რეიტინგული ვარდნა: საქართველო ერთ ადგილზეა, სხვები წინ წავიდნენ
ეკონომიკა

რეიტინგული ვარდნა: საქართველო ერთ ადგილზეა, სხვები წინ წავიდნენ

რეიტინგული ვარდნა: საქართველო ერთ ადგილზეა, სხვები წინ წავიდნენ
ბექა დანელია

2017-10-02 14:30:56

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო უკან იხევს. შეიძლება ითქვას, ქვეყანაში მდგომარეობა არც უარესდება და რაც უკეთესობაა, მაგრამ სამაგირეოდ, სხვა რეგიონებმა წინსვლა მოახერხეს და საქართველო ჩამოიტოვეს.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-18 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 137 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 67-ე ადგილს იკავებს, გასული წლის ანგარიშის (2016-2017) მიხედვით საქართველო 59-ე ადგილზე იყო, ანუ 8 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ჯამური ქულა არ შეცვლილა, ისევ 4.3-ია, მაგრამ რეიტინგში პოზიცია სხვა ქვეყნების ქულების გაუმჯობესების გამო გაუუარესდა.

რეიტინგის ლიდერები არიან შვეიცარია, სინგაპური და აშშ, ხოლო ბოლო სამეულში ჩადი, მოზამბიკი და იემენი შედიან. რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, აზერბაიჯანი 35-ე ადგილზეა, რუსეთი - 38-ე ადგილზე, თურქეთი - 53-ზე, სომხეთი - 73-ე, ხოლო უკრაინა - 81-ე ადგილზე.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი სამ ძირითად ბლოკს მოიცავს (საბაზისო მონაცემები, ეფექტურობის მაჩვენებელი და ინოვაციური განვითარება) 12 მაჩვენებლიდან, რომლითაც ფასდება ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სანიტარული პირობები, საბაზისო განათლება, შრომითი ბაზრის მდგომარეობა ქვეყანაში და ა.შ., საბოლოო ჯამში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შეფასება 100-ზე მეტი პარამეტრით ხდება.

ახალ ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები, წინა მაჩვენებლებთან შედარებით, 12 პარამეტრიდან ცხრაში გაუარესდა, ხოლო სამში გაუმჯობესდა.

რეიტინგში საქართველოს პოზიციების დათმობა შემდეგმა ფაქტორებმა გამოიწვია: ქვეყანამ რვა საფეხურით გაიუარესა საბაზისო მონაცემები და 54-ე ადგილზე გადაინაცვლა; მაკროეკონომიკური გარემო გაუარესდა რვა საფეხურით (48-ე ადგილი); ეფექტურობის მაჩვენებლები 6 საფეხურით გაუარესდა (75-ე ადგილი); ტექნოლოგიური მიღწევები გაუარესდა ხუთი პოზიციით (70-ე ადგილზე); საფინანსო ბაზრის განვითარება გაუარესდა ხუთი პოზიციით (63-ე ადგილი).

ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოსთვის უკუსვლა ცუდია, მაგრამ ამა თუ იმ საერთაშორისო რეიტინგის პოზიციური მონაცვლეობა, ხშირ შემთხვევაში, ბოლომდე არ ასახავს იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება.

„რეიტინგით რეალურად ქვეყნის კომპლექსური მიღწევები ფასდება, თუმცა დეტალურად ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესის ასახვა ვერ ხდება. სარეიტინგო წინსვლა თუ უკუსვლა ხშირად არ არის დამოკიდებული იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება. შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციას არ განიცდიდეს, რეგიონში საუკეთესო მდგომარეობა ჰქონდეს, მაგრამ სხვა ქვეყნები უფრო მეტად დაწინაურდნენ. პირიქითაც შეიძლება მოხდეს, სხვა რეგიონის ტემპი დავარდეს და მათი ჩამოქვეითების ხარჯზე, ჩვენ უფრო წინა პოზიციაზე გადავინაცვლოთ.

ეკონომიკაში შედეგები ასე თუ ისე კარგი გვაქვს, მაგრამ მსოფლიომ გაგვასწრო. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ქვეყნები უფრო სწრაფად ვითარდებიან, ჩვენ კი ნელი ტემპებით მივდივართ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ.

საქართველოში ბიზნესის კეთების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სამუშაო ძალის კვალიფიციურობა დგას. მეორე ხელისშემშლელ ფაქტორად კი ფინანსებთან ხელმისაწვდომობა დასახელდა. ჭარაიას თქმით, საბანკო პირობები ბიზნესზე ორიენტირებული არ არის, შესაბამისად, ბიზნესი ხშირად სესხის აღებას ვერ რისკავს.

„საქართველოში ფინანსებთან ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა. მხოლოდ რიგით ადამიანებს კი არა, ბიზნესსაც ძალიან უჭირს ბანკებიდან სესხის მოძიება, რადგან საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალია. პირობები კი, რაც მათ აქვთ, ბიზნესზე ორიენტირებული არ არის. მაგალითად, ერთი მილიონი ლარის ბიზნეს სესხი რომ აიღო, შეიძლება სამი მილიონი ლარის გირაო დაგატოვებინონ. ეს კი ბიზნესმენისთვის ძალიან დიდი ტვირთია“, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.

ნანახია - 773

arichopra 2

2017-10-02 19:28:49

თუ ქვეყანა გაკოტრდება, თუ ხალხის მსყიდველობითუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდება ბანკებიც აუცილებლად გაკოტრდებიან.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80