სადამდე გაგრძელდება გიგი უგულავას სიურპრიზები
რეტრომედია

სადამდე გაგრძელდება გიგი უგულავას სიურპრიზები

სადამდე გაგრძელდება გიგი უგულავას სიურპრიზები
„ახალი თაობა“, 28 ივნისი, 2011 წელი

2017-09-12 11:12:05

ჩვენი ხელისუფლება მოსმენების გარდა, სხვა რამეებითაც არის დაკავებული. მათი წყალობით სიურპრიზები არ გვაკლია, თან ისე ხშირად გვთავაზობენ ამ სიურპრიზებს, რომ გემახსოვრებათ, რა დღეში ჩავარდა ერი, როცა ცნობილი გახდა, რომ დენი, წყალი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ერთიანი ქვითრით უნდა გადაგვეხადა. ოპოზიციის ნაზი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც გაიტანა თავისი.

თავისას ხელისუფლება, როგორც ჩანს, კიდევ ბევრჯერ გაიტანს და ჩვენც ბევრჯერ დაგვრჩება გაოგნებისაგან პირი ღია. თუმცა, პროტესტს ვეღარ გამოვხატავთ, რადგანაც ახალი ცვლილებები თუ დამტკიცდა, აქციის გამართვა კი არა, შეიძლება ქუჩაშიც ვეღარ გავიაროთ.

მრავალისმნახველ ერს ამ კვირაში ახალი ამბავი ამცნეს. თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტარიფი მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით დაგვიწესოს.

ამის გამო თბილისის საკრებულოში დიდი ამბები დატრიალდა. იქ თავმოყრილი კონსტრუქციული ოპოზიცია კონსტრუქციულად აღშფოთდა, მაგრამ ამით რა, არაფერი. ნაციონალები გასატანს მაინც გაიტანენ. გასატანი კი ნაციონალებს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ახალი ტარიფი დგინდება. ამასთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია პროექტი, რომლის თანახმადაც, მომხმარებელს დასუფთავების მომსახურების ტარიფის გადახდა მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით დაერიცხება და 100 კილოვატზე 6 ლარი იქნება.

- მოსახლეობისთვის ტარიფი გაიანგარიშება აბონენტად დარეგისტრირებული ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის მათ მიერ გახარჯული ელექტროენერგიის პროპორციულად, თვეში ერთ აბონენტად დარეგისტრირებულ მომხმარებელზე 1 კვტ.სთ–ში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 0,05 ლარის ოდენობით დღგ–ს გარეშე. ეს რეალურად ნიშნავს, რომ მომხმარებელს, რომელიც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს, მოუწევს 5 ლარის გადახდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის. დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის ნარჩენების გატანის ტარიფი დგინდება დაგროვებული ნარჩენების სახეობის, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბანკო კომუნალური მომსახურების მოცულობის და ა.შ. მიხედვით. ტარიფების დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ სიდიდეების კომბინაციებიც, - ვკითხულობთ მერიის მიერ მომზადებულ პროექტში.

მერია ამ ნოვატორულ იდეას დედაქალაქში მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით ასაბუთებს. მერიის განცხადებით, მოსახლეობის რეგისტრაციის ოფიციალური მაჩვენებელი არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას, რაც იწვევს ქალაქში არსებული რეალური სურათის დამახინჯებას.

თბილისის საკრებულოში მყოფი ოპოზიციონერები ახალი პროექტით აღშფოთებულები არიან. მემარჯვენეების წარმომადგენელი ამ ინიციატივას უსამართლოს უწოდებენ. მემარჯვენე დავით საგანელიძე თბილისის მერიას მოუწოდებს, საკრებულოდან უკან გაიწვიოს მის მიერ წარდგენილი პროექტი.

- დედაქალაქის დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფისა და მისი გადახდის ახალი წესის შემოღება არასამართლიანია და თბილისის მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, - ამბობს დავით საგანელიძე.

მას მნიშვნელოვნად მიაჩნია ერთი განმარტებაც, სადაც მერია ამბობს, რომ მოსახლეობის რეგისტრაციის ოფიციალური მაჩვენებელი არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას.

