მცველების რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ ტყეში უკანონო ჭრის ფაქტები სრულად გააკონტროლონ
დაიჯესტი

მცველების რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ ტყეში უკანონო ჭრის ფაქტები სრულად გააკონტროლონ

მცველების რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ ტყეში უკანონო ჭრის ფაქტები სრულად გააკონტროლონ
commersant.ge

2017-09-26 13:42:08

წაღვერში ზაფხულის განმავლობაში ხანძრის კერები უკვე მეორედ გაჩნდა. პირველადაც და ახლაც, ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებია დაწყებული.  „რუსთავი 2“-ის მიერ გაავრცელებული ინფორმაციით, წაღვერში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების დროს მოჭრილი ხეები იპოვეს.

იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე ზაფხულში ასეულობით ჰექტარი ტყე დაიწვა და განსაკუთრებით დიდი ზარალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა, დამატებით ის ფაქტი, რომ ადგილზე უკანონოდ მოჭრილი ხეებია ნაპოვნი, სიტუაციას კიდევ უფრო სავალალოს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრა და ზოგადად ბრაკონიერობა, როგორც კანონდარღვევა, შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება, ტყის უკანონო ჭრის ფაქტები მაინც ფიქსირდება. სახელმწიფოს მხრიდან კი უფრო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

შეიძლებოდა თუ არა ხე-ტყის უკანო ჭრა ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წევრს გიორგი გაჩეჩილაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს. როგორც გაჩეჩილაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ამ ორ ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავს, თუმცა არაფერს გამორიცხავს.

„ხე-ტყის უკანონო მოჭრასა და ხანძრის გაჩენას შორის კავშირი რომ არსებობდეს, ეს არ მგონია, თუმცა გამოძიების დასრულებას დაველოდოთ. მოსახლეობამ მეხის ჩამოვარდნა დააფიქსირა და ბოლო ხანძრის მიზეზად მეხის ჩამოვარდნაც მოიაზრება. ასეთ პერიოდებში, როდესაც ნიადაგი გამოშრალია, ნალექი არ არის, ხანძრების წარმოშობაც ხშირია. თუმცა გამორიცხული არაფერია. საქართველოში ტყის ხანძრების ისტორიაში გარკვეული პრეცენდენტები გვახსოვს, როდესაც ხანძარი განზრახ გააჩინეს, მაგრამ ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები აღიკვეთოს, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის ჯარიმების გარდა, სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, მათ შორის, გაზიფიცირება, რომელიც უკვე დაწყებულია.

„სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ უფრო ეფექტური მოქმედებებია საჭირო. პირველ რიგში, მოსახლეობას ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროს მოხმარების საშუალება უნდა ჰქონდეს. ყველაზე დიდი პროცენტი ტყეების მოხმარებაში არის სწორედ საშეშე მასალის მოპოვება, რომელიც მოსახლეობას ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში გასათბობად და სადილის მოსამზადებლად სჭირდება. ასევე, ხშირია ბრაკონიერობის შემთხვევები მაშინ, როდესაც ხე-ტყეს სამასალედ იყენებენ.

ენერგეტიკული წყაროს მომხარებისთვის ნაბიჯები გადაიდგა და სოფლების გაზიფიცირება ინტენსიურად მიმდინარეობს. 70% უკვე გაზიფიცირებულია. ამ მხრივ ტყეზე დატვირთვა მცირდება. თუმცა არის შემთხვევები, რომ სოფლებში გაზიფიცირება არის, მაგრამ გაზის გადასახადის გადახდას ისევ ხის გამოყენება ურჩევნიათ. ეს უკვე სოციალურ პრობლემებთან, დაბალ შემოსავალთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ტყის მცველების რაოდენობა აუცილებლად გასაზრდელია, რამაც ბრაკონიერობის ფაქტები უნდა შეამციროს: „ჩვენ გვჭირდება სატყეო დარგის აღსრულების მიმართულების საკმაოდ გაძლიერება, ტყის მცველების რაოდენობის ზრდა. მცველების ამჟამინდელი რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ ტყეში უკანონო ჭრის ფაქტები სრულად გააკონტროლონ. წინა ხელისუფლების პერიოდში მეტყევეების რაოდენობა ძალიან ცოტა იყო და გავზარდეთ.“

კითხვაზე, ასეულობით დამწვარ ტყესთან ერთად, უკანონო მოჭრის ფაქტებიც რომ ხდება, ასეთ დროს ხომ არ არის სახელმწიფოს მხრიდან უფრო მკაცრი ზომები გასატარებელი, გაჩეჩილაძე გვპასუხობს, რომ კანონმდებლობის გადახედვა შეიძლება, თუმცა ისედაც მკაცრია, ადამიანები კი სოციალური პრობლემების გამო, ხე-ტყეს მაინც ჭრიან. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან უფრო გლობალურად გადასადგმელი ნაბიჯი ეკონომიკის ზოგადი განვითარებაა.

„კანონმდებლობა რაც არ უნდა გაამკაცრო, ამით ასეთი ფაქტების აღკვეთა არ ხდება. მითუმეტეს, ხე-ტყის მოჭრა ადამიანის სასიცოცხლო პრობლემასთან არის კავშირში. მისი შეშინებით გაჩერება შეუძლებელია. ადამიანს უნდა მისცე საშუალება, რომ პრობლემა მოაგვაროს. ამიტომ გაზიფიცირების საკითხი და მოსახლეობის მსყიდველობათუნარიანობის გაზრდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გაზიფიცირება აქტიურად მიმდინარეობს. მსყიდველობათუნარიანობა კი სოციალური პრობლემაა, რაც ეკონომიკის ზოგად განვითარებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით სოფლებსა და რეგიონებში“, - განაცხადა პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წევრმა.

 

ნანახია - 610

ფხიზელი

2017-09-26 19:38:51

ტჸის მცველების გაზრდა არ უშველის ამ საქმეს, კეთილსინდისიერების გაზრდაა საჭირო. კეთისინდისიერებას კი იმთავითვე წჸალი აქვს შემდგარი, როცა გლეხს სახლის გასათბობად და კერძის მოსამზადებლად შეშის არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია. ის აუცილებლად ააფარებს თვალებზე ცოტაოდენ ფულს და ტყის მცველიც ვერაფერს დაინახავს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80