„აკრძალული პროდუქცია“ სკოლის მოსწავლეებისთვის
საზოგადოება

„აკრძალული პროდუქცია“ სკოლის მოსწავლეებისთვის

„აკრძალული პროდუქცია“ სკოლის მოსწავლეებისთვის
მანანა ნოზაძე

2017-09-11 16:00:55

საღეჭი რეზინი, კანფეტი, შოკოლადი, ჩიფსები, ჟელიბონი, მაიონეზით შეზავებული პროდუქცია, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, სოკოს ან დაკონსერვებული საკვები- ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომლის შეტანაც სკოლებში მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით ახალი სასწავლო წლიდან აიკრძალება.

სამაგიეროდ, სკოლის ბუფეტებში მიზანშეწონილი იქნება ხილის, ბოსტნეულის, წყლის, ხილის წვენის, ხილის კომპოტის, კისელის, იოგურტის, ჩაის, კაკაოს შეტანა. ამ ბრძანების შესრულება სკოლებში გაკონტროლდება და ბრძანების დამრღვევ ბიზნესოპერატორებთან ხელშეკრულება გაუქმდება.

მინისტრის ბრძანებას უკვე მოჰყვა შეფასებები სოციალურ ქსელში. განსაკუთრებით, მხიარულ ხასიათზე დააყენა ჩვენი მოქალაქეები კვირაში ერთხელ სკოლებში ვაშლის დარიგების თემამ. 

სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე მინისტრის ამ ბრძანებას მიესალმება. For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ სკოლებში არ შეიძლება მოზარდები იკვებებოდნენ ჰოთ-დოგებით, კანფეტებით და ისეთი პროდუქციით, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

როგორც წესი, სკოლებში უნდა შედიოდეს ისეთი პროდუქტი, რაც ჯანმრთელი კვების რაციონს განეკუთვნება. ეს შეიძლება იყოს პური, ყველი და კარაქი, ე.წ. ბუტერ-ბროდი. არც გაზირებული სასმელებია რეკომენდებული, რაც არათუ მოზარდებისთვის,მოზრდილებისთვისაც არ შეიძლება.

„ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვსუნთქავთ ჟანგბადით და ამოვისუნთქავთ ნახშირორჟანგს, ჩვენი სისხლი იშორებს ნახშირორჟანგს და, თუ ჩვენ კიდევ პერიოდულად ვამატებთ ნახშირორჟანგს, მაშინ რა გამოდის? სისხლს ძირითადი ფუნქციის შესრულება უჭირს. ჰიპოკრატეს უთქვამს, „დოზა ქმნის შხამს“. ამიტომ ასეთი პროდუქცია არ უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის შეჩვევის საშუალება. პირიქით, მათ ჩვევაში უნდა გაუჯდეთ, რომ ჯანსაღი კვება სიცოცხლის აუცილებელი პირობაა. თუ შოკოლადი ნატურალურია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ იშვიათობაა და ძვირი სიამოვნებაა. თანაც, კარგ შოკოლადში არ უნდა იყოს შაქრის შემცველები, დანამატები, რათა ის ადვილად არ დადნეს, შეინახოს, საუბარია ე.წ. კონსერვანტებზე. თუმცა შეჩვევა, დამოკიდებულების შექმნა არაფრის მიმართ კარგი არ არის. ყავა არ არის მავნე, პირიქით, კარგიცაა, მაგრამ ერთადერთი ცუდი თვისება, რაც მას აქვს, ეს არის მიჩვევა. თითქოს გარედან არაფერს აფუჭებს, მაგრამ შიდა ენერგიას წვავს და ამით ვაზარმაცებთ ორგანიზმს. ამიტომ შეიძლება, ადამიანმა ცოტა ყავა მიიღოს, მაგრამ არა სისტემატურად, რათა ის არ გადავიდეს უარყოფით ფორმაში“, - აღნიშნა ეთერ სარჯველაძემ ჩვენთან საუბრისას.

რა დააშავეს კანფეტებმა და კრემიანმა ნამცხვრებმა, რომელთა შეტანაც სკოლებში იკრძალება? ამის შესახებ სპეციალისტი აცხადებს, რომ მონპასის ტიპის კანფეტებს რომ ეძახიან, ისინი ძირითადად გაკეთებულია შაქარყინულივით, მაგრამ, სინამდვილეში, მათი დამზადებისას გამოიყენება საღებავების ათასნაირი ფორმა, რომელიც ადამიანის, მით უმეტეს, ბავშვის ჯანმრთელობაზე კარგად არ მოქმედებს. საუბარია მწვანე, ყვითელ და უამრავი ფერის ხელოვნურ საღებავზე, რომელიც სულაც არ გახლავთ ლიმონში გაჯერებული ყვითელი საღებავი, ან კიდევ, მოცვისგან მიღებული მოწითალო ფერის საღებავი. ამიტომ ბავშვები ასეთი კანფეტებისგან დასაცავია.  

