მერობის კანდიდატები “სითი პარკს” ყველა მხრიდან თავს ესხმიან
ეკონომიკა

მერობის კანდიდატები “სითი პარკს” ყველა მხრიდან თავს ესხმიან

მერობის კანდიდატები “სითი პარკს” ყველა მხრიდან თავს ესხმიან
ბექა დანელია

2017-09-06 19:03:34

“სითი პარკს” სახელისუფლებო კანდიდატიც დაემუქრა, ოპოზიცია კი პირდაპირ მის გაშვებაზე საუბრობს. თუკი მერობის მსურველთა დაპირება სანახევროდ მაინც შესრულდა, წესით “სითი პარკს” დიდი დღე არ უნდა ეწეროს. ყველა  კანდიდატი პარკირების კომპანიას ერთხმად უტევს.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით, შეიქმნება პირობები იმისთვის, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს. პარალელურად, ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემაც.

“საცობების განტვირთვის მიზნით შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა.

გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. მოწესრიგდება პარკირება და მოეწყობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები, ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით სამუშაოები ჩატარებული აქვს და სრული სურათი გვაქვს, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოეწყოს. არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ყველა პირობა შეიქმნება, რომ პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

“სითი პარკმა” იმდენად შეაძულა თავი მოსახლეობას, რომ მერობის ყველა კანდიდატი მისი ქალაქიდან მოშორების პირობას იძლევა. დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში პირველი საკითხი, რასაც ხელს მოაწერს, “სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება. არსებობს მექანიზმი, რომლითაც კომპანიის  გაშვება ძალიან იაფად მოხდება.

მერობის კანდიდატი “შენების მოძრაობიდან” თენგიზ შერგელაშვილიც მზადაა გამარჯვების შემთხვევაში ურთიერთობა გაწყვიტოს პარკირების კომპანიასთან.

“ჩვენ შევთავაზებთ კომპანია “სითი პარკს” კონკრეტულ პირობებს, რომელიც ორმხრივად მომგებიანი იქნება, როგორც თბილისელებისთვის ისე, კომპანიისთვისაც. ამის შემდეგ, „სითი პარკი“ ან ჩაეწერება ქალაქის სატრანსპორტო განვითარების ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმაში, ან მასთან გავწყვეტთ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, თუნდაც ეს მრავალწლიან საარბიტრაჟო დავასთან და გარკვეულ ფინანსურ რისკებთან იყოს დაკავშირებული”, - აღნიშნა შერგელაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატიც კი პირობას იძლევა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი “სითი პარკის” ამ ქალაქიდან მოშორება იქნება.

“ყოველდღიურად, არასწორი პარკირებისთვის, ათეულობით თბილისელის მანქანა გადაჰყავთ “სითი პარკის” საჯარიმოზე, თუმცა არავინ აქვს პასუხი თუ როგორ უნდა შეძლოს მოქალაქემ დაპარკინგება ქალაქში, სადაც არც ერთი პარკირება არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ ამ კომპანიას დედაქალქში საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოვიდა მხოლოდ ერთი ფუნჯით და საღებავით და უბრალოდ დახაზა ქუჩები. ამის შემდეგ კი ის თბილისელებისგან იღებს მილიონობით ბეგარას.

ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა “სითი პარკს” 2025 წლამდე, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან. ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი “სითი პარკის” ამ ქალაქიდან ჩამოშორება იქნება. მოვნახავ ინვესტორს, რომელიც ვალდებული იქნება მოაწესრიგოს საპარკინგე ინფრასტრუქტურა”, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

„სითი პარკი“ ასეთი შემოტევის ფონზე გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ტაბიძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია ხელშეკრულების მიხედვით, კანონის სრული დაცვით მოქმედებს.

„ხელშეკრულებას ორი მხარე ჰყავს, ამ შემთხვევაში - მერია და კომპანია „სითი პარკი“. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივად მოხდება, ამას კომპანიის მხრიდან მოჰყვება ნაბიჯები, სამართლებრივი დავა. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვით“, - განუცხადა “კომერსანტს” ტაბიძემ და ხაზი გაუსვა, რომ ხელშეკრულება თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის 2024 წლამდეა გაფორმებული.

რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მერობის სამი წელი შეაჯამა და შეუსრულებელ დაპირებებზეც ისაუბრა. მათ შორის, „სითი პარკი“ და მერია კვლავ მოურიგებელ მხარეებად დაასახელა.

