ძოძუაშვილი-ნემსაძის კონფლიქტმა ნაკრები დააზარალა
რეტრომედია

ძოძუაშვილი-ნემსაძის კონფლიქტმა ნაკრები დააზარალა

ძოძუაშვილი-ნემსაძის კონფლიქტმა ნაკრები დააზარალა
„ოლიმპი“, 11 ივნისი, 2001 წელი

2017-09-10 09:30:39

დღეს, სამ საათზე, სფფ-ს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო პრეს-კონფერენციას მართავს.

ასეა მიღებული - ფედერაციის მუშაობა ეროვნული ნაკრების გამოსვლებით ფასდება. დღეს, ამ მხრივ, მერაბ ჟორდანია ვერაფრით დაიკვეხნის: ქვეყნის უპირველესმა გუნდმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიც სამარცხვინოდ ჩააფლავა და, ჩვეულებისამებრ, ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერად მოგვევლინა. საქმე მარტო კატასტროფულ შედეგში არაა - შეიძლება, გუნდმა 5 მატჩი გამართოს და 4-ში დამარცხდეს, მაგრამ კაცურად იომოს და ჯიგარიც მინდორზევე დადოს.

მხოლოდ ამ შემთხვევაშია დასაშვები რაღაც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებზე ლაპარაკი. კერძოდ, მიკერძოებულ მსაჯობაზე, იტალიურ მაფიაზე, ქართველ კრიმინალებზე, არაპროფესიონალ ჟურნალისტებზე, მავან ვიგინდარებზე, რომლებიც მწვრთნელთა ფუნქციებში ერევიან და სხვა.

დღეს, როცა ურემი გადაბრუნდა და საქართველოს ნაკრების სამსოფლიოჩემპიონატო კორეა-იაპონურმა იმედებმა ჩაილურის წყალი დალია, მწვრთნელთა ყოველგვარი ახსნა-განმარტება ცინიკურად და დამცინავად ჟღერს.

სიმართლეც ბოლომდე უნდა ითქვას - საქართველოს ეროვნული ნაკრები აღარ ჰყავს.

მორიგი კონფლიქტები ნაკრების მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის იტალიის ნაკრებთან მატჩისწინა შეკრებაზე მოხდა...

- თითქოსდა, რეზო ძოძუაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა შეკრებაზე მყოფ დავით გვარამაძესა და ლევან სილაგაძეს ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტის გაგრძელება - ნაკრებში აღარ გაგაჩერებთო. საქმე კინაღამ მუშტიკრივამდეც მისულა.

- თითქოსდა, რეზო ძოძუაშვილი გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს გაუწყრა - რა უფლებით ჩაერიე და დაეხმარე ხიზანიშვილს შოტლანდიური ტრანსფერის განხორციელებაშიო.

- თითქოსდა, ზოგიერთი ფეხბურთელის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაყენებას ფეხბურთელთა გარკვეული ჯგუფი წყვეტს და მწვრთნელებიც შიგადაშიგ სტატისტის როლში გამოდიან.

კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, და ეს იმიტომ ხდება, სანაკრებო საჯაროობა ორივე ფეხით რომ მოიკოჭლებს!

ორშაბათი მძიმე დღეა - 11 ივნისი განსაკუთრებით მძიმე მერაბ ჟორდანიასთვის იქნება.

თუ ნაკრების მწვრთნელებს სკამს შეუნარჩუნებს, ოპონენტებს საღერღელი აეშლებათ და არ არის გამორიცხული, უხერხემლო პოზიციით, თავადვე დაკარგოს პრეზიდენტის რბილი სავარძელი.

ისტორია მეორდება?

 

 

 

 

 

ნანახია - 309

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80