მოტყუებული გურამ ფირცხალავა
საზოგადოება

მოტყუებული გურამ ფირცხალავა

მოტყუებული გურამ ფირცხალავა
სანტიაგო გაუჩო

2017-09-10 10:53:08

დღევანდელ საკვირაო სახალისო მოგონებებში კვლავ გამოჩენილი ხელოვანების ისტორიებს წარმოგიდგენთ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ ბორის წიფყურიას გადავცემ, რომელმაც თავის დროზე კოლეგა გურამ ფირცხალავას ერთი დასამახსოვრებელი „ოინი“ მოუწყო.

„მე და გურამ ფირცხალავა „ლენფილმში“ ერთი კინოფილმის „პრობებზე“ (საცდელ გადაღებაზე) ვიმყოფებოდით. თბილისში გამოფრენის დღეს, ჩვენმა ადგილობრივმა მეგობარმა უნივერმაღ „გოსტინი დვორის“ საწყობში დეფიციტური და ძალიან მოდური „შუზები“ გვაყიდინა, რომლებშიც 300-300 მანეთი გადავიხადეთ. მე 41, გურამმა კი – 43 ზომა იყიდა და სასტუმროში დავბრუნდით. საღამოს, გამომგზავრებამდე, ცოტა უნდა გავრთობილიყავით და გამოვფრენილიყავით. გურამი ფიცხი კაცია. ხშირად სხვადასხვა „შტუკას“ ვუწყობდი და მის გაბრაზებაზე ვიცინოდი ხოლმე. მაშინაც, დრო ვიხელთე. მისი ყუთიდან 43 ზომა მარჯვენა „შუზი“ ამოვიღე, ჩემი მარცხენა, 41 ზომა ჩავუდე და ვიცოდი რა, თბილისამდე არ გახსნიდა, ვფიქრობდი, თბილისში ვიკაიფებ-მეთქი. ჩვენ ჩვენს ნომრებში განვმარტოვდით ქალებთან ერთად. ხუთიოდე საათის შემდეგ კი უკვე სასტუმროს ჰოლში შევუერთდით სხვა მსახიობებს და აეროპორტისკენ გავემართეთ. თვითმფრინავი რომ აფრინდა, გურამს ვკითხე:

– რას იტყვი, როგორი დრო გაატარე-მეთქი შენს ქალთან?

– არც, არანაირი, – მიპასუხა გაბრაზებულმა გურამმა, – ბიჭო, იმ ქალმა მითხრა, – მოდი, ცოტა ხნით ბარში ავიდეთ და შემდეგ დავბრუნდეთ უკანო. კაი-მეთქი, – ვუთხარი. თავი რომ მომეწონებინა, ფეხსაცმლის ყუთი გავხსენი, „შუზები“ ამოვიღე, რომ ჩამეცვა და რას ვხედავ, ორივე მარცხენა „შუზი“ არ დევს? თანაც, ერთი 43, ჩემი ზომა და ერთიც – 41. ამდენი ფული მიმიცია. არც ქალი მინდოდა და არც დალევა. გავვარდი ქალაქში. საწყობში მივიტანე და 41 ზომა მარცხენა „შუზი“ 43 ზომა მარჯვენა შუზზე გადავცვალეო...

ეს რომ მოვისმინე, ენა პირში ჩამივარდა და გურამს ყველაფერი  გავუმხილე. მას კი სიცილი აუტყდა და მითხრა:

– ასეა, ძამია, სხვას რომ უთხრი საფლავს, ახლა შენ ჩავარდიო. გქონდეს ახლა ორი მარჯვენა „შუზი“, თანაც ერთი შენი ზომა და ერთიც – ჩემიო.

ქალბატონი მედეა ჩახავა ასეთ ისტორიას იხსენებდა: „დოდო ალექსიძის ცნობილი სპექტაკლი „პეპო“ თავის ანტრაქტიანად ორსაათ-ნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა. აღა არუთინას როლს გენიალური ეროსი მანჯგალაძე ასრულებდა, მე კი მისი პარტნიორი ვიყავი. როგორც მოგეხსენებათ, ეროსი სპორტული კომენტატორიც იყო და ძირითადად, ფეხბურთის რადიორეპორტაჟები მიჰყავდა. ამ ორ ფრონტზე ეროსი წარმატებით უძღვებოდა თავის საქმეს, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ ფეხბურთისა და სპექტაკლის დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და ეროსის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით უხდებოდა გამოსავლის მოძებნა.