„ჩემი დაპირება არ ყოფილა, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას გავწყვეტდი. ვიცოდი, რომ რთულ და კომპლექსურ საკითხს ვეჯახებოდი. მოქალაქეებს დავპირდი, რომ საკითხს შევისწავლიდი და ხელშეკრულება გადაიხედებოდა. ხელშეკრულების გადახედვასთან დაკავშირებით პროექტი ჩვენი მხრიდან მზად არის. მათ შევთავაზეთ კიდეც. „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან ჩემს სათათბიროში რამდენიმე ხმაურიანი შეხვედრაც მქონდა, მაგრამ მათი მხრიდან არც ერთი ქმედითი და საპასუხო ნაბიჯი არ იქნა შემოთავაზებული. ჩვენ დღემდე მოურიგებელ მხარეებად ვრჩებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნანახია - 918

ცუგო

2017-09-06 20:16:41

ნაც.მოძრაობიდან სიტი პარკთან ხელშეკრულების გაუქმების დაპირება სასაცილოა. ღმერთმა დაიფაროს მათი კანდიდატის გამარჯვება, მაგრამ დაუშვათ და გაიმარჯვა, გააუქმებენ ხელშეკრულებას, რითაც ორ კურდღელს დაიჭერენ: პირველი, ხალხის გულს მოიგებენ და მეორე, პირგასამტეხლო, 25 მილიონის დიდი წილი მაგათ ჯიბეში წავა.

natali

2017-09-06 22:26:43

ემუქრებიან, მერე ვინც მოვა, ის ჩაჯდება წილში. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს!

papa

2017-09-07 18:15:13

სიტი პარკს გავაუქმებთო--------უგულავა კი ....... ხითხითებს და ხითხითებს ...
ეგ იქიდან წილს დღესაც იღებს. თან თავისთვის ღიღინებს და ღიღინებს---ფეხებსაც ვერ მომჭამთო
და ამათ უნდა დაუჯეროს კაცმაააა??


ამ ნაცების ნაირსახეობებისა მიკვირს-----როგორც უნდათ და რაფრადაც უნდათ, ისე რომ გადაიღებონ კიდეც, ნაცები მაინც ნაცები იქნებიან...მარად და მარად(გაკრასკული მელიასი არ იყოს....აკი ჰყააავთ კიდეც თავიაანთი მელია, კუდა გრძელია...)
ვინ დაიჯერებს რომ ეგენი ზნეს ან წესს შეიცვლიან??....არავის!!
უგუულავა იქა ყავთ და ...... სიტი პარკს გავაუქმებთო...გვაშაყირებენ
დაცინვააა ეს თბილისელების, დაცინვა აბა მაშ რა არის? ხალხი იმდენად შტერი, დებილი და დაკ(ყ)ლეროზებული ჰგონიათ, რომ წიწაკას ხურმად გვასაღებენ....
არა რა .... არ გამოვა მაგათგან სალამაური არა. ეგენი ამ ფართხუნ ფართხუნით უფრო და უფრო მაგრად იმარხავენ თავს მაგათ მხოლოდ ის თავიაანთი ძველი კონტიგენტი(9--11 %) დაუჭერს მხარს----ან დავალებულები... ან ავადმყოფები....
თუ არადა ალილო და ხვალეო.
სამგლე თხას მგელი რომ მოენატრება და უხეირო ხტუნვას დაიწყებს ხოლმე, ისეა მაგათი საქმე--- ნაცვლად იმისა რომ გაჩუმდნენ, გაირინდნენ, იქნებ ხალხს მაგათი სიავეები როგორმე გადაავიწყდეთ...პირიქით.... დღე არ გავა რომ ხალხს თავები არ შეახსენონ-----დიახ...აი ეს ჩვენ ვიყავით, სულებს რომ გხდიდით და დედას გტირობდითო..და რომ მოვალთ უარესს გიზამთო
ხოოდა აი უარეს რომ გვიზამენ და ეს რომ ყველამ კარგად იცის(დაჟე ავადმყოფებმაც კი) მაგათ ხმას ვინ მისცემს?
ალბათ ინდაურების დარიგებისა არ იყოს მაგათმა მასწავლებლებმა ასე ასწავლეს--- იაქტიურეთ რომ ხალხმა არ დაგივიწყოთო..იმათ ხომ ხალხი დებილი ჰგონიათ.
ჰოოდა ეგრე რომ ვეგონეთ, იმიტომაც გავუგორეთ ფალავანი ტალახში...
ეხლა ამათაც ბოლომდე ჩავრეცხავთ და მორჩება კიდეც მაგათი კინო.
მაგრამ ჩვენი მეორე უბედურება კიდევ ისააა რომ ,,უძაღ/ლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო,, ...ვართ ამათ ამარა და ვართ
ამათგან ერთად ერთი ხეირი მხოლოდ ისაა, რომ ხალხს მიზანმიმართულად არა ქინძავენ.
აი ეგაა და ეგ სულ ჩვენი ,,ბედნიერება,,

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80