უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება
პოლიტიკა

უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება

უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება
თამთა ქარჩავა

2017-09-08 11:28:57

ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია 20-22 სექტემბერს გახდება ცნობილი. მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე დასკვნას, სწორედ ამ პერიოდისთვის ელოდება. უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითი იქნება. ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღებამდე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.

მმართველი პარტია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას დაელოდება და კენჭისყრას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამის შემდეგ გამართავს. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისია აღნიშნულ დასკვნას პლენარულ სხდომაზე 6-7 ოქტომბერს დაამტკიცებს. საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრას სექტემბრის ბოლოს გეგმავს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ეხება იმას, თუ რამდენად გაიზიარა სახელმწიფომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„ვენეციის კომისია აკეთებს დასკვნას პირველად პროექტზე და შემდგომ მეორე მოსაზრება არის შეფასება იმისა, გაითვალისწინა თუ არა სახელმწიფომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ვინაიდან დოკუმენტის მიმართ ვენეციის კომისიის შეფასება იყო ძალიან პოზიტიური და მაქსიმალურად დადებითად იყო შეფასებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენ ახლაც პოზიტიური შეფასების მოლოდინი გვაქვს.

ამასთან, თუკი რაიმე წვრილმანი შენიშვნები იყო, ის შენიშვნებიც არის გათვალისწინებული მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში. ვენეციის კომისია გვეთანხმებოდა პრინციპულ საკითხებში და ის რეკომენდაციებიც არის გათვალისწინებული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასთან წარმოებული კონსულტაციები ,,ქართული ოცნების“ მხრიდან ფორმალობა იყო. აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ბოლო განცხადება ცხადყოფს, რომ მთავარი მოლაპარაკების საგანი მხარეებს შორის უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემა, რომელიც 2020 წლიდან უნდა გადასულიყო პროპორციულზე, რაც იყო დაპირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„ახლა კი ცდილობენ დაპირებაზე უარის თქმას. ეს არის ქართული საზოგადოების მორიგ ჯერზე მოტყუება. ისინი ცდილობენ გადააბრალონ ოპოზიციას და თქვან, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკების მცდელობა არის ულტიმატუმი. სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ კონსტიტუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მთლიანად ფორმალობა და ფიქცია იყო ქვეყნის შიგნით, შიდა საჯარო განხილვები, ფიქცია იყო ვენეციის კომისიასთან წარმოებული კონსულტაციებიც, რადგან რეკომენდაცია კონსტიტუციის საბოლოო ტექსტში ასახული არ არის“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციური პროცესი ცუდი დასასრულისკენ მიემართება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ახლა მთავარი ამოცანა საზოგადოებაში კონსტიტუციისადმი ნდობის გადარჩენაა.

მისი თქმით, ამ პროცესთან დაკავშირებით კონტაქტი ჰქონდა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან. როგორც უსუფაშვილი აცხადებს,  ვენეციის კომისიის პოზიცია - შეშფოთება და იმედგაცრუება, - აისახება იმ დოკუმენტში, რომელსაც ვენეციის კომისია სექტემბრის ბოლოსთვის გამოაგზავნის.

„საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან მკაფიო პოზიცია ხელისუფლებას აღარ ესმის, არ უნდა ამის გაგება. აღარაფერს ვამბობ შიდა პოლიტიკური ძალების შეგონებაზე, პროტესტზე, მოთხოვნაზე. ეს ყველაფერი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

არ მესმის, ეს როგორ არ ესმის ხელისუფლების წარმომადგენლებს,რომ ასე ერთპიროვნულად მიღებული კონსტიტუცია დანარჩენი საზოგადოებისთვის კარგავს დატვირთვას, ნდობას, ძალას, პატივისცემას, შემაკავშირებელ-მაკონსოლიდირებელ ფუნქციას.

ახლა მთავარი ამოცანაა კონსტიტუციისადმი ნდობის გადარჩენა საზოგადოებაში, ამიტომ დაუშვებელია იმათ, ვინც ამ კონსტიტუციით უკმაყოფილოები ვართ, მას ფარატინა ქაღალდი ვუწოდოთ. ამით ძირს ვუთხრით საკუთარ სახელმწიფოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია „რესპუბლიკურ პარტიას“. ამის მიუხედავად, პარტიის წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმდინარე პროცესებზე ვენეციის კომისია გაცილებით უფრო დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ვიდრე „ქართული ოცნება“. როგორც

კორძაია ამბობს, კარგია, რომ ვენეციის კომისიამ მოახერხა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება და კომისიის წინასწარი დასკვნის გარეშე საკონსტიტუციო პროექტი მიღებული არ იქნება.

„ბატონმა ბუკიკიომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მნიშვნელოვანია კომპრომისის მიღწევა. კომპრომისი გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. კარგია ის, რომ ვენეციის კომისიამ მოახერხა შეთანხმება ხელისუფლებასთან და მისი წინასწარი დასკვნის გარეშე სექტემბერში „ქართული ოცნება“ არ მიიღებს კონსტიტუციურ ცვლილებებს მესამე მოსმენით. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რჩევები და მინიმუმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წავიდეს კომპრომისზე ოპოზიციურ პარტიებთან და შეცვალოს ის მუხლები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხელს უშლის. მნიშვნელოვანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდანვე გადავიდეს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ნანახია - 1102

cugo

2017-09-08 11:52:33

ირაკლი აბესაძე,შე მეცოცხე,რატომ ლაპარაკობ საზოგადოების სახელით,ვინ მოგცა მეცოცხეს ამის უფლება.თქვენ ატყუებთ ხალხს.საზოგადოებას უნდა მაჟორიტარული სისტემა.პროპორციული სისტემა გინდათ თქვენ გაკოტრებულ პარტიებს და მეგრანტე არასამთავრობოებს.თქვე იმდენი დანაშაული ჩაიდინეთ 9 წლის განმავლობაში ხალხთან არ მიგესვლებათ,ეზიზღებით ხალხს.ამიტომ იყო ტოტალურად წააგეთ მაჟორიტარული ოლქები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.თქვენ სულ ამბობთ,რომ ოცნებას ხალხის მხარდაჭერა არა აქვს,თქვენი გუნდი არის გამოცდილი და კომპეტენტური.ხოდა 2020 წელს დაამარცხეთ ეს გუნდი შერეული სისტემით და რომ გექნებათ უმრავლესობა მიიღეთ თქვენთვის საურველი საარჩევნო სისტემა.ნუ დაგავიწყდებათ,რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვენ პოლიტიკურ ლეშად გაქციათ შერეული საარჩევნო სისტემით.

natali

2017-09-08 14:22:43

ნეტავ რად გვინდა ეს პარლამენტი და არჩევნები. პირდაპირ ვენეციის კომისიამ რომ დაგვიწეროს კონსტიტუცია და კნონები, ვერა?

Maverick

2017-09-08 22:52:21

natali,

არ გამოვა, მსუყე ხელფასებსა და უგემრიელეს დანამატებს არაფრის კეთებაში ვეღარ მიიღებენ...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80