ერთხელ „პეპოს“ დღის სპექტაკლს ვთამაშობდით, რომელიც 5 საათზე იწყებოდა და იმავე დღეს კი – საღამოს 7 საათზე თბილისის „დინამო“ თამაშობდა და რადიორეპორტაჟი ეროსის უნდა წაეყვანა. რა თქმა უნდა, დროში ვერ ჩაეტეოდა ეროსი და მთელი დასი დაგვითანხმა, სპექტაკლი თავის ტემპში გვეთამაშა და ზოგიერთი სცენები გამოგვეტოვებინა კიდეც. ასეც მოხდა, უნდა გენახათ, რა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვთამაშობდით და სცენიდან სცენაზე გადავდიოდით. ანტრაქტიც სულ ხუთი წუთი გაგრძელდა და გიჟური რიტმი გავაგრძელეთ. სულს ძლივს ვითქვამდი, თან ცხელოდა, მაგრამ რა მექნა, ეროსის ხომ არ დავაღალატებდი.

არც თავად ეროსის ადგა კარგი დღე, რადგან უკვე ასაკში იყო.  თუმცა, ფეხბურთის სიყვარული მას ყველა წინაღობას ალახვინებდა და როგორც იქნა, ფინალამდეც მივედით. ბოლო სცენაში ფარდის დახურვის წინ ტრისტან ყველაიძე აღა არუთინას მხრებზე ადებს ხელებს და ეუბნება: „ახლა, აღა არუთინ, დავრჩით მარტო მე და შენ...“ ეს ფრაზა რომ წარმოთქვა ტრისტანმა და ფარდაც დახურვისკენ წავიდა, ეროსი თავის კოსტიუმ-გრიმიანად ადგილიდან მოწყდა და სცენაზე დარჩენილ მსახიობებს მიაძახა: თქვენ დარჩით, მე კი ფეხბურთზე წავედი, უნდა მივასწროო. „პაკლონზე“ უკვე ეროსის გარეშე გავედით და დარბაზი მქუხარე ტაშს გვიკრავდა, მიუხედავად იმისა რომ ასოცდახუთწუთიანის პექტაკლი სულ რაღაც სამოც წუთში ვითამაშეთ“.

ცნობილი ქართველი საბჭოთა მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ასეთ კურიოზს იხსენებს: „ახლა რომ მოდაშია შეყვარებულებისთვის გულის დანთება და ამგვარად გამოტყდომა სიყვარულში, ასეთი რამ მე, ჯერ კიდევ შორეულ 1955 წელს, ოცი წლის ასაკში გავაკეთე და ლამის გაციმბირებად დამიჯდა...

მე, ჩემი მომავალი მეუღლე – ტანია დორონინა და მიშა კოზაკოვი ერთად ვსწავლობდით „მხატის“ თეატრალურ სკოლა-სტუდიაში, პაველ მოსალსკის ჯგუფში. ტანია ახლა 80 წელს მიღწეულია ლამაზი და ხომ წარმოგიდგენიათ, 20 წლისა როგორი იქნებოდა. ერთი სიტყვით, ყურებამდე შეყვარებული ვიყავი და ვცდილობდი, მისი ყურადღება მიმექცია, მაგრამ ამის გაკეთება ორიგინალურად მინდოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, გონება გამინათდა და მოვიფიქრე... იმ პერიოდში პაველ ვლადიმიროვიჩ მოსალსკი საკურსო სპექტაკლის, ჩეხოვის „ალუბლის ბაღს“ დგამდა, სადაც მთავარ როლებს ჩამი ტანია და მიშა კოზაკოვი ასრულებდნენ. მცირე როლი მეც შემხვდა. სპექტაკლში, ერთ მომენტში, სცენაზე შუქი ქრება რამდენიმე წამით და კვლავ ინთება. მე გადავწყვიტე, რომ სწორედ ამით მესარგებლა და ტანიასთვის ორიგინალურად ამეხსნა სიყვარული, თანაც გენერალური რეპეტიციის დროს, რომელიც სრული დეკორაციებითა და კოსტიუმებით ტარდებოდა.

რეპეტიციის დაწყებამდე, ფოლადის ერთ-ერთ დეკორაციას, რომელიც  შუა სცენაზე მთელი სპექტაკლის განმავლობაში იდგა, ბენზინიანი ჩვრით მივაწერე: „ტანია, მიყვარხარ! ოლეგი“. შუაში კი გული მივახატე. წარწერა, რა თქმა უნდა, არ ჩანდა. მთელი მარილი კი იმაში იყო, რომ როცა სცენა ჩაბნელდებოდა, მე ბენზინიანი წარწერისთვის ცეცხლი უნდა წამეკიდებინა და ეს ყველაფერი სცენაზე მყოფ ტანიას უნდა ენახა... ბევრს არ გავაგრძელებ და შესაფერისი მომენტი რომ დადგა, ფოლადის დეკორაციაზე ცეცხლი ავაგიზგიზე. ამან კი ისე გაახურა ის, რომ მის ირგვლივ, აცეტონიანი საღებავებით მოხატულ სხვა დეკორაციებსაც ცეცხლი წაეკიდა, „მხატის“ მცირე სცენა ხანძარმა მოიცვა... ცეცხლი, მართალია, მალევე გაანეიტრალეს თეატრის მეხანძრეებმა, მაგრამ დეკორაციები ერთიანად დაიწვა. რა თქმა უნდა, რეპეტიცია ჩაიშალა. მე კი მავნებლობისთვის კომკავშირულ კრებაზე გამკიცხეს და სკოლა-სტუდიიდან გაგდებასაც მიპირებდნენ. თუმცა, გადავრჩი. საქმეში ჩემი მასწავლებელი, პაველ მოსალსკი ჩაერია. მან კრებაზე თქვა, რომ ეს იყო სიყვარულის ცეცხლი და თეატრი იმიტომ არ დაიწვა, ხოლო სპექტაკლს უდეკორაციოდ ვითამაშებთო. მართლაც, პრემიერა დეკორაციების გარეშე ვითამაშეთ. მისი დამთავრების მერე კი, ტანიას ხელი ვთხოვე და ის ცოლად გამომყვა.“

ცნობილი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ასეთ ამბავს იგონებდა: „მე და გია ბადრიძე თანაკლასელები ვიყავით და მთაწმინდაზე, ვაჟთა სკოლაში (ამჟამად 47-ე სკოლა) ვსწავლობდით. ისტორიას ცნობილი პედაგოგი თემურ ერისთავი გვასწავლიდა. მეცხრე კლასში ისტორიის გამოცდა გვქონდა და მომავალში ისტორიის ასპირანტურადამთავრებულმა გიამ იზარმაცა და საგამოცდოდ მოუმზადებელი მოვიდა. ერისთავთან კარნახი გამორიცხული იყო. ეგრევე აგდებდა გარეთ, ამიტომ საგონებელში ჩავვარდით. გამოსავალი ისევ გიამ მოძებნა და მითხრა:

– მუნჯურად მიკარნახე. თემური ვერც ვერაფერს გაიგებს და ვერც მიხვდებაო.

საქმე ის იყო, რომ მთაწმინდელ გია ბადრიძეს ერთი სომეხი მეზობელი ჰყავდა ძია ისაკა, რომელიც დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო და სწორედ მასთან „დავამუღამეთ“ ჟესტების ენა.

მე ჭკუაში ჩამიჯდა გიას ოინი და დავთანხმდი. გამოცდა რომ დაიწყო, პირველი გია გავიდა დაფასთან. აიღო ბილეთი და საკითხები ხმამაღლა წაიკითხა. მე ბოლო მერხზე ვიჯექი და მიდი მოვდივარ, შევუბერე... მე გამწარებული ვიქნევ ხელებს, გია კი – დინჯად ყვება. სამივე საკითხი რომ ჩავაბულბულეთ, ერისთავმა ხელით მიხმო. გია ბადრიძის გვერდით დამაყენა და მუნჯურად მოგვახალა ასეთი ფრაზა: ორივეს ორიანი, ყმაწვილებო! წადით და გადაბარებაზე მოდით, მაგრამ ხელების ქნევა აღარ დამანახვოთო.

როგორც გაირკვა, ბატონი თეიმურაზი ადრე ყრუ-მუნჯთა სკოლის დირექტორი ყოფილა და ჟესტების ენა საუცხოოდ იცოდა.

ნანახია - 2677

მეგრელი

2017-09-10 11:17:19

მშობლიურ ქალაქ ფოთში წელს გურამ ფირცხალავას ბიუსტი გაიხსნა . თუმცა ვანდალებმა რა გააკეთეს შეგიძლიათ ფოთში იხილოთ.

qedo sakokhia

2017-09-10 11:34:58

კი, მაგრამ ფოთში ვანდალები ახლაც არიან? მე მეგონა იქ მეგრელები და გურულები ცხოვრობდნენ ძირითადად.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80