- რეალურად, ამით ქალაქის მერია ადასტურებს იმას, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ ახალი მემარჯვენეები, რომ ხელისუფლება დედაქალაქში არჩევნების გაყალბების მიზნით აქტიურად იყენებს რაიონებიდან მოსახლეობის ფიქტიურ მიწერას სხვადასხვა მისამართზე, რამაც მართლაც გამოიწვია სრული ქაოსი და დაამახინჯა თბილისში არსებული რეალური სურათი. მაგრამ საჭიროა რეალური ზომების მიღება ამ ქაოსის აღმოსაფხვრელად, დედაქალაქში მოსახლეობის რეგისტრაციის მოწესრიგება და არა მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღების ახალი, უკანონო გზების ძიება, - მიაჩნია საგანელიძეს.

ამასთან დაკავშირებით პროტესტი საკრებულოში მყოფმა ქრისტიან–დემოკრატებმაც გამოხატეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა დასუფთავების გადასახადის დაახლოებით 50 პროცენტით გაძვირებას ნიშნავს.

- ამ ინიციატივით მოსახლეობას დასუფთავების გადასახადი მინიმუმ 50 პროცენტით გაუძვირდება. ხელისუფლება არ ღალატობს თავის წესებს და ზაფხულს მორიგი მძიმე სიურპრიზით იწყებს. 2010 წლის არჩევნების წინ, მთავრობა მოსახლეობას შეღავათებს ჰპირდებოდა, მაგრამ ისინი თბილისელებს ცხოვრებას მხოლოდ უძვირებენ, - აღნიშნა სამუშიამ.

მემარჯვენეების მსგავსად, თბილისის მერიას ჯაბა სამუშიაც პროექტის უკან გაწვევას სთხოვს.

მას იმის გარკვევაც აინტერესებს, თუ სად იხარჯება ის ფული, რომელიც თბილისის დასუფთავებისთვის არის გამოყოფილი. ჯაბა სამუშიას განმარტებით, დედაქალაქის დასუფთავებისთვის 40 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მერიის ახალმა პროექტმა თავისუფალი დემოკრატებიც გააოგნა. მათმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ამ ტარიფს გაუგონარი უწოდა. მისი თქმით, ასეთი რამე მსოფლიოში ჯერ არსად და არავის გამოუყენებია.

აცალოს ოპოზიციამ ამ ნაციონალებს მუშაობა და კიდევ ბევრ სიახლეს გამოიგონებენ. თანაც ისეთს, რომლის მსგავსიც მსოფლიო ისტორიას ჯერ არ ახსოვს. მაგრამ ვინ აცლის ნაციონალებს საქმის კეთებას.

იმის მაგივრად, ზურაბ აბაშიძე აღფრთოვანებულიყო, ადგა და მერიას მთელი რიგი კითხვებით მიმართა. მას თანაპარტიელებთან ერთად აინტერესებს, რა კავშირია დასუფთავებასა და მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას შორის.

- გვაინტერესებს ასევე, რა კავშირია ენერგოკომპანიასა, რომელიც ბიზნესსტრუქტურას წარმოადგენს და დედაქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურს შორის; რამ გამოიწვია ისედაც გაძვირებული დასუფთავების საფასურის კიდევ უფრო გაძვირება; იურიდიული პირები, კერძოდ, საავადმყოფო, სასტუმრო, სკოლა, რესტორანი, სასადილო და ა.შ. ისინიც აღნიშნული ტარიფით გადაიხდიან თუ არა; ზამთარში, როცა ადამიანები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მეტ ნაგავს აგროვებენ, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

ოპოზიციის შეშფოთება და ვიშვიში მიუღებელი აღმოჩნდა ნაციონალებისთვის. ისინი თავის მხრივ გაოგნდნენ იმის გამო, რომ ოპონენტებმა ახალ პროექტში სიკეთეები ვერ აღმოაჩინეს.

საკრებულოს ნაციონალების ფრთის ლიდერმა ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულ ახალ პროექტს, დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ბევრი დადებითი მხარე აქვსო.