For.ge დაინტერესდა, ვინ დაუშლის ბავშვს ე.წ. „აკრძალული პროდუქციის“ სკოლის გარეთ შეძენას, რაზეც ეთერ სარჯველაძემ განმარტა, რომ სკოლასთან ახლოს 50-100 მეტრის რადიუსში არ უნდა იყიდებოდეს ასეთი პროდუქტები. ჩვენ არ უნდა მივცეთ ბავშვებს პროვოცირების საშუალება, თორემ მოზარდს სახლში ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

რაც შეეხება კრემიან ნამცხვრებს, სურსათის ექსპერტი აცხადებს, რომ ნამცხვრები რომელიღაც საცხობიდან მიაქვთ და,  წარმოებიდან სკოლამდე ჰიგიენურად ყველა წესი რომც დაიცვან, ის მაინც არ არის იმ ცხიმით გაკეთებული, რომელიც უვნებელია. მარგარინი ორგანიზმისთვის ცუდია. გამყარებული ზეთი ეს არის სწრაფი იზომერების წარმოქმნის საშუალება. ორგანიზმი მათ ვერ ცნობს და, რასაც ჩვენი ორგანიზმი ვერ ცნობს, ის ილექება სისხლში.

„გვინდა კი ასეთი კრემიანი ნამცხვარი? როგორც წესი, ნამცხვრებს კარაქზე იშვიათად ამზადებენ, რადგან კარაქის კრემი ადვილად დნობადია. ასევე, მივესალმები სკოლებში საღეჭი რეზინების აკრძალვას. სისტემატურად ღეჭვის პროცესი ნერწყვთწარმოქმნის პროცესს შლის. თანაც, მარტო საღეჭი რეზინები ესენი არ არის. თვითონ ის რეზინიც რისგან შედგება? ზუსტად იმ დანამატებს იყენებენ, რაც ორგანიზმისთვის არ არის სასარგებლო. ჩიფსები, ანუ მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული კარტოფილი, კანცეროგენური ნივთიერების წარმოქმნის რისკფაქტორია. ზეთი რომ დუღს მაღალ ტემპერატურაზე, სახლშიც კი შეწვის დროს ტაფას სახურავი უნდა ეფაროს. ამასთან, ძალიან მაღალი ტემპერატურისას მიწვის პროცესი არ უნდა წარმოიქმნას, რადგან, რომ იწვის, ის უკვე სასარგებლო აღარ არის. ცხადია, საკვებით მოწამვლის ფაქტები სკოლებში იყო, მაგრამ ერთჯერადი მოწამვლა ისეთი ტრაგედია არ არის, როგორც მავნე საკვებით კვება ხუთჯერ, ათჯერ და ორგანიზმის საბოლოოდ დაავადება“, - აცხადებს ეთერ სარჯველაძე, რომლის თქმითაც, თავის დროზე სკოლებში ძეხვი და სოსისი ყველაზე მეტად შედიოდა. სინამდვილეში, ამ პროდუქციაში ხორცი ნაკლებად იყო და შემავსებლებით იყო შეზავებული.

„ვიძახდი, კი ბატონო, დაამატეთ პური, მაგრამ ხორცად ნუ გაასაღებთ და ნუ შეღებავთ, ის საღებავი ნივთიერებები მომაკვდინებელია. ევროპაში ასეთი რამ წამებით სიკვდილთანაა გათანაბრებული და დამნაშავე მეწარმეებს როცა იჭერენ, ისეთივე სასჯელს უსჯიან, როგორც წამებით სიკვდილში მხილებულებს. ეს საღებავი იწვევს სისხლის წითელი ბურთულაკების დაშლას. ასე რომ, სისხლის გათეთრების გამო მთელი ცხოვრება უნდა დაიტანჯოს ბავშვი“.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად სანდოა განათლების მინისტრ ჯეჯელავას მიერ სკოლებში დაშვებული ხილის კომპოტები, რომელთაც „ნატურალური“ აწერიათ, მაგრამ არავინ იცის, წარწერის მიღმა რა იმალება. ამის თაობაზე ეთერ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამ მხრივ გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ მეწარმეები იმდენად მიჩვეულნი იყვნენ გაყალბებას, შეიძლება, ახლაც მოხდეს დარღვევები. თუმცა კონტროლი გამკაცრებულია. მით უმეტეს, სკოლებში მკაცრი კონტროლი იქნება.

„აიღებენ სინჯებს, ერთხელ მივლენ სკოლებში, ორჯერ, ხუთჯერ და ნებისმიერ დარღვევაზე მხოლოდ 300-400 და 1000-ლარიანი ჯარიმა კი არ იქნება, არამედ განმეორებით შემთხვევაში, ეს გამოიწვევს კონკრეტული მეწარმის ბიზნესის შეწყვეტას და  პასუხისგებას“.


 

 

ნანახია - 1151

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80