად ბრალდებული არ ესწრებოდა, ხმაური მოჰყვა დარბაზში. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მოსამართლეს შემდეგი სიტყვებით მიმართა - „მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ“. თორნიკე მამალაძემ ბესიკ ბუგიანიშვილი „ქართული ოცნების“ დავალების შესრულებაში დაადანაშაულა.

გაცილებით მძიმე იყო ბრალდებულის ადვოკატების შეფასება. გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ბუგიანიშვილმა ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა. მისი თქმით, ეს არის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის უღირსი და უსირცხვილო გადაწყვეტილება.

მისი თქმით, 109-ე მუხლი იყო, რომელიც ითვალისწინებდა განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით და გადაუკვალიფიცირა 108-ე მუხლით - მკვლელობის მომზადება ანგარების გარეშე. როგორც ფანცულაია აცხადებს, სამართლებრივად კიდევ უფრო აბსურდული სიტუაცია შეიქმნა. რადგან, თუ ანგარება არ იყო, მაშინ რატომ გაუჩნდა ადამიანს ვინმეს მკვლელობის მომზადების სურვილი?

„ეს არის კიდევ უფრო აბსურდი იმიტომ, რომ 16-დან 20 წლამდე მუხლი 9 წლით შეუცვალა. თუ ადამიანს ანგარების მოტივი არ აქვს, მაშინ რატომ უჩნდება ვინმეს მკვლელობის მომზადების სურვილი? ამიტომ ვამბობ, რომ არავის მკვლელობის მომზადებას არ ჰქონია ადგილი. აქვე შევაფასებ, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეს არის ბესიკ ბუგიანიშვილის უღირსი და უსირცხვილო გადაწყვეტილება. ჩემი შემდეგი ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ გიორგი მამალაძის დაცვა, არამედ ყველა იმ ადამიანის სამართლებრივი შეფასება, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს“, - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას, მამალაძისთვის ბრალის გადაკვალიფიცირების შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სახელმწიფო ბრალდება. საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მოსამართლემ დეკანოზის ბრალი მოტივის გამო გადააკვალიფიცირა და დაადგინა, რომ გიორგი მამალაძეს განზრახული ჰქონდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა შურისძიების მოტივით. მისი თქმით, დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მოსაკლავად სურდა.

„მოსამართლემ ჩათვალა, რომ მკვლელობა იგეგმებოდა შურისძიების მოტივით, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის შემდეგი - პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა შურისძიების მოტივით. მთავარი არის, რასაც ვამტკიცებდით ამ დროის მანძილზე, რომ ციანიდი გიორგი მამალაძეს უნდოდა ადამიანის მოსაკლავად, დადასტურდა.

მთავარი კითხვა დღეს პასუხგაცემულია, კერძოდ ის, რომ გიორგი მამალაძე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა. არ არის გამორიცხული, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, - აცხადებს ჯარჯი წიკლაური.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. სისტემის მსხვერპლს უწოდებს დეკანოზ მამალაძეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და ამბობს, რომ სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

„პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის თაობას და შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა. დაავიწყდათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მსაჯული არის ქრისტე ღმერთი“, - აღნიშნა ცაავამ.

მღვდელმონაზონ ანდრიას შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა მთლიანად მართლმსაჯულებისთვის, რომლის განცხადებით, მამა გიორგის პატიმრობა შორენა თეთრუაშვილის იდეაა.

„ეს არის სამარცხვინო განაჩენი. ეს განაჩენი იქნება სამარცხვინო მართლმსაჯულებისთვის. ერთი რამ არის დასაფიქრებელი, რომ შორენას, ვინც ხელქვეითები ჰყავს, მათი ერთობლივი იდეა იქნებოდა, რომ მამა გიორგი არ ყოფილიყო თავისუფლებაში“, - აცხადებს მღვდელმონაზონი ანდრია.

სასამართლო სხდომას ასევე ესწრებოდა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, დედა თამარი, რომლის შეფასებით, სასამართლო პროცესს აუცილებლად უნდა დასწრებოდა მიტროპოლიტი დიმიტრი და მანამდეც უნდა მოენახულებინა პატიმარი დეკანოზი.

„სასულიერო პირი, რომელიც თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა - რა მოლოდინი უნდა მქონოდა სხვა? უბრალოდ რაღაც ძალიან პატარა იმედი მქონდა, გუშინდელი დღის მერე, რომ მოსამართლე დაფიქრდებოდა ამ ყველაფერზე. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რომ მოძღვარმა არ მოინახულოს თავისი სულიერი შვილი. მეუფე დიმიტრი აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყო, ახლა და მანამდეც უნდა მოენახულებინ“, - თქვა დედა თამარმა.

სასულიერო პირებს, რომლებმაც სასამართლო პროცესის შემდგომ გაკეთებული შეფასებებით გააკრიტიკესეკლესია და აღნიშნეს, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქო და სახელმწიფო ერთად მოქმედებდნენ, ამ შეფასებების გამო, ეკლესიისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ.

საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასულიერო პირების შეფასებებს სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ძალიან არასერიოზულია.

„საეკლესიო კანონებით, ეკლესიის წინაშე მოუწევთ პასუხების გაცემა, თუ რის საფუძველზე ხდებოდა მსგავსი შეფასებები. არ ვიცით, რა შეფასება უნდა გავაკეთოთ, რადგან გამოძიებაში ასე ჩართული არ ვიყავით. ალბათ, რაღაცა ბრალეულობა იყო. უსაფუძვლოდ ხომ არ სცნობდა. ამ ეტაპზე მას შეჩერებული აქვს მღვდელმსახურების უფლება და ზიარების აკრძალვა აქვს.

რაც შეეხება მის მომავალ მოქმედებებს, ამაზე უნდა იმსჯელოს მისმა მღვდელმთავარმა სინოდთან ერთად. მამა გიორგისთვის მთელი საპატრიარქო ვლოცულობთ, ყველა მღვდელი ვლოცულობთ და უფალს შევთხოვთ, მას ჰქონდეს სულიერი წყალობა, სულიერი მხნეობა, რომ ამ განსაცდელს გაუძლოს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე შუალედური დასკვნა გაასაჯაროვა სახალხო დამცველა უჩა ნანუაშვილმა, რომლის შეფასებით, 7 თვის განმავლობაში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბრალდებულს და დაცვის მხარეს დაცვის სრულყოფილად განხორციელების საშუალება არ მიეცა.

მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულს და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში.

„მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეზე არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ე.წ. ციანიდის საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესებზე ანალიზის შედეგად არა ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა.დარღვევები, რომლებმაც აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა. გაუგებარია, ვისი პერსონალური მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ნანახია - 1334

antoni

2017-09-07 08:57:16

ეს ჩაპუტკუნებული ძალადადვოკატი ფანცულაია ხომ არ შემოეუპატიურა ვინმეს?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80