სოლიკო ვირსალაძემ ედუარდ შევარდნაძეს ლენინის ორდენი უკან დაუბრუნა
რეტრომედია

სოლიკო ვირსალაძემ ედუარდ შევარდნაძეს ლენინის ორდენი უკან დაუბრუნა

სოლიკო ვირსალაძემ ედუარდ შევარდნაძეს ლენინის ორდენი უკან დაუბრუნა
„სარკე“, 13 ივლისი, 2009 წელი

2017-10-07 11:04:36

ნიუ იორკში სუხიშვილების ანსამბლის რეპეტიციაზე მისული სალვადორ დალი თურმე ქართული ცეკვის კოსტიუმებმა ისე აღაფრთოვანა, რომ ყვიროდა: "სად არის მხატვარი, ის გენიოსია!". მხატვარი კი არსად ჩანდა. ხელოვანი, რომელმაც მარტო სალვადორ დალი კი არა, მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, სოლიკო ვირსალაძე გახლდათ. მან ქართული თეატრალური მხატვრობის მთელი ეპოქა შექმნა.

სოლიკო ვირსალაძეს ცოლ–შვილი არ ჰყავდა. ამბობდა, რომ ხელოვნებაზე იყო დაქორწინებული. შვილებად - დისშვილებს, შვილიშვილებად დის შვილიშვილებს თვლიდა. "სარკე" მის დისშვილებს, მანანა ხიდაშელსა და გოგი ხოშტარიას შეხვდა. მხატვრის ოჯახს უცნაური ბედი, უფრო სწორად, უბედობა დაჰყვა. მათი ოჯახური ტრაგედია ქვეყნისას გადაება. ჯერ კომუნისტური რეპრესიები იყო, შემდეგ ქალბატონი მანანას ვაჟი, მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც სოლიკოს გამორჩეულად უყვარდა, აფხაზეთის ომს შეეწირა.

სოლიკო ვირსალაძე გამორჩეულ ოჯახში დაიბადა. ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, მხატვრობისა და მუსიკისადმი ჩემი ინტერესი ოჯახმა განაპირობაო. სოლიკოს ბიძა, სპირიდონ ვირსალაძე, ცნობილი ექიმი გახლდათ. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი მის სახელს ატარებს. სპირიდონი ცნობილი ექიმის, კოტე ვირსალაძის მამა და ცნობილი მუსიკოსის, ელისო ვირსალაძის პაპა გახლდათ. სოლიკოს მამა, ბაგრატი, ეკონომისტი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას საშინლად განიცდიდა და ბოლშევიკების მხილებასაც არ ერიდებოდა. მას ერთი დიდი გატაცება ჰქონდა - თეატრი.

სოლიკოს დედა, ელენე მუსხელიშვილი, გენერლის ქალიშვილი გახლდათ. წმინდა ნინოს სასწავლებელი ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად ჟენევაში წასვლა გადაწყვიტა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოცნება მაინც აისრულა - ოქროს მედალი გაყიდა და ჟენევაში გაემგზავრა. სწორედ უცხოეთის ცის ქვეშ გადაიკვეთა ორი ნიჭიერი ადამიანის ბედი. ბაგრატი და ელენე ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. ბაგრატი ელენეზე 11 წლით უფროსი იყო. თურმე ელენე ახლობლებთან ხშირად იხსენებდა, შევიძინე თაყვანისმცემელი, რომელიც აჩრდილივით უკან დამდევდაო.

მანანა ხიდაშელი: მე დიდედა ელენეს გაზრდილი ვარ. უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. უცხოეთიდან რომ ჩამოვიდა, წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მუშაობდა. "ჯეჯილში" მოთხრობებს ბეჭდავდა, შესანიშნავად ხატავდა და მღეროდა.

გოგი ხოშტარია: მისი სიმღერა ერთადერთხელ მოვისმინე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ელენემ და დედამ ორ ხმაში "ქრისტე აღსდგა" იგალობეს. საერთოდ, ადამიანის ბედს ფასეულობები განსაზღვრავს. ეს იყო ოჯახი, სადაც სულიერება მატერიალურზე წინ იდგა. ბაბუა და ბებია რომ დაქორწინდნენ, ბაბუამ მეუღლეს უთხრა, შემიძლია, ბრილიანტის კოლიე გიყიდო ან იმ ფულით იტალიაში ვიმოგზაუროთო. რა თქმა უნდა, იტალიაში მოგზაურობა ამჯობინეს.