- ამ სისტემის შემოღების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს. გარდა ამისა, ქალაქის უდიდეს ნაწილს, ვინც ხელმოკლედ ცხოვრობს, გადასახადი გაუიაფდება და ასევე დასუფთავების მოსაკრებლის სისტემა გახდება უფრო ეფექტური, - ამბობს ხაჩირიშვილი.

ის ოპოზიციას ურჩევს, ნაციონალების კრიტიკას თავი დაანებოს და თავად შეიმუშავოს კომუნალური გადახდის ეფექტური ფორმა.

იდეები არც ოპოზიციას აწუხებს. ბევრი რამე მათაც აქვთ შემუშავებული, მაგრამ საეჭვოა ნაციონალებმა ეს გაითვალისწინონ. სხვა თუ არაფერი, ყველას გვახსოვს ქრისტიან–დემოკრატების 10–თეთრიანი გაზი, 5–თეთრიანი დენი და უფასო წყალი.

წყლის ტარიფი ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძვირდა. ახლა წყალზე მრიცხველებს ამონატაჟებენ. გვპირდებიან, რომ ამით საფასურს გაგვიიაფებენ. არადა, ისეთი მაგალითები მოჰყავთ, რომ არითმეტიკაში სრულიად უცოდინარიც კი მიხვდება, რა გაიაფებაზეც არის საუბარი.

წინა კვირაში თბილისის დიდი ნაწილი წყლის გარეშე დარჩა. ეს თბილისის წყალმა სტიქიას დააბრალა. სტიქიამ და უხვმა ნალექმა მართლაც ბევრი რამე დააზარალა, მაგრამ ამის გამო იმდენი ხალხი რამდენიმე დღის განმავლობაში უწყლოდ როგორ დარჩა, საინტერესოა.

საინტერესოა იმიტომ, რომ სტიქია და წყალდიდობები ადრეც ყოფილა. ასეთი გაუწყლოებული დედაქალაქი კი არავის ახსოვს. სხვათა შორის, არც იმ საშინელ დროში. იმ დროში, როცა დენი და გაზი არ გვქონდა.

რაც შეეხება ნაგავს, მართლა საინტერესოა, რა კავშირი აქვს მას ელექტროენერგიასთან. დენის დაწვა, რამდენადაც ცნობილია, ნარჩენებს არ ტოვებს. თუმცა, რა ვიცით, იქნებ ტოვებს და ჩვენ არ ვიცით.

მართლა საინტერესოა, სად მიაქვს მერიას დედაქალაქის დასუფთავებისთვის გამოყოფილი 40 მილიონი. ვერავინ იტყვის, რომ თბილისი ნაგავს მიაქვს, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ "თბილისი სისუფთავის ქალაქი იყოს".

ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ ცენტრალური ქუჩებიდან ოდნავ გვერდით გადაუხვევთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უგულავასთვის დასუფთავების სამსახური მარტო დასუფთავების სამსახური არაა, ყველაფერი გასაგებია.

ყველას გვახსოვს, დასუფთავების სამსახური როგორ მონაწილეობდა აქციების დარბევაში. 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა თავიდან დასუფათავების სამსახურმა დაიწყო. ასეთი ინციდენტი მოხდა 2009 წლის აქციების დროსაც.

და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, უგულავას უწყებას თავი არც 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს შეურცხვენია. მერიაშიც მრავლად ჰყოლიათ ზონდერები. დარბევების შემდეგ, მათ, როგორც წესი, პრემიებს ურიგებენ. როგორც ჩანს, უგულავას მათთვის პრემიების დასარიგებელი ფული აღარ აქვს და ამიტომაც გადაწყვიტა, ნაგვის ტარიფის გაზრდა.

ეს ბოლო სიახლე ალბათ არ იქნება. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ახლო მომავალში ტრანსპორტიც გაძვირდება. მერე დენი და გაზიც მიყვება. პროდუქტების ფასმა ისე აიწია, მის დაწევას ვეღარავინ ახერხებს. ხელისუფლება კი მაინც არ ჩერდება. საინტერესოა, როდემდე?!

 

 

 

 

 

ნანახია - 198

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80