პოლ მაკარტნის უცნობი წერილი
სხვადასხვა

პოლ მაკარტნის უცნობი წერილი

პოლ მაკარტნის უცნობი წერილი
for.ge

2017-09-10 09:46:47

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ლივერპულის ძველმანთა ბაზრობაზე ჯგუფი “The Beatles”-ის წევრის, სერ პოლ მაკარტნის მიერ 1960 წლის 10 აგვისტოს დაწერილი წერილი აღმოაჩინეს. ეს ქაღალდის ნაგლეჯი რომელიღაც ძველ წიგნში იდო და მისმა მყიდველმა შემთხვევით იპოვა.

ამ წერილის ადრესატი უცნობი მუსიკოსია, რომელიც ჯგუფის წევრებმა მოსმენაზე მიიპატიჟეს. ამ ისტორიული რელიქვიის უტყუარობა ეჭვს არ იწვევს, რადგან მას თავად პოლ მაკარტნის ხელმოწერა ახლავს.

გთავაზობთ ამ წერილს.

“ ძვირფასო სერ.

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, გაზეთ “Echo”-ში გავეცანი თქვენს განცხადებას. გაცნობებთ, რომ ჯგუფს მაღალკვალიფიცირებული მედოლე სასწრაფოდ ესაჭიროება. თუ დაინტერესდებით ჯგუფი “The Beatles”-ის წინადადებით, მიბრძანდით კლუბ “ჯაკარანდაში”. იკითხეთ ჩვენი ჯგუფის რომელიმე წევრი ან ბატონი ალან უილიამსი. თქვენთვის მოსახერხებელ დროს მზად ვართ შეგხვდეთ და მომავალი ურთიერთობის დეტალები განვიხილოთ. აქვე გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში საგასტროლოდ ქალაქ ჰამბურგში მივემგზავრებით. თუ ჩვენთან თანამშრომლობას დაიწყებთ იცოდეთ, რომ ლივერპულთან განშორება მინიმუმ ორი თვით მოგიწევთ. გერმანიაში ყოფნისას თქვენი ყოველკვირეული ანაზღაურება 18 ფუნტი სტერლინგი იქნება.

პატივისცემით პოლ მაკარტნი.”

ცნობილია, რომ იმ პერიოდში ჯგუფი ჰამბურგში გამგზავრებას აპირებდა და კვალიფიციურ მედოლეს ეძებდა. არ არის ცნობილი ვინ იყო მაკარტნის წერილის ადრესატი და გაიარა თუ არა მან გასაუბრება.

“The Beatles”-ის ბიოგრაფების მტკიცებით, ამ წერილმა პასუხი ორ კითხვას გასცა. დღემდე მიიჩნეოდა, რომ ჯგუფის პირველი მედოლე პიტ ბესტი უკონკურენციო იყო და როგორც მაღალი დონის პროფესიონალს პერსონალური მიწვევა მიუვიდა. იმ დროს “The Beatles” ოთხი წევრისაგან შედგებოდა. ესენი იყვნენ: ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და სტიუარტ სატკლიფი. გერმანელებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ჰამბურგის საგასტროლო ტურნეში მედოლე აუცილებლად უნდა დაემატებინათ. წერილიდან ირკვევა, რომ ჯგუფის წევრები ახალ წევრს გაცხოველებული ეძებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლ მაკარტნი უცნობი მუსიკოსით არ დაინტერესდებოდა.

აგრეთვე ცნობილია, რომ ჯგუფი გერმანიაში ბრმად გაემგზავრა. მათ არ იცოდნენ ჰამბურგში რამდენი თვის განმავლობაში დარჩებოდნენ და რა ანაზღაურებას მიიღებდნენ. ამ წერილის მეშვეობით ცხადი ხდება, რომ მაკარტნის გარკვეული ინფორმაცია მაინც გააჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ეცოდინებოდა, ჰამბურგში რამდენი ხნით დარჩენას აპირებდნენ და სავარაუდოდ მათი შრომა როგორ შეფასდებოდა.

უცნობი მუსიკოსის განცხადება ადგილობრივ გაზეთში 1960 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნდა, მაკარტნიმ წერილი 10 აგვისტოს დაწერა, გერმანული ტურნეს ორგანიზატორებთან ოფიციალური კონტრაქტი კი ჯგუფის წევრებმა 15 აგვისტოს გააფორმეს.

 

ნანახია - 198

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80