მანანა: დედაჩემს ერთი ბეჭედი ჰქონდა და ისიც 1937 წელს წაიღეს. სოლიკო იხსენებდა, შეიძლება ოჯახში პური და ტანსაცმელი არ ყოფილიყო, მაგრამ წიგნები, საღებავები და ჟურნალის "მირ ისკუსტვა" ახალი ნომრები ყოველთვის გვქონდაო. სახლში სცენის მაკეტი ჰქონდათ და სპექტაკლებს დგამდნენ. სოლიკო თურმე ერთ წუთში აკეთებდა რეკვიზიტს, თოჯინას, ჩასაცმელს... სკოლაში დები კარგად სწავლობდნენ, სოლიკო კი ოროსანი გახლდათ. 10 წლის იყო, ოპერის თეატრში რომ შეიყვანეს. თურმე თავდაჯერებულმა თქვა, მე აქ ვიმუშავებო. ის თეატრისთვის იყო დაბადებული.

გოგი: სოლიკოს ფერების აბსოლუტური შეგრძნება ჰქონდა. უამრავი მხატვრისგან გამიგია, საწყენია, დაზგურ მხატვრობაში რომ არ წავიდაო. თეატრალური მხატვრობა სინთეზური ხელოვნებაა. თეატრალური მხატვარი თანაავტორი ხდება დირიჟორის, კომპოზიტორის, რეჟისორის, მოცეკვავის... სოლიკო ყველა ნიუანსს გენიალურად ფლობდა. გარდა იმისა, რომ ფანტასტიკური ფერწერული ნიჭი ჰქონდა, არაჩვეულებრივად იცოდა სცენა, მუსიკა, ისტორია, კულტურა... საერთო განათლება საქმეში ძალიან ეხმარებოდა. ცნობილმა იტალიელმა ფიზიკოსმა მისი "სპარტაკი" რომ ნახა, ჰკითხა, ასე კარგად რომი როგორ შეიგრძენით, ალბათ იტალია ნანახი გაქვთო. არადა მაშინ იტალია ნანახი არ ჰქონდა. ისტორიის, ეპოქის შეგრძნების ნიჭი ბუნებრივად დაჰყვა. საბჭოთა კავშირში ბალეტი, რეალიზმის მოთხოვნით, პანტომიმად აქციეს. სოლიკოს კონცეფცია კი ბალეტი–სპექტაკლი იყო, როცა მუსიკალური, პლასტიკური ენით სახეები იქმნება.

სოლიკო შეუვალი ადამიანი იყო. 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლენინის ორდენი მეორედ მისცეს. მაშინ ცკ–ის პირველი მდივანი შევარდნაძე იყო. საღამოს ტელევიზიიდან ჯულიეტა ვაშაყმაძე მივიდა და ჰკითხა, ბატონო სოლიკო, მადლობას როგორ ეტყვითო. უპასუხა, ერთი წუთით მოიცადეთო. გამოუტანა ის ორდენი და უთხრა, აჰა და წაიღეთო. სცენაზე თავის დასაკრავად ძალით გაჰყავდათ.

მანანა: ერთხელ ვახტანგ ჭაბუკიანმა სცენაზე ხელში აყვანილი გაიყვანა და "დადგა".

გოგი: უზბეკეთის ცკ–ის პირველი მდივანი ეუბნებოდა, დაასახელე, რამდენი მილიონი გინდა და უზბეკეთის დეკადა გააკეთეო. სოლიკოს ეცინებოდა, ამაზე დროს როგორ დავკარგავო. შეეძლო, წელიწადში ათი გაფორმება გაეკეთებინა, მაგრამ ერთზე მეტს არასოდეს აკეთებდა და ის ერთი გენიალური იყო. დიდი თეატრის სახელოსნოებში ყველას აიძულებდა, თითოეული დეტალისთვის დიდი ყურადღება მიექციათ. ამბობდნენ, გვაწამებს, მაგრამ მასთან მუშაობის შემდეგ პროფესიულად ვიზრდებითო.

მანანა: თავადაც თავდადების მაგალითს იძლეოდა. თავს არ ზოგავდა. მახსოვს, სუხიშვილების კოსტიუმებს რომ კერავდა, თითოეული ქსოვილის ფერს როგორ არჩევდა. კოსტიუმებს თავისი ხელით ხატავდა.

ცნობილიარომ მას და ნინო რამიშვილს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათრას გაიხსენებდით ამ ურთიერთობიდან?

მანანა: სოლიკო პატარაობისას პერინის საბალეტო სტუდიაში სწავლობდა, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანი და ნინო რამიშვილიც დადიოდნენ. ნინო და დედაჩემი ერთ კლასში იყვნენ. ასე რომ, ნინოსთან ბავშვობიდან მეგობრობდა. ნინო ოპერაში სახასიათო ცეკვებს ცეკვავდა. მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ სუხიშვილების ანსამბლის ერთ–ერთი შემქმნელი სოლიკოცაა. აჭარული კოსტიუმი მან შექმნა, მანამდე არ არსებობდა. არც "სინდის" კოსტიუმი იყო, ისიც სოლიკოს შექმნილია. როცა ანსამბლის კოსტიუმებზე დაიწყეს მუშაობა, ფული არ ჰქონდათ. სოლიკო იხსენებდა, ოპერაში შუშის მოსართავ ქვებს ვიპარავდი და ანსამბლის კოსტიუმებისთვის ვიყენებდიო. ორი წელი სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი. ამ ხნის მანძილზე მსოფლიოს 22 ქვეყანაში ვიყავით გასტროლებზე. "აჭარულის" ცეკვისას სცენაზე ქალები რომ გამოდიოდნენ, არ ყოფილა შემთხვევა, მაყურებელს ტაში არ დაეკრა.

გოგი: უნდა ნახოთ, მაშინდელი მსოფლიო ჟურნალები "ლე მონდი", "ფიგარო" და სხვები სოლიკოზე რას წერდნენ - ბრილიანტი, ბრწყინვალე, გენიოსი... სოლიკო ხშირად გულისტკივილით ამბობდა, ჟენია (დირიჟორი ევგენი მიქელაძე. ავტ.) რომ არ დაეხვრიტათ, მე, ვახტანგ ჭაბუკიანი და ჟენია თბილისში მსოფლიო დონის თეატრს გავაკეთებდითო.

მანანა: ევგენი მიქელაძესთან მუშაობის წლებს თავისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდად თვლიდა. შემოქმედების მეორე ეტაპად ვახტანგ ჭაბუკიანთან მუშაობას ასახელებდა. მესამე ეტაპი კი დიდი მასშტაბის ხელოვანთან, იური გრიგოროვიჩთან მუშაობა იყო. გრიგოროვიჩი სოლიკოს თავის მასწავლებლად თვლის. ერთად 1956 წლიდან მუშაობდნენ. ეს იყო სრული შემოქმედებითი ჰარმონია. ერთად უამრავი სპექტაკლი შექმნეს.

კომუნისტურ რეპრესიებს სოლიკოს ოჯახის წევრებთან ერთადბევრი მისი მეგობარი ემსხვერპლა - ევგენი მიქელაძესანდრო ახმეტელიპეტრე ოცხელიპაოლო იაშვილი,ტიციან ტაბიძე... თავად როგორ გადაურჩა სასტიკ რეჟიმს?

მანანა: დედაჩემი რომ დაიჭირეს, ბაბუა სერგო ორჯონიკიძის ძმის, პაპუნას სანახავად რუსეთში წავიდა. იქ რომ ჩავიდა, პაპუნა უკვე დაპატიმრებული იყო. ბაბუამ სოლიკოს სთხოვა, მოახერხე, რომ საქართველოში არ ჩამოხვიდეო. ბაბუა რომ ჩამოვიდა, ისიც დააპატიმრეს. დედამ შინსახკომის კამერაში ფანჯრიდან მამამისი დაინახა. თურმე ასანთის კოლოფზე თავისი სახელი დაწერა და გადაუგდო. მამას ასე გააგებინა, რომ ისიც იქ იყო.

გოგი: იმ პერიოდში სოლიკოს ლენინგრადის მარინის თეატრში დაკვეთა მისცეს. ერთი სპექტაკლი რომ გააკეთა, გაიგო, რომ ჟენია, მამა, და და სიძე დაიჭირეს. აქედან უთვლიდნენ, არ ჩამოხვიდე, თორემ შენც დაგიჭერენო. ამასობაში კიდევ ერთი სპექტაკლი შეუკვეთეს. შემდეგ კი შტატიც შესთავაზეს. მან გაამხილა, არ შემიძლია, არ გითხრათ, მამა, და, სიძე და მეგობრები დამიპატიმრესო. უპასუხეს, ამიტომაც გენდობით და გვინდა, შტატში აგიყვანოთო. თეატრში ძველი ინტელიგენცია მუშაობდა და სოლიკოს ფასი კარგად იცოდნენ.

თქვენი ოჯახის წევრებს შინსახკომის ციხეში რა ბედი ეწიათ?

გოგი: მამის და ბიძის რეაბილიტაციის ცნობა მივიღე, ისინი დახვრიტეს. ბაბუაზე ვერანაირი ცნობა ვერ მოვიძიეთ. როგორც ჩანს, წამებისას შემოაკვდათ და საბუთები აღარც შეადგინეს.

მანანა: დედაჩემი მიმოწერის უფლების გარეშე გადაასახლეს. მერე მხოლოდ იმ ქალებს მისცეს მიმოწერის უფლება, რომელთა შვილებიც ბავშვთა სახლებში მიაბარეს. დედამ დიდი რისკის ფასად დეიდის, გუგული მესხის მისამართზე დაწერა წერილი. ვითომ ბავშვთა სახლის დირექტორს ატყობინებდა, ჩემი ქალიშვილი, მანანა ხიდაშელი, თქვენთან იმყოფება, გთხოვთ, გადაეცით, რომ მისი დედა კარელიაშია გადასახლებულიო. დედაჩემის ადგილსამყოფელი ასე გავიგეთ. ხუთი წლის შემდეგ დედა შუა აზიაში გადაიყვანეს. მერე კი სიმონ ჯანაშიას დახმარებით საქართველოში დაბრუნდა.

გოგის ბაბუა ცნობილი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას ძმა იყო. მას ერთი წლის განმავლობაში ორი შვილი დაუხვრიტეს. გოგის მამა რომ დაიჭირეს, დეიდაჩემი გოგიზე იყო ფეხმძიმედ. ქმარმა არც კი იცოდა, რომ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა. დეიდაჩემისთვის ეს იმდენად დიდი ტკივილი იყო, რომ გოგის მამას არც ცოცხლებში ახსენებდნენ და არც მკვდრებში.

გოგი: დედა სახლში მამაჩემის სურათსაც კი არ კიდებდა. რამდენჯერაც დავდე, იმდენჯერ აიღო. ბოლოს მითხრა, გაიგე, რომ მისი დანახვა არ შემიძლიაო.

თქვენი ოჯახის კიდევ ერთი დიდი ტკივილი ლევანიასოლიკოსა და ლევანს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

გოგი: კიდევ კარგი, ლევანის სიკვდილს ვერ მოესწრო. სოლიკო ყველას გვანებივრებდა, მაგრამ ლევანი მაინც გამორჩეულად უყვარდა, ისევე, როგორც ყველას.

ანანა: ჩემი შვილები, ერეკლე და ლევანი ჯინსებში რომ დადიოდნენ, ვერ ხვდებოდნენ, ყველა გაოცებული რატომ უყურებდა. ეგონათ, რომ ეს ჩვეულებრივი რამ იყო. სოლიკო თავისი ჰონორარის დიდ ნაწილს მათთვის საჩუქრებში ხარჯავდა.

ლევანის პროფესიულ არჩევანს როგორ შეხვდა?

მანანა: მოსწონდა. ლევანი მესამე კურსზე იყო, როცა მიშა თუმანიშვილთან სპექტაკლ "ჩემს პატარა ქალაქში" მთავარი როლი ითამაშა. სოლიკო და ლევანი საშინლად ღელავდნენ. მან ლევანს მაღალი შეფასება მისცა. სოლიკო ავად რომ გახდა, ჯერ მოსკოვში იწვა. მე და ლევანი იქ რიგრიგობით ჩავდიოდით და თავზე ვადექით. მერე თბილისის "ლეჩკომბინატში" გვეწვინა. ერთ ღამეს გამეღვიძა და მეგონა, რომ სოლიკო აღარ სუნთქავდა. ღამის 4 საათზე ლევანს დავურეკე, სოლიკოს სუნთქვა გაუჩერდა–მეთქი. ნახევარ საათში ლევანი პალატაში აივნიდან შემოვიდა. თურმე საწვიმარი მილით მესამე სართულზე ამოცოცდა. რომ მოვიდა, სოლიკო უკვე მდგომარეობიდან გამოსული იყო. გაუკვირდა ლევანის დანახვა. სად იყავიო, ჰკითხა. ლევანმა უპასუხა, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი და გამოგიარეო. სოლიკოს ლევანი თავთით ედგა და ღამეებს უთენებდა. მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.

 

 

 

ნანახია - 291

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80