მარნეული - "ოცნების" "აქილევსის ქუსლი" ბოლო 2 წლის არჩევნებზე
დაიჯესტი

მარნეული - "ოცნების" "აქილევსის ქუსლი" ბოლო 2 წლის არჩევნებზე

მარნეული - "ოცნების" "აქილევსის ქუსლი" ბოლო 2 წლის არჩევნებზე
"რეზონანსი"

2017-09-25 13:25:06

"მარნეული, ბოლო ორი არჩევნებია, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დაპირისპირებული ადგილია, სადაც "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოგება და როგორც ჩანს, ეს ოლქი "ოცნებისა" და ქართული არჩევნებისთვის ისევ "აქილევსის ქუსლად" რჩება. თვითმმართველობის მეტ-ნაკლებად მშვიდ წინასაარჩევნო პერიოდში პირველი დაპირისპირება მარნეულში მოხდა. ჯერ "ოცნების" შიგნით უთანხმოება იყო მერობის კანდიდატების თემაზე, ახლა კი, შაბათს "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატს მარნეულში საერთო ნაცნობის დაკრძალვაზე ჯერ აგინა და შემდეგ სცემა. მამედოვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ფაქტზე 126-ე, ცემის მუხლით გამოძიება დაწყებულია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მარნეული - "ოცნების" "აქილევსის ქუსლი" ბოლო 2 წლის არჩევნებზე.

"როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები სოფელ სადახლოში თავს დაესხნენ მისი პარტიის სადახლოს მაჟორიტარობის კანდიდატ ალი მამედოვს. უგულავას თქმით, მმართველი გუნდის 2 წარმომადგენელი, საკრებულოს წევრობის კანდიდატი როვშან ისკანდაროვი და მარნეულის გამგეობის თანამშრომელი მუჰამედ ბედიევი თავს დაესხნენ მისი პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატ ალი მამედოვს, რომელთან ერთადაც აჰმედ იმამყულიევი იმყოფებოდა. უგულავა ამბობს, რომ "ოცნების" წევრებმა იმამყულიევის მისვლა გააპროტესტეს, რასაც მოჰყვა ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდეგ ჯგუფური თავდასხმა. "მოხდა ამ ადამიანის ჰოსპიტალიზაცია. პრობლემა უფრო ღრმა არის მარნეულში და მე მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ ეს იცოდეს", - აცხადებს უგულავა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში იმამყულიევმა მმართველი გუნდი ორჯერ დაამარცხა და სწორედ ამის გამო ემტერებიან ასე "ოცნების" წევრები. რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის მიერ მარნეულის მერობის კანდიდატის შეცვლასაც იმამყულიევის გამარჯვების შიშით უპირისპირდებიან და რომ "აჰმედის გამარჯვების შიშის გამო, შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატი", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" აპირებს კვლავ დაშინებით, ცემით, მუქარით, სპეცრაზმებით მარნეულში ჩაატაროს არჩევნები... ამ არჩევნებში მარნეულის რაიონში აუცილებლად გაიმარჯვებს აჰმედი და "ევროპული საქართველო", - აცხადებს უგულავა. საგულისხმოა ის, რომ მარნეულში "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ არა მარტო "ევროპულ საქართველოსთან" აქვს დაპირისპირება, არამედ საკუთარ გუნდშიც. გასული კვირის დასაწყისში მმართველმა პარტიამ მოულოდნელად მარნეულის მერობის კანდიდატად 7 სექტემბერს უკვე დასახელებული ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით შეცვალა. თან ისე, რომ ამის შესახებ გიორგაძემ, რომელსაც ბანერები ქუჩებში უკვე გამოკრული ჰქონდა და შეხვედრებსაც ატარებდა, ჟურნალისტებისგან შეიტყო და თავიდან არც დაიჯერა. ამ გადაწყვეტილების გამო გიორგაძის მხარდამჭერებმა პარტიის სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც", - განაგრძობს გამოცემა.

"აქციის მონაწილეებთან 3-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ განცხადება გააკეთა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ მარნეულის მერობისთვის თეიმურაზ აბაზოვი იბრძოლებს. რაც შეეხება უკვე ყოფილ კანდიდატ ამირან გიორგაძეს, ის სიის პირველი ნომერი და, გამარჯვების შემთხვევაში, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე იქნება. ამის შემდეგ აქცია დაიშალა, უმეტესობამ კომენტარი არ გააკეთა, ნაწილმა კი იქვე საჯაროდ განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია და აბაზოვს ხმას არ მისცემდნენ. აღსანიშნავია, რომ მარნეული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ყველაზე ხმაურიანი ექსცესებით გახდა ცნობილი. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 6 ადამიანი შეიჭრა და ადგილზე მობილიზებულ პოლიციას ქვები დაუშინა. შსს-მ 6-ივე დააკავა. პირველი ტურის შედეგებით "ნაციონალების" კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა 47%-ით პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა შემდეგ მეორე ტურში "ოცნების" კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა გაიმარჯვა", - დასძენს გამოცემა.

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, რაც მარნეულში ხდება, ეს სრულიად მიუღებელია და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლება ასე შფოთის დამკვიდრების რეჟიმში ცდილობს მარნეულში რაღაც წარმატების მიღწევას. ექსპერტი ამ არჩევნებში ყველაზე დაძაბულ საარჩევნო დღეს სამეგრელოს ოლქებსა და მარნეულში ელოდება და ამბობს, რომ რეგიონებიდან შესაძლოა, ამ ოლქებში გაუჭირდეთ მოგება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებს, სხვაგან - არა. ცისკარიშვილს 2016 წლის მაისში კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობის გამო, ეჭვი ეპარება, ეს დაპირისპირებაც გამოიძიონ და საკუთარი პარტიის წევრი დასაჯოს. ექსპერტი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ მარნეულში საზოგადოებრივი ნეიტრალური შემფასებლების მიერ მოხდეს დაკვირვება, რომ უმსგავსობები არ განმეორდეს და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ უარყოფითი შედეგები არ მივიღოთ", - წერს სტატიის ავტორი.

"მარნეულში მომხდარი ფაქტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც მარნეულშიც ვერ ახერხებს სიმშვიდის დამკვიდრებას, რასაკვირველია, მუდამ შფოთის დამკვიდრების რეჟიმში იქნება, რომ ამ პირობებში მაინც მიაღწიოს რაღაც წარმატებას. ეს მიუღებელია. ამ რეგიონს სოლიდარობა სჭირდება. რაც მარნეულში ხდება, ეს საკითხი უნდა განიხილოს და გაარკვიოს ნეიტრალური მიდგომების მქონე ჯგუფმა. თუ ერთსა და იმავე პარტიას ერჩიან მარნეულშიც, იმერეთშიც და სამეგრელოშიც, რასაკვირველია, ეს ხელისუფლების დაწერილი სცენარია. როდესაც ასეთი მიუღებელი ქმედებები არდასჯადია ხელისუფების მიერ, სწორედ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი და ასევე ცესკო-ს, რომელსაც მეორე არჩევნებია, რაც სირაქლემის პოზა უჭირავს, თითქოს მას არ ეხებოდეს არაფერი", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი,

ნანახია - 618

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80