ქეთი მელუას „კონკურენტი“ გამოუჩნდა
რეტრომედია

ქეთი მელუას „კონკურენტი“ გამოუჩნდა

ქეთი მელუას „კონკურენტი“ გამოუჩნდა
„თბილისელები“, 14 ოქტომბერი, 2009 წელი

2017-09-10 09:36:36

მომღერალმა ქეთი მელუამ, თავისი ნიჭის წყალობით მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მიზანი ბავშვობიდან დაისახა, სასიმღერო კარიერას გაჰყვა და დღეს ის თავისი შემოსავლებით, მილიონერთა სიაშიც მოხვდა.

ქეთის ძმამ, 17 წლის ზურიკო მელუამ თავის დროზე სპორტულ სფეროში მოსინჯა ძალები, საკმაოდ წარმატებული ჩოგბურთელის სახელი მოიპოვა თავისი ასაკის ახალგაზრდებში და მას საკმაოდ კარგ სპორტულ კარიერასაც უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, როგორც ბაბუამისისგან, ბატონ ამირან მელუასგან შევიტყვეთ, ზურიკოს აზრი შეუცვლია და ახლა მუსიკალურ სფეროში აპირებს საკუთარი სიტყვის თქმას. როგორც იცით, ქეთიმ ამ ზაფხულს თბილისსა და ბათუმში საქველმოქმედო კონცერტები გამართა და ამის შემდეგ ევროპაში გაემგზავრა ტურნეთი. მისი ოჯახი კი, საქართველოში დარჩა და მათთვის საყვარელ ქალაქში, ბათუმში დაისვენეს.

ამირან მელუა: ბედნიერი კაცი ვარ ასეთი კარგი და წარმატებული შვილიშვილები რომ მყავს. რომელი ბაბუა არ იამაყებდა მათით? ქეთიც და ზურიკოც ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, ურთიერთობაში კი – ძალიან უბრალო და სადა. ქეთის კონცერტი რომ ჰქონდა წელს თბილისში, მთელი ოჯახით ჩამოვიდა. მეორე კონცერტი კი ბათუმში ჰქონდა და აქედან ყველანი იქ გავემგზავრეთ. ბათუმში საშინელი, წვიმიანი, ცივი ამინდი დაგვხვდა. ქეთი გაცივდა. ექიმიც კი მოვუყვანეთ სახლში. ძალიან ნერვიულობდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მთელი კონცერტი პლაშებგადაფარებული ვუსმენდით ოჯახის წევრები ქეთის და გვეამაყებოდა თავის საყვარელ ხალხს რომ უმღეროდა მთელი გულით. კონცერტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი მივიდა ქეთისთან, მოეფერა, მოესიყვარულა და მადლობა გადაუხადა.

როგორც ვიციბანკეტი ქობულეთში გაიმართასადაც ქეთი მთელი ღამით დარჩაარა?

– დიახ. სააკაშვილს დაემშვიდობა თუ არა, მანქანებში ჩავსხედით მთელი ოჯახი და სტუმრები და ქობულეთში, ჭყონიას სასტუმროში, ბანკეტზე მივედით. არაჩვეულებრივი გარემო და სუფრა დაგვხვდა. კარგად მოვილხინეთ. მეორე დღეს კი ქეთი გაფრინდა ევროპაში. მისი დედ-მამა და ძმა კი დასასვენებლად ბათუმში დარჩნენ. სხვათა შორის, აეროპორტში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ქეთის გასაცილებლად. ყველა ცდილობდა მასთან სურათი გადაეღო. ვერ წარმოიდგენთ ქეთი რა ბედნიერი იყო, ცდილობდა ყველას მოსიყვარულებოდა და მათთვის სითბო და სიყვარული გადაეცა. თვალები უბრწყინავდა სიხარულით.

ზურიკომ როგორი დრო გაატარა ბათუმში?

– როგორც თავად ამბობდა, ვერსად ისე ვერ ერთობა, როგორც ბათუმში. აქ მას უამრავი მეგობარი ჰყავს და წელსაც ახალი სამეგობრო გაიჩინა. გადაიკიდებდა გიტარას და დილამდე მათთან ატარებდა დროს. ხან დისკოთეკაზე იყო, ხან სად და ხან სად. არ გვეშინოდა. ვიცოდით, ისეთ წრეში ტრიალებდა, საფრთხე არ ელოდა. თვითონაც მშვიდი და თბილი ბუნების ბიჭია.

აი, მამამისმა კი მანერვიულა მაგრად. ინგლისიდან ჩამოიტანა გასაბერი ნავი. წავიდა აჭარის მთიან კუთხეში ძმაკაცებთან ერთად და სიმაღლიდან მდინარეს დაუყვა ამ ნავით. ჩანჩქერზე ნავი გადატრიალდა და ეს ჩემი ბიჭი ცალკე წაიღო წყალმა და ის გასაბერი ნავი კიდევ ცალკე. მადლობა ღმერთს, გადარჩნენ. რომ მითხრეს, კინაღამ ჭკუიდან გადავედი კაცი. თვითონ კი იცინოდნენ, ამბობდნენ, კმაყოფილები ვართ, ადრენალინი მივიღეთ და ეს იყო მთავარიო. ქეთი ევროპიდან რეკავდა, გვეკითხებოდა როგორ ისვენებთო. მოვუყევი ეს ამბავი, მაგრამ გეტყვით რომ, ქეთიც და მისი ძმაც ექსტრემის მოყვარულები არიან და დიდად არ შეუცხადებიათ. აქეთ უნდოდა მასაც.

აქედან რომ ჩასულა, იმ დღეს კონცერტი ვერ ჩაუტარებია გერმანიაში, ყელი სტკიოდა თურმე საშინლად. მოკლედ, ხან საიდან რეკავდა, ხან საიდან, ვერ გაიგებ, ეს გოგო სად დადის. რაც შეეხება ზურიკოს გართობას და დასვენებას, ვერ წარმოიდგენთ, რა კმაყოფილი წავიდა. გოგონები გაიცნო, ისინიც ეპატიჟებოდნენ და ესეც ამ მძიმე გიტარით გადაკიდებული მირბოდა მათთან. ჩაუტარა დამსვენებელ გოგონებს ზურიკომ უფასო კონცერტები ბათუმში. იქ რომ არის ხომ მენატრება და აქ ჩამოსულმაც არ მომანატრა თავი? მთელი სამი კვირა დარჩა და მისი დის მსგავსად, აღარ უნდოდა წასვლა ინგლისში. იმდენი აჭარული ხაჭაპური ჭამა მონატრებულმა, მეშინოდა არაფერი დაემართოს ამ ბავშვს-მეთქი. წვეთს არ სვამს და ამბობს 18 წლამდე არ დავლევო. აი, ქალებზე არ მისაუბრია მასთან. სხვათა შორის, ქეთი ხომ გიჟდება ბებიამისის გაკეთებულ ბლინებსა და პელმენზე, ჰოდა, აეროპორტიდანვე შეუკვეთა და იმანაც იმდენი პელმენი და ბლინი ჭამა, გაშტერებულები ვუყურებდით. მერე, აქედან ქეთიმ ბოთლით ტყემალი და ორკილოიანი ქილებით იმ ბლინების გაყინული ცომი წაიღო. იქ მაცივარში შედგამს და როცა მოუნდება გაალღობს, დააცხობს და გეახლებათ. გუშინ დარეკა, მითავდება ცომი და გამომიგზავნეთო. ზურიკო კი რომ ჩამოვიდა თბილისში, გვთხოვა ჩემს მეგობართან დავრჩებიო და სამი დღე და ღამე იქ რჩებოდა. მონატრებული იყო ქართველ მეგობრებთან ლაპარაკს და მოხუცი ბებია-ბაბუის ყურებას, მასთან არ ერჩივნა?

როგორც ვიციზურიკომ საკმაო წარმატებას მიაღწია ჩოგბურთში და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ სპორტშითუმცაისიც გავიგერომ ის აღარ ვარჯიშობს პროფესიონალურ დონეზე და საერთოდსამუსიკო კარიერაში უნდა ძალების მოსინჯვათქვენ რას იტყვითმოგწონთ შვილიშვილის უცაბედი გადაწყვეტილება?

– ვერ გეტყვით არ მომწონს მისი გადაწყვეტილება-მეთქი. ეს მისი ნებაა. სხვათა შორის, ქეთიც ამბობს, ზურიკო ბევრს მიაღწევს მუსიკაშიო. ვნახოთ, ჩვენც ამის იმედი გვაქვს. არადა, ჩოგბურთში, დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი გახდა 15 წლის ასაკის წყვილ მოთამაშეებში. ეს დიდი წარმატებაა. მაგრამ, მერე აიჩემა, მუსიკაში უნდა ვცადო ბედიო. შესაძლოა, ქეთის პოპულარობამ აიძულა, ასე ეფიქრა. ყოველ შემთხვევაში, დაიწყო სერიოზული მზადება მუსიკაში და ძალიან არის მონდომებული. ლონდონში, იმ მუსიკალურ სკოლაშიც კი გადავიდა სასწავლებლად, რომელიც ქეთიმ დაამთავრა. იმიტომ კი არა, რომ მე მისი ბაბუა ვარ და ვაქებ, მაგრამ დამიჯერეთ, მართლა კარგად უკრავს გიტარაზე და მჯერა პოპულარულიც გახდება. ისიც კი გავიგე, თითქოს ქეთის ორკესტრში უნდა დაუკრას.

დუეტში არ იმღერებენ და-ძმა?

- შესაძლოა, ერთადაც იმღერონ, მაგრამ ზურიკო უფრო დაკვრაზეა ორიენტირებული. რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოებიც კი აქვს შექმნილი. პროფესიონალურად მიუდგა ამ საქმეს და ვნახოთ, იქნებ ქეთიზე არანაკლები პოპულარობაც კი მოიხვეჭოს. ჩოგბურთი კი ისე უყვარს, ამბობს თავს ვერ დავანებებ და მოყვარულის დონეზე მაინც ვითამაშებო. ყოველ დილით ვარჯიშობს. დღე და ღამე კი გიტარაზე უკრავს. იმსიმძიმე გიტარა ჰქონდა ჩამოტანილი, მე ძლივს მოვერიე. ის რომ უკრავდა ბათუმში, ფანჯრებთან ჩერდებოდნენ გამვლელები და უსმენდნენ, მე რომ ვმღეროდი ახალგაზრდობაში, რა ვიცი ყველა გარბოდა და... ზურიკოც კარგად მღერის, მაგრამ ჯერ დაკვრით არის გატაცებული. გეფიცებით, ჭამის დროსაც კი უკრავს. თუ ასე გააგრძელა, კარგი მუსიკოსი დადგება. ქეთიც ამას ამბობს. ვხუმრობთ ხოლმე, ქეთის კონკურენტი გამოუჩნდაო, სინამდვილეში კი კონკურენტი კი არა, დამხმარე გამოუჩნდა. ორკესტრში რომ სანდო ადამიანი გყავს და ისიც ძმა, ამას რა ჯობია?

 

 

 

 

 

ნანახია - 394

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80