„ჩვენი ტყეები ცეცხლის გასაჩაღებლად არის გამზადებული“
საზოგადოება

„ჩვენი ტყეები ცეცხლის გასაჩაღებლად არის გამზადებული“

 „ჩვენი ტყეები ცეცხლის გასაჩაღებლად არის გამზადებული“
მანანა ნოზაძე

2017-09-11 15:00:09

ჩნდება თუ არა საქართველოში პოლიტიკური ხანძრები და რამ გამოიწვია აგვისტოში 27-მდე დიდი და პატარა ხანძარი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში? ამის შესახებ For.ge-ს „CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების“ კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი ესაუბრა.  

გლობალურ დათბობასა და აღმოსავლეთ საქართველოში ორთვიან გვალვას შეეძლო გამოეწვია ამდენი ერთდროული ხანძარი? თუ არსებობს დამკვეთი და შემსრულებელი, ანუ ე.წ. პოლიტიკურ ხანძრებთან, დივერსიებთან გვაქვს საქმე?

- პოლიტიკურ ხანძრებს, ალბათ, ნაკლები საფუძველი აქვს. არა მგონია, საქართველოში ვინმემ თავისი პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად საკუთარ ქვეყანას ომი გამოუცხადოს. თუკი დივერსიაზეა საუბარი, აქ, ალბათ, უფრო იმ საფრთხეებზე ღირს ყურადღების გამახვილება, რასაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო გვიქმნის. ამას გარდა, ხანძრის გაჩენის სხვა ფაქტორებიც არსებობს-ბუნებრივიც და ადამიანურიც. არც ერთი არ არის გამოსარიცხი. უფრო ადამიანური ფაქტორისკენ ვიხრები.

საქართველოში უკვე იმდენი ხანძარი გაჩნდა, რომ შესაძლებელია ბუნებრივ ხანძართანაც გვქონდეს საქმე რომელიმე ცალკეულ შემთხვევაში, მაგრამ ამ ხანძრების უმეტესობა ძირითადად დაკავშირებულია ადამიანის გაუფრთხილებლობასთან, დაუდევრობასთან, ასევე, ტყეების მართვის სისტემის პრობლემებთან, ფინანსურ სიმწირესთან ამ დარგში. წლების განმავლობაში სატყეო მეურნეობის მიმართ ხელისუფლების ნაკლები ინტერესი იგრძნობოდა და ტყეების სტიქიური ექსპლუატაცია ხდებოდა. ეს იყო ტყეების მიმართ გადაჭარბებული ზეწოლა, პირველ რიგში, ენერგეტიკული და სოციალური კუთხით. დღესდღეობით ზემოთ ჩამოთვლილი რისკები არ დასრულებულა, ისევ არსებობს და ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშეა.

ფიქრობთ, რომ ხანძრის გამომწვევი რისკი სიცხეების კვალდაკვალ, ანუ სექტემბრის ბოლომდე შენარჩუნდება?

- ეს რისკები იქნება მანამ, სანამ არ დაიწყება წვიმების სეზონი. ეს გახლავთ გაგრძელებული გვალვა.

ზოგადად, ცხელი ზაფხულები ჩვენ სხვა წლებშიც გვახსოვს.

- ზუსტად ერთ-ერთი ასეთი ცხელი ზაფხულია წლევანდელიც. დღეს ყველა პირობა არსებობს, რომ ამოქმედდეს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლი, რაც განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შემოღებას გულისხმობს. ეს ნიშნავს სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნების ამოქმედებას და დამატებითი ზომების მიღებას. მათ შორის, პირველ რიგში, ფიზიკური პირებისთვის შეზღუდვის დაწესებას ტყეებში შესვლაზე. ტყეებში შესვლა შეიძლება აიკრძალოს მანამ, სანამ წვიმების სეზონი არ დაიწყება. აქ საუბარია ადგილობრივ მოსახლეობაზეც, ტურისტებზეც. მოკლედ, ტყეში ყოველგვარი ოპერირება უნდა შეჩერდეს, ტყის საშეშე, კომერციული თუ რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენების ჩათვლით. საუბარია სულ რაღაც ათ დღეზე, ორ კვირაზე. ამის თაობაზე დღეს გვქონდა კონსულტაციები  შესაბამის უწყებებთან, მათ შორის, საველე ოპერაციების ცენტრთან, შს სამინისტროსთან. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მომხრეა გარემოს დაცვის სამინისტროც. ეს რეჟიმი გულისხმობს არა მარტო ტყეში შესვლის აკრძალვას და პატრულირებას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციასაც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატი-„დრონი“ შეიძლება იყოს ტყის ხანძრის გამომწვევი მიზეზი მიუდგომელ მასივებში. თუ ამ ვერსიას ვირწმუნებთ, მაშინ თქვენს მიერ დასახელებული მორატორიუმი  შედეგის მომტანი იქნება?

- თუკი ჩვენ ვსაუბრობთ დივერსიის შესაძლებლობაზე, ეს შესაძლებლობა მომავალშიც იარსებებს. თუმცა დივერსიას აქვს ხელის შემწყობი პირობები. კერძოდ, ტყეებში შექმნილი მდგომარეობა. ფაქტობრივად, ჩვენი ტყეები ცეცხლის გასაჩაღებლად გამზადებულია. აქ არის დიდი რაოდენობით მკვდარი ბიომასა, რომელიც ამ მეტეოროლოგიური პირობების შედეგად მთლიანად გამომშრალია. ეს მკვდარი ბიომასა ისევ ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოჭრილი, ტყეში დატოვებული, ჩახერგილი, ძირნაყარი ხეებია. მართალია, ხანძრები მიუდგომელ ადგილებშიც გაჩნდა, მაგრამ - ძალიან მცირე რაოდენობით. ძირითადად კი ცეცხლი მოედო ძლიერად დეგრადირებულ ტყეებს, სადაც შედიოდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე-ტურისტი. ამიტომ სულ მცირე დაუდევრობაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ ტყეებში გაჩენილიყო ხანძარი. არ ვამბობ, რომ რომელიმე ფაქტორი გამოსარიცხია, ყველა ფაქტორი გასაანალიზებელია. აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, სახანძრო გზებისა და ბილიკების გაყვანა, მათი მოვლა. ეს გახლავთ ჩვეულებრივი სატყეო ღონისძიებები, რაც არ ხორციელდება, რადგან არ არის შესაბამისი ნება და დაფინანსება ხელისუფლებისგან.

სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის დროული გაზიფიცირება, ელექტრონერგიით უზრუნველყოფა რომ მომხდარიყო, შესაძლოა, ამდენი ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩენილიყო საქართველოს ტყეები?

- რა თქმა უნდა, ჩვენს ტყეებზე უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდება, მათ შორის, ენერგეტიკული და სოციალური ზეწოლაც. ჩვენი ხალხი დიდი რაოდენობით მოიხმარს ტყეებს, რის შედეგადაც ისინი კარგავენ უნარს, გაუწიონ წინააღმდეგობა ნებისმიერ სტიქიურ მოვლენას. ხანძრის გავრცელება ყველაზე მარტივად ხდება ძლიერად დეგრადირებულ ტყეებში. ამას ვერ მოაგვარებს სატყეო სააგენტო და გარემოს დაცვის სამინისტრო.  საჭიროა ამ საკითხს სერიოზულად შეხედოს საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა. ვიმეორებ, ძირითადად ის ტყეები დაიწვა, რომლებიც ბიოდეგრადირებულია.  ასეთ ტყეებში სწრაფად ვრცელდება ხანძარი, რადგან მწვანე საფარის ნაცვლად მკვდარი გამომშრალი ბიომასაა, რომელსაც ცეცხლი ეკიდება. მათგან განსხვავებულია ტყეები ცოცხალი მწვანე საფარით, შესაბამისი მიკროკლიმატით, ტენით, ჰიდროლოგიით.  

დასაწყისში ტყის კუთვნილებაზე ისაუბრეთ. ზოგადად, ეს ტყეები სახელწიფოს საკუთრებაა. თუმცა არსებობს ხატის ტყეები, რომლებიც ეკლესიას ეკუთვნის, დაცული ტერიტორიები. ხანძრის პრევენციის კუთხით ამ ტყეებს შორის განსხვავება არის?

- საქართველოში ყველა ტყე სახელწიფოს საკუთრებაა, მიუხედავად იმისა, დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის, სატყეო სააგენტოს თუ ეკლესიას. განსხვავება, რა თქმა უნდა, არის. ის ტყეები, რომლებიც მიეკუთვნებიან დაცულ ტერიტორიებს, უფრო კარგად არის შემონახული, გადარჩენილი და უფრო ადვილია ამ ტყეებში ხანძართან გამკლავება. ასე მოხდა აბასთუმანშიც, სადაც ბუნებრივმა ეკოსისტემებმა თვითონვე გაუწიეს წინააღმდეგობა ხანძარს.

შესაძლოა, ე.წ. ტურისტებშიც აღმოჩნდნენ დივერსიული ჯგუფები?

- ტურიზმი და რეკრეაცია ის მიმართულებაა, რომელმაც ტყეებს მომავალში უნდა უშველოს და ეკონომიკური სარგებელი შექმნას. ძლიერ სახელმწიფოებსაც უჭირთ მარტივად გაუმკლავდნენ  ამდენ ერთდროულ ხანძარს. აქ საჭიროა მობილიზაცია და ტყეში შესვლაზე ცოტა ხნით შეზღუდვის დაწესება, სანქციის შემოღება, თუკი ადამიანები მაინც შევლენ ტყეში.

განსჯის საგნად იქცა, ღირს თუ არა დამწვარი ტყის აღდგენა. თუკი ბუნებრივად ისედაც აღდგება ტყე, მაშინ რატომ უნდა დაიხარჯოს უამრავი თანხა მის აღდგენაზე? ხომ არ სჯობს თანხების მიმართვა ტყის ხანძრების პრევენციისკენ?

- ტყის აღდგენა ძალიან ძვირია. თუმცა როდესაც საუბარია საკურორტო დანიშნულების ტყეებზე, რომელთა არსებობაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო კურორტების განვითარებისთვის, აქ აუცილებელია სწორი შეფასება და ეკონომიკური გათვლები. სხვანაირად ამ კურორტებს დაკარგავს ჩვენი ქვეყანა. თუმცა თქვენ მართალი ხართ, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად მილიონობით ჰექტარ ტყეს ვაყენებთ დიდ ზიანს და უკვე შეუქცევადი დეგრადაციაა დაწყებული, აღდგენაზე დახარჯული თანხები შეიძლება არც იყოს სწორი და ეფექტური.

ტყის აღდგენა ჯდება ასჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ტყეების დაცვა ზეწოლისგან, პირველ რიგში,  ენერგეტიკული ზეწოლისგან. ტყეებზე ხელმისაწვდომობა დღეს საქართველოში 600 ათასამდე ოჯახს აქვს, ანუ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ბილეთი, შეუძლია წავიდეს ტყეში და მოჭრას ხე. ეს დიდი რისკია ჩვენი ტყეებისთვის და ძალზე საშიშია. მეორე მხრივ, ყველაზე მაღალი რისკი გამოხატულია ჩახერგილობით და მკვდარი ბიომასით. მაშინ, როცა საქართველოში სათბობი რესურსის დიდი დეფიციტია, ჩვენი ტყეები სავსეა გამოუყენებელი ბიომასით. ამ ბიომასის გამოტანით შესაძლებელია მოსახლეობის უზრუნველყოფა კომფორტული სათბობი რესურსით და ამით ტყეც გადარჩება.

   

ნანახია - 1160

papa

2017-09-12 23:13:19

ამათ თქვენი თქმა და შეხსენება აღარ უნდათ--- ისედაც კარგად აჩენენ ხანძრებს.
მით უმეტეს კახეთში---თელავი სუ კრუგში დაწვეს ,,იმ,, ჩათლახებმა
ჰოო ჰოოო...... ,,ეს,, ჩათლახებიც არიან